1605 წელს, როდესაც დავითის ძმამ, კონსტანტინემ მეფე ალექსანდრე || და გიორგი ბატონიშვილი დახოცა და გამეფდა, ქეთევან დედოფალი სათავეში ჩაუდგა კახთა ანტიირანულ გამოსვლას და დაამარცხა კონსტანტინე.
1606-წ. შაჰ-აბას |-მა კახეთის მეფედ დაამტკიცა ქეთევან დედოფლის ვაჟი თეიმურაზ |, მაგრამ, ვინაიდან თეიმურაზი სულ ახალგაზრდა იყო, სამეფო საქმეებს ქეთევან დედოფალი განაგებდა, 1614 წელს თეიმურაზმა შაჰის მოთხოვნით მას განჯაში მძევლად გაუგზავნა უმცროსი ვაჟი ალექსანდრე და დედა. ქეთევან დედოფალი განჯიდან აშრაფს გადაიყვანეს, 1620 წელს კი შირაზს გაგზავნეს.
თეიმურაზმა რუსეთის დახმარებით სცადა ქეთევან დედოფლის განთავისუფლება. მაშინ შაჰმა შირაზის ბეგლარბეგს ქეთევან დედოფლის გამაჰმადიანება ან მოკვლა უბრძანა. ქეთევან დედოფალმა გამაჰმადიანებაზე მტკიცე უარი განაცხადა, რის გამოც იგი საშინელი წამებით მოკლეს.
გოის ავგუსტინელთა კოლეგიის ბერებმა ქეთევან დედოფლის ნეშტის ნაწილები სპარსეთიდან გაიტანეს. შემდეგ ეს ნაწილები ინახებოდა საქართველოში (ალავერდის ტაძარში, დაიკარგა 1723), ინდოეთში (გოა და-გრასის მონასტერი), რომსა (წმ. პეტრეს ტაძარი) და ბელგიაში (ნამიურის ტაძარი).
ქართულმა ეკლესიამ ქეთევან დედოფალი წმინდანად შერაცხა.
რამდენადაც ირანის მბრძანებელმა შაჰ-აბასმა აღმოსავლეთ საქართველოს საკითხი ვერ გადაწყვიტა (იგულისხმება ქვეყნის სრული გამაჰმადიანება და დამორჩილება), 1613 წელს ძლიერი ლაშქრით მოადგა აღმოსავლეთ საქართველოს საზღვარს.
ქეთევან დედოფალი, რომელიც თავის ახალგაზრდა ვაჟთან, მეფე თეიმურაზთან ერთად ფაქტობრივად განაგებდა ქვეყანას, საზღვარზე შეხვდა შაჰ-აბასს და სცადა მისი გადარწმუნება, რომ მის ლაშქარს ქვეყანა არ აეოხრებინა. შაჰმა თავიდან თავის ნამდვილ განზრახვაზე უარი განაცხადა, ცოტას წავინადირებ და უკან დავბრუნდებიო. როდესაც ქეთევანი უკან ბრუნდებოდა, მას დაეწია შაჰის ლაშქარი და დაატყვევა.
ამის შემდეგ შაჰ-აბასის ჯარი შემოიჭრა აღმოსავლეთ საქართველოში, რასაც შედეგად მოჰყვა თეიმურაზ მეფის გადასვლა იმერეთში, შაჰის ლაშქარმა ქვეყანა ააოხრა და ტყვედ წაიყვანა 60 000-მდე ქართველი ირანში. აღმოსავლეთ საქართველოში მან თავისი გამგებელი დანიშნა.
ამის შემდეგ ქეთევან დედოფალი იმყოფებოდა ირანის ორ სხვადასხვა ქალაქში, ჯერ განჯაში და მერე აშრაფში, ხოლო 1620 წლიდან გადააგზავნეს შირაზში თავის 40 თანმხლებ პირთან ერთად, რომელსაც მართავდა გამაჰმადიანებული ქართველი იმამყული-ხან უნდილაძე.
ურთიერთობის გამწვავება ქეთევან დედოფალსა და შაჰ-აბასს შორის
შირაზში ყოფნისას ქეთევან დედოფალმა კონტაქტი დაამყარა კათოლიკე მისიონერებთან. ქართველი კათოლიკე მღვდლის მიხეილ თამარაშვილის პირად არქივში დაცულია პორტუგალიელი მისიონერის, ავგუსტინელი ბერის პატრი ამბროზიოს რელაცია "ქართველი მეფის დედის, ქეთევან დედოფლის მოწამებრივი სიკვდილი ირანის შაჰის ბრაძანებით".
პატრი ამბროზიოს თქმით, ქეთევანი შირაზში ცხოვრობდა როგორც შინა პატიმრობაში მყოფი ტუსაღი, ხანდახან იმამყული-ხან უნდილაძეს თუ ესტუმრებოდა ხოლმე.
იგივე პატრი ამბროზიო თავიდან იმედოვნებდა, რომ ქეთევანი კათოლიკურ სარწმუნოებაზე გადავიდოდა, მიუხედავად ძალზე დადებითი ურთიერთობისა ქართველ დედოფალსა და კათოლიკეებს შორის, პატრის ეს იმედი არ გამართლდა.
ურთიერთობის გამწვავებას ქეთევან დედოფალსა და შაჰ-აბასს შორის თავისი მიზეზები ჰქონდა. რამდენიმე ხნით ადრე შაჰ-აბასმა შეუთვალა იმამყული-ხან უნდილაძეს, რომ ქეთევანი ან უნდა გამაჰმადიანებულიყო და გამხდარიყო მისი მეუღლე, რასაც შედეგად მოჰყვებოდა მისი უხვად დასაჩუქრება, ან არადა, მას საშინელი სიკვდილი ელოდა.
ამავე დროს გათვალისწინებული იყო ქეთევანთან ერთად მძევლად მყოფი თეიმურაზის ორივე ვაჟის დასაჭურისება. ამის გამო იმამყული-ხანი 3 თვის მანძილზე ინახავდა შაჰის ბრძანებას და ყველანაირად ცდილობდა დაერწმუნებინა ქეთევანი, რომ დამორჩილებოდა შაჰის ბრძანებას და ამ გზით თავი გადაერჩინა.
საუკუნეების მანძილზე არაერთი მაღალმხატვრული ნაწარმოები შექმნილა ქეთევან დედოფლის მოწამებრივ ცხოვრებაზე. ქეთევან დედოფლის წამება აღწერეს მსოფლიოს უდიდესმა მწერლებმა, გრიგორი ორსინიმ, პიეტრო დელა ვალემ, კლოდ მალენგერმა და სხვებმა; გრიფიუსმა, რომელმაც შექმნა ტრაგედია "ქეთევან ქართველი, ანუ გაუტეხელი სიმტკიცე".
ერთ სტატიაში ნამდვილად ძნელია, ვრცლად გადმოსცე ჭეშმარიტი ქრისტიანის ცხოვრება და მოწამებრივი სიკვდილი, თუ როგორ გაიტაცეს კათოლიკე ბერებმა ქეთევან დედოფლის წმინდა ნაწილები სპარსეთიდან. როგორ ინახებოდა საქართველოში, ალავერდის ტაძარში, საიდანც შემდგომ დაიკარგა. როგორ მოხვდა ინდოეთში, შემდეგ რომში, წმინდა პეტრეს ტაძარში და სხვა ბევრი ისტორია.
დღევანდელ სტატიაში კი მკითხველს გვინდა შევთავაზოთ ნაკლებად ცნობილი ამბავი, რომელსაც გადმოსცემს მე-18 საუკუნეში მოღვაწე ხუცესმონაზონი გრიგოლ ვახვახიშვილი თავის უსტარში - "წამებაი ყოვლადიდებულისა მოწამისა დედოფლისა ქეთევანისაი, რომელიც იწამა სპარსეთს შაჰ აბაზ უსჯულოისა მიერ ქალაქსა შირაზისას".
რას წერდა ქეთევან წამებულზე ხუცესმონაზონი გრიგოლი
"ქეთევან დედოფალი კონსტანტინე ქართველთა მეფის შთამომავალი იყო ბაგრატოვანთა გვარიდან. სათნო, განათლებული, ჭეშმარიტი მორწმუნე. კეთილგონიერი და ბრძენი ასული ცოლად გაჰყვა კახთა მეფის, ალექსანდრეს ვაჟს, დავითს. კახეთის ტახტის მემკვიდრე ღვთისმსახური და კეთილგონიერი ჭაბუკი იყო. მათი ქორწილი გვარისა და წოდების წესების შესაბამისად ჩატარდა. მათ შეეძინათ ძე, თეიმურაზი.
მეფეებს სიმდიდრე შვენით. ქეთევანის სიმდიდრე სიბრძნე და კეთილგონიერება იყო. დღედოფალი თავად იკლებდა და გლახაკსა და გაჭირვებულს ასაჩუქრებდა. ქეთევანისთვის მთავარი იყო არა საკუთარი პატივი და ფუფუნება, არამედ უფლის მცნებათა აღსრულება.
დედოფალმა კეთილი საქმის კეთებაც უხვად იცოდა, თავის დროსა და საქმიანობას ორად ყოფდა. ერთს სამეფო საზრუნავს ახმარდა, ხოლო მეორეს სულიერი ცხოვრების სრულყოფილებას. სამეფოს და სასახლეს მზრუნველობას არ აკლებდა. მან შეამკო და განამტკიცა ეკლესიები, უპატრონა ქვრივთა და ობოლთ, ერზე იზრუნა და ყოველგვარი სიკეთით შეამკო თავისი სამეფო.
ბოროტი და უღვთო განზრახვა ჰქონდა ირანის მბრძანებელს. ვერაგი შაჰ-აბასი შურისძიებას აპირებდა ქართლსა და კახეთზე, შაჰ აბასი დროს ეძებდა ჯავრის საყრელად და აი, დაუდგა კიდეც. შურისძიების სურვილით შეპყრობილი ირანის მბრძანებელი კახეთს მოადგა.
საშინელი დრო დაუდგა კახეთს. მტერმა ააოხრა სამეფო კარი, შერყვნა ეკლესია-მონასტრები, გაასახლა და დააცარიელა სოფლები. ქვეყანა შიმშილმა და ძალადობამ მოიცვა. ცეცხლს მისცეს კახეთი, შეურაცხყვეს ქალწულები, ამოხოცეს ღვთისმსახურნი, დახოცეს მოხუცებულნი და ჩვილნი. ააოხრეს ქალაქი გრემი.
მძიმე დრო დაუდგა თეიმურაზს, ვაჟს ქეთევანისას. ზოგი შაჰთან შებმას, ზოგი კი გაქცევას ურჩევდა. შემდეგ ერთხმად შეევედრნენ მეფეს, დედოფალი ქეთევანი წასულიყო შაჰ აბასთან, ეგებ ამით მაინც დაეშოშმინებინათ მტარვალი.
ცრემლმორეულმა თეიმურაზმა დედას გამოუცხადა ეს აზრი, ქეთევანმა მშვიდად მოისმინა შვილის ნათქვამი და უთხრა: "შვილო, შენც იცი, არა ერთხელ გადამიდია თავი კახეთისათვის, ახლანდელი ჩემი წასვლა კი სრულიად უსარგებლოა, რადგან შაჰ აბასს ცუდ განზრახვას ვერაფერი გადაათქმევინებს".
მთელი კახეთი ევედრებოდა ქეთევანს, ხლებოდა ირანის განმგებელს და მისი რისხვისგან ეხსნა კახეთი. შაჰმა თეიმურაზს მძევალი მოსთხოვა, თეიმურაზი იძულებული შეიქმნა, ირანის კარზე სათითაოდ გაეგზავნა თავისი ვაჟები და ქეთევან დედოფალი.
შაჰ აბასს ჯერ ქეთევანი და მცირეწლოვანი ალაქსანდრე ეახლნენ. შაჰმა პატივით მიიღო დედოფალი, მაგრამ უთხრა - "რადგან მე ძიძა არა ვარ და ვერ გავზრდი მცირეწლოვან ყმას, უფროსი ვაჟი მაახლოს კახთა მეფემ".
ათი წელი იტანჯებოდა ქეთევან დედოფალი, მაგრამ ქალი მტკიცედ იტანდა ყოველივეს, რადგან ჭირი მოთმინებას მატებდა, ხოლო მოთმინება გამოცდილებას, გასაჭირი ადგა, მაგრამ ღვთის შემწეობით არ ტყდებოდა. მუდამ ახსოვდა უფლის ნათქვამი: "თუ გსურს, ღმერთს მიუახლოვდე, განსაცდელისათვის მოამზადე საკუთარი სული. თუ კეთილ საქმეს აკეთებ და ვნებას გაყენებენ, მოითმინე, რადგან ეს არის მადლი ღვთისა".
დედოფალი ჭეშმარიტი რწმენით ცხოვრობდა. მარხვით, ლოცვით, ხმელ სარეცელზე წოლით გაილია დედოფლის სხეული. შაჰ აბასმა მოსთხოვა, ან უარეყო ქრისტე და ეღიარებინა მაჰმადის რჯული, ან სიცოცხლეს გამოასალმებდა.
შაჰმა აღუთქვა ქეთევანს, რომ თუ მის ნებას დაჰყვებოდა, განსაცდელს არ მიაყენებდა, მაგრამ ქეთევანმა უარყო ვერაგი მტრის წინადადება და შეუთვალა "შეუძლებელია ჩემ მიერ ჭეშმარიტი რწმენის უარყოფა".
ქეთევან დედოფალმა მტკიცედ განიზრახა, ქრისტესთვის შეეწირა თავი, რის შემდეგაც განმარტოვდა პატარა სახლში, მუხლი მოიდრიკა და წარმოთქვა: "უფალო ღმერთო, უცნაურო და უხილავო, ენით გამოუთქმელო, ბრძანებით მთისა და ქვეყნის შემძვრელო, შენთვის ლოცულობენ ბერძნები, ინდონი, ებრაელები, რომაელები და სხვანი და სხვანი. გევედრები, მომივლინე ანგელოზი, მიიღე ჩემი სული, გამიღე შენი კარი და შენს მოწამეთა შორის ჩამრიცხე.
მე ცოდვილი, აღსარებით მოგმართავ და ვაღიარებ ჩემს ცოდვებს, რადგანაც არაფერი დაემალება შენს მზერას. როდესაც სული ჩემი ჩემს ხორცს განშორდება, მიხსენი და შემმატე ძალა. ჩემს ძეს, თეიმურაზს, კი მიეც ძლევა მტერთა. წმინდა ქალწულო, მწამს უბიწო შობა, დამიფარე და შემიწყალე შენი ძის განგებით და ძალით".
შემდეგ დედოფალმა მიიღო უფლის პატიოსანი და უხრწნელი ხორცი და სისხლი... ზიარების, პურ-ღვინო და თქვა: "მეუფეო იესო ქრისტე, არ შვენოდა შენს მხევალს უარყოფა შენი. ნუ მიმცემ ეშმაკს, დამიცავი მისგან".
ამის თქმის შემდეგ დედოფალმა პირჯვარი გადაიწერა, ლომივით უშიშრად გამოვიდა სამლოცველოდან, დაჯდა და ბრძანა მტარვალთა დაძახება.
მოვიდნენ მტარვალნი და რკინის უამრავი ნაკეთი და შანთი მოიტანეს. ცეცხლი დაანთეს და ეს რკინები შიგ ჩაყარეს გასახურებლად. შირაზის მთავარს ცრემლი გადმოსკდა, ხოლო დედოფლის წამების დამსწრენი გოდებდნენ, თმას იგლეჯდნენ და ღაწვებს იხოკავდნენ. ქეთევანმა ყველას ვედრებით უბრძანა, მასთან ერთად გამოეცადათ საკუთარი სული, ეწამათ და გაევლოთ გზა უფლისაკენ, რომელსაც თავად დედოფალი შესდგომოდა.
დედოფალი უდრტვინველად დაჰყვა მის შესაპყრობად მოსულ მტარვალთ. მოძალადეებმა ქეთევანს ხელები და მაჯები გაუჭიმეს, მარწუხით დააგლიჯეს მკერდი, წყლულებზე შანთი დაადეს, ლურსმნები დააკრეს, მკერდიდან ზურგამდე ცხელი რკინა გაუყარეს. დედოფლის სხეული საშინელ ტანჯვას განიცდიდა, რადგანაც შანთები ისე იყო გახურებული, რომ ნაპერწკლებიც კი სცვიოდა. მაგრამ სასტიკი ტკივილის ამტან დედოფალს დიდების გვირგვინი და შარავანდედი ელოდა უფლისგან.
შაჰ აბასი მძვინვარებდა, მან ბრძანა, ჯაჭვიც შემოერტყათ დედოფლისათვის. მტანჯველებმა ბარი ჰკრეს ქეთევანს, შუბლი გაუპეს და როცა ტვინმა ამოხეთქა, იქვე დაეცა. მისმა სულმა დატოვა სხეული და უდაბნოდან ამოსული კვამლის მსგავსად ზეცად ავიდა. ასე აღესრულა ქეთევან დედოფალი.
ზეციური ნათელი დაადგა მის სხეულს, გამძვინვარებულმა ჯალათებმა დედოფლის გვამი სიბინძურეში ჩააგდეს, ძაღლებისა და მხეცთა საგლეჯად გაიმეტეს. იქვე, იმავე ქალაქში დაკრძალეს.
ერთი წელი დაყო ქეთევანის ცხედარმა საფლავში, მერე როცა სამარხი გახსნეს, ვერსად ნახეს მისი ნაწილები. ამბობენ, ლათინებმა თორმეტი ათასი თუმანი მიართვეს შაჰ აბასს დედოფლის წმინდა ნაწილების მისაღებად.
როდესაც შეიტყვეს, რომ საფლავი ცარიელი იყო, ჩუმად დაიწყეს ძებნა. აღმოაჩინეს დაფარული ნაწილები და წაასვენეს, მათი შემწეობით ბევრი ავადმყოფი განიკურნა.
დაუნდობელი და ვერაგი შაჰ აბასი არ ისვენებდა, მან გული ვერ იჯერა დედოფლის წამებით და გამძვინვარებული მთელი ქვეყნის აოხრებას ლამობდა...".