თამაზ აქუბარდია
ორი რამ აღავსებს სულსა და გულს სულ ახალი და მზარდი საოცრებით... ვარსკვლავებით მოჭედილი ცა ჩემს ზევით და მორალური კანონი ჩემში.
იმანუელ კანტი
თავისუფლების, როგორც ცნების, ნებისმიერი განმარტება ფილოსოფიური შინაარსის მატარებელია, რომელთაგან ერთ-ერთი მათგანი იმდენადვე კომპაქტურია, რამდენადაც სრული, - ეს არის შეცნობილი აუცილებლობა.
ასეთი განმარტების მთელი პარადოქსულობის მიუხედავად, მასში ჭეშმარიტების რაციონალური მარცვალი ძევს და იმას გულისხმობს, რომ თავისუფლება არ ნიშნავს ყველაფერში და ყველას მიმართ ისე მოქცევას, როგორც შენ მოგეხასიათება.
ადამიანის თავისუფლება იქ თავდება, სადაც სხვა ადამიანის თავისუფლების შეზღუდვა იწყება მისი ნების საწინააღმდეგოდ. ეს ერთგვარი ინტერპრეტაციაა პარეტოს კრიტერიუმისა, რომელიც ეკონომიკის სფეროში გამოიყენება და, რადგანაც შეუძლებელია ადამიანთა საზოგადოებრივი თანაცხოვრების ისეთი თეორიული მოდელის შექმნაც კი, რომ ერთის თავისუფლება არ იწვევდეს მეორის თავისუფლების შეზღუდვას, ამიტომ ადამიანები იძულებულები გახდნენ, საზოგადოების ჩამოყალიბებისათვის თავიანთი უფლებების, ანუ თავისუფლების გარკვეული ნაწილის, დელეგირება მოეხდინათ და ეცხოვრათ იმ შეზღუდვების პირობებში, რასაც მათი ერთობლივი თანაცხოვრების აუცილებლობა მოითხოვს. ამ საკითხებზე დიდებული ნაშრომი აქვს ფრანგული განმანათლებლების წარმომადგენელ ჟან-ჟაკ რუსოს, რომლის წაკითხვაც ერთ რამედ ღირს და რომლის სათაურია "საზოგადოებრივი ხელშეკრულება".
საკითხის არსს არ ცვლის ის ფაქტი, რომ ამ უფლებების დელეგირების სიდიდე ქვეყნიდან ქვეყანამდე და საუკუნიდან საუკუნემდე იცვლებოდა, იცვლება და მომავალშიც არაერთხელ შეიცვლება. აქ მთავარი ის არის, რომ, როდესაც ადამიანი ამ თავისი უფლებების, ანუ თავისი პერსონალური თავისუფლების შეზღუდვის აუცილებლობას ხედავს და ნებაყოფლობით ამ შენი უფლებების დელეგირებას ახდენს, რათა მოხდეს ადამიანთა საზოგადოების დემოკრატიული პრინციპების საფუძველზე ფორმირება, ე.ი. მას შეცნობილი აქვს ამის აუცილებლობა და შედეგად, იგი არის თავისუფალი.
როდესაც ადამიანს მისი ნების საწინააღმდეგოდ უზღუდავენ უფლებებს საზოგადოების მიერ დადგენილი შეზღუდვების საყოველთაოდ მიღებულ ნორმებზე მეტად, მაშინ გვაქვს თავისუფლების შეზღუდვა, რომლის უკიდურეს გამოვლინებასაც წარმოადგენს მონობა.
ამის მერე თითქოსდა ძნელი არ უნდა იყოს იმის განმარტება, თუ რას უნდა ნიშნავდეს სიტყვათა თანაწყობა - "ნებაყოფლობითი მონობა" და რატომ უნდა იყოს თანახმა პიროვნება (ცხადია, მისი ყველაზე დამაკნინებელი გაგებით), დათანხმდეს ადამიანის ღირსების შემლახავ ასეთ მდგომარეობაზე. როგორც ქვემოთ ვნახავთ, ადამიანთა საკმაოდ დიდი ნაწილი სულიერ თავისუფლებას თმობს ხორციელი თავისუფლების საზღაურად და, თუ მის უკიდურეს შემთხვევებს ავიღებთ, ერთი ნაწილი ამას იმიტომ აკეთებს, რომ ფიზიკური არსებობა შეინარჩუნოს, ხოლო მეორენი ამას იმისათვის აკეთებენ, რომ ხორციელი ნეტარებით იცხოვრონ.
და ამ ყველაფრის მიზეზი ის გახლავთ, რომ, ჯერ ერთი, თითოეულ ჩვენგანში იმანენტურად ჩადებულია ნაკლების გაცემით მეტის მიღების საკრალური სურვილი, ხოლო მეორეც, საზოგადოებამ ჯერ კიდევ ვერ მიაღწია ეკონომიკური განვითარების ისეთ სიმაღლეს, რომ ადამიანმა იცხოვროს ღირსეულად, ამ სიტყვის როგორც სოციალური, ისე ეკონომიკური გაგებით.
საქმე იმაშია, რომ ჩანს, კაპიტალიზმი საშუალებას იძლევა, უკეთეს შემთხვევაში, 20 პროცენტის საამური ცხოვრება უზრუნველყოს, ოღონდ დანარჩენი 80 პროცენტის ხარჯზე და ესეც, ვიმეორებ, უკეთეს შემთხვევაში. ამას თვალნათლივ შემოსავლების განაწილების ე.წ. ლორენცის მრუდი გვიჩვენებს, ხოლო რაოდენობრივად ე.წ. ჯინის კოეფიციენტი. ამდენად, 80 პროცენტი იძულებულია, რაღაც სხვა გზებით და საშუალებებით იფიქროს საკუთარ ეკონომიკურ კეთილდღეობაზე, რაც მათ ზემოთ მითითებული, ე.წ. "ნებაყოფლობითი მონობის" მდგომარეობის მიღებისაკენ უბიძგებს.
კაპიტალიზმის მთელი მიმზიდველობა იმაშია, რომ ნებისმიერს აქვს შანსი, არა თუ იმ ბედნიერ 20 პროცენტში მოხვდეს, არამედ იმ 0,0000001 პროცენტშიც, რომლებიც კაცობრიობის მომავალს განსაზღვრავენ. ამისათვის კი ერთ-ერთი ლეგიტიმური და, ამასთან, რეალური გზა განათლების მიღებაა. სწორედ ამიტომ ისწრაფვის ადამიანთა მოდგმის უდიდესი ნაწილი ცოდნის მისაღებად? და მზად არის ამისთვის არ დაიშუროს არც დრო, არც ენერგია და არც ფული? უფრო სწორი იქნება თუ ვიტყვით, განათლების დამადასტურებელი ოფიციალური დოკუმენტის მისაღებად, რაც ცხადია, ერთი და იგივე არ არის, ყოველ შემთხვევაში, არც თუ იშვიათად.
უპირველეს ყოვლისა, განვასხვავოთ ერთმანეთისგან "ახალი ცოდნა" და საზოგადოების მიერ უკვე "დაგროვილი ცოდნა". პირველი სახის ცოდნა, ანუ "ახალი ცოდნა" ეს მეცნიერების საქმეა, მას არაორდინარული გონებრივი შესაძლებლობები სჭირდება და ასეთი ადამიანების წილი მთლიან მასაში, უკეთეს შემთხვევაში 5-7 პროცენტი თუ იქნება. სტატისტიკურ მონაცემებს მეცნიერებაში დასაქმებულთა რაოდენობის შესახებ ნამდვილად ვერ ვენდობით, რამდენადაც ნამდვილი მეცნიერი, გარდა, ცხადია, ექსპერიმენტატორებისა, ის კი არ არის, ვინც დილიდან საღამომდე სამეცნიერო დაწესებულებაშია.
რაც შეეხება უკვე "დაგროვილი ცოდნის" ათვისების მსურველებს, არც ეს არის ადვილი და მასაც დიდი შრომა და სულიერი ძალების მნიშვნელოვანი დაძაბვა სჭირდება. და, მხოლოდ ამ შემთხვევაში არის შესაძლებელი, საზოგადოების, თუნდაც საშუალო ფენის, წარმომადგენელი გახდე. სწორედ ამიტომაც მიდიან მშობლები ყველაფერზე, რათა შვილებს კარგი განათლება მისცენ, ამასთან, რამდენადაც ეს შესაძლებელია, პრესტიჟულ სასწავლებლებში მოაწყონ და, ამ დროს იმაზეც კი მიდიან, რომ ამ სანუკვარი მიზნის მისაღწევად ბავშვობაც კი მოუსპონ.
თუ გამოვალთ იმ განმარტებიდან, რომ "ცოდნა", მის იმ ნაწილში, რომლის შესახებაც ახლა ვსაუბრობთ, ეს არის კონცენტრირებული გამოცდილება, გნებავთ, - დაგროვილი გამოცდილება. სიტყვა "გამოცდილება" აქ ნიშნავს ყველა იმ შეცდომებისგან განთავისუფლებას, რაც მეცნიერებს ცოდნის მიღების პროცესში ჰქონიათ და რის შესახებაც ახალგაზრდების უდიდესი უმრავლესობისათვის სრულიად უცნობია. ამის ძალიან დამაფიქრებელი მაგალითია ამერიკელი მეცნიერის, მაქს კლაინის ერთი შესანიშნავი წიგნი, რომელიც ახალგაზრდობაში მაქვს წაკითხული, და მათემატიკის განვითარების ისტორიას ეხება. აქ ყველაზე მეტად იმან გამაოცა, რომ ერთ-ერთი უდიდესი მათემატიკოსი, რომელიც კი კაცობრიობას ჰყოლია, - ლეონარდ ეილერი, რომელსაც 750-მდე სამეცნიერო ნაშრომი აქვს გამოქვეყნებული მათემატიკის სხვადასხვა სფეროში (ყველაზე მეტი), უარყოფითი რიცხვების არსებობას არ ცნობდა. მისი მსჯელობა ამ საკითხზე იმდენადვე არგუმენტირებული იყო, რამდენადაც თავად იყო დიდი მეცნიერი. იგი ამბობდა, რომ "0" აღნიშნავს რაოდენობას, რომელიც შეესაბამება "არაფერს", ანუ, ეს არის სიდიდე, რომელიც რაოდენობრივად არ არსებობს და, თუ ეს ასეა, მაშინ რა არის "არარსებულზე" უფრო მცირე?
ჩემი მხრივ დავამატებდი, რომ უარყოფითი რიცხვების შემოტანა მათემატიკაში, ტოლფასია ირეალური სამყაროს არსებობის დაფიქსირების ფიზიკაში, რომლის დამტკიცების მცდელობა დღეს უფრო და უფრო დასაბუთებული და, ამდენად, დამაჯერებელი ხდება.
ათასწლეულები დასჭირდა და ათი ათასობით გამორჩეული გონების მქონე ადამიანის უზარმაზარი ძალისხმევა იქნა საჭირო, რათა მხოლოდ მათემატიკაში მიგვეღო ის დაგროვილი გამოცდილება, მაქსიმალურად განთავისუფლებული იმ შეცდომებისგან, რაც ამ პროცესში, ანუ, ამ გამოცდილების დაგროვების პროცესში მათემატიკოსებმა გაიარეს, და, რადგანაც თითოეული ცალკე აღებული ადამიანის შესაძლებლობები, ვერც დროში და ვერც სივრცეში, უბრალოდ ფიზიკურად ვერ შეძლებს ამ ყველაფრის ხელახლა აღმოჩენას, იგი ისრუტავს ამას ყველაფერს, სპეციალურად ამისათვის შექმნილი ისეთი უზარმაზარი ინსტიტუციონალური სისტემის მეშვეობით, რასაც განათლების სფერო ეწოდება.
ამგვარად, ცოდნა, ეს არის ადამიანთა თაობების მიერ შექმნილი და დაგროვილი გამოცდილება, კონცენტრირებული და კომპაქტურად ჩამოყალიბებული, რომლის ათვისებასაც დიდი, ძალიან დიდი ძალისხმევა სჭირდება. სწავლების პროცესი კი ძალიან შრომატევადი საქმეა და მას, შრომის გარდა, ნიჭიც სჭირდება, რომლის მოპოვება რაიმე ფორმით შეუძლებელია, იგი ან გაქვს, ან არა. სწორედ ეს გახლავთ იმის მიზეზი, რომ განათლებულ ადამიანთა რაოდენობა საკმაოდ მცირეა ადამიანთა მთლიან რაოდენობასთან მიმართებაში. მაგრამ ეს არ არის მთავარი.
როგორც ცნობილი ამერიკელი მწერალი ტორნტონ უაილდერი ამბობდა, განათლება - ეს არის ხიდი, რომელიც ცალკეული ადამიანის ვიწრო სამყაროს აკავშირებს ზოგადსაკაცობრიო ცნობიერებასთან. აქედან გამომდინარე, ვინც უფრო პრესტიჟულ სასწავლებელს დაამთავრებს, მას უფრო მეტი შანსი აქვს, იერარქიულ კიბეზე შედარებით მაღალი საფეხური დაიკავოს, თუმცა, ცხადია, აქაც გვაქვს გამონაკლისებიც, როდესაც საეჭვო განათლების მქონე ადამიანები საკმაოდ სოლიდურ თანამდებობებს იკავებენ. აქ უკვე სრულიად სხვა ფაქტორი თამაშობს გადამწყვეტ როლს, - ეს არის მონური მორჩილება ძაღლივით ერთგულების ფონზე.
საილუსტრაციოდ ერთ მაგალითს მოვიყვანთ, რისთვისაც დიდი ფრანგი მწერლის, სტენდალის ნაწარმოებიდან ერთ პასაჟს გავიხსენებთ.
ნაპოლეონს ჰყავდა ერთი მინისტრი, ვინმე ბასანის ჰერცოგი, რომლის სახელი და გვარი იყო იუგ-ბერნარ მარე (1763-1839). ისტორიის ანალებში მასზე მხოლოდ ასეთი სიტყვები შემორჩა: "საფრანგეთის პოლიტიკური მოღვაწე, ადვოკატი და პუბლიცისტი";
როგორც სტენდალი მიუთითებს, - "თავდაპირველად იგი ნაპოლეონის მდივანი იყო, ხოლო შემდეგ საფრანგეთის იმპერიის საგარეო საქმეთა მინისტრი. იგი უზარმაზარი გავლენით სარგებლობდა მთელ საფრანგეთში და ეს მიუხედავად იმისა, რომ არა თუ თავად არ გააჩნდა რაიმე დიადი ჩანაფიქრი, რომლის განხორციელებასაც შეეცდებოდა ქვეყნისა და საკუთარი სახელის სადიდებლად, არამედ არ ესმოდა და ვერ ხედავდა ასეთ რამეს სხვებში."
თითქოსდა გაუგებარი უნდა იყოს, თუ რაში უნდა დასჭირვებოდა ასეთი სახელმწიფო მდივანი ისეთ გენიალურ პიროვნებას, როგორიც იმპერატორი იყო. ამ კითხვაზე შესანიშნავ პასუხს იძლევა თავად სტენდალი, რაშიც ჩვენ მას აბსოლუტურად ვეთანხმებით.
"თანამდებობა, რომელიც ჰერცოგს ეჭირა, მოითხოვდა მისგან დღე და ღამე იმპერატორის გვერდით ყოფნას. ადამიანს, რომელსაც ოდნავ მაინც ღირსების გრძნობა გააჩნდა (რაც, ჩვენი აზრით, პირდაპირ კავშირშია გონიერებასთან - თ. ა.), ვერ გაუძლებდა იმპერატორის მუდმივად ცვალებადი ხასიათისა და მძვინვარე აფეთქებების პერმანენტულ გამოვლინებებს. ჰერცოგი კი უძლებდა, რაც ასე სჭირდებოდა ნაპოლეონს. სამაგიეროდ ჰერცოგის პატივმოყვარეობა იმით კმაყოფილდებოდა, რომ მთელი საფრანგეთის ყველა პრეფექტს იგი ნიშნავდა. მათი რაოდენობა კი იმ დროისათვის 120-ს უტოლდებოდა."
მონური მორჩილების უმაგალითო ნიმუშს წარმოადგენს ნაპოლეონის ერთ-ერთი უმამაცესი გენერლის სიტყვები, რომელიც მთელი სერიოზულობით ამტკიცებდა, რომ "იმპერატორის მიერ გაწნული სილა მისთვის არის არა პატივის აყრა, არამედ საფრანგეთის პირველი პირის მიერ უკმაყოფილების გამოხატვის ფორმა". როგორც იტყვიან, კომენტარები ზედმეტია. ამის საკომპენსაციოდ ნაპოლეონი უხვად ასაჩუქრებდა ასეთ გენერლებს.
ვფიქრობთ, ნაპოლეონის შემდეგ დიდად არაფერი არ შეცვლილა და ამის საილუსტრაციოდ შორს წასვლა სულაც არ არის საჭირო!