როგორ დაასრულა აქემენიდების მეფემ ფარაონთა დაუმთავრებელი საქმე
მამუკა ნაცვალაძე
04.07.2016

 დარიოს |-ის მმართველობით ქრისტეს შობამდე 522 წელს ახალი ერა იწყება აქემენიდთა ისტორიაში. იმდროინდელი მსოფლიოს უდიდესი სახმელეთო იმპერიის მმართველმა ფაქტობრივად ხელახლა უნდა შექმნას ძლიერი იმპერია, რომელიც კამბისის ინტრიგებმა და არათანმიმდევრულმა პოლიტიკამ დაშალა და დააქუცმაცა. ამასთან, უნდა შექმნას ის საფუძვლები, რომელიც სახელმწიფოს ერთიანობას და სიმტკიცეს შეუწყობს ხელს.

შეიძლება ითქვას, დარიოს | სუფთა ფურცლიდან იწყებს თავის საქმიანობას, მას შემდეგ, რაც კამბიზისაგან დახვავებულ პრობლემებს აგვარებს. აქემენიდების გვერდითი შტოს წარმომადგენელი ღირსეულად უმკლავდება ყველა პრობლემას და მსოფლიო ისტორიაში იმკვიდრებს ადგილს, როგორც ერთ-ერთი გამორჩეული და ღირსეული მმართველი.

დარიოსის ცხოვრება და მოღვაწეობა დასტურია იმისა, რომ ეროვნული მუხტი სრულიადაც არ არის უსაზღვრო, რომ დაპყრობითი პოლიტიკისას ის ენერგია იხარჯება უმიზნოდ, საკუთარი ქვეყნის ბედნიერებას რომ შეიძლებოდა მოხმარებოდა. დარიოსი - უნიჭიერესი რეფორმატორი და მოაზროვნე სწორედ ამ ენერგიის უაზრო ხარჯვას ემსხვერპლა.

უნდა ითქვას, რომ დარიოსის მიერ გატარებული რეფორმები განსაკუთრებულად სიცოცხლისუნარიანი აღმოჩნდა, აქემენიდების იმპერიის არსებობის მანძილზე ამ მხრივ არანაირი ცვლილება აღარ განხორციელებულა.

როგორ აღმოჩნდა დარიოსისთვის გარდამტეხი ქრისტემდე 521 წელი

დარიოსის მმართველობის პირველ წლებში მრავლადაა აჯანყებები, რომელიც ერთი მხრივ ძირძველი ტრადიციული კულტმსახურების, მეორე მხრივ კი მოგვების ურთიერთდაპირისპირებას ასახავს. დარიოსს მუდმივად უხდება მათ ჩახშობაზე ზრუნვა. ამ მხრივ იგი საკმაოდ მკაცრ პოლიტიკას ატარებს.

როგორც წესი, აჯანყებულებს სპარსეთში სასტიკად უსწორდებოდნენ. სიკვდილით სჯიდნენ, ყველაზე ლმობიერ სასჯელად ითვლებოდა ის, რომ დამნაშავეს სახეზე დაღს უკეთებდნენ ჩადენილი შეცდომის უკვდავსაყოფად და სამუდამო ჭკუის სასწავლებლად.

შირაზის ჩრდილო-აღმოსავლეთით 56-ე კილომეტრზე, ქალაქ ქირმანშაჰთან შემორჩენილია გამოსახულება ბეჰისტუნის კლდეზე, სადაც დარიოსის წინაშე არიან გათოკილი აჯანყებულები. ერთ-ერთ მათგანზე მეფე ფეხითაა შემდგარი.

გაუმატას შემდეგ ბაბილონშიც გამოჩნდა ვინმე ნიდინტუ ბელი, რომელმაც თავი მეფე ნაბოდინის მემკვიდრედ გამოაცხადა. დარიოსს ორი ბრძოლა დასჭირდა იმისათვის, რომ ბაბილონის პრობლემა მოეგვარებინა. მან მოკლა ახალი თვითმარქვია მეფე ნაბუქოდონოსორ მესამე.

ისიც აღსანიშნავია, რომ ამ აჯანყებებისას ისარგებლეს დაპყრობილმა ხალხებმა და აქემენიდებს განუდგნენ. აჯანყება მოხდა მიდიაში. სწორედ ამ აჯანყებაზე მიგვანიშნებს ბეჰისტუნის წარწერა. მმართველობის მეორე წელი - ჩვ. წ-აღ-მდე 521 გარდამტეხი აღმოჩნდა აქემენიდების ისტორიაში. დარიოსი აგვარებს ყველა პრობლემას, ყველა აჯანყებას ახშობს. ჩვ. წ-აღ-მდე 519 წლიდან კვლავ იმორჩილებს ეგვიპტეს და იღებს ფარაონის ტიტულს.

როგორ დაეფუძნა დარიოსის იმპერია ბაბილონურ სამართალს

მას შემდეგ, რაც დარიოსმა მოაგვარა საგარეო პრობლემები, ჩაახშო აჯანყებები, აღადგინა აქემენიდების იმპერია კიროს ||-ის დროინდელ საზღვრებში, იწყებს სახელმწიფო აღმშენებლობაზე ფიქრს. მისთვის ცხადი გახდა, რომ საჭიროა, გარკვეული რეფორმები გატარდეს, რათა ხელახლა შეკოწიწებულ იმპერიას იგივე ბედი არ ეწიოს, როგორიც კამბისის დროს.

აქემენიდების სამეფოს შემადგენლობაში განვითარების სხვადასხვა დონეზე მყოფ ქვეყნებსა და ტომებს ერთი საერთო კანონმდებლობა და იურიდიული საზღვრები დაუწესდათ.

საკმაოდ დიდი სამუშაოები ჩატარდა კანონთა კოდიფიკაციის თვალსაზრისით, სხვადასხვა კულტურულ დონეზე მყოფი ხალხისთვის ერთი საერთო კანონმდებლობის შექმნა მართლაც ურთულესი ამოცანა გახლდათ. აქემენიდებმა მეტ-ნაკლებად გადაჭრეს ეს პრობლემები, ამოსავალი კი იმ პერიოდისათვის ახლო აღმოსავლეთში სანიმუშო კანონმდებლობად აღიარებული ბაბილონური სამართალი გახდა.

ამბავი სატრაპიებისა და ტოპარქიებისა

დარიოსმა სახელმწიფო მართვის განსაკუთრებული სისტემა შექმნა - მან დაყო ტერიტორები სატრაპიებად და ტოპარქიებად. სატრაპიების საზღვრები უმთავრესად ემთხვეოდა იმპერიაში შემავალი ქვეყნების საზღვრებს. სულ 20 სატრაპია არსებობდა, სადაც გაერთიანებული იყო 70-მდე ხალხი.

თითოეულ სატრაპიას განაგებდა მეფის მიერ დანიშნული პირი, სატრაპი - ტომით სპარსელი. ჰეროდოტე დაწვრილებით აღწერს თითოეულ სატრაპიას და უთითებს იმის შესახებ, რომელ მათგანს რა შემოსავალი შეჰქონდა საერთო ხაზინაში. გადასახადზე პასუხისმგებლობა სწორედ სატრაპს ეკისრებოდა, მასვე ეკისრებოდა მთავარი მსაჯულის ფუნქციაც. სატრაპს შეეძლო ვერცხლისა და სპილენძის ფულის მოჭრაც.

დარიოსმა გამიჯნა სატრაპისა და ტოპარქის - მხედართმთავრის ფუნქცია, სატრაპს სამოქალაქო საქმეები უნდა ეწარმოებინა, მხედართმთავარს კი - სამხედრო. საგულისხმოა, რომ ორივე თანამდებობის პირი მჭიდრო კავშირში გახლდათ სამეფო კართან. ამასთან, მათზე განსაკუთრებული ყურადღება იყო გამახვილებული, რამდენადაც საიდუმლო პოლიციის მეთვალყურეობის ქვეშ იყვნენ, რისი მეშვეობითაც მათი ნებისმიერი ნაბიჯი და გადაწყვეტილება აქემენიდების მეფისთვის იყო ცნობილი.

ტოპარქიების რიცხვი ჩამორჩებოდა სატრაპიების რაოდენობას, არმია ძირითადად კომპლექტდებოდა სპარსელებისა და მიდიელებისაგან. არმიის ბირთვი იყო 10 ათას კაციანი "უკვდავ მეომართა რაზმი", რომელსაც უშუალოდ მეფის დაცვა ევალებოდა.

ამბავი სუეცის არხისა

სუეცის არხის მიდამოებში აღმოჩენილია დარიოსის წარწერა, რომელიც მოგვითხრობს, თუ როგორ გაითხარა დარიოსის ინიციატივით ეს არხი, რაც უმნიშვნელოვანესი მოვლენა იყო იმ პერიოდისათვის. არხმა დააკავშირა ერთმანეთს სპარსეთი და ეგვიპტე.

უნდა ითქვას, რომ ამ მხრივ არ ყოფილა დარიოსის წამოწყება სიახლე. ეს არხი ჯერ კიდევ ძვ. წ-აღ-ის 1500 წელს ეგვიპტის დედოფალ ხატშეფსუტის ინიციატივით გაუჭრიათ, შემდეგ დრო-ჟამს თავისი გაუტანია და არხიც ქვა-ღორღით ამოვსებულა და აღარ ფუნქციონირებდა. რამდენიმე ფარაონს უცდია მისი აღდენა, თუმცა, უშედეგოდ.

დაუმთავრებელ საქმეს თავი დარიოსმა მოაბა, რომელმაც ბოლომდე მიიყვანა არხის მშენებლობა და მეტად მნიშვნელოვანი საკომუნიკაციო საშუალება შესძინა საკუთარ ქვეყანას, რამდენადაც ეგვიპტესთან იოლად დამაკავშირებელი გზა ერთ-ერთი მთავარი საშუალება იყო ახლადშემოერთებული და ამასთანავე, უმნიშვნელოვანესი ქვეყნის წარმატებული მართვისთვის.

ცას გამოკიდებული აპადანი

ყველაზე დიდ იმპერიას, ბუნებრივია, ყველაზე დიდი სასახლე უნდა ჰქონოდა, ააგეს კიდეც პერსეპოლში, სამეფო ქალაქში აპადანის სასახლე. თავად ქალაქი განთავსებული იყო ხელოვნურ ტერასაზე და მაღლიდან დაჰყურებდა დაბლობს, რითაც გრანდიოზული იერი ჰქონდა.

იქმნებოდა შთაბეჭდილება, თითქოს იგი მიწასა და ცას შორის იყო გამოკიდებული. ცის კაბადონს ხომ სპარსელებისთვის განსაკუთრებული დატვირთვა ჰქონდა - მას ზევსის ტრანსფორმირებულ სახედ აღიქვამდნენ და მსხვერპლსაც სწირავდნენ.

ქალაქში შემავალ კიბეს სადღესასწაულო იერი გააჩნდა, აქეთ-იქით მორთული იყო რელიეფებით, სადაც გამოსახული იყო 33 ხალხი, რომელთაც აქემნიდების მეფისთვის ხარკი მიჰქონდათ. ქალაქში იყო უზარმაზარი კარიბჭე, რომლიდანაც იწყებოდა აპადანის სასახლე - მეფეთა მისაღები, იმ პერიოდისათვის მსოფლიოში ყველაზე დიდი ნაგებობა.

კოლონებზე დაყრდნობილი ხის ჭერი მართლაც გრანდიოზულ შთაბეჭდილებას ტოვებდა. საგულისხმოა ისიც, რომ სასახლის მთავარ დარბაზში ათი ათასი კაცი ეტეოდა.

როგორ აშენებდნენ სუზას

დარიოსის სააღმშენებლო საქმიანობა აპადანის სასახლითა და პერსეპოლისით არ დასრულებულა. აქემენიდთა გამორჩეულმა მეფემ სამეფოს კიდევ ერთ ქალაქში, სუზაში ააგო სასახლე, რომლის მშენებლობაშიც მონაწილეობა მიიღო იმპერიაში შემავალმა ყველა ეთნოსმა.

საძირკველი ბაბილონელებმა გაჭრეს, კედარის მასალა პალესტინიდან და ფინიკიიდან ასურელებმა ჩამოიტანეს, ოქრო საგანგებოდ ლიდიიდან და ბაქტრიიდან, გამოაგზავნეს, სუზას სასახლეს ამშვენებდა ზურმუხტები შუა აზიიდან, სოგდიანიდან და სპილოს ძვალი ეთიოპიიდან, ქვის მთლელებად იონელები და მიდიელები მიიწვიეს. კედლებზე ორნამენტები მიდიელებსა და ეგვიპტელებს გამოჰყავდათ. ამრიგად, სუზას სასახლე ერთგვარად სიმბოლო იყო აქემენიდური იმპერიის მრავალფეროვნებისა.

აქემენიდთა მეფეების უცნაური თიკუნები

ჰეროდოტემ საინტერესო ცნობები შემოგვინახა, რაც კარგად გადმოსცემს იმ საზოგადოებრივ განწყობასა და დამოკიდებულებას, რაც სპარსულ საზოგადოებას ჰქონია აქემენიდთა თითოეული მეფისადმი.

ბერძენი ისტორიკოსის თქმით, კიროსისა და კამბიზის დროს არავითარი ხარკი არ ყოფილა დაწესებული, ხარკი შემოუღია დარიოსს, რის გამოც მას სპარსელები მეწვრილმანეს უწოდებდნენ. კამბისს ეძახდნენ უფალს, კიროსს კი მამას.

ჰეროდოტე გვაცნობს სპარსელების განწყობას თავიანთი მეფეების მიმართ - დარიოსი ყოველ საქმეში გამორჩენას ეძებდა, კამბისი მიაჩნდათ მკაცრ, თუმცა, უყურადღებო პიროვნებად, კიროსს კი კეთილი და ადამიანებზე მზრუნველის იმიჯი ჰქონდა შექმნილი.

როგორ გაჭრა დარიოსმა გზა ევროპისაკენ

წარმატებული საშინაო პოლიტიკის შემდეგ დარიოსი დაპყრობითი პოლიტიკის მასშტაბებსაც ზრდის. სულ მალე აქემენიდების საზღვრები ფართოვდება და ინდოეთამდე აღწევს, ასეთმა წარმატებულმა საგარეო პოლიტიკამ დარიოსს ევროპისაკენაც უბიძგა.

აქემენიდების პირველი შეხება ევროპასთან ჩვ. წ-აღ-მდე 515 წელს შედგა, როცა მათ წარმატებით დაიპყრეს თრაკიელი ტომები. ორი წლის შემდეგ კი, ჩვ. წ-აღ-მდე 513 წელს ევროპაში მორიგი ლაშქრობა წარუმატებელი გამოდგა - ჩვ. წ-აღ-მდე 513 წელს დარიოსის ლაშქარმა სკვითებს ვერაფერი მოუხერხა.

ამას დაემატა ისიც, რომ ჩვ. წ-აღ-მდე 500 წელს მცირე აზიაში დამკვიდრებული ბერძნული კოლონიები აჯანყდნენ, გაჩნდა საშიშროება, რომ აჯანყებულთათვის ბერძნულ ქალაქ-სახელმწიფოებსაც დაეჭირათ მხარი, ამიტომაც დარიოსმა მტკიცედ გადაწყვიტა - წინა აზიის ბერძნული კოლონიების სრული დამორჩილებისათვის დაეპყრო მთელი საბერძნეთი. ამით აქემენიდების ისტორიაში ახალი - ბერძნულ სამყაროსთან ინტენსიური ურთიერთობის ხანა იწყება.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×