ია აბულაშვილი
08.07.2016

 "1918 წლის 26 მაისს, საქართველოს დამოუკიდებლობის გამოცხადების შემდეგ, აუცილებელი იყო ჩვენ მიერ დასახული პოლიტიკური მიზნების და არსის გადმოცემა. ჩვენ გვმართებდა ჩვენი ორიენტაციის ზუსტი გამოხატვა და დასაბუთება, რომელიც ჩვენ ავირჩიეთ 1918 წელს.

აქ თავი იჩინა ლტოლვამ ევროპისაკენ, რომელიც ყოველგვარი კულტურული მოძრაობის ცენტრად და უმთავრეს კერად გაიაზრებოდა, სურვილმა თავი დაგვეხსნა რუსეთის გავლენის მძიმე და საშიში მუხრუჭებისაგან, საქართველოს მყარი ეროვნული მომავლის დამკვიდრებისა და ახლო აღმოსავლეთის მომავალ პოლიტიკურ სისტემაში დამოუკიდებელ რგოლად ჩართვის იმედმა.

ძნელი იყო ზუსტად განგვეჭვრიტა, როგორი იქნებოდა ეს სისტემა, მაგრამ დამოუკიდებელ პოლიტიკურ ერთეულად თავის განცხადება - როგორც ერთ-ერთი ანგარიშგასაწევი ფაქტორი - ბუნებრივიც იყო და გონივრულიც.

ასე მოიხაზა "ევროპასთან მიკედლების" ის ვარიანტი, რომელიც საფუძვლად დაედო საქართველოს პოლიტიკას 1918 წელს, რომელსაც შეიძლება ეწოდოს "შუა ევროპული". ამ ვარიანტის მიმართულება ზუსტად შეესაბამებოდა პოლიტიკურ მდგომარეობას აღმოსავლეთ ევროპასა და ახლო აღმოსავლეთში.

იმ დროისათვის, როცა საქართველო პირველად დადგა გადაწყვეტილების მიღებისა და არჩევანის წინაშე" - ეს სიტყვები ეკუთვნის ცნობილ დიპლომატს ზურაბ ავალიშვილს, რომელიც უშუალო მონაწილოებას ღებულობდა საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის საგარეო პოლიტიკის შემუშავებაში.

როგორი იყო დამოუკიდებლი საქართველოს პირველი ნაბიჯები ევროპისაკენ, ამის შესახებ რამდენიმე ნაწყვეტი გვინდა შევთავაზოთ ჩვენს მკითხველს ზურაბ ავალიშვილის იმდროინდელი ჩანაწერებიდან.

ბერლინში (1918 წლის ივნისი)

"ახლა, როდესაც გერმანიასთან რეგულარულ მოლაპარაკებებს ვიწყებდით, უპირველეს ყოვლისა გვმართებდა საქართველოს დამუკიდებლობის პრობლემასთან დაკავშირებული ძირითადი პოლიტიკური და ეკონომიკური საფუძვლების წარდგენა. ნიკო ნიკოლაძემ შეადგინა ეკონომიკური მიმოხილვა, მე კი საქართველოს დამოკიდებლობის საკითხის ისტორიული და პოლიტიკური გაშუქება ვიკისრე.

4 ივნისს დავიწყე წერილობითი გადმოცემა იმისა, თუ რისთვის ჩამოვედით აქ და რა სურს საქართველოს. 5 ივნისს საგარეო საქმეთა სამინისტროში საუბარი გვქონდა საიდუმლო მრჩევლებთან- ფონ-როზენბერგთან და დოქტორ გეპერტთან; შემდეგ მიგვიღო მინისტრმა ფონ-კიულმანმა, მშვენიერ კაბინეტში, სადაც ჰკიდია ლენბახის შესრულებული ბისმარკის პორტრეტი.

6 ივნისი. როზენბერგთან და გეპერტთან ერთად "ვაღრმავებთ" საქართველოს ფორმალური ცნობის, საქართველოს რუსეთთან ურთიერთდამოკიდებულებისა და სხვა თემებს.

13 ივნისი. საგარეო საქმეთა სამინისტროში შეხვედრა დოქტორ სიმონსთან. ჩვენი თემაა: გერმანიისა და საქართველოს ურთიერთობის შესაძლებელი ფორმა. საქართველოს პოლიტიკური მიზანია: განამტკიცოს თავის სახელმწიფოებრივი არსებობა, გერმანიაზე დაყრდნობით. შექმნას თავისუფალი ეროვნული განვითარების პირობები. აშკარაა, რომ გერმანიასთან კავშირი უნდა იქნეს საკმაოდ მჭიდრო, უბრალო კავშირი არ არის საკმარისი.

16 ივნისი. დელეგაციის "საკრებულომ" მოისმინა ჩემი მემორანდუმი, რომელიც გამოხატავდა - თუ ვინ ვართ ჩვენ და თუ სახელდობრ რა გვსურს გერმანიისგან.

18 ივნისი. სამნი (ჩხენკელი, ნიკოლაძე და მე) სახალხო მეურნეობის სამინისტროს შენობაში ვეწვიეთ სახალხო მეურნეობის სახელმწიფო მდივანს ბარონ ფონ-შტაინს.

21 ივნისი. მე და ჩხენკელი საგარეო საქმეთა სამინისტროში ვართ ნამდვილ საიდუმლო მრჩეველთან დოქტორ კრიგესთან; გადამწყვეტი საუბარი გვაქვს იმის თაობაზე, თუ რამდენად შესაძლებელია გერმანიის მიერ საქართველოს დამოუკიდებლობის ფორმალურად აღიარება.

გენერალი ფონ-ლოსოვი, როგორც სამხედრო კაცი, გაბრაზებული რეგულარული დიპლომატიის ამ ფაქიზი დეტალებით- გვირჩევდა, კრიგესთან უფრო ენერგიულად გეველაპარაკა და ხაზი გაგვესვა საქართველოს განასაკუთრებული უფლებებისათვის".

შეთანხმება "შავ ქვაზე"

"ფოთში ხელმოწერილი დროებითი შეთანხმებიდან ჩანს, თუ რა მნიშვნელობას ანიჭებდა საქართველოსთან ეკონომიკურ კავშირებს გერმანია. აქ, ბერლინში, საქმის ამ მხარისათვის ისევე უნდა მიგვექცია ყურადღება, როგორ წმინდა დიპლომატიური მოლაპარაკებისათვის.

მთავრობასთან მსხვილი მრეწველობისა და ბანკების მჭიდრო კავშირით ეკონომიკური ინტერესების სფეროში მიღწეული შედეგები გზას გვიხსნიდა ჩვენი პოლიტიკური ამოცანების განხორციელებისაკენ. მოლაპარაკება გერმანული სავაჭრო- სამრეწველო სამყაროს ყველაზე მსხვილ და ყველაზე გავლენიან დაწესებულებებთან უნდა გვეწარმოებინა.

ამ მოლაპარაკების მთავარი თემა თავისთავად იკვეთებოდა, არც გამოგონება იყო საჭირო და არც თავს მოხვევა, ეს იყო ჭიათურის მარგანეცი, რომლის მიმართაც გერმანიის ფირმებს რა ხანია ჰქონდათ თავის ინტერესები და რომლის მნიშვნელობა ევროპის მეტალურგიისთავის საერთოდ ძალიან დიდი იყო. ამ "შავ ქვაზე" აღიმართება გერმანია-საქართველოს ურთიერთობა - ვფიქრობდი მე, ... და არც უსაფუძვლოდ.

ნიკო ნიკოლაძემ შეადგინა განსაკუთრებული მოხსნება საქართველოს ბუნებრივი სიმდიდრეების შესახებ. ეს მოხსენება ეცნობა გერმანიის მთავრობას. მოლაპარაკებას შევუდექით დაუყოვნებლივ, სახალხო მეურნეობის მინისტრ ბარონ ფონ შტეინთან წინასწარი შეხვედრის შემდეგ და მიმდინარეობდა იგი იმავე სამინისტროს შენობაში, რადგან ეს სამინისტრო მოლაპარაკებაში საკმაოდ მნიშვნელოვან მონაწილოებას ღებულობდა.

რაც შეეხება ჩვენს გარმანელ კონტრაგენტებს, აქ იყო მთელი ე.წ. "მძიმე ინდუსტრია" ფრიდრიხ კრუპის (ესსენი) აქციონერული საზოგადოება, გელზენკირხენის სამთო წარმოების აქციონერული საზოგადოება და ა.შ. რომელთა მხოლოდ სახელის ხსენებაც კი დიდ ასოციაციას იწვევს გერმანულ სამრეწველო წრეებში.

გადაწყდა მარგანეცის საზღვარგარეთ გატანის საქმის მოგვარება (იგი ჩვეულებრივ, მთლიანად ევროპასა და ამერიკაში გაჰქონდათ) საგანგებოდ შექმნილი აქციონერული საზოგადოების მეშვეობით (ქართული კანონმდებლობის მიხედვით), რომელსაც მონოპოლია ექნებოდა ამ საქმეში.

იმისათვის, რომ ექსპორტი ტექნიკური თვალსაზრისით "უკანასკნელი სიტყვით" აღჭურვილი ყოფილიყო და საერთოდ, ამ საქმეში გარკვეული ერთიანობისა და გეგმაზომიერებისათვის მიგვეღწია, ერთდროულად კიდევ ორი აქციონერული საზოგადოების დაარსება გადაწყდა: ერთი: ჭიათურა-შორაპნის რკინიგზის მისასვლელი ხაზის ექსპლუატაციისათვის, რომელზეც გადაიტანდნენ მარგანეცს შორაპნამდე, საიდანაც მთავარი ხაზი ფოთამდე მივიდოდა; მეორე კი - ფოთის პორტის ექსპლუატაციისათვის.

სამივე საზოგადოების ხელმძღვანელობას უზრუნველყოფდა ზემოთ დასახელებული დაწესებულებათა ჯგუფი. გერმანიის მხრივ გამოითქმოდა უდიდესი სურვილი მთლიანად აეღოთ თავის ხელში მთელი ეს საქმე. ე.ი. შეექმნათ აქციონერთა შემადგენლობით წმინდა გერმანული საზოგადოება, მაგრამ სამაგიეროდ საქართველოს მთავრობის სასარგებლოდ დაეწესებინათ საკმაოდ დიდი ანარიცხი და საერთოდ ფინანსური მოგება.

რეალურად კი, ქართული დელეგაციის დაჟინებული მოთხოვნით, მიიღეს სხვა სქემა, სახელდობრ, გერმანულთან ერთად, საქართველოს ჯგუფის პარიტეტული მონაწილეობა, აქციონერულ კაპიტალში; ქართულ ჯგუფს უნდა მისცემოდა ერთ-ერთი (სამიდან) სადირექტორო ვაკანსია მმართველობაში და თავმჯდომარეობა (საბჭოთა წევრთა თანაბარი რაოდენობის დაცვით) სამი აქციონერული საზოგადოების თითოეულ საბჭოში. ერთი სიტყვით გერმანულ ჯგუფს უპირატესობა ეძლეოდა აქტიური ადმინისტრაციის მხრივ, ქართულს კი - ზედამხედველობაში, მონაწილეობა თანაბარი რჩებოდა.

ამ საფუძველზე შემდგარი სამი ხელშეკრულება 12 ივლისს იქნა ხელმოწერილი, ისევე, როგორც განსაკუთრებული შეთანხმება სახალხო მეურნეობის სამინისტროსთან (მინისტრის ამხანაგის დოქტორ გეპერტის სახით) გერმანულ სამრეწველო წრეებს, იმავე საფუძველზე, უფლება ეძლეოდათ ჭიათურაში შესდგომოდნენ "მარგანეცის" ჯერ არარსებული დარგის ექსპლუატაციას, კერძოდ, წყლის ძალის გამოყენებით ფერომანგანუმისა და სხვა შენაერთების გამოდნობას.

იმავე ოქმში შეტანილი იყო შემდეგი პუნქტი: "საქართველოს მთავრობა აღიარებს ამ ხელშეკრულებებს საბოლოოდ მხოლოდ ფინანსური ხელშეკრულებების დადებისა (რომელთა თაობაზე მიმდინარეობს მოლაპარაკება) და საქართველოს რესპულიკასა და გერმანიის იმპერიას შორის პოლიტიკური დამოუკიდებლობის გარკვევის შემდეგ".

ამ ხელშეკრულების ხელმოწერა აღინიშნა საზეიმო სადილით, სადაც მასპინძელი იყო მინისტრი ბარონ ფონ-შტეინი. მას ესწრებოდნენ ვიცე- კანცლერი ფონ პაუერი, იმპერიის ფინანსთა მინისტრი და მრავალი სხვა. ავადმყოფობის გამო სადილს ჩხენკელი არ დასწრებია.

მე დამსვეს ვიცე-კანცლერის გვერდით. ჩემს ნაცვლად მან გადასცა პურის კუპონი (მე არ მქონდა) მეტრ-დოტელს, რომელმაც მხოლოდ ამის შემდეგ დადო ჩემს თეფშზე შავი პურის პატარა ნაჭერი. ასეთი სიმკაცრე იყო სამხედრო-სასურსათო რეგლამენტში.

ვიცე კანცლერი ფონ პაუერი - გიურტემბერგელი სიპათიური მოხუცი, მეკითხებოდა, სხვათა შორის თავის თანამემამულეებზე- კოლონისტებზე, რომელნიც ალექსანდრე პირველის დროს გადმოსახლდნენ გიურტემბერგიდან საქართველოში.

ბანკეტის შემდეგ დიდხანს ვისხედით ღვინის ჭიქებით, 12 საათზე, ომისდროინდელი წესების თანახმად მოვიდნენ შუქის ჩასაქრობად. საზოგადოება უსიტყვოდ დაემოჩილა განკარგულებას- აქ იყვნენ სამი მინისტრი და სხვადასხვა უწყების მრავალი უმაღლესი მოხელე.

ფინანსურ ხელშეკრულებას სესხის თაობაზე გერმანიის უმთავრეს ბანკებთან ხელი საკმაოდ მალე მოვაწერეთ (15 აგვისტოს) ასე რომ, "მარგანეცის ხელშეკრულების" გაფორმება დამოკიდებული იყო მხოლოდ ჩვენი დიპლომატიური კამპანიის შედეგებზე... ე.ი. უპირველს ყოვლისა გერმანიის მიერ ჩვენს ფორმალურ აღიარებაზე.

რაიხსტაგში საქართველოს საკითხზე ფონ კიუმანის მიერ გაკეთებული მოხსენებისა და გერმანელ მრეწველებთან ხელშეკრულებების ხელმოწერის შემდეგ ბერლინში ჩვენი ჩამოსვლის უახლოესი მიზანი მიღწეულად უნდა ჩაგვეთვალა, რადგან ამ "ნედლეულზე" ან სხვა რამეზე ლაპარაკს რაღაც საფუძველი მაინც ჰქონდა, მსოფლიოს ყველაზე გამობრძმედილ მთავრობასთან, ევროპის უძლიერეს საქმის კაცებთან და ყველაზე "თანამედროვე" ბანკებთან.

თეორიულად იგი ჩემი აზრით (იმისათვის ვმუშაობდით ამდენს) საქართველოს ნამდვილად უხსნიდა უცხოეთის კულტურულ კაპიტალთან თანამშრომლობის გზას, რასაც მოჰყვებოდა ბუნებრივი სიმდიდრის ათვისების სწრაფი განვითარება, სამეურნეო ჰორიზონტის გაფართოება, საქმიანი ჩვევების შეთვისება, მუშებისათვის დამატებითი შემოსავლის წყაროს შექმნა... და სხვა.

თუმცა ამ ხელშეკრულებებს საერთოდ არ ეწერა განხორციელება".

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×