როგორ იქცნენ სოციალური თანასწორობის მომხრე ასასინები ტერორისტებად
მამუკა ნაცვალაძე
11.07.2016

 1092 წელს ასასინების პირველმა ტერორისტულმა აქტმა თურქ-სელჩუკთა ცნობილი ვაზირი ნიზამ ალ-მულქი შეიწირა, რამაც განსაკუთრებული ვნებათაღელვა გამოიწვია იმ პერიოდის წინა აზიაში. ალამუთის ბინადარნი, რომელნიც როგორც იდეოლოგიურად, ისე პოლიტიკურად გამიჯნულნი იყვნენ მეზობელი სახელმწიფოებისგან, ახალი გამოწვევის წინაშე დადგნენ. მათი პოპულარობა საგრძნობლად გაიზარდა, სულ უფრო მეტი მსურველი გაჩნდა ალამუთში ცხოვრებისა.

ამ რეალობისთვის ჰასან იბნ-საბაჰს ადეკვატურად უნდა ეპასუხა, რაღაც უნდა მოემოქმედა ისეთი, რაც კიდევ უფრო გაამყარებდა მისი იდეოლოგიისადმი, სოციალური თანასწორობისადმი ჭაბუკთა რწმენას და ნდობას. გამოსავალსაც მალე მიაგნო უნიჭიერესმა მმართველმა - მან ყველა ის მექანიზმი აამოქმედა, რამაც საბოლოო შედეგად ტერორისტული სახელმწიფოს სისტემური მოდელი შექმნა.

ჰასან იბნ-საბაჰის ჯადოსნური სამყარო

დიდი ხნის განმავლობაში დამკვიდრებული იყო მოსაზრება, რომ ჭაბუკებს, რომელნიც ალამუთის ციხეში მიდიოდნენ, ჰაშიშს აწევინებდნენ, თუმცა თანამედროვე მეცნიერება განსხვავებულ მოსაზრებამდე მივიდა - საბაჰი ჰაშიშს კი არა, ოპიუმს, უფრო ძლიერ ნარკოტიკს აწევინებდა ჭაბუკებს,

ნარკოტიკული თრობისას ეს ჭაბუკები შეჰყავდათ ალამუთის ულამაზეს სასახლეში, მათ ემსახურებოდა ჰასანის დაქირავებული 70 ულამაზესი გოგონა, ისინი ყველანაირ სურვილს უსრულებდნენ ჭაბუკებს, გაშლილი იყო ზღაპრული სუფრა, სიტუაცია მართლაც საოცრად წააგავდა სამოთხეს, იყო ულევი ღვინო, რომელიც რეალობაში აკრძალული იყო, აქ კი, როგორც სამოთხეში, მისი გასინჯვა შეიძლებოდა.

რა ფსიქოლოგიური გათვლები ჰქონდა საბაჰს

ნარკოტიკულ თრობას ემატებოდა სასმელით თრობა, შთამბეჭდავი გარემო, ულამაზესი გოგონები და ჩნდებოდა მართლაც იმის განცდა, რომ საქმე რეალურ სამოთხეს შეეხებოდა. აქ იყო ყველაფერი, რაც ადამიანებს რეალურ ცხოვრებაში სანატრელი ჰქონდათ, ესენი ის ჭაბუკები იყვნენ, ვისაც ხშირად საკუთარი ერთი ნაჭერი პურიც კი ენატრებოდათ.

ჩაძინებულები უკვე ჩვეულებრივ ოთახში გადაჰყავდათ, როდესაც გამოეღვიძებოდათ, გამოფხიზლებულები იხსენებდნენ იმ თავგადასავლებს, რაც მათ სამოთხეში გადახდათ, ამ ფონზე კი სრულიად განსხვავებულად ჟღერდა საბაჰის მოწოდება: "თუკი ჩემს ბრძანებას შეასრულებთ, თუკი იბრძოლებთ რწმენისთვის, თქვენ მართლაც მოხვდებით სამოთხეში, თქვენ ხომ იქ იყავით უკვე?" და ჭაბუკები აძლევდნენ ფიცს, რომ ყველაფერს გააკეთებდნენ, რასაც ჰასან იბნ-საბაჰი უბრძანებდა, არ დაინანებდნენ თავიანთ სიცოცხლეს იმისათვის, რომ სამოთხეში მოხვედრილიყვნენ.

როგორ იწრთობოდნენ ფიდეები

შემდგომში ამ ყმაწვილებს ფიდეებად მოიხსენიებენ, ისინი თვითმკვლელები არიან, მზად არიან, შეეწირონ საბაჰის დასახულ იდეებს, ისინი დღევანდელი შაჰიდების წინაპრები იყვნენ.

საგულისხმო იყო ისიც, რომ მშობლებს სწამდათ ანალოგიურად, რომ მათი შვილები თავიანთი თავდადების გამო მოხვდებოდნენ სამოთხეში, ეს კი უკეთეს გამოსავლად მიაჩნდათ, ვიდრე შიმშილით სიკვდილი. ამგვარი განწყობა აქვთ დღევანდელი შაჰიდების მშობლებსაც, ისინიც დარწმუნებულები არიან, რომ მათი შვილები სამოთხეში დაიმკვიდრებენ ადგილს.

აი, ამ ფორმით საბაჰმა ჩამოაყალიბა რამდენიმე ათასი პროფესიონალი მკვლელი, რომელთაც მუსულმანები ჰაშიშინებს, გაშიშინებს ეძახდნენ, დასავლეთ ევროპელები კი ასასინებს.

იმისათვის, რომ ფიდეების აღზრდისთვის სისტემური ფორმა მიეცა, საბაჰმა ჩამოაყალიბა სპეციალური სკოლა, სადაც სხვადასხვა ენა ისწავლებოდა, ამას პრაქტიკული დანიშნულება გააჩნდა, რამდენადაც საქმე შენიღბვით სწორედ სხვადასხვა ქვეყანაში შეიძლებოდა გაკეთებულიყო. მაგალითად, ფიდეები იტაცებდნენ, სხვადასხვა ქვეყნის მეცნიერებს, ისინი იძულებით მოჰყავდათ ალამუთის ციხეში, აიძულებდნენ ესწავლებინათ ფიდეებისთვის სხვადასხვა მეცნიერებები, მათ შორის სამხედრო საქმე.

როცა მთავარი იარაღი ხანჯალია

ნებისმიერი ფიდეა მოვალე იყო, ბრწყინვალედ სცოდნოდა ხელჩართული ბრძოლის ილეთები, ამ მიზნით ხშირად იტაცებდნენ ჩინელებს, რომელნიც ხელჩართული ბრძოლის უბადლო ოსტატები იყვნენ, ისინი მოვალენი იყვნენ, სცოდნოდათ ყველანაირი იარაღის, უპირველესად კი ხანჯლის გამოყენება. მთავარი იარაღი ფიდეებისთვის ხანჯალი იყო, რომელიც გრძელი თეთრი მანტიის ქვეშ ჰქონდათ დამალული. გარდა ამისა, ორივე ხელით უნდა შეძლებოდათ ხმლისა და შუბის ხმარება.

საკმაოდ რთული იყო მათი დღის რეჟიმი - ყოველდღიურად 30 კილომეტრამდე უნდა ერბინათ, დღეების განმავლობაში აიძულებდნენ, სიცივეში მდგარიყვნენ. ზამთარი სპარსეთის მთიანეთში მართლაც სუსხიანი იცის... ზაფხულში აიძულებდნენ, ასევე დღეების განმავლოვბაში მზეზე მდგარიყვნენ, ისინი მზად უნდა ყოფილიყვნენ, ნებისმიერი სირთულეებისათვის გაეძლოთ.

გარდა იმისა, რომ ფიდეებს საბაჰის იდეოლოგია უნდა ეწამათ, მზად უნდა ყოფილიყვნენ, ფიზიკურად შეესრულებინათ მისი ბრძანები, ბრძანება კი მხოლოდ ერთი იყო - მოეკლათ ასასინთა უხუცესისთვის არასასურველი პიროვნება. ამრიგად, საბაჰმა ჩამოაყალიბა მსოფლიოში პირველი სპეცნაზი. საგულისხმოა ის, რომ თანამედროვე მსოფლიოში სპეცდანიშნულების რაზმები იქმნება სახელმწიფოს დაცვისთვის, საბაჰმა კი ეს რაზმები თავდასხმისათვის შექმნა, შექმნა იმისათვის, რომ დაეშინებინა მსოფლიო და ასე აეძულებინა, ეღიარებინა ახალი იდეოლოგიური პოსტულატები. ასე გადადიან ჰასანის დაქირავებული მკვლელები შეტევაზე.

რატომ კმაყოფილდება ჰასან იბნ-საბაჰი უხუცესის ტიტულით

სიმბოლურია, რომ საბაჰი საკუთარ თავს მთის უხუცესად აცხადებს - მას არ სურს სხვა ტიტული, არც სულთნობა, არც შეიხობა, არც ემირობა, ის მხოლოდ უხუცესის მანამდე არარსებული ტიტულით კმაყოფილდება. კარგად ჩანს, რომ ამ დროს ის ასაკშია, მიუხედავად მისი ასაკისა, საბაჰი შესაშური ჯანმრთელობით გამოირჩევა.

ამერიდან მთის უხუცესისადმი შიშმა დაისადგურა მთელ მუსულმანურ სამყაროში, მთის უხუცესისადმი მცირედი წინააღდეგობაც კი ისჯებოდა უმკაცრესი სასჯელით, სადაც უნდა დამალულიყო არასასურველი პირი, საბაჰის ხელი მას ადვილად სწვდება, ასასინები კლავენ ნებისმიერ არასასურველ პირს მუსულმანურ სამყაროში, პირველ რიგში ესენი იყვნენ სხვადასხვა ქვეყნის მმართველები, ემირები, ქალაქის მმართველები, მაჰმადიანი მეცნიერები, რომელთაც პირდაპირ თუ ირიბად ისმაილელთა მოძღვების წინაშე გამოთქვეს საწინააღმდეგო აზრი თუ კრიტიკა.

რატომ ცდილობდა საბაჰი წინასწარმეტყველი მუჰამედის დამცირებას

დროთა განმავლობაში ჰასან იბნ-საბაჰმა ირწმუნა საკუთარი უცოდველობა, ფაქტობრივად მის წინაშე ქედს იხრიდნენ როგორც წინასწარმეტყველის წინაშე, ის აცხადებდა რომ წინასწარმეტყველ მუჰამედს ისლამისთვის არაფერი გაუკეთებია, რომ თავად უფრო მეტს გააკეთებს ისლამისათვის.

რა თქმა უნდა, ამ ამბიციებმა, წინასწარმეტყველ მუჰამედთან საბაჰის იდეურად დაპირისპირებამ ახალი საპროტესტო ტალღა გააჩინა ისლამის მიმდევრებში, მათ შორის სუნიტებსა და სხვა მიმდინარეობებში, მიუხედავად ამისა, ისევ შთამბეჭდავი იყო საბაჰის ორატორული ხელოვნება, მას ისევ უსმენდნენ, მისი ქადაგება ისევ ისეთი დამაჯერებელი იყო უბრალო ადამიანებისთვის, ალამუთის მცხოვრებთათვის.

ამბავი საბაჰის ილუზიონისტობისა

სწორედ ამ დროიდან იწყება საბაჰის მისტიფიკაციის ახალი ტალღა, მისტიფიკაციისათვის განკუთვნილი სპეციალური ოთახი ორი სივრცისგან შედგებოდა - თავად ოთახი და იატაკს ქვემოთ არსებული უჩინარი სივრცე, სადაც ადამიანს შეეძლო შესვლა, იატაკში ჩამაგრებული იყო სპილენძის რგოლები, რომელთაც განსაკუთრებული დანიშნულება გააჩნდა.

მისტიფიკაციის არსი შემდეგში მდგომარეობდა, ოთახში შესულ ადამიანებს ხვდებოდა სპილენძის რგოლებში თავამოყოფილი ნარკოტიკულ თრობაში მყოფი ადამიანების თავები დახუჭული თვალებით, იქმნებოდა შთაბეჭდილება, რომ იატაკზე მოკვეთილი თავები ეყარა, როდესაც საბაჰი შედიოდა თავის მხლებლებთან ერთად ამ ოთახში, ის მიმართავდა თავებს, რომ გაეხილათ თვალები, თვალებგახელილნი იწყებდნენ ბუტბუტს, შემდეგ საბაჰი კონკრეტულ კითხვებს აძლევდა თავებს, ამასაც პასუხობდნენ. სანახაობა იმდენად შთამბეჭდავი იყო, რომ მნახველზე არნახულ შთაბეჭდილებას ახდენდა, ისინი ფაქტის მომსწრენი იყვნენ - საბაჰი აიძულებდა მოჭრილ თავებს, ელაპარაკათ და პასუხი გაეცათ კონკრეტულ კითხვებზე. ეს ახლაც კი შთამბეჭდავი იქნებოდა, არათუ შორეულ შუასაუკუნეებში.

იმისათვის, რომ ამ მისტიფიკაციის ფარსი არ გამჟღავნებულიყო, სპილენძის რგოლებში ამოყოფილ თავებს ამ სპექტაკლის შემდეგ ჭრიდნენ და ალამუთის ციხიდან ყრიდნენ.

რატომ გაწირა საბაჰმა საკუთარი ცოლ-შვილი

განსაკუთრებული დამოკიდებულება გააჩნდა საბაჰს ოჯახისადმი, მან ცოლი და სამი ქალიშვილი სირიის შორეულ ციხესიმაგრეში გაგზავნა და ასე მოიშორა ისინი, გარდა ამისა, უფროსი ვაჟი დაადანაშაულა სახელმწიფოს ღალატში და სიკვდილთ დასაჯა, ერთი თვეც არ იყო გასული, რომ საბაჰმა ახლა უმცროს შვილს წაუყენა იგივე ბრალდება. ისტორიას არ შემორჩა საბაჰის უფროსი ვაჟის სახელი, უმცროს შვილს კი მუჰამედი ერქვა. მის შესახებ ცნობილია ის, რომ იყო ჩვეულებრივი ლოთი, თავისი საქციელით ის ლახავდა საკუთარი მამის, წინასწარმეტყველი საბაჰის რეპუტაციას, ადამიანებისთვის ეს ნამდვილი შოკი იყო, საბაჰმა აქაც მოძებნა გამოსავალი - მიმართა ხალხს ქადაგებით, სადაც ნათქვამი იყო - მე არ მსურს მყავდეს ოჯახი, მე მსურს სამოთხეში მოვხვდე, თუ თქვენც გინდათ, რომ სამოთხეში დაიმკვიდროთ ადგილი, დატოვეთ ოჯახები. იმდენად დიდი და შთამბეჭდავი იყო საბაჰის მოწოდება, რომ მისმა გარემოცვამ მიატოვა ოჯახები. ეს იმდენად ემოციური გამოსვლა იყო, რომ რიგ შემთხვევებში ადამიანებმა თავადვე დასაჯეს საკუთარი ოჯახის წევრები - ცოლები, შვილები. ისე, რომ ბერებად არ აღკვეცილან, ბევრმა საკუთარი სურვილით უარი თქვა ოჯახზე. ამგვარი უსასტიკესი მაგალითის მიმცემი კი თავად ჰასან იბნ საბაჰი გახლდათ.

რატომ არ შემოგვინახა ისტორიამ საბაჰის შემდგომი ასასინების უხუცესთა სახელები

საბაჰი გარდაიცვალა 1124 წელს, ამ დროისთვის ის 73 წლისაა. თუმცა არის ალტერნატიული მონაცემები, რომელიც მის ხნოვანებად 90 წელს მიანიშნებს, საბაჰი მოულოდნელად გარდაიცვალა, ისე, რომ არც უავადმყოფია, მეცნიერებაში არანაირი ვერსია მის გარდაცვალებასთან დაკავშირებით არ არსებობს. სიკვდილის შემდეგაც მისი საქმე გაგრძელდა. ალამუთის ციხის სათავეში მოსულნი თავიანთ თავს ისევ მთის უხუცესად მოიხსენიებენ.

ფიდეების ასასინთა სახელმწიფოს სხვა მმართველთა შესახებ მეტი არაფერია ცნობილი, ამას თავისი მიზეზიც გააჩნდა. საქმე ის იყო, რომ არავის სურდა პოპულარობა, ისინი ალამუთის ციხის ლაბირინთებს აფარებდნენ თავს და აქედან რუხი კარდინალებივით განაგებდნენ სამყაროს შავბნელ საქმეებს.

ალამუთის სამეფოს 1256 წელს წერტილი მონღოლებმა დაუსვეს, აუღებელი ციხის დაპყრობას ქართველთა გარეშე არ ჩაუვლია - ულუ დავითი იყო მონღოლთა ყაენის, ჰულაგუს ერთ-ერთი დასაყრდენი. შვიდწლიანმა ალყამ საბოლოოდ გატეხა ასასინები. ბევრი მათგანი შეეწირა აუღებელი ციხის აღებას, გადარჩენილებმა ეგვიპტეს შეაფარეს თავი.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×