გვანცა ღვედაშვილი
14.07.2016

"ქართული ოცნების" ახალ სახეებზე საუბრისას პოლიტოლოგი გია ხუხაშვილი "რეზონანსთან" ინტერვიუში ამბობს, რომ ისინი განწირული არიან ოპონენტებთან, თუნდაც "ნაციონალური მოძრაობის" ახალ სახეებთან დებატებში, რადგან ამ მხრივ მათ გამოცდილება არ აქვთ.

"ამ ადამიანებს, რომელთაც საჯარო სივრცესთან ურთიერთობის გამოცდილება არ აქვთ და დებატები ძალიან გამოცდილ პოლიტიკოსებსა და ჟურნალისტებთან მოუწევთ, ორი გზა დარჩებათ - ან არაფერი უნდა თქვან და დებატებს წააგებენ, ან ე.წ. კოღუაშვილის სინდრომით დაავადდნენ, რომელიც ჩვენ ვიხილეთ და რომელიც "ქართული ოცნებისათვის" საკმაოდ პრობლემატური აღმოჩნდა.

"ნებისმიერი პოლიტიკოსისათვის პოლიტიკაში მოღვაწეობის პირველი ეტაპი ცნობადობის გაზრდაა. ასეთ მოკლე ვადაში კი ეს პრაქტიკულად შეუძლებელია. "ქართული ოცნების" კეთილი სურვილები გასაგებია, მაგრამ პოლიტტექნოლოგიურად აბსოლუტურად უხარისხო და ალოგიკური გადაწყვეტილებები იქნა მიღებული," - განაცხადა ხუხაშვილმა.

შეძლებენ თუ არა "ქართული ოცნების" ახალი სახეები "ნაციონალური მოძრაობის" წევრებთან დებატებში შესვლას? - ამ კითხვით "რეზონანსმა" საზოგადოების ცნობილ წარმომადგენლებს მიმართა.

 დოდო ხურცილავა (თეატრმცოდნე): რატომ ვერ შეძლებენ, რითი არიან მათზე ნაკლებნი?! ეს ადამიანები სრულიად ახალგაზრდები არიან. "ნაციონალურ მოძრაობას" ახალი სახეები არ ჰყავს, ისინი იმ სისტემის ნაწილები არიან, ვინც მონაწილეობას იღებდა იმ ქმედებებში, რასაც სჩადიოდნენ და ყოველთვის შეიძლება, ეს ყველაფერი წამოაძახონ. არ მგონია, მათ გაბედონ ამ ადამიანებთან დებატებში შესვლა. "ნაციონალური მოძრაობა" და სინდისი ერთად სად გაგონილა?!

 

 გია ბუღაძე (ფერმწერი): ვერ შეძლებენ, რადგან ეს პიროვნებები არაფერს წარმოადგენენ და საზოგადოება მათ არ იცნობს. თუ "ოცნება" ყველას მოისყიდის და შეაშინებს, მაშინ შეიძლება, ისე არ მგონია, თუმცა მათგან ყველაფერს ველი. პირადად მე, შემიძლია გითხრათ, რომ არც ერთი პოლიტიკური პარტია არ მაინტერესებს.

 

 

 ლადო ვარდოსანიძე (არქიტექტორ-ურბანისტი):  ძალიან რთული იქნება ეს. არასდროს ვყოფილვარ "ნაციონალების" მომხრე, მაგრამ გამოცდილება ბევრს ნიშნავს. ეს ახალგაზრდული გუნდი, რომელიც "ქართულმა ოცნებამ" წარმოადგინა, გამოცდილებას საჭიროებს. ძალიან კარგია, რომ პრემიერმა არაერთი პრესტიჟული უცხოური უნივერსტიტეტი ჩამოთვალა, სადაც ამ პიროვნებებს აქვთ განათლება მიღებული, მაგრამ ქვეყანა არ არის ის კედელი, სადაც უნდა ჩამოიკიდოს ეს დიპლომები.

პრაქტიკული გამოცდილება, რაც მათ წინამორბედებს გააჩნიათ, ამათ აკლიათ და მართლა რთული იქნება "ნაციონალებისთვის" ოპონირების გაწევა. ვფიქრობ, რომ წინ რთული პერიოდი გველის.

 გია როინიშვილი (მსახიობი): ვერ შეძლებენ, რადგან "ნაციონალურ მოძრაობას" საკმაოდ დიდი გამოცდილება აქვს, რასაც "ქართული ოცნების" ახალ სახეებზე ვერ ვიტყვი.

 

 

 

 

 ირმა სოხაძე  (მომღერალი): ახალი სახეების გარეშეც შეძლებდა "ნაციონალური მოძრაობასთან" "ქართული ოცნება" ოპონირებას. თუმცა ახალი სახეები არა მხოლოდ იმისთვის არის საჭირო, რომ "ნაციონალებს" ან სხვა პარტიებს მოუგონ დებატებში, არამედ იმისთვის, რომ მართლა ახლებურად, უფრო ქმედითად წარმართონ საქმეები და გამოასწორონ ის ხარვეზები, რომლებიც "ქართულ ოცნებას" აქვს.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე


Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×