რატომ სჭირდებოდათ მიცვალებულთა წიგნი პირამიდების ბინადართ
მამუკა ნაცვალაძე
14.07.2016

 ლონდონის ცენტრში, ცნობილ ბრიტანულ მუზეუმში ინახება უნიკალური არტეფაქტი, ეგვიპტური მიცვალებულთა წიგნი, ანის პაპირუსი, მსოფლიოში დღემდე მოღწეული პირველი რელიგიური ტრაქტატი. ეს არის ყველაზე გამორჩეული მიცვალებულთა წიგნი, რომელიც დაახლოებით ძვ წ-აღ-ით 1250 წელსაა შექმნილი. ის შეიცავს 65 ლოცვას და მაგიურ შელოცვას, ასევე 150 ფერად ილუსტრაციას. ეს ყველაზე გრძელი პაპირუსია, რომელიც აქამდე აღმოუჩენიათ. მისი სიგრძე 24 მეტრს აღწევდა.

არქეოლოგებმა დღემდე დაახლოებით 25 ათასამდე მიცვალებულთა წიგნს მიაკვლიეს. უადრესი ჩვენს ერამდე 1500 წლით თარიღდება, ყველაზე გვიანი კი ძველი წელთაღერიცხვით |ქ ს-ით.

უძველესი ცივილიზაციის თანადროული დოკუმენტი, ანის პაპირუსი პასუხს სცემს კითხვებს ყოფნა-არყოფნის შესახებ, კაცობრიობას რომ აწუხებს მთელი თავისი არსებობის მანძილზე.

რატომ დაანაწევრა 24 - მეტრიანი ანის პაპირუსი უოლის ბაჯიმ

ანის პაპირუსი ლონდონის მუზეუმში უოლის ბაჯის წყალობით მოხვდა, დიდი თავგადასავლებისა და მოხერხებულობის შედეგად ბაჯიმ პაპირუსი არ დაანება ფრანგებს, რომელთაც ყ|ყ ს-ის დასაწყისიდან პირამიდების ქვეყანაში პოლიტიკური კარტ-ბლანში ჰქონდათ მოპოვებული

ეგვიპტიდან ინგლისში დაბრუნებულმა უოლის ბაჯიმ თავად გააკეთა ის, რაც ყველაზე მეტად ეშინოდა სხვებს არ გაეკეთებინათ. 24 მეტრიანი ანის პაპირუსი, ის, რასაც მანამადე რუდუნებით უფრთხილდებოდა, სექციებად დაჭრა და ხის ფარებს მიამაგრა.

საქმე ის იყო, რომ ასე უფრო მოხერხებული იყო ბაჯისთვის უნიკალურ დოკუმენტზე მუშაობა, ტექნიკური თვალსაზრისით შეიძლება ეპატიოს უოლისს, მაგრამ სხვა მხრივ მან ერთიანი 24 მეტრიანი უნიკალური პაპირუსის მთლიანობა დაარღვია.

უოლის ბაჯი ლონდონის მუზეუმში ეგვიპტური სიძველეების მცველად მუშაობდა. მან საკმაოდ ბევრი პუბლიკაცია გამოაქვეყნა ეგვიპტის თემებზე. მისი წიგნები დღესაც პოპულარულია. საგანგებოდ უნდა აღინიშნოს - რომ არა ბაჯის პუბლიკაციები, შესაძლოა ეგვიპტის თემა საზოგადოებისთვის ასე პოპულარული არ ყოფილიყო.

რა დანიშნულება გააჩნდა მიცვალებულთა წიგნს

"მიცვალებულთა წიგნში" შეტანილ რელიგიური ხასიათის ტექსტებს იყენებდნენ დაკრძალვის დროს. ეგვიპტელების რწმენით ამ ტექსტებს შეეძლო, გაეადვილებინა მიცვალებულისათვის იმქვეყნიურ სამყაროში შესვლა.

მიცვალებულთა წიგნი მოგვითხრობს თუ რას ნახავს გარდაცვლილი სიკვდილის შემდეგ. რიგი მეცნიერებისა მიანიშნებენ, რომ ძველი ეგვიპტელები იმქვეყნიურ ცხოვრებაზე უფრო მეტს ფიქრობდნენ, ვიდრე ამქვეყნიურზე. არადა, მიცვალებულთა წიგნი ცალსახად მიანიშნებს, რომ ყველაზე კურთხეული ადგილი ადამიანისთვის სწორედ დედამიწაა, მიცვალებულთა წიგნი ეს გზამკვლევია ცოცხალთათვის, ის არის ერთგვარი ტრაქტატი იმისა, როგორ უნდა იცხოვროს ადამიანმა ამქვეყნად, რა მორალი და ეთიკური სახე უნდა ჰქონდეს იმისათვის, რომ საკუთარი მარადიულობა უზრუნველყოს.

მიცვალებულთა წიგნს, პაპირუსის გრაგნილს მუმიფიცირებულ სახელთან ერთად ათავსებდნენ განსასვენებელში. ძველეგვოპტელთა წარმოდგენით, ის საშუალებას აძლევდა გარდაცვლილს მიეღწია იმქვეყნიური სამყაროსათვის და საკუთარი მარადიულობა უზრუნველეყო.

 გზა ეგვიპტური მარადისობისაკენ

და კიდევ ერთი საგულისხმო დეტალი - ძველმა ეგვიპტელებმა მიცვალებულთა წიგნი შექმნეს არა იმიტომ, რომ სიკვდილს ეთაყვანებოდნენ, არამედ იმიტომ რომ ცხოვრება უყვარდათ და სურდათ სიცოცხლე რაც შეიძლებოდა დიდხანს გაგრძელებულიყო. გაგრძელებულიყო გარდაცვალების შემდგომაც.

სანამ კაცობრიობა იმის გარკვევას შეეცდება, რა არის სიცოცხლე და სიკვდილი, მიცვალებულთა წიგნი კვლავაც დარჩება მარადისობის არსის გარკვევის ერთ-ერთ საინტერესო პირველწყაროდ.

ეგვიპტელთა წარმოდგენით, როდესაც ადამიანი გარდაიცვლება და მისი სული იმქვეყნიურ სამყაროში გადაინაცვლებს, ამ გზას მრავალრცხოვანი გამოცდა ახლავს თან, გარდაცვლილის სულმა მრავალი დაბრკოლება უნდა გადალახოს, სანამ ის აღდგება და თავის სხეულს დაუბრუნდება.

ეს გამოცდები და წინააღმდეგობები ძალიან მზაკვრულია, მიცვალებულთა წიგნი შეიცავდა გარკვეულ პასუხებს, რომლებიც მის მფლობელს ამ ურთულესი გზის გავლას უადვილებდა და ხიფათისაგან იცავდა. ეს მარადიული ცხოვრების ძიების პროცესი იყო. ადამიანი რომელმაც არ იცოდა მიცვალებულთა წიგნის შინაარსი, ვერასდროს მოხვდებოდა იმქვეყნიურ სამყაროში, არადა, ძველი ეგვიპტელებისთვის ეს ყველაზე მნიშვნელოვანი ამოცანა გახლდათ.

რად უნდოდათ ძველ ეგვიპტელებს საკუთარი სხეულის შენახვა

ძველი ეგვიპტელები ადამიანის სხეულის მუმიფიცირებას იმიტომ ახდენდნენ, რომ სწამდათ, სულს ფიზიკური გარსი სჭირდებოდა იმისათვის, რომ იმქვეყნიურ სამყაროში სიხარული განეცადა. სხეულის მუმიფიცირების, ამ საკრალური რიტუალის მთავარი არსი იყო იდეალურად შეენახათ სხეული იმ მომენტისათვის, როცა სული კვლავ დაბრუნებოდა სხეულს.

მუმია ეგვიპტური უძველესი ცივილიზაციის იდუმალი ნაშთია სამიოდე ათასწლეულის პრიზმიდან უამრავ საიდუმლოებებს რომ ჰფენს ნათელს. ისინი ნებისმიერი ადამიანისთვის ერთდროულად ახლობელიცაა და შორეულიც, რამდენადაც მიანიშნებს, რომ ამქვეყნიური ყოფა მარადიული არაა და სიკვდილს იმქვეყნიურ სამყაროში გადავყავართ.

მუმია ამ ფილოსოფიური აისბერგის მხოლოდ მწვერვალია, ძველ ეგვიპტელებს სჯეროდათ ხანგრძლივი და რთული ცხოვრებისა. ყოველი მუმიფიცირებული სხეულის რეინკარნაცია უნდა მომხდარიყო სხვა სამყაროში და ამ რთული ამოცანის შესასრულებლად მას მეგზურად მიცვალებულთა წიგნი ჰქონდა.

 რატომ არ მიაჩნდათ ტვინი ძველ ეგვიპტელებს საჭირო ორგანოდ

მუმიფიცირება საკმაოდ რთულად გადასაჭრელი ამოცანა იყო. თავდაპირველად გარდაცვლილის სხეულიდან ყველა ორგანოს იღებდნენ - ფილტვებს, ნაწლავებს, კუჭს... ამ ორგანოებს ათავსებენ ცერემონიისათვის განკუთვნილ ჭურჭელში, რომელსაც კანოპი ერქვა (შემდგომში კანოპს მარხავენ მუმიფიცირებულ სხეულთან ერთად). ორგანოების ამოღების შემდეგ გრძელი კაუჭის მეშვეობით ცხვირის ღრუდან აკეთებდნენ ღრმულს, რომლის მეშვეობით თავიდან გამოჰქონდათ ადამიანის ტვინი, საგულისხმოა, რომ ძველ ეგვიპელებს ტვინი საჭირო ორგანოდ არ მიაჩნდათ. შემდეგ ადნობდნენ ფისს და ნესტოებიდან შეჰყავდათ თავის ქალაში, შემდეგ თავს ახრევინებდნენ მიცვალებულს, რათა მთელი ქალა დაფარულიყო ფისით. ეს კეთდებოდა თავის ქალაში ბაქტერიების გამრავლების პრევენციისთვის.

გული - ინტელექტისა და შეგრძნების ცენტრი

გული ერთადერთი ორგანო იყო, რომელსაც ტოვებდნენ ეგვიპტელები მუმიფიცირებულ სხეულში, გული ინტელექტისა და შეგრძნებების ცენტრად ითვლებოდა. ინტელექტი და შეგრძნებები კი საჭირო იყო იმქვეყნიურ ცხოვრებაშიც. შემდეგ სხეულის განბანვა ხდებოდა, რომელსაც აშრობდნენ ნახშირორჟანგის ნატრიუმის საშუალებით, ორმოცი დღის შემდეგ მთელ სხეულზე უსვამდნენ სურნელოვან ზეთს, შემდეგ კი ტილოში ახვევდნენ.

ეს პროცესი მიმდინარეობდა რიტუალების თანხლებით, ამით მუმიფიცირება სრულდებოდა და სხეულს ინახავდნენ. მაგრამ მუმიფიცირება მხოლოდ იმ დიდი გზის დასაწყისი იყო, რომელიც გარდაცვლილის სულს იმქვეყნიურ სამყაროში ელოდა. ეგვიპტური მიცვალებულის წიგნი ერთადერთი გზის მაჩვენებელი იყო, რომელიც ამ ურთულესი პროცესის გაადვილებას უწყობდა ხელს.

სად იწერებოდა მიცვალებულთა წიგნები

მიცვალებულთა წიგნებს სიცოცხლის სახლში ქმნიდნენ, სიცოცხლის სახლს ხსნიდნენ დიდ სატაძრო კომპლექსებთან, მისი დანიშნულება იყო რელიგიური ცოდნის გავრცელება და პოპულარიზაცია. სწორედ აქ იგონებდნენ მითებს.

არსებობდა ორი გზა მიცვალებულთა წიგნის მიღებისა. პირველი - საკუთარი ეგზემპლარის შეკვეთა, რაც საკმაოდ ძვირი ღირდა, ეს ძეგლი თავიდან ბოლომდე ექსკლუზიურად შემკვეთისთვის იქმნებოდა, სადაც მითითებული იყო მფლობელის ვინაობა. და მეორე ც წინაწარ დამზადებული წიგნის შეძენა.

შემორჩენილია მიცვალებულთა წიგნები, სადაც მფლობელთა ვინაობის ჩასაწერად დარჩენილია თავისუფალი სივრცე, აქ შემძენი თავის სახელს წერდა, რის შემდეგაც პაპირუსის გრაგნილი მზად იყო დანიშნულებისათვის.

საგულისხმოა, რომ ახალი სამეფოს პერიოდში სატაძრო ცენტრები ასრულებდა როგორც რელიგიური, ისე ბიზნესის ცენტრების ფუნქციას.

როგორ აღმოჩნდა მიცვალებულთა წიგნის შინაარსი ათი მცნების იდენტური

25 ათასამდე მიცვალებულთა წიგნის შინაარსის შესწავლის შედეგად დადგინდა, რომ ეს რელიგიური დოკუმენტი 189 თავისგან შედგებოდა, საიდანაც შეიძლებოდა მიცვალებულთა წიგნის შედგენა. თითქმის არასდროს ყოფილა შემთხვევა, რომ ყველა 189 ნაწილი შეეტანა დამკვეთს მიცვალებულთა წიგნში. შემკვეთს სრული თავისუფლება გააჩნდა ამ თავებიდან სასურველი ამოერჩია.

ძველ ეგვიპტელთა ზნეობრივ-ეთიკური და მორალური პრინციპების შესასწავლად "მიცვალებულთა წიგნი" ფასდაუდებელი დოკუმენტია. თავად განსაჯეთ, როგორ მიმართავს ერთი რიგითი ეგვიპტელი ოსირისს:

"სალამი შენ, დიადო ღმერთო, ოსირის. ჩემთვის ცნობილია ორმოცდაორი ღმერთის სახელი, რომლებიც ელიან მათ, ვისაც ბოროტება აქვთ ჩადენილი. თქვენთან მოვედი სიმართლით, თქვენი გულისთვის უარვყავ უსამართლობა: მე არ ჩამიდენია ბოროტება, არ მომიპარავს, არ მჩვევია შური, არ მომიკლავს, არ მომიტყუებია წონაში, არ მჩვევია თვალთმაქცობა, არ მითქვამს ტყუილი, არაფერი დამინგერევია, არ დამიკლავს ღმერთების კუთვნილი ძროხა ან ხარი, არ მჩვევია მიყურადებით მოსმენა, არ მიჩხუბია ქონებისათვის, არ ჩამიდენია მრუშობა, არ დამირღვევია კანონი, არ მიმიყენებია შეურაცხყოფა მეფისათვის, არ მჩვევია ამპარტავნობა, არ განმისხვავებია ჩემი თავი მეორისაგან..."

თუკი დავაკვირდებით, იოლად დავინახავთ, რომ "მიცვალებულთა წიგნის" შინაარსს პედანტურად იმეორებს ქრისტიანული ათი მცნება. სწორედ ასე აირეკლა მარადიული ფასეულობებისადმი ერთგულება, რამაც ქრისტიანობის ეს ძველეგვიპტური პლასტი სააშკარაოზე წარმოაჩინა.

და როცა ვკითხულობთ, გარდა გრანდიოზული პირამიდებისა, რა არის ის საიდუმლო, საუკუნეების განმავლობაში ანდამატივით რომ იზიდავს ძველი ეგვიპტის შეცნობის მსურველთ, პასუხად სხვადასხვა უნიკალურ არტეფაქტთან ერთად სწორედ ის მორალური ატმოსფერო, ცხოვრების წესი, მაღალი ზნეობრივი პოსტულატები უნდა დავასახელოთ, მიცვალებულთა წიგნმა რომ შემოგვინახა პედანტურად.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×