რა საიდუმლოებას ინახავს კიევის მთავრის ქორწინება დემეტრე პირველის ასულთან
მამუკა ნაცვალაძე
09.07.2016

 დინასტიურ ქორწინებებს ჯანსაღი პოლიტიკური ურთიერთობისათვის გამორჩეული დატვირთვა აქვს. პოლიტიკური პლასტები მჭიდროდ კვეთს ადამიანურ განწყობებსა და ვნებებს, ამიტომაც ასეთ დროს ბევრი რამ, მათ შორის უმნიშვნელოვანესი სახელმწიფოებრივი საკითხები, პიროვნული კონტექსტების დონეზე წყდება.

სწორედ ამ კუთხითაა საცნაური ყ|| ს-ის შუა ხნებისას კიევის რუსეთში განვითარებული მოვლენები. კიევის მთავარი იზიასლავ მსტისლავის ძე ქორწინდება ქართველი მეფის, დემეტრე პირველის ასულზე.

რა მიზანს ემსახურებოდა აღნიშნული დინასტიური კავშირი? რატომ გახდა აქტუალური კიევის რუსეთისთვის საქართველოს სამეფო კართან დამოყვრება აუცილებელი? ამ კითხვებს შესაძლებელია პასუხი გაეცეს იმდროინდელი საერთაშორისო პოლიტიკური სიტუაციიდან გამომდინარე, სადაც მთავარი სუბიექტები არიან საქართველო, ბიზანტია და კიევის რუსეთი.

ფაქტი კი ისაა, რომ ამ ურთიერთობებისას მეტად საინტერესო სურათი იკვეთება - ყ|| საუკუნის ქართული ავტოკეფალური ეკლესია რუსული ეკლესიის დამოუკიდებლობისათვის ბრძოლის უმთავრესი საყრდენი აღმოჩნდა.

რას მოგვითხრობს იპატისა და აღდგომის რუსული მატიანეები

1153 წლის ამბების აღწერისას იპატის მატიანეში დაცულია შემდეგი ცნობა: "შემოდგომით მამამ (კიევის მთავარმა იზიასლავ მსტისლავის ძემ მ.ნ.) ვლადიმირ ანდრიას ძესა და ბერენდევიჩებთან ერთად გაგზავნა თავისი ძე მსტისლავი სადედინაცვლოს შესახვედრად, ისინი მივიდნენ ოლეშიემდე, მაგრამ ვერ ნახეს იგი და უკან დაბრუნდნენ," - აქ არაა ნათქვამი, თუ ვინ იყო იზიასლავ მსტისლავის ძის საცოლე.

ე.წ. აღდგომის მონასტრის ნუსხა 1153 წლის ამბების თხრობისას განმარტავს, რომ იზიასლავი თავის მეორე ცოლს ობეზებისაგან - ე.ი. საქართველოდან მოელის. 1154 წ. იპატის მატიანე კვლავ მოგვითხრობს იზიასლავ მსტისლავის ძის ქორწინების შესახებ:

"წელსა 6662-სა იზიასლავმა, რომელმაც წამოიყვანა ობეზებისაგან ცოლად მეფის ასული, ხელმეორედ გააგზავნა სადედინაცვლოსთან შესახვედრად თავისი შვილი მსტისლავი. შეეგება რა მას ჭორომებთან, მსტისლავმა მიიყვანა ის კიევში, თვითონ კი პერეიასლავში წავიდა. ხოლო იზიასლავმა შეირთო იგი ცოლად და გადაიხადა ქორწილი."

საგანგებოდ უნდა გაესვას ხაზი, რომ აღნიშნული ფაქტი ქართულენოვან წყაროებში არაა დაცული, ყოველ შემთხვევაში, დღემდე ის მიკვლეული არ გახლავთ.

როგორ მართავდა ბიზანტია კიევის რუსეთში პოლიტიკურ პროცესებს

ყ|| ს-ის შუა წლები კიევის რუსეთში საოცრად დაძაბული და ამასთანავე, საინტერესო ტენდენციები შეინიშნება. 1146 წლის 13 აგვისტოს იზიასლავ მსტისლავის ძემ, ვლადიმირ მონომახის შვილიშვილმა დაიკავა კიევის ტახტი.

ამ დროიდან იწყება მძაფრი ბრძოლა ჩრდილო-აღმოსავლეთისა და სამხრეთ-დასავლეთის სამთავროებთან. იზიასლავ მსტისლავის ძის უმთავრესი მოწინააღმდეგე იური დოლგორუკი გახლდათ.

შუა საუკუნეებისათვის დამახასიათებელი ფეოდალური აშლილობა თითქოს სავსებით ჩვეულებრივი უნდა ყოფილიყო, თუმცაღა, ნიშანდობლივი გახლდათ ის, რომ ამ ომების ინსპირირება უმთავრესად ბიზანტიის იმპერიის მეშვეობით ხდებოდა. სწორედ ამიტომაც იყო მეტად მნიშვნელოვანი რუსეთში მიმდინარე პოლიტიკური დაპირისპირებანი იმ პერიოდის რომეებისათვის.

ორივე დაჯგუფებას მოკავშირეები ჰყავდა რუსეთის საზღვრებს გარეთ. იზიასლავ მსტისლავის ძე ეყრდნობოდა უნგრეთს, ჩეხეთს, პოლონეთს და იტალიელ ნორმანებს, რომელთანაც ერთად ქმნიდა ანტიბიზანტიურ ბლოკს, ხოლო პრობიზანტიური მსოფლმხედველობის უმთავრეს დასაყრდენს რუსეთში წარმოადგენდნენ იური დოლგორუკისა და მისი მოკავშირის, ვლადიმირ გალიცკის მომხრეები.

როგორ გახდა კლიმი სმოლიატიჩი იზიასლავ მსტისლავის ძის მთავარი კოზირი

ამ ურთულესი პოლიტიკური ვითარებისას კიევის რუსეთის მთავარმა იზიასლავ მსტისლავის ძემ მიიღო მეტად გაბედული პოლიტიკური გადაწყვეტილება, რომელსაც უკავშირდება მისი ქორწინება ქართველი მეფის - დემეტრე |-ის ასულთან.

იზიასლავ მსტისლავის ძეს კარგად ესმოდა, რომ კიევის რუსეთის რეალური დამოუკიდებლობის მოპოვებისათვის აუცილებელი იყო ბიზანტიის იმპერიის მარწუხებიდან თავის დაღწევა. ამ თვალსაზრისით ქრისტიანული ეკლესიის დამოუკიდებლობის მოპოვება ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს ნაბიჯად მოიაზრებოდა.

იზიასლავ მსტისლავის ძე სარგებლობს იმით, რომ მიტროპოლიტ მიქაელის კონსტანტინოპოლში წასვლის შემდგომ 1145 წლიდან კიევის მიტროპოლიტის ტახტი ვაკანტური აღმოჩნდა, ამიტომაც ურჩია რუსი ეპისკოპოსების საეკლესიო კრებას დაერღვია ადრე არსებული ტრადიცია და მიტროპოლიტის ტახტზე აერჩია ბერი კლიმენტი სმოლიატიჩი - წარმოშობით რუსი.

ეს იყო უპრეცედენტო შემთხვევა, რადგანაც მანამდე რუსეთის ყველა მიტროპოლიტი ბერძენი გახლდათ. ეს ხდება 1147 წელს, იზიასლავ მსტისლავის ძის კიევის მთავრად აღსაყდრების ერთი წლის თავზე.

რატომ სცილდებოდა კიევის მიტროპოლიტის არჩევა საეკლესიო ჩარჩოებს

კლიმენტი სმოლიატიჩის მიტროპოლიტად არჩევა მნიშვნელოვნად სცილდება საეკლესიო ჩარჩოებს. იგი ფართო მასშტაბურობას იძენს, რამდენადაც შუა საუკუნეების დროს ეკლესიას უდიდესი პოლიტიკური ფუნქცია ეკისრებოდა ნებისმიერი ქვეყნის ცხოვრებაში.

იზიასლავ მსტისლავის ძეს სურდა ბიზანტიისაგან დამოუკიდებლობისათვის ბრძოლაში საკმაოდ მყარი იდეოლოგიური საფუძველი შეექმნა. სწორედ ამ კონტექსტითაა მოსააზრებელი ეს მნიშვნელოვანი ფაქტი. ამასთანავე, აღნიშნული მოვლენა გამოკვეთილად ხელს უწყობდა ანტიბიზანტიური ბლოკის აქტიურ ქმედებას.

იზიასლავ მსტისლავის ძის შორსმჭვრეტელობაზე მიანიშნებს ის ფაქტიც, რომ მან ბიზანტიის მიმართ დაპირისპირების დრო საკმაოდ მოხერხებულად შეარჩია. 1147 წელს ბიზანტიელები უპირისპირდებიან ჯვაროსნებს. 1150 წელს ევროპაში იწყება მესამე ჯვაროსნული ლაშქრობისათვის მზადება, რომლის ერთ-ერთი სამიზნე კონსტანტინოპოლიცაა.

რთული საგარეო პოლიტიკა არ შეიძლებოდა არ ასახულიყო ბიზანტიის იმპერიის საშინაო მდგომარეობაზე. ამას მიანიშნებს თუნდაც ის ფაქტი, რომ 1147 წელს ბიზანტიის პატრიარქის ტახტი ვაკანტური გახლდათ.

სწორედ ამ წელს მოხდა იზიასლავ მსტისლავის ძის რეკომენდაციით კლიმი სმოლიატიჩის მიტროპოლიტად არჩევა. საგანგებოდ უნდა გაესვას ხაზი, რომ იზიასლავის არჩევანი შემთხვევითი არ ყოფილა. მიუხედავად იმისა, რომ ბერი არ შეიძლებოდა გამხდარიყო მიტროპოლიტი, კლიმი სმოლიატიჩის განათლებამ და წიგნიერებამ საკითხი დადებითად გადაწყვიტა. საეკლესიო კრება ამ დათმობაზე წავიდა.

რატომ გამოიწვია კლიმი სმოლიატიჩის მიტროპოლიტად დასმამ სამღვდელოების პროტესტი

კლიმი სმოლიატიჩის მიტროპოლიტად დასმამ მწვავე პროტესტი გამოიწვია სამღვდელოებაში. საპროტესტო განწყობა, რაოდენ პარადოქსულიც არ უნდა იყოს, შეინიშნებოდა ორივე - როგორც პრობიზანტიულ, ისე ანტიბიზანტიურ დაჯგუფებაში. საკითხი ეხებოდა მიტროპოლიტის არჩევის მხოლოდ კანონიკურ წესს.

1147 წლის 27 ივლისს გამართულ რუს ეპისკოპოსთა საეკლესიო კრებაზე ათი ეპისკოპოსიდან ესწრებოდა ხუთი, რომელთაც მიიღეს შესაბამისი გადაწყვეტილება. ეპისკოპოსების კრებას კანონიკური წესით შეეძლო მიტროპოლიტის არჩევა, თუმცაღა, ამავე კანონიკური წესით, ეს არჩევანი კანონიერად ითვლებოდა მხოლოდ პატრიარქის ხელდასხმის შემდგომ.

1147 წელს რუსეთში გამძაფრდა შიდაპოლიტიკური ბრძოლა, რის გამოც ზემოაღნიშნული საკითხი ერთგვარად ჩრდილში მოექცა.

რა მიზანს ემსახურებოდა იზიასლავ მსტისლავის ძის საქართველოსთან დამოყვრება

1151 წელს იზიასლავ მსტისლავის ძე ხელმეორედ იბრუნებს კიევის მთავარი ტიტულს და, სრულიად ბუნებრივია, დღის წესრიგში ისევ დგება ეკლესიის დამოუკიდებლობის საკითხი, რაც იმ კონკრეტული ვითარებისას გულისხმობდა კლიმი სმოლიატიჩის მიტროპოლიტობის კანონიერების საკითხის გარკვევას.

იზიასლავს ორი ალტერნატივა ჰქონდა - ან უნდა დათანხმებოდა ბიზანტიიდან მიტროპოლიტის გამოგზავნას, რაც პრაქტიკულად დამარცხებას ნიშნავდა, ანდა სასწრაფოდ უნდა მოეგვარებინა ზემოაღნიშნული პრობლემა - მიემართა მართლმადიდებლური ქვეყნის ავტოკეფალიის მქონე ეკლესიისათვის, რათა მას, კანონიკური წესის მიხედვით, დაემტკიცებინა საეკლესიო კრების გადაწყვეტილება და რუსი კლიმი სმოლიატიჩი მიტროპოლიტის რანგში აღევლინა.

საგანგებოდ უნდა გაესვას ხაზი იმას, რომ მთელი რიგი პოლიტიკური ძალები, ამ ფორმალური პრობლემის მოგვარების შემდგომ, მზად იყვნენ ეღიარებინათ კლიმი სმოლიატიჩის მიტროპოლიტად კურთხევის კანონიერება.

ამ საკითხთან მიმართებაში კონსტანტინოპოლის პატრიარქის პოზიცია, ბუნებრივია, უარყოფითი იქნებოდა. ანტიოქიის პატრიარქთან ურთიერთობა ტერიტორიული სიშორის გამო ქმნიდა პრობლემას. რჩებოდა საქართველოს ავტოკეფალური ეკლესია, რომელსაც პრაქტიკულად შეეძლო რუსეთისათვის ამ უმნიშვნელოვანესი საკითხის მოგვარება.

როგორც ჩანს, სწორედ ეს რეალობა გახლდათ უმთავრესი რუსეთ-საქართველოს დიპლომატიური მოლაპარაკებისას, რაც დაგვირგვინდა იზიასლავ მსტისლავის ძის ქორწინებით ქართველი მეფის ასულზე.

რა ნიშნით გამოარჩია სვიატოსლავ მსტისლავის ძემ ქართული ეკლესია რუსეთის დამოუკიდებლობისათვის ბრძოლის უმთავრეს საყრდენად

სრულიად ბუნებრივად იბადება კითხვა - რატომ გამოარჩია კიევის რუსეთის მთავარმა საქართველო რუსეთის სახელმწიფოსათვის უმნიშვნელოვანესი ბრძოლის უმთავრეს საყრდენად? ამ კითხვაზე პასუხი ყ|-ყ|| სს-ბის საქართველო-ბიზანტიის ურთიერთობებშია საძიებელი.

ის იდეოლოგიური ბაზა, რომელიც საქართველოს სამეფოს კონცეპტუალური საფუძველი გახლდათ, უპირისპირდებოდა ბიზანტიის იმპერიის დამპყრობლურ პოლიტიკას. საქართველო არა მარტო ფიზიკურად იბრძოდა ქრისტიანული დამპყრობლის წინააღმდეგ, არამედ იდეოლოგიური და კულტუროლოგიური თვალსაზრისითაც უპირისპირდებოდა მას.

ყ|| ს-ის კიევის რუსეთს ინტენსიური ურთიერთობები ჰქონდა ბიზანტიის იმპერიასთან, რომელიც სლავურ სამყაროსა და თავად საქართველოსაც საკუთარი ინტერესების სფეროში მოიაზრებდა. სწორედ ამიტომ საქართველო-ბიზანტიის დაპირისპირებანი არა მარტო საბრძოლო, არამედ ინტელექტუალურ-კულტუროლოგიურ სფეროში ცნობილი ფაქტი უნდა ყოფილიყო კიევის რუსეთის მთავრებისთვის, რაც, ბუნებრივია, რუსეთის პოლიტიკურ წრეებში საქართველო-ბიზანტიის დაპირისპირების საკუთარი მიზნებისათვის გამოყენების სურვილს აღძრავდა.

თუმცაღა, რუსეთის ეკლესიის დამოუკიდებლობის საკითხი ამ პერიოდში მაინც ვერ მოგვარდა სრულიად ბანალური მიზეზისა გამო - 1154 წელს იზიასლავ მსტისლავის ძე გარდაიცვალა. რუსეთის ეკლესიამ მხოლოდ 1448 წელს, თითქმის სამასი წლის შემდეგ, მოიპოვა ავტოკეფალია. რა ბედი ეწია ქართველი მეფის ასულს, წყაროები არაფერს გვამცნობენ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×