საქართველოში მობილური ხმოვანი მომსახურებისა და მობილური ინტერნეტის ტარიფები, ევროპისა და ჩრდილოეთ ამერიკის ქვეყნებთან შედარებით, იაფია. შესაბამისი კვლევა საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულმა კომისიამ გამოაქვეყნა.
კომუნიკაციების მარეგულირებელი კომისიის თავმჯდომარე ვახტანგ აბაშიძე ადასტურებს, რომ 2010 წლიდან დღემდე გასაშუალოებული ტარიფი დაახლოებით 5-ჯერაა შემცირებული.
ეს კვლევა ეფუძნება საერთაშორისო სატელეკომუნიკაციო კავშირის მიერ გამოქვეყნებულ ანგარიშს, რომელიც მსოფლიოში სხვადასხვა ქვეყნების მობილური ხმოვანი მომსახურებისა და მობილური ფართოზოლოვანი მომსახურების ფასების შესადარებლად ყოველწლურად ქვეყნდება.
კვლევაში განხილულია სტანდარტული პაკეტები და ყველა სატარიფო გეგმის ფასი დღგ-ს ჩათვლითაა მოცემული. კვლევის მეთოდოლოგია უპირატესობას ანიჭებს წინასწარი გადახდის სატარიფო გეგმებს და არ ითვალისწინებს აქტივაციის საფასურს, პრომოაქციებს და სხვა დამატებით გადასახადებს.
ანგარიშში გამოყენებულია ფასების რამდენიმე ინდიკატორი, მათ შორის, ფასი გამოსახულია აშშ დოლარებში და აშშ დოლარის მიმართ ეროვნული ვალუტის მსყიდველობითი უნარის გათვალისწინებით.
აღნიშნულ კვლევაში დამოუკიდებლად არის განხილული მობილური ინტერნეტის ფასები, რომლებიც მობილური ტელეფონით და კომპიუტერით გამოყენებისთვის არის განკუთვნილი. ქვეყნების მობილური ინტერნეტ ფასების შედარება სწორედ ამ კრიტერიუმით მოხდა.
"რეზონანსი" დაინტერესდა, კვლევის შედეგები რამდენად ახლოსაა რეალობასთან და ბოლო წლებში შეიმჩნევა თუ არა ტარიფის კლება. საქართველოს კომუნიკაციების მარეგულირებელი კომისიის თავმჯომარე ვახტანგ აბაშიძე ამბობს, რომ იგი მოიცავს 2010 წლიდან 2015 წლის ჩათვლით პერიოდს და ეხება ხმოვან მობილურ მომსახურებას. ინტერნეტის მომსახურების კვლევა 2016 წლის 1-ლი ივნისის მდგომარეობით განისაზღვრება.
"თუ 2010 წელს იყო გასაშუალოებული ტარიფი, დაახლოებით 12 თეთრი (აქ მხედველობაშია როგორც კორპორაციული, ისე საცალო მომსახურების ტარიფი), ახლა შემცირებულია დაახლოებით 5-ჯერ (2010 წელთან შედარებით). 2014 წელს საშუალოდ იყო 4 თეთრი, 2015-ში კი 2,7 თეთრი გახდა.
"გარდა ამისა, არის ცალკეული მიმართულებებიც. ამაში იგულიხმება საუბრის საკუთარ მობილურ ქსელში დასრულება, სხვა მობილურ ქსელში დასრულება, ფიქსირებულ ქსელში დასრულება და აქაც ვამჩნევთ, რომ არის სერიოზული კლება. ამ ტარიფების შემცირება განხორციელებული ზარების "ტრაფიკისა" და ჯამური მოცულობის სერიოზული ზრდის ფონზე ხდება", - აცხადებს ვახტანგ აბაშიძე და დასძენს, რომ საქართველოში მომხმარებელს მობილურ ტარიფებზე საკმაოდ ფართო არჩევანი აქვს და ამას მობილური კომპანიების კონკურეტული გარემო განაპირობებს.
"მომხმარებელს ტარიფების მხრივ არჩევანი აქვს. ეს გამოწვეულია კონკურენტული პირობებით. სამი მობილური კომპანიაა და სამივე მათგანი სხვადასხვა სატარიფო გეგმას სთავაზობს მომხმარებელს. მათი კონკურენტული გარემოდან გამომდინარე ხდება ფასის კლება.
"ამ მონაცემებით (ეს არ არის მხოლოდ მარეგულირებელი კომისიის მონაცემები, ეს არის საერთაშორისო სატელეკომუნიკაციო კავშირის ოფიციალური მონაცემები), საქართველო მობილური მომსახურების კუთხით, ერთ-ერთი ყველაზე იაფი ქვეყანაა არა მარტო რეგიონში, არამედ ევროპის და ჩრდილოეთ ამერიკის ქვეყნებთან შედარებითაც", - ამბობს ვახტანგ აბაშიძე.