ია აბულაშვილი
13.07.2016

 თამარ მეფის დაკრძალვისა და მისი საფლავის შესახებ უამრავი ლეგენდა არსებობს, რომლებიც კარგად შემოინახა როგორც ქართულ, ასევე დასავლურ და აღმოსავლურ დოკუმენტებში. ქართულ ისტორიულ წყაროებში არის ასეთი ცნობა, რომ 1207 წელს, ჯერ კიდევ ისევ ახალგაზრდა გარდაიცვალა თამარ მეფე, რომელიც დაკრძალული იქნა სამეფო აკლდამაში - გელათის მონასტერში. დაკრძალვა არ ჩაუტარებიათ საიდუმლო ვითარებაში. ზამთრის სიავის გამო მეფის გვამი ერთხანს იყო დასვენებული ჯერ მცხეთაში, საიდანაც "მცირე დღეთა შემდეგ" იქნა გადასვენებული. არის ასეთი მოსაზრებაც, რომ, მისი ანდერძის მიხედვით, დედოფალი გადასვენებული იქნა იერუსალიმში, ჯვრის მონასტერში.

თამარ მეფის ანდერძის შესახებ ცნობებს იძლევა დასავლური და აღმოსავლური წყაროებიც, მათ შორის ყურადსაღებია ჯვაროსანთა ფრანგი რაინდის წერილი და იკონიის სულთნის ეპისტოლე ქართველი მეფისადმი, რომლის ფრაგმენტებსაც ვთავაზობთ მკითხველს დღევანდელ სტატიაში.

ფრანგი რაინდის გაგზავნილი ბარათი ბეზანსონის ეპისკოპოსისადმი

აწ ისმინეთ სხვა რამ საკვირველი და საყურადღებო ამბად მივიღე, და საქმის სიჭეშმარიტე სანდო მოციქულთაგან გავიგეთ, რომ ივერთაგან ვინმე ქრისტიანენი, გიორგენებად წოდებულნი, ურიცხვი მხედრობით და ქვეითი ჯარით ღვთის აღმაფრთოვანებელ დახმარებით ძალათა ფრიად აღჭურვილით, წარმართთა წინააღმდეგ სწრაფად აღდგნენ და აიღეს რა უკვე 300 ციხე და 9 დიდი ქალაქი, მაგარნი დაიპყრეს, ხოლო სუსტნი ნაცარტუტად აქციეს. ერთი, ევფრატზე მდებარე, ყველა წარმართთა ქალაქთაგან უფრო წარჩინებული ყოფილა და დიდი, ამ ქალაქის პატრონი ბაბილონის სულთანის შვილი იყო და ზემოთ ნათქვამ ქრისტიანთაგან ტყვედ ქმნილს, თავი მოეკვეთა, თუმცა უზომო ოქროს განძის მიცემა აღუთქვა.

რაღა მოგახსენოთ! ზემოთ აღნიშნული წმინდა იერუსალიმის მიწის სანახავად მოვლენ. მეფე მათი წარჩინებული თექვსმეტი წლისაა, ალექსანდრეს ბადალი ძალით და სიკეთით, თუმცა არა სარწმუნოებით. ჭაბუკი ესე დედამისის დედოფლის უძლიერესის თამარის ნეშტს თან ატარებს, რომელმაც, სანამ ცოცხლობდა, იერუსალიმად წასვლის აღთქმა დასდვა და შვილსა თვისსა სთხოვა, თუ მიიცვლებოდა, რომ ძვლები მისი უფლის საფლავთან წაესვენებინათ. მან კი დედის თხოვნათა ყურადმღებმა და დედის აღთქმის შესრულების მსურველმა, დააპირა მისი (გვამის) წმინდა ქალაქში წამოღება".

ეს წერილი ფრანგ ჯვაროსანს უნდა დაეწერა 1207-1208 წლებში და მასში ასახულია ბასიანის ომის ექო. ასევე ის, რომ ფრანგი ჯვაროსნის წერილი არის ეპისტოლური წყარო, რომელიც ადასტურებს თამარის ანდერძის არსებობას მისი გარდაცვალების პერიოდშივე.

იკონიის სულთნის ეპისტოლე ქართველი მეფისადმი

აღმოსავლურ წყაროში, წერილი, რომელიც გამოუგზავნია იკონიის სულთანს საქართველოს მეფისადმი: "პასუხი მეფე დავითს, აფხაზის პატრონს" - ნათქვამია:

"მოწყალებანი, რომლითაც უბიწოების საფარველის, თვალსაწიერთა დედოფალთ დედოფლის მიმოწერის თაობაზე განმარტება მოგვეცა. ეჭვი არ არის, მოთხოვნა იმ უბიწო სისპეტაკისა იმაზე მეტია, რითაც მეფური უზენაესობით და ხელმწიფური დიდებულებით მონებს შეიძლებოდა ჩვენებოდა და პატიოსანი წარმოშობით, ვრცელი გონებით, მტკიცე რჯულითა და პირისგათავებით ის ბატონი, უბიწოების საფარველი, უცნობი არ არის, რადგან ის გვარი ჩინებული თვისებით და ღირსეული წარმატებით ცნობილია.

ღმერთმა ჩვენ, მონებს, იმ უბიწოების საფარველის ხელმწიფურ საქმიანობათა საზღაურად მასზე ლოცვის დროს შემწეობა უხვად მოგვანიჭოს და ზაკვათა უბედურობათაგან დაგვიფაროს, რათა რაც დღე გავა, წერილი მეტი ვიკითხოთ და ჩვენდა სასიკეთოდ, ყოველ წუთს პატივითა და მოწიწებით დავიცვათ, რადგანაც სამსახური მისი უდიდესი შენოვნებისა და დიდებული აკვნისა რუმის კლიმატის ხალჩებისაგან გარდაუვალია და აუცილებელი.

მითითება, რომელიც გორჯესტანის მეფეებთან თხოვნათა გამო იყო ნაბრძანები, მეფური წყალობისა და ხელმწიფური დარიგების მომხიბლაობისაგან დაშორებული არ ყოფილა. პასუხად, ჩვენგან ქება, ხოტბა, შესხმა და ლოცვა-კურთხევა, იმ საიდუმლოების დაცვით მივიღეთ. შემდგომში მიმოწერათა შარა, გზავნილებათა სავალი და თხოვნათა გზა გაკაფული ჰქონიათ და განახლებისა და გაცხოველების საქმე დროების შესაბამისად, ამ ძველ გვართან ნიადაგი, კავშირის ხარისხი, გამოჩენილი ყოფილა მამა-პაპისაგან და წინაპართაგან და ანდერძით განსვენებული დედოფლისა. აწიც მიმოწერისა და კავშირის გზა გახსნილთ იგულეთ, ვინძლო ახალ-ახალი საქმენი გვაუწყოთ და საჭიროებისამებრ წერილის მოწერა არ დაგვიძვიროთ, რათა მის შესრულებას მაშინვე შევუდგეთ, მაღალმა უფლამამც ინებოს."

ისტორიკოს ლოვარდ ტუხაშვილის ვარაუდით, დავითში იგულისხმება ლაშა-გიორგი და სახელი განგებ არის შეშლილი, რადგან ბარათი კონფიდენციალურია და დაშიფრული. თავის ნაშრომში კი განმარტავს, რომ ამ სკამაოდ ბურუსიანი ბარათიდან იკვეთება, ის, რომ მეფეთ მეფე თამარს დაუტოვებია რაღაც ანდერძი და რუმის ქვეყანა მზად არის ამ ანდერძის შემსრულებელს დაეხმაროს.

"ამ ბუნდოვან ეპისტოლეში, რომელიც ვრცელი მიმოწერის, მხოლოდ ერთ-ერთი კომპონენტია, შესაძლოა ლაპარაკი ყოფილიყო თამარის ნეშტის გადასვენებაზე. ანდერძი გულისხმობდა თამარის იერუსალიმში დაკრძალვის სურვილს. შეიძლება თუ არა დავუშვათ, რომ ლაშა-გიორგიმ შეასრულა დედის ანდერძი და თამარი იერუსალიმში გადაასვენა, სარწმუნოდ შეიძლება მივიჩნიოთ ორი გარემოება: პირველი ის, რომ 1222 წელს ლაშა გიორგის დაკრძალვის დროს თამარის ნეშტი გელათში აღარ იყო და ნამდვილად არსებობდა თამარის ანდერძი, რომლის შესრულება თამარის დიდი ავტორიტეტის წყალობით, სახელმწიფოებრივ საქმედ განიხილებოდა.

ის, რომ ლაშა-გიორგიმ მეფე-დედის ანდერძი ნამდვილად შეასრულა, ამის განხორციელება შეიძლებოდა ორი გზით: ლაშქრობით ან დიპლომატიური მორიგების მეშვეობით. როგორც ჩანს, საქართველომ უკანასკნელი გზა აირჩია და ქართველმა დიპლომატებმა, გარკვეული დათმობის ფასად გამოითხოვა სელჩუკთა უმაღლესი ხელისუფლებისაგან თამარის ნეშტის მშვიდობიანი გატარების გარანტია. ეს უნდა განხორციელებულიყო 1208-1210 წლებში. სრული საიდუმლოების პირობებში, რადგან სელჩუკიანთა სულთნების თანხმობა შეიძლება საკმარისი არ გამომდგარიყო და ძალზე ბევრი გამოჩენილიყო ძვირფას ნადავლზე "მონადირე".

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×