ორი "რესპუბლიკელი" მინისტრი თანამდებობას ტოვებს. როგორც რესპუბლიკური პარტიის ოფისში გამართულ პრესკონფერენციაზე გახდა ცნობილი, გადადგომის შესახებ განცხადებებს თავდაცვის მინისტრი თინა ხიდაშელი და შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი პაატა ზაქარეიშვილი დაწერენ. რაც შეეხება კიდევ ერთ "რესპუბლიკელ" მინისტრს, გიგლა აგულაშვილი პარტიას ტოვებს. შესაბამისად, ის ამ ეტაპზე გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრის თანამდებობაზე რჩება.
გიგლა აგულაშვილის გადაწყვეტილებას შეცდომას უწოდებს რესპუბლიკური პარტიის თავმჯდომარე ხათუნა სამნიძე.
"მე ვფიქრობ, თქვენ მოისმენთ მისგან არგუმენტებს და ის განმარტავს, რატომ მიიღო ეს გადაწყვეტილება. მე ვფიქრობ, მისი გადაწყვეტილება არის შეცდომა. ყველა "რესპუბლიკელი" ერთად შევდივართ საარჩევნო კამპანიაში და ძალიან გულდასაწყვეტია, რომ გიგლამ ასეთი გადაწყვეტილება მიიღო," - განაცხადა ხათუნა სამნიძემ.
მიგაჩნიათ თუ არა შეცდომად გიგლა აგულაშვილის გადაწყვეტილება? - ამ კითხვით "რეზონანსმა" საზოგადოებისთვის ცნობილ ადამიანებს მიმართა.
გიგი თევზაძე (სოციოლოგი და ფილოსოფოსი): რაც მოხდა, მათ პარტიაში მოხდა და ალბათ, მათი თვალსაზრისით, შეცდომა იყო. ზოგიერთი ამას, როგორც პრაგმატულ საქციელს, ისე აფასებს. რა თქმა უნდა, ყოველგვარი პოლიტიკური ეთიკით, თვითონ პოლიტიკური პარტიის ღირებულებებიდან გამომდინარე, ასეთი საქციელი ადეკვატური არანაირად არ არის.
ირმა სოხაძე (მომღერალი): ვერ გეტყვით, არის თუ არა შეცდომა. ყველა ადამიანი იქცევა ისე, როგორც მისთვის არის იმ მომენტში სასარგებლო. არ მგონია, რომ დიდი შეცდომა და ძალიან მნიშვნელოვანი ნაბიჯი იყოს ამ პარტიისთვის. მე ბატონ გიგლას არ ვაკნინებ, უბრალოდ არ მგონია, ეს საქციელი ისეთი მნიშვნელობის იყოს, რომ საზოგადოებრივი აზრი შეიქმნას და ცალსახად ითქვას, რომ შეცდომაა ან გმირობა. ჩვეულებრივი ნაბიჯია, ესაა მისი არჩევანი, რომლის წინაშეც არაერთი ჩვენგანი ერთხელ მაინც დგება. მან ასეთი არჩევანი გააკეთა.
ნუცა ჯანელიძე (მუსიკათმცონდე): იმ განცხადებით თუ ვიმსჯელებთ, რაც აგულაშვილმა გააკეთა, რომ ის არც სიაშია და არც მაჟორიტარად იგულისხმება, უბრალოდ რჩება სახელმწიფოებრივ პოსტზე, იმიტომ, რომ გააგრძელოს ეს საქმე. შესაბამისად, მის გადაწყვეტილებას მიველსამები. თუ მერე არ გამოუჩნდება პრეტენზიები, რატომ სიაში არ არის და ა.შ. დღესდღეობით ძალიან ნორმალური და შეგნებული გადაწყვეტილებაა.
გიგა ნასარიძე (ა/ო "საქართველო არ იყიდება!"): ჩემი გადმოსახედიდან შეცდომაა. სამი თვის შემდეგ საპარლამენტო არჩევნები ჩატარდება "ქართული ოცნება" მთავრობის დაკომპლექტებას ვეღარ შეძლებს, აქედან გამომდინარე, გიგლა აგულაშვილი რეპუტაციის შელახვის ხარჯზე დარჩა სამთვიან მინისტრად "ოცნების" მთავრობაში. მისი გადაწყვეტილება შეცდომა იყო. ამ შემთხვევაში "რესპუბლიკელები" მართლები არიან.
თემურ ნანეიშვილი (ფიზიოლოგი): როგორც მინისტრი, ძალიან კარგი მინისტრია და ამ მინისტრთა კაბინეტს თუ შეეწყო, ქვეყნისათვის სასარგებლო საქმე შეუძლია, აკეთოს. მე ასე მგონია.
ნანა კაკაბაძე (უფლებადამცველი): საერთოდ ვერ გავიგე, რა მოვლენაა, აქედან გამომდინარე, მისი მოქმედება შეცდომად არ შეიძლება იქნას განხილული. ვფიქრობ, მან არჩია - ყოფილიყო მინისტრი, ვიდრე დარჩენილიყო პარტიაში, რომელმაც შეიძლება ბარიერიც კი ვერ გადალახოს.
სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"
ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე
საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"
ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე