ნატოს რიგით 28-ე სამიტი დღეს გაიხსნა. ეს ნატოს ისტორიაში პირველი სამიტია, რომელიც პოლონეთში იმართება. სამიტში მონაწილეობას იღებს 58 ოფიციალური დელეგაცია, მათ შორის 28 წევრი სახელმწიფო და მონტენეგრო, ასევე 26 პარტნიორი ქვეყანა და გაეროს, ევროკავშირის, მსოფლიო ბანკისა და ნატოს საპარლამენტო ასამბლეის დელეგაციები.
დაგეგმილია ნატო-საქართველოს კომისიის სხდომა საგარეო საქმეთა მინისტრების დონეზე. თავდაცვის მინისტრი თინა ხიდაშელი ნატოს სამიტზე დასასწრებად ვარშავაშია.
როგორც მან ჟურნალისტებს განუცხადა, მნიშვნელოვანია, რომ საქართველო ვარშავიდან მეტი თავდაცვისუნარიანობის საშუალებებით ჩამოვიდეს.
"ჩვენი მთავარი ამოცანა ამ ორი დღის განმავლობაში არის, ერთი მხრივ, რაც შეიძლება უფრო მეტად დავუახლოვოთ ჩვენი ქვეყანა ევროატლანტიკურ სივრცეს, მაგრამ ყველაზე უფრო მნიშვნელოვანი ალბათ ის არის, რომ ვარშავიდან უფრო მეტი თავდაცვისუნარიანობის საშუალებებით ჩამოვიდეს საქართველო.
"უფრო მეტად დაცული, უფრო მეტი შესაძლებლობით, უფრო მეტი ინსტრუმენტით, რომელიც ქვეყანას ცაშიც და ზღვაზეც, ხმელეთზეც დაიცავს და მის შეიარაღებულ ძალებს განსაკუთრებით მისცემს შეკავების, გამძლეობისა და ბრძოლისუნარიანობის ამაღლების უფრო მეტ შესაძლებლობას," - განაცხადა თინა ხიდაშელმა.
გაძლიერდება თუ არა საქართველოს თავდაცვისუნარიანობის პოტენციალი ვარშავის სამიტის შემდეგ? - ამ კითხვით "რეზონანსმა" საზოგადოების ცნობილ წარმომადგენლებს მიმართა.
თაკო ჩარკვიანი (პუბლიცისტი) კი, მგონია, რომ რაღაც გაუმჯობესება თავდაცვის თვალსაზრისით, იქნება. დასავლეთისკენ გადადგმულ თითოეულ ნაბიჯს ვეპოტინები და თითოეულ სიტყვას ჰაერში ვიჭერ, ოღონდ ამათ რამე თქვან დასავლეთისკენ მიმართული. ბედნიერი ვარ თითოეული სიტყვით, რომელიც დასავლეთისა და საქართველოს მყარი ურთიერთობისკენაა მიმართული.
როგორც კი თავდაცვის პოტენციალი გაძლიერდება, თავისთავად გაუმჯობესდება ინვესტიციები, ეს ორი რამ ერთმანეთთან გადაბმულია, იცით, რატომ? როდესაც შენ სამხედრო თავდაცვის თვალსაზრისით ქვეყანაში სიმყარე გაქვს, ამას ინვესტიციები მოაქვს. ინვესტორი თამამი ხდება იმ ქვეყანაში, სადაც თავდაცვისუნარიანობა მყარია. ეს მარტივი ლოგიკაა.
არჩილ გამზარდია (საზოგადოებრივი კომუნიკაციების მართვის სპეციალისტი) მთავარი და ყველაზე მნიშვმელოვანია ისაა, რომ ყოველი მსგავსი სამიტის შემდეგ პოზიტიური დინამიკის შენარჩუნება ხდებოდეს.
ნებისმიერ შემთხვევაში, დღეს საქართველო არის თუ არა ალიანსის წევრი, ჩვენგან ორგანული და განვითარებადი კავშირი ნიშნავს იმას, რომ ჩვენი თავდაცვისუნარიანობა უფრო იზრდება. მეორე მხრივ, ჩვენი საჭიროება ჩვენს მოქიშპე ქვეყნებს აჩვენებს იმას, რომ საქართველო ორგანულია ნატოს ქვეყნებისათვის. ეს არის ყველაზე მთავარი, რაც ამ ეტაპზე შენარჩუნებულია და მუდმივად განვითარების რეჟიმშია.
აქ არის საუბარი იმაზე, რომ საქართველოს საზღვრები იმ ქვეყნებისათვის, თუ ქვეყნისათვის, რომლისთვისაც საქართველოს საზღვრები არაფრად ღირს, იყოს მესიჯი. და მათთვის საზღვრები უფრო ხილული გახდეს. ეს ყველაფერი მნიშვნელოვანია.
ედიშერ გვენეტაძე (ისტორიკოსი) ჩვენ აუცილებლად უნდა ვიაროთ იმ გზით, რომელსაც ევროატლანტიკური სტრუქტურებისკენ სწრაფვა ჰქვია. რასაც დასავლეთი ჩვენთვის გამოიმეტებს, გვინდა თუ არა, იმით უნდა წავიდეთ. ეს შეხვედრა ნატოსკენ წინგადადგმული ნაბიჯი იქნება. თავდაცვის პოტენციალის გაძლიერებასთან დაკავშირებითაც ზუსტად იგივეს თქმა შემიძლია, ეს მოხდება იმდენად, რამდენადაც დასავლეთის ინტერესებში შევა. ეს ნაბიჯ-ნაბიჯ სვლაა.
ანა რატიანი (ჟურნალისტი) ეს შორეული პერსპექტივაა. იქ ძალიან ბევრი პუნქტია. ასე საერთო ჯამში თქმა, რომ გააძლიერებს, პატარა ბავშვმაც იცის, რომ ასეთი შემთხვევები თეორიულად უნდა აძლიერებდეს ქვეყანას, მაგრამ ამდენი ხნის მანძილზე ჩვენ ჯერჯერობით ვერ ვხედავთ გადადგმულ ნაბიჯებს, იგივე ვარშავის სამიტის წევრების მხრიდან.
ამ შემთხვევაში თინა ხიდაშელის განცხადება თავდაცვისუნარიანობის გაძლიერებასთან დაკავშირებით უფრო მის სურვილს ჰგავს, ვიდრე იმას, რომ ჩვენ ნამდვილად რაღაცას მივაღწევთ. არ მგონია, ვარშავის სამიტზე დიდად აქცენტები საქართველოზე გაკეთდეს.
სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"
ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე
საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"
ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე