ია აბულაშვილი
07.07.2016

 მიუხედავად იმისა, რომ ჩვენი მკითხველი კარგად იცნობს ექვთიმე თაყაიშვილის ჩანაწერებს მისი დროის უმნიშვნელოვანეს საზოგადო მოვლენებზე და მოგონებებს ქართველი მწერლებისა და მათი ცხოვრების მნიშვნელოვანი ეპიზოდების შესახებ, იმედია, დღევანელ სტატიაში ჩვენ მიერ შეთავაზებული მისი მოგონებები ილია ჭავჭავაძეზე მკითხველს კიდევ ერთხელ დააინტერესებს.

პირველი შეხვედრა ილიასთან

ილია ჭავჭავაძე პირველად ვნახე ჩემი სტუდენტობის დროს, ვგონებ, როდესაც მესამე კურსზე ვიყავი გადასული, კარგად არ მახსოვს, ასე 1885 წელს უნდა ყოფილიყო. ილია ქართული სათავადაზნაურო ბანკის საქმეზე ჩამოვიდა პეტერბურგში და ბინად ჩამოხტა ვასო მაჩაბელთან... ილია და ვასო მაშინ დიდი მეგობრები იყვნენ, ილია შვილებს უნათლავდა. ვასო ნაფიცი ვექილი იყო, ადვოკატი თავად მენგრელსკისა, რომელიც მაშინ პეტერბურგში ცხოვრობდა. ვასო ქართველ სტუდენტებს ეხმარებოდა, ხელმოკლეთათვის ფულის შესაკრებად საღამოების მოსაწყობად. მივედით ვასო მაჩაბელთან და ილიაც გამოვიდა და გაგვაცნო. ილიას პირველად მაშინ შევხვდი.

უნივერსიტეტი რომ დავამთავრე და თბილისში ჩამოვედი, პირველ ორ წელიწადს ილიას იშვიათად ვხვდებოდი ხოლმე, მარტოოდენ კრებებზე, სხვაგან მას ვერსად ვხვდებოდი და არც მის რედაქციაში დავდიოდი, მხოლოდ ერთხელ ვნახე, მახსოვს სხვებთან ერთად, შემთხვევით, რედაქციაში, რომელიც ფრეილინის ქუჩაზე იმყოფებოდა. იმ საღამოს სულ იმაზე იყო საუბარი, თუ რა დიდად ავნო ნიკო ნიკოლაძის სტატიამ გაზეთ "ობზორში" დაბეჭდილმა, გიორგი ქართველიშვილსა და ზეზემანს.

სტატიაში აღწერილი იყო წარმოუდგენელი ნიაღვარი ატენის ხეობაში, სადაც აღნიშნული პირები ერისთავისგან იჯარით აღებულ ტყეს ამუშავებდნენ, ნიაღვარმა აუარებელი დამუშავებული ხე-ტყე იმსხვერპლა, მოიტაცა და ადიდებულ მტკვარს შერთოო. ამან დიდი ზარალი მიაყენა ქართველიშვილსა და ზეზემანს და მათი წარმოებაც შეწყდა. ნიკოლაძეს დიდად კიცხავდნენ, რაკი თავის სტატიაში საჯაროდ განაცხადა მათი ზარალი და ამით მოიჯარადრეებს კომერციული ნდობა დაუკარგა. მაშინ ხომ კომერციულ საქმიანობაში ნდობას ძალიან დიდი მნიშვნელობა ენიჭებოდა. მათ ალბათ ბანკიდან სესხი ექნებოდათ აღებული და გაზეთი თუ გაუმჟღავნებდა ზარალს, შემდგომ სესხს ვეღარ მიიღებდნენ. ილია ამბობდა, ნიკოლაძეს ეს არ უნდა ჩაედინაო...

 ილიას "ხუთშაბათობა"

"ივერიის" რედაქცია გადავიდა ავჭალის ქუჩის დასაწყისში, სულ ახალ სახლში, რომელიც აშენებული იყო ილიას თაოსნობით მისი დის, ელისაბედის, საგინაშვილის ქვრივის საფასით. ილიამ ამ თავისი დის ხარჯით და მის სახელობაზე ორი სახლი ააშენა. ეს იმ ადგილას, რომელსაც ვორონცოვის ხიდი პირდაპირ უცქერის. ერთი სახლი ავჭალის ქუჩაზე გამოდიოდა, მეორე - უკანა ქუჩაზე.

მაშინ თბილისში შენობის აგება იაფი იყო. არსებობდა სახლთა მშენებლობის რამდენიმე არტელი, რომლებიც ყველა სამუშაოს თვითონ კისრულობდნენ და მზა-მზარეულს აბარებდნენ პატრონს. შემდეგ პატრონები ამ სახლებს ბანკში აგირავებდნენ და მეტწილად ამით იხდიდნენ აშენების ფასს. გირაოს საფასურის შეტანა კი 20-30 წლობით გრძელდებოდა, ასე რომ, არ უძნელდებოდათ.

მახსოვს, ილიამ გვიამბო, თუ რა შესანიშნავად, ღირსეულად აუშენა ქართველთა არტელმა ის ორი სახლი - სრულიად ყოველისფრით დამთავრებული - და ბინათა გასაღებები ჩააბარა მას. პირველ სახლში მოთავსდა ილიას სახლობა, ე.ი. თვით ილია, მისი მეუღლე ოლგა თადეოზის ასული და ილიას და ელისაბედი. შვილი არც ერთს არ ჰყავდა. სახლი ორსართულიანი იყო, მაგრამ სარდაფიცა ჰქონდა, ხოლო შიგნით, ეზოში, მარცხნივ - ორსართულიანი წაგრძელებული დერეფანი, ფლიგელივით, სარდაფსა და დერეფანს ქვედა სართულში გაზეთი "ივერიის" სტამბა იყო.

ილიას კაბინეტის კედლები დამშვენებული იყო ისტორიული სურათებით შოთა რუსთაველის, თამარ მეფის, დავით აღმაშენებლის პორტრეტებით. სხვა დანარჩენი სამი ბინა გაქირავებული ჰქონდათ. დიდი მისაღები დარბაზი ორად იყო გაყოფილი, პირველი ნაწილი მამაკაცებისათვის იყო, მეორე ქალების მისაღებს წარმოადგენდა. ამ მისაღები დარბაზის გასწვრივ დიდი სასადილო ოთახი იყო, მასში ხუთშაბათობით იმართებოდა ხოლმე საღამოები რედაქციის წევრებისა და თანამშრომლებისათვის, რომლებსაც ესწრებოდნენ ილიას სხვა (ბანკის და ა.შ.) თანამშრომლები თუ მეგობრებიც.

იმ საღამოებზე ხშირად კითხულობდნენ პოეტების და ლიტერატორთა ახალ ნაწარმოებებს, სტატიებს, იყო მსჯელობა იმდროული ქართული საკითხების შესახებ. ყოველი საღამო თავდებოდა ვახშმით, რომლისთვისაც ღვინო ილიას მუდამ საგურამოს მამულიდან ჰქონდა. ილიას იმ ხუთშაბათ საღამოს ვესწრებოდი 1890 წლიდან, მას შემდეგ, რაც "ივერიაში" თანამშრომლობა დავიწყე და ჩემი "სამი ისტორიული ხრონიკა" გამოვიდა. ვახშამზე თამადად ყოველთვის ანტონ ფურცელაძე იყო ხოლმე, თუმცა ძალიან მჭევრმეტყველი არ ეთქმოდა... იგი ილიას ძალიან პატივს სცემდა. "ბანკოვიადა" რომ შეიქმნა მაჩაბელსა და ილიას შორის, ანტონმა მაგრად დაუჭირა მხარი ილიას და ამით დაუახლოვდა მას.

 ილიას "ხუთშაბათობა" დემოკრატიული საღამოები იყო, მაგრამ მას სხვა, უფრო არისტოკრატიული საღამოებიც ჰქონდა ხოლმე. იგი დიდად მიღებული იყო იმ წრეში, რომელშიც შედიოდნენ ქართველი დიდრონი თავადები: თბილისის გუბერნატორი შერვაშიძე; გენერალი ნინიკა (ნიკა) ამილახვარი; გენერალი ზაქარია ჭავჭავაძე (დიდი გენერალი იყო, კორპუსიის ყოფილი მეთაური) და სხვები. ისინი ჩვეულებრივ აწყობდნენ ე.წ. "ჟურ ფიქსებს" და ილიას იწვევდნენ ხოლმე. მასაც, რასაკვირველია, სამაგიერო უნდა გადაეხადა და იხდიდა კიდევაც, მაგრამ ასეთ წვეულებაში ქართველი დემოკრატების გარევა მათთვისავე იქნებოდა უხერხული და ილიაც არ ურევდა.

საზოგადოდ, მთავრობის უმაღლესი წევრები გარკვეულ ანგარიშს უწევდნენ ილიას, ყურს უგდებდნენ მის აზრს და შუამდგომლობას. მაგრამ ილია მაინც წინდახედული იყო და თუ რომელიმე უმაღლესი ხელისუფალი უხეშად იქცეოდა, მასთან არავითარ ურთიერთობას არ იქონიებდა, არც ეჩვენებოდა და არც საქმისთვის მივიდოდა.

მაგალითად, მთავარმმართებელი გოლიცინი ცნობილი იყო, როგორც ნამდვილი "სოლდოფონი"; ვინც არ უნდა ხლებოდა, ყველას უყვიროდა და უხეშად ელაპარაკებოდა. ისე წავიდა ის გოლიცინი თბილისიდან, რომ ილიას არ გაუცნია იგი და არც რაიმე საქმეზე მისულა, თუმცა თვითონ გოლიცინს ეწადა მისი გაცნობა; არაერთხელ უთქვამს თავისი ადიუტანტის, საშიკო ორბელიანისათვის "გამაციანი ილიაო"! ვორონცოვ-დაშკოვთან და მის წინამორბედ შერემნეტიევთან კი ილია დაახლოებული იყო და ხშირად ქაღალდსაც კი ეთამაშებოდა ხოლმე.

საგურამოს მამული

ილიას გაგიჟებით უყვარდა საგურამოს მამული და დიდი მეურნეობაც ჰქონდა მოწყობილი, იქ მან, პირველ ყოვლისა, მშვენიერი სასახლე აიშენა. მამული მართლაც შესანიშნავი იყო, ლამაზი მდებარეობით, ჰავითა და მოსავლით. ილიას სახლი ძვირად დაუჯდა, თავისივე სიტყვით 40 000 მანეთად.

მახსოვს, ილიაობა დღეს ვეწვიე საგურამოში (ეს იყო ჩემი ერთადერთი ასვლა იქ ილიას სიცოცხლეში). თავის დღესასწაულს იგი, როგორც ცნობილია, ყოველთვის დიდი მარაგით იხდიდა: მთელს კარგა დიდ სოფელსა და მეზობლებს პატიჟებდა, ძალიან დიდ ნადიმს მართავდა ხოლმე.

საღამოს ხალხი რომ დაიშალა და აივანზე ვისხედით და ვსაუბრობდით, ილიამ ლაპარაკში გამოურია, სხვათა შორის: "მე ვითომ ჭკვიან კაცს მეძახიან, მაგრამ რომ დავფიქრდები, ჭკუა არა მქონიაო, ეს სახლი 40 000 მანეთი დამიჯდა, ამ ფულით თბილისში ორ დიდ სახლს ავიშენებდი და მათი შემოსავალი მარჩენდა, ახლა კი ვალებში ვარ ჩავარდნილიო".

ილიას არ უჯერებდნენ, როდესაც ამბობდა, ვალები მაქვს და გაზეთ "ივერიას" გამოცემა შემოსავალს არ მაძლევს, ჩემს ფულს მადებინებს ზედო. მაგრამ შემდეგ გამოირკვა, რომ ილია მართალს ამბობდა. ილიამ ბოლოს გამომცემლობა გადასცა ერთ მცირე წრეს, რომელსაც მეთაურობდა ალექსანდრე ივანეს ძე სარაჯიშვილი, ძალიან კარგი კაცი.

ილიას სანოვაგე - პური, ღვინო, ხილი, ქათამი, ინდოური, გოჭი და სხვა - სულ საგურამოდან ჩამოსდიოდა ხოლმე. ჭამა ძალიან უყვარდა და ყოველთვის ისე გულმოდგინედ და გემრიელად შეექცეოდა ხოლმე, რომ რაც არ უნდა დაკარგული გქონოდათ მადა, ისევ მოგგვრიდათ. მისი დროდადრო მცირე ავადმყოფობის ერთადერთი მიზეზი ესეც იყო, მაგალითად, ორშაბათობით იგი ხშირად ხდებოდა შეუძლოდ, რადგან კვირაობით სადილად დადიოდა დავით სარაჯიშვილთან, რომელიც დიდი მომასპინძლე კაცი იყო და რომელსაც შესანიშნავი მზარეული ჰყავდა.

თამამად შეიძლება ითქვას, რომ იმ დროს თბილისის ვერც ერთ ქართულ ოჯახში ვერ სჭამდით ისეთ გემრიელს სადილს, როგორსაც დავით სარაჯიშვილთან.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×