თამარ მეფის პირველი მეუღლე გიორგი რუსი ერთ-ერთი სკანდალური პერსონაა ქართულ ისტორიოგრაფიაში. რუსი უფლისწულის ქმედებები და დამოკიდებულება ხელს უწყობდა ქართული სახელმწიფოს წინააღმდეგ ამხედრებული პოლიტიკური ძალების სიცოცხლისუნარიანობას. რუსი ჯერ მუსლიმანური საამიროებისა და ზოგიერთი ქართველი ფეოდალის მარიონეტი გახდა, მერე აბუბექრის, ადარბადაგანის მმართველის.
ასე დაუკავშირდა ყ|| საუკუნის ბოლო ათწლეულში საქართველოში დატრიალებული ბევრი მნიშვნელოვანი ამბავი თამარ მეფის გათხოვების ამბავს.
პირველი არჩევანი მთლად საუკეთესო ვერ გამოდგა, პრობლემებიც აქედან დახვავდა. არავისთვის იყო გამოცანა - ის, ვინც თამარის თანამეცხედრე გახდებოდა, გავლენიან პოზიციასაც დაიკავებდა.
ერთი სიტყვით, ყველანაირი პირობა იყო იმისთვის, რომ თამარის თანამეცხედრე გამორჩეულად გულდასმით შეერჩიათ, თუმცა...
ეს ამბავი კი დაიწყო იმით, რომ მეჭურჭლეთუხუცესმა აბულასანმა დიდებულებს შესთავაზა, რუსეთის მთავრის, ანდრიას ძე იური ბოგოლუბსკი შეერთოთ თამარისთვის ქმრად.
როგორ აღმოჩნდა გიორგი რუსი საქართველოში
რუსეთის ტერიტორიაზე ყ|| ს-ში რამდენიმე სამთავარო არსებობდა, მათ შორის ერთ-ერთი გავლენიანი პოლიტიკური ერთეული იყო ვლადიმირ-სუზდალის სამთავრო, რომელმაც ძლიერებას მიაღწია ანდრია ბოგოლუბსკის დროს. სწორედ ანდრიას შვილი იყო იური, აბულასანი რომ იდეალურ თანამეცხედრედ თვლიდა თამარისათვის.
საგულისხმოა, რომ ამ დროს იური ტახტს არ ფლობდა, მამამისის ანდრიას გარდაცვალების შემდეგ მთავრის ტიტული ჩაიგდო ხელთ მისმა ბიძამ, ვსევოლოდმა, თავად იური კი განდევნა ვლადიმირ-სუზდალიდან. იმხანად იური ბოგოლუბსკი ყივჩაღების კარზე იმყოფებოდა და იქ იქარვებდა დარდს.
იური ბოგოლუბსკის ჩამოსაყვანად თბილისელი დიდვაჭარი, ტომით ებრაელი, ზანქან ზორაბაბელი გაგზავნეს. 1185 წელს ზანქანმა იური ბოგოლუბსკი თბილისში ჩამოიყვანა. იურის ქართველებმა "გიორგი რუსი" უწოდეს. სწორედ ამ სახელითაა ცნობილი ის ქართულ საისტორიო წყაროებში.
თამარისათვის საქმროს შერჩევის, ამ უმნიშვნელოვანესი საკითხის ასე ერთი ხელის მოსმით გადაწყვეტა, როგორც აღმოჩნდა, არ იყო გამართლებული. თავად თამარიც წინააღმდეგი ყოფილა გიორგი რუსთან ქორწინების, თუმცა შემდეგ დაჰყოლია დიდგვაროვანთა ნებას.
რატომ არ შეურჩიეს თამარს ღირსეული თანამეცხედრე
უნდა ითქვას ისიც, რომ მარტო გიორგი რუსი არ განიხილებოდა თამარის ქმრად - დიდებულთა ერთი ნაწილი ემხრობოდა ბიზანტიის იმპერატორის ანდრონიკე პირველი კომნენოსის ძე ალექსის კანდიდატურას, მაგრამ აბულასანის წინადადებას ვერავინ ვერაფერი ვერ დაუპირისპირა საქმიანად.
ფაქტია, რომ თამარის პირველი ქორწინების დროს საკმაოდ გაიზარდა აბულასანის გავლენა სამეფო კარზე, ამას უნდა მოწმობდეს ის ფაქტი, რომ ამ დროს აბულასანს ებოძა ქართლის ერისთავთერისთავის ტიტული, გარდა ამისა, მას დააკისრეს რუსთავისა და "შვიდთამთიელთა" პატრონობა.
როდესაც არჩევანი გიორგი რუსზე შეჩერდა, დიდებულთა მოტივაცია საკმაოდ ცხადი იყო, მათ თავიდანვე ზუსტად გათვალეს პოლიტიკური სვლები - საკუთარი სამეფოს გარეშე დარჩენილი რუსი უფლისწული, რომელსაც მხოლოდ სამეფო წარმომავლობაღა შერჩენოდა ღირსებად, მთლიანად იქნებოდა დამოკიდებული ქართველ ფეოდალებზე. ცხადი იყო, რომ თამარის ქმარს ასეთი სტატუსით ერთობ იოლად გაიხდიდნენ მარიონეტად.
"არა არს დამალული, რაიც არა გაცხადდეს..."
თამარის თანამეცხედრე კარგი მეომარი აღმოჩნდა - რამდენიმე ომში გამოიჩინა თავი, მაგრამ მარტო მამაცურად ბრძოლა და ომში თავგანწირვა არ კმაროდა იმისათვის, რომ მეფის სრულფასოვანი ქმრის სახელი ეტარებინა.
თამარის ისტორიკოსი "ისტორიანი და აზმანი შარავანდედთანის" ავტორი მიანიშნებს, რომ გარკვეული დროის შემდეგ გამჟღავნებულა ერთი საკმაოდ საჩოთირო ამბავი. გიორგი რუსს სოდომური მიდრეკილება ჰქონია, რაც თამარს დიდი რუდუნებით დაუმალავს, თავდაპირველად არ გაუმჟღავნებია, თუმცა ბოლოს ეს ამბავი დიდებულებისა და ვაზირებისთვისაც გამხდარა ცნობილი.
ისიც სათქმელია, რომ მანამდე საყოველთაო უკმაყოფილებას იწვევდა ქართველთა სამეფო კარზე ის პათოლოგიური სიმთვრალე და მსახურ ქალებთან უზნეო ქცევა, რითაც გიორგი რუსმა გაითქვა სახელი.
ერთი სიტყვით, გიორგი რუსმა ვერ გაამართლა იმედი. სამეფო ოჯახმა ყველაფერი ერთიანად გაიაზრა და გადაწყვიტა, რუსი უფლისწული საქართველოდან გაეძევებინათ. ეს ამბავი 1187 წელს მოხდა. უნდა ითქვას, რომ რუსს პატივი და ღირსება მას შემდეგაც შეუნახეს, რაც სამეფო კარმა გადაწყვიტა, იური თამარს გაშორებოდა. ის უხვად დაუჯილდოებიათ და კონსტანტინოპოლში გაუშვიათ.
რატომ დაუპირისპირდნენ თამარს დიდებულები
თამარი მეორედ დავით სოსლანზე დაქორწინდა. ყველაფერი თითქოს დალაგდა, დაიწმინდა და კალაპოტში ჩადგა. თუმცა, ეს ერთი შეხედვით იყო მხოლოდ ასე. რაც უფრო უმტკივნეულოდ და უემოციოდ დათმო გიორგი რუსმა მისი კუთვნილი მთავრის ტიტული რუსეთში, მით უფრო მტკივნეული აღმოჩნდა მისთვის ქართველთა სამეფო კარიდან გაძევება.
ბიზანტიაში გადასული არ ცხრებოდა, ყველანაირად ცდილობდა, საქართველოში დაბრუნებულიყო და თავი მეფედ გამოეცხადებინა.
როგორც ჩანს, ინტრიგების მხლართველნი და თამარის მოწინააღმდეგენი კვლავაც მრავლად იყვნენ, მათ შორის საქართველოშიც. დიდებულთა ნაწილი გიორგი რუსს აშკარად ემხრობოდა, განსაკუთრებით აქტიურობდნენ ვარდან დადიანი და აბულასანი.
1191 წელს არზრუმში, კარნუ-ქალაქში გამოჩნდა თამარის ყოფილი თანამეცხედრე, სადაც ის შეხვედრია დიპლომატიური მისიით იქ მყოფ საქართველოს მეჭურჭლეთუხუცესის ნაცვალს, რომელსაც "ისტორიანი და აზმანი შარავანდედთანის" ავტორი "სჯულითა ბარბაროზს და სულითა ტარტაროზს" უწოდებს. არ არის გამორიცხული, აქ თავად აბულასანიც იგულისხმებოდეს.
სწორედ კარნუ ქალაქში, ამ შეხვედრაზე გაცხადდა ის სამოქმედო გეგმა, გიორგი რუსის მხრიდან ქართველთა სამეფო ტახტის მიტაცებას რომ ითვალისწინებდა. გიორგი რუსს, გარდა საქართველოში მისი ჩამოყვანის მთავარი ინიციატორი აბულასანისა, მიემხრო ასევე კლარჯეთისა და შავშეთის ერთისთავთერისთავი გუზანი, მსახურთუხუცესი ვარდან დადიანი, გიორგი რუსის მომხრეთა შორის იყვნენ მესხი დიდებულები - სამცხის სპასალარი ბოცო, ასევე დასავლეთ საქართველოს დიდებულები.
ისინი გიორგი რუსთან ურთიერთობით კონკრეტულ გამორჩენას ელოდნენ - სურდათ, რუსის გამეფების შემთხვევაში სამეფო კარზე მნიშვნელოვანი თანამდებობები მიეღოთ.
ამბავი გიორგი რუსის გეგუთში გამეფებისა
თამარმა ყველა გზა გამოიყენა იმისთვის, რომ აჯანყებულებთან მშვიდობიანად მოეგვარებინა საქმე. მან გიორგის მომხეებს თევდორე პატრიარქი და ანტონ ქუთათელი მიუგზავნა, თუმცა, ამან შედეგი არ გამოიღო. მოვლენები ისე განვითარდა, რომ გიორგი რუსის მომხრეთა ძალადობა ძალადობითვე უნდა აღკვეთილიყო.
სიტუაცია განსაკუთრებით მას შემდეგ დაიძაბა, რაც აჯანყებულებმა გიორგი რუსი გეგუთში მეფედ აკურთხეს და თამარის წინააღმდეგ აღმოსავლეთით თბილისისაკენ დაიძრნენ.
თამარმა მოახერხა, თავისი მომხრეები შეეკრიბა - თამარის დროშის ქვეშ დადგნენ ქართლის, კახეთის, ჰერეთის და სამცხის დიდებულები. ლაშქარს ხელმძღვანელობდა ამირსპასალარი გამრეკელი, აქვე იყვნენ მხარგრძელები და თორელები, რომელთაც თამარმა უბრძანა, მთავარი ბრძოლა ჯავახეთში გადაეტანათ. თამარმა ბრძოლის წინ თავის მომხეებს ფიცი დაადებინა.
აჯანყებულებს მტკიცედ ჰქონდათ გადაწყვეტილი თბილისამდე ჩამოსვლა. მათ ლიხის ქედი გადმოლახეს და გორამდე ყველაფერი ააოხრეს, აჯანყებულთა მეორე ნაწილი მესხეთიდან უტევდა ერთიანი საქართველოს ტახტს. მათ ციხისჯვარს მიაღწიეს, შემდეგ კი ოძრხე აიღეს და დაწვეს, ამის მერე გეზი თმოგვისკენ ჰქონდათ.
სწორედ ამ ადგილებში, ნიალას ველზე დაუპირისპირდა თამარის ერთგული ხალხი გიორგი რუსის მომხრეებს. აჯანყებულებმა სერიოზული მარცხი იწვნიეს. მძიმე დარტყმა იგემეს მათ ქართლშიც, იმდენად მძიმე გახლდათ მარცხი, რომ გადაწყვიტეს, თავიანთი სიცოცხლის შენარჩუნების ფასად გიორგი რუსიც კი გაეწირათ და თამარის მომხრეებისთვის გადაეცათ, თუმცა ჯერ ყველაფერი დაწვრილებით უნდა გაერკვიათ. არ იყვნენ დარწმუნებულნი, თამარი თუ იქნებოდა მოწყალე და ყველაფერს აპატიებდა.
აჯანყებულებმა ერთი პირობა წამოაყენეს - იარაღს მხოლოდ იმ შემთხვევაში დაყრიდნენ, თუკი გიორგი რუსს სიცოცხლე შეუნარჩუნდებოდა. აბა, რა იცოდნენ მათ, რომ თამარი პრინციპულად წინააღმდეგი იყო, სიკვდილით დაესაჯა ნებისმიერი ადამიანი, მითუმეტეს მისი ყოფილი ქმარი.
მეფისგან თანხმობა რომ მიიღეს, მხოლოდ მაშინღა გადასცეს აჯანყებულებმა გიორგი თამარს. მეფემ ისევ გამოიტანა ვერდიქტი - გიორგი რუსი უნდა გაძევებულიყო საქართველოდან. გიორგის არცერთი თანამდგომი არ დასჯილა, მხოლოდ თანამდებობები დაატოვებინებს ურჩებს.
ამბავი უბედური რუსის პრასიანში აღსასრულისა
დიდი უხიაგი ვინმე გამოდგა ეს რუსი. არადა არ მოისვენა, მიუხედავად სასტიკი მარცხისა, ორი წლის შემდეგ - 1193 წელს კიდევ ერთხელ გამოჩნდა საქართველოს აღმოსავლეთ საზღვრებთან, განძის ათაბაგმა შეაგულიანა, ამჯერად გიორგი რუსისთვის ქართველთაგან მხარი აღარავის დაუჭერია.
რუსი ისევ შეუპოვრად ცდილობდა საკუთარი პოზიციების დაბრუნებას. ამჯერად კამბეჩოვანის მხარე ააწიოკა. არ აპატიეს ქიზიყელებმა რუსს უკვე მერამდენე უკეთური ქმედება, ხორნაბუჯის მფლობელმა საღირ მახატლის ძემ ბოლომდე სდია რუსს. ოფიციალური ვერსიით, ამ შეტაკების შემდეგ გიორგის საქართველო დაუტოვებია, თუმცა ხალხური თქმულებით, ქიზიყელებს ველურად გავარდნილი უბედური რუსი სოფელ ტიბაანთან ახლოს, ხევში მცირე შეტაკებისას მოუკლავთ.
წყალწაღებული ხავსს ეჭიდებაო, ისე ყოფილა მომაკვდავი იურის ამბავი. ხალხური თქმულების თანახმად, უბედურს იმედად პრასისთვის ჩაუვლია ხელი... არადა, პრასი რას დაიჭერდა იმოდენა რუსსა, ჰოდა, ისიც უსულოდ გადავარდნილა ხევში... ქიზიყში, წმინდა სტეფანეს სამწყსოში, სოფელ ტიბაანის ბოლოს მდებარე ხევისთვის ამიტომაც დაურქმევიათ პრასიანი..