ია აბულაშვილი
09.07.2016

 მკითხველს ალბათ დააინტერესებს დღევანდელ სტატიაში შეთავაზებული მასალა, რომელიც ფასდაუდებელ ცნობებს გვაწვდის დამოუკიდებლი საქართველოს საგარეო პოლიტიკის ისტორიის შესახებ.

ეს არის ცნობილი დიპლომატის, ზურაბ ავალიშვილის ჩანაწერები, რომელიც 1918-21 წლებში საგარეო საქმეთა სამინისტროს მრჩეველი იყო.

ჩანაწერები უბის წიგნაკიდან

"გერმანიის მთავრობის მიერ საქართველოს დამოუკიდებლობის ფორმალური ცნობის დრო ახლოვდებოდა. საქართველო-გერმანიის მომავალი ურთიერთკავშირი გულახდილობით განიხილებოდა მოლაპარაკებებზე, ხოლო უკვე ხელმოწერილი საქმიანი შეთანხმებები კიდევ უფრო აჩქარებდა მას.

მართალია, კონსტანტინეპოლის კონფერენცია გაურკვევლად "შემოდგომისთვის" იდებოდა, მაგრამ 1918 წლის სექტემბრისათვის ბერლინში დიდი ვეზირის თალათ-ფაშას მოსალოდნელი ჩამოსვლა თურქეთთან ჩვენი სადავო საკითხების მოგვარების იმედს იძლეოდა.

მიმდინარე დროის საზრუნავი კი არც ისე მძიმე გახდა: გერმანიის პოლიტიკური მხარდაჭერისა და საკუთარი ძალების წყალობით საქართველოს რესპულიკა, მართლაც ყალიბდებოდა.

მუშაობაში პაუზით ვისარგებლე და ევროპის დიდ სახელმწიფოთა მთავრობებთან კავშირის დამყარება ვცადე. ამ დროს საქართველო მოწყვეტილი იყო დასავლეთის სახელმწიფოებისაგან არამარტო მთელი ევროპისა და წინა აზიაში გაშლილი მსოფლიო ომის ფრონტით, არამედ რევოლუციური რუსეთის, უკრაინისა და სხვა უზარმაზარი, შეუღწევადი სივრცეებით.

თბილისს ბაქოსა და თავრიზის გზაც მოჭრილი ჰონდა, რაც საშუალებას არ იძლეოდა როგორმე დავკავშირებოდით ინგლისს ჩრდილო სპარსეთში. დადგა დრო სერიოზულად გვეფიქრა ასეთ კავშირზე, განსაკუთრებით იმ საერთაშორისო პოლიტიკის ზოგადი პერსპექტივების ფონზე, რომელიც ისახებოდა 1918 წლის მეორე ნახევარში.

საჭირო იყო შუა ევროპის ფარგლებს გარეთ დიპლომატიური წრის გაფართოების დაჩქარება, მაგრამ რა უნდა გაგვეკეთებინა ამისათვის? ჩემთვის, როგორც ქართული დელეგაციის წევრისთვის ბერლინში, ამ ამოცანის პრაქტიკულად განხორციელება იოლი საქმე არ იყო.

საბედნიეროდ, ივლისის ბოლოს მე მომეცა ფორმალური საბაბი (კერძო ხასიათის) ნეიტრალურ ადგილას - ქრისტიანიაში... გამგზავრებისა და მეც გადავწყვიტე მესარგებლა ხელსაყრელი შემთხვევით, რათა ნორვეგიის დედაქალაქში მეუწყებინა დასავლეთის მთავრობებისათვის მათი წარმომადგენლობების მეშვეობით ჩვენი საქმის შესახებ.

მატარებელი ზღვისკენ მიჰქროდა. ყველაგან კალოობაა გაჩაღებული - მარცვალსაც კი არ კარგავენ. შემსუბუქებულ შემოწმებას გავდივარ. გემზე უკვე შვეციაა, კრონები, პური, შაქარი და ა.შ. ყველაფერი საუკეთესოა. გემს ჰქვია "მეფე გუსტავ მეათე", აქ "სეფე ოთახიცაა". ვათვალიერებ ჩემს გარშემო შვედებს- გამძლე, ძარღვიანი ხალხია, თითოეული სახე თავისებურად განუმეორებელია.

29 აგვისტოს მივაღწიე ქრისტიანიას, მაგრამ ჯერ გზა უნდა გამეგრძელებინა ლილეჰამერამდე, მიმზიდველი ადგილია. განთქმული თავის ჰავით, ბუნება... ცოცხალი, მწვანე, მდელოიანი, ტყიანი და ბორცვიანი, გვერდით ტბა და მძლავრი ჩანჩქერებით დამშვენებული მდინარე.

არც აქ და მოგვიანებით, არც ქრისტიანიაში პასპორტი არავის უკითხავს, ასეთი ადგილებიც შემორჩა მეომარ ევროპას! როცა შემოდგომის სისხამ დილით ჰოლმელკოლენის მაღლობიდან იყურები, ომი ძალიან შორს გეჩვენება. ფიორდი ოდნავ დანისლულია.

შეხვედრები ევროპის ოფიციალურ დიპლომატიასთან

7 სექტემბერს საფრანგეთის ელჩს, ბატონ ბააპსტს (ამის შემდეგ იგი ძალიან მალე დაინიშნა ელჩად ტოკიოში) გადავეცი ნოტა საქართველოს დამოუკიდებლობის გამოცხადების შესახებ. იგი ნამყოფი იყო კავკასიაში, კეროდ საქართველოში, სიღნაღში.

 გავაცანი კავკასიის ფრონტის დაშლის შემდეგდროინდელი მოვლენები, და ავუხსენი აუცილებლობა, მიგვემართა გერმანიისთვის. ელჩი მიიჩქაროდა ინგლისის საელჩოში და მე ვთხოვე გადაეცა ბატონ მანსფელდტ ფონდლეისთვის ჩემი განზრახვა მასთან ვიზიტის თაობაზე.

ბატონი ბაასტთან შევთანხმდით მეორე დღეს შეხვედრაზე. მან მთხოვა "არ წავსულიყავი ინგლისის საელჩოში მასთან განმეორებით შეხვედრამდე". ჩემი შემდეგი ვიზიტი საფრანგეთის ელჩთან მეტად საფუძვლიანი გამოდგა. მომიხდა სხვადასხვა საკითხებზე პასუხის გაცემა, რომელიც საქართველოს ეხებოდა.

9 სექტემბერს, საელოჩოში მრჩევლის, ბატონ ემონდ ოვეის თანდასწრებით, მიმიღო ინგლისის ელჩმა, იგი ძალიან მშვიდად და ალერსიანად შემხვდა, მე სრულიად ბენებრივად ვაუწყე მას საქართველოს დამოუკიდებლობის გამოცხადების შესახებ და იმედი გამოვთქვი საქართველოსადმი ინგლისის მეგობრული დამოკიდებულების თაობაზე. იგივე რწმენა გამოთქვა ფიდლეიმ. პირადად მას ძალიან ბევრი სმენია ამ ქვეყნის შესახებ ოლივერ უორდროპისაგან.

შემდეგ გაიმართა დიალოგი საქართველოს საკითხებზე.

ფიდლეი: დიდი მნიშვნელობა ექნებოდა თქვენ მიერ შედგენილ ყველა საკითხზე წერილობით მიმოხილვას. და გთხოვთ, როცა თქვენს მემუარს შევისწავლი, ისევ ვისაუბროთ".

მე ვუპასუხე: სიამოვნებით შევასრულებ თქვენს სურვილს, მაგრამ ამასთანავე ხომ შეიძლება ჩაითვალოს, რომ მე, საქართველოს მთავრობის სახელით, უკვე ოფიციალურად განვაცხადე ინგლისის მთავრობის წინაშე, საქართველოს დამოუკიდებლობის გამოცხადების შესახებ.

ფიდლეი: დიახ, თქვენ მიერ წაკითხულ ნოტას, მე ვთვლი ოფიციალურ დოკუმენტად. მე ახლავე ვაცნობებ ლონდონს თქვენი ნაბიჯის შესახებ.

ასეთი იყო ბრიტანეთის ოფიციალურ დიპლომატიასთან საქართველოს პირველი ურთიერთშეხება.

მეორე დღეს მე მივიღე ფრანგი ელჩის ბარათი. იგი მატყობინებდა, რომ ჩემი ვიზიტისა და განცხადების შესახებ მან ტელეგრაფით უკვე აცნობა პარიზში საგარეო საქმეთ მინისტრს ბიშონს.

მომიწია გერმანიის საკონსულოში მისვლა. ბატონმა მეციუსმა, რომელმაც ახლახან დაიკავა პოსტი, ფონ-გაცეს საგარეო საქმეთა მინისტრად დანიშვნის შემდეგ. იგი მსახურობდა რუსეთში (იაპონიის ომის დროს) თურქეთში - პირველ მსოფლიო ომში და მჭიდროდ იყო დაკავშირებული ყველასთან, ვისაც კი რაიმე კავშირი ჰქონდა "ვილჰელმშტრასეზე" ჩვენს საქმესთან. ძალიან თავაზიანად მიმიღო.

მემორანდუმი, რასაც ინგლისის ელჩი ითხოვდა ჩემგან, მზად იყო და ამის შესახებ ეცნობა თანხმობის დიდ სახელმწიფოთა წარმომადგენლებს. ახლა ისღა დამრჩენოდა, სასწრაფოდ დავბრუნებულიყავი გერმანიაში, საითაც ტელეგრაფით მაჩქარებდა ბერლინში მყოფი საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი.

კონსტანტინეპოლში გამგზავრებამდე ბერლინში უნდა მოგვემზადებინა "ხელმოსაწერად" უფრო მნიშვნელოვანი - გერმანია-საქართველოს ხელშეკრულების პროექტი. ამ საქმესთან დაკავშირებით, 29 სექტემბერს მე ვიყავი დოქტორ კრიგესთან. ის ძალიან კმაყოფილი ჩანდა.

მისი როგორც ფორმალისტის, თვალსაზრისით, მას შემდეგ რაც რუსეთმა თანხმობა განაცხადა გერმანიის მიერ საქართველოს აღიარებაზე, ვერაფერი შეუშლიდა ხელს ამ აღიარებას.

მან წარმატება მომილოცა და გადმომცა ჩემი პირვანდელი პროექტი საქართველო-გერმანიის ხელშეკრულების ტექსტი, სადაც ეწერა, რომ საქართველოს დამოუკიდებლობის გამო, მხარეებს სურთ დაამყარონ მეგობრული ურთიერთობა მყარ ნიადაგზე და ამგვარად ხელი შეუწყონ საქართველოს პოლიტიკურსა და სამეურნეო განვითარებას. გადაწყდა, რომ 3 ოქტომბერს პროექტი საბოლოო სახით დადგენილი და პარაფირებული იქნებოდა.

კონსტანტინეპოლი

14 ოქტომბერი: ვეწვიეთ მაჰმუდ-ფაშას, წარმოშობით ქართველ თავდგირიძეს, ნახევრად ევროპულად მორთულ სახლში, ძალიან თბილი შეხვედრა მოგვიწყვეს. ფაშა ადრეც ყოფილა მინისტრი, და ახლაც უნდა შესულიყო თევფიკ-ფაშას მთავრობაში. თუ იგი შედგებოდა, მისი სიტყვებით, იგი მზად იყო გაეკეთებინა საქართველოსთვის ყველაფერი. თურქეთის მხრიდან ახლა უნდა ველოდეთ უფრო თავშეკავებულსა და ზომიერ პოლიტიკას.

თვითონ მას არაერთხელ უცდია დაერწმუნებინა ისინი, ვისაც ეს საკითხი ეხებოდა, საქართველოსთან კავშირის შენარჩუნების აუცილებლობაში. იგი დაგვპირდა მოლაპარაკებოდა ახალ ვეზირს, რომ სასურველი იყო დაუყოვნებლივ, ახლავე გადაწყვეტილიყო ყველა სადავო საკითხი საქართველოსა და თურქეთს შორის.

მსახური-მეზღვაურის მიერ მორთმეული ტრადიციული ფინჯანი ყავის შემდეგ, ჩვენ გამოვეთხოვეთ თავაზიან მასპინძელს. საუბრის თავი და კუდი ქართული იყო, ტანი კი- ფრანგული.

სასტუმროში, სრულიად შემთხვევით, წარმადგინეს ახალ დიდ ვეზირთან, იზზეთ-ფაშასთან. ხვალ მიგვიღებს იგი.

ვესტუმრე ბულგარეთის ელჩს გოლუშევს. დაგვპირდა დეპეშით ეცნობებინა თავის მთავრობისათვის სოფიაში ამერიკის წარმომადგენლობისთვის გადასაცემად, რომ საქართველო იბრძვის თავისი დამოუკიდებლობისთვის".

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×