შუა საუკუნეების ქართული დიპლომატიის შესახებ ბევრი დაწერილა და მომავალშიც ბევრი დაიწერება, მაგრამ როგორი იყო ამ პერიოდში ქართული დიპლომატიის მოქმედების არეალი, სახელმწიფოთა ურთიერთმიმართვის წესი და საერთაშორისო ენა, ამის შესახებ დღევანდელ სტატიაში გვინდა ჩვენს მკითხველს რამდენიმე საინტერესო ამბავი შევახსენოთ.
როგორც ისტორიული წყაროებიდან ირკვევა, შუა საუკუნეებში საქართველოს თითქმის მთელ ცივილიზებულ მსოფლიოსთან ჰქონდა ურთიერთობა, და ეს კარგად ჩანს ნუმიზმატიკური მასალით, უცხოენოვანი წერილობითი წყაროებით. ასევე ქართულ ისტორიოგრაფიაში თითქმის დადგენილია საქართველოს პოლიტიკური, კულტურული და ეკონომიკური ურთიერთობების გეოგრაფიული არეალი - ბიზანტია, არაბული აღმოსავლეთი, სირია, ეგვიპტე, მცირე აზია, კვიპროსი, ერაყი, პალესტინა, ირანი, პირინეის ნახევარკუნძულები, იტალია და სხვა ქვეყნები.
იმ პერიოდში საერთაშორისო ურთიერთობაში დიდი მნიშვნელობა ენიჭებოდა სახელმწიფოთა ურთიერთმიმართვის წესს, რადგან დიპლომატიურ ენაზე მიმართვის ფორმა ზუსტად გამოხატავდა უფლებრივად როგორ არის მიმართვის ავტორი ქვეყნის მიერ აღიარებული ის ქვეყანა, რომელსაც მიმართავენ.
ბიზანტიელები დავით აღმაშენებლამდე ქართველ მეფეებს ანიჭებდნენ იმპერატორის საკარისკაცო ტიტულებს: პატრიკიოზი, კურაპალატი, სევასტოსი და ა.შ. ისინი აღიარებდნენ მათ დაქვემდებარებას ბიზანტიისადმი, მომართვებიც ანალოგიური იყო. დავით აღმაშენებელმა უკუაგდო ეს წესი, მას თავი ბიზანტიის იმპერატორზე მაღლა მდგომად მიაჩნდა.
ეგვიპტის სულთანი საქართველოს მეფეს ასე მიმართავდა:
"დღეგრძელ-ჰყოს ალაჰმა ბრწყინვალება მისი უდიდებულესობისა, ხელმწიფისა სახელოვანისა და სახელგანთქმულისა, მამაცისა, უშიშრისა, ძლიერისა, დაუცხრომლად მებრძოლისა, ლომისა, ტახტ- გვირგვინის მპყრობელისა, თავის სარწმუნოების მფლობელისა, თავის ქვეშევრდომთათვის სამართლიანობისა, ბერძენთა (მართლმადიდებელ) მეფეთა შორის საუკეთესოსა, ქართველთა სულთანისა, ზღვათა და სრუტეების სამფლობელოების განძისა, რაინდთა დამცველისა, თავის წინაპართაგან ტახტ-სკიპტრის დამმკვიდრებლისა, ასურეთის მეფეთა... საყდროსანთა და გვირგვინოსანთა შორის ურჩეულესისა, ქრისტიანთა განმადიდებელსა, თავის ბრძანებით წმინდა ადგილთა (იერუსალიმის) განმადიდებლისა, დაახლოებულ მეგობართა შორის უმშვენიერესისა მეფეთა და სულთანთა უგულითადესი მეგობრისა".
საქართველოს მეფის სადღეგრძელო ასე უნდა ყოფილიყო წარმოთქმული: "დაცული იქმნეს მეფობა მისი არა მისითა ლაშქარითა, არამედ სიყვარულით მისდამი ხელშეკრულებათადმი ერთგულებითა და არა სპითა და ლეგიონებითა მისითა, ჩვენდამი კეთილმოქმედებისადმი მიდრეკილებით ლა არა მისი საშუალებითა და გულმოდგინებით, რაოდენადაც კარგად არ იყოს ისინი მოფიქრებული".
ხოტბის შესხმის ტარდიციული ფორმა შემონახულია არაბულ წყაროშიც:
"ალაჰმა დღეგრძელჰყოს მისი უდიდებულესობის სიცოცხლე, სახელოვანი ხელმწიფის, სულგრძელისა, სახელგანთქმულისა, ახოვანისა, გულადისა, წმინდისა, სულიერისა, ქრისტიანე ერის დიდებისა, აფხაზთა და ქართველთა მეფისა, მეფეთა და სულთანთა მეგობრისა".
პირველი ქართული საკონსულო პალესტინაში
მე-11-13 საუკუნეებში საქართველოში კლასიკური ფორმით არ არსებობდა მუდმივი წარმომადგენლობა, მაგრამ მაინც ხერხდებოდა ამ ქვეყნებთან ხანგრძლივი ვადით უწყვეტი კონტაქტის დამყარება. მუდმივი საკონსულო სამსახურის როლს ასრულებდნენ ახლო აღმოსავლეთში მოქმედი ქართული სამონასტრო ცენტრები, რომლებიც ქართული სახელმწიფოსათვის წარმოადგენდნენ დიპლომატიურ კორპუსს. ამ მონასტრების ბერები აგროვებდნენ ფართო ინოფრმაციას თითქმის მთელი მსოფლიოს მასშტაბით. ინფორმაციის დიდი ნაწილი იკრიბებოდა ადგილზე, თვით ქართველი ბერების მიერ, რომელიც მოიცავდა ამ დიდი რეგიონის პოლიტიკური ვითარების აღნუსხვას... ინფორმაციის ნაწილს ქართველი ბერები იღებდნენ თავიანთი მეზობელი სხვა არაქართული მონასტრებისაგან, განსაკუთრებით იერუსალიმში. ასევე ქართველი ვაჭრები, რომლებიც თავიანთ საქმიანობას აწარმოებდნენ დამასკოში, ბეირუთში, ალექსანდრიაში, ქაიროში, კონსტანტინეპოლში, რომში, მალტაზე, კრეტაზე და ა.შ.
რაც შეეხება დინასტიური ქორწინების შედეგად გაჩენილ ურთიერთკავშირებს, მე-11-12 საუკუნეებში სამეფო კარის ყველა ჩამომავალი დინასტიური ქორწინებით უკავშირდებოდა სხვა ქვეყნებს. ასეთი ქორწინების დროს ორივე ქვეყანაში იქმნებოდა მცირე კოლონიები; მაგალითად ქართველი მეფის ქალიშვილს მიჰყვებოდა ამალა (გადია, მოხელე, მოძღვარი და ა.შ.). ეს ამალა ქართველი დედოფლის სხვა ქვეყანაში ზეობის დროს ფუნქციონირებდა, როგორც მუდმივი წარმომადგენლობა.
დიპლომატიურ ურთიერთობას აგვარებდნენ აგრეთვე ქართველი დედოფლებიც: "წავიდა დედოფალი მარიამი, დედა ბაგრატ აფხაზთა მეფისა, საბერძნეთად ძიებად მშვიდობისა და ერთობისა".
აი, რას წერს მარიამ დედოფლის დიპლომატიურ მოღვაწეობაზე საგარეო ურთიერთობების მკვლევარი, ისტორიკოსი ლოვარდ ტუხაშვილი: "სწორედ ამ ჭეშმარიტად პატრიოტმა ქალმა ჩაუყარა საფუძველი მუდმივ წარმომადგენლობას კონსტანტინეპოლში, რომელიც არეგულირებდა ქართველი ელჩების ("ამხილველ-განმხილველების"), რეზიდენტების ("სანდო კაცთა"), კონსულების ("სარწმუნო კაცთა") საქმიანობას. მარიამ დედოფლს შეიძლება ეწოდოს "სრულუფლებიანი და საგანგებო ელჩი", რომელიც ხანგრძლივად დარჩა კონსტანტინეპოლში, მჭიდრო კავშირი დაამყარა საიმპერატორო კართან, ბიზანტიელ დიდებულებთან. სწორედ მისი დამსახურებაა ბაგრატ მე-4-ის "მორიგება" ბიზანტიასთან. მანვე მოაწყო ბაგრატ მეოთხის გამგზავრება კონსტანტინეპოლში და დინასტიური ქორწინება - ბაგრატ მე-4-ის ასული მართა გაათხოვეს ბიზანტიაში. მარიამ დედოფალმა "საგანგებო და სრულუფლებიანი" ელჩის სტატუსი გაავრცელა მთელ ახლო აღმოსავლეთში. ამ საქმეში დიპლომატ ქალს ჰყავდა თანამდგომ-თანაშემწე, მრჩეველ-დამრიგებელთა დიდი შტატი... ერთ-ერთი ასეთი თანამდგომი და მრჩეველი იყო გიორგი მთაწმინდელი - მე-11 საუკუნის გამოჩენილი დიპლომატი".
მუდმივ წარმომადგენლობებს მჭიდრო კავშირი ჰქონდათ საქართველოსთან, ამ კავშირის მეშვეობით ხდებოდა ინფორმაციის გაცვლა, დირექტივების მიწოდება. კავშირი ხორციელდებოდა, როგორც საზღვაო, ასევე სახმელეთო გზით. მალემსრბოლთა მიმოსვლა ხდებოდა "ჰუნეთა ცვლით", სპეციალური შეტყობინებანი იგზავნებოდა საგანგებოდ შერჩეული "სადიასპანო ცხენით". მუდმივი წარმომადგენლობა არ იყო ცალმხრივი. ანალოგიური სამსახური (საელჩო) ჰქონდათ ბიზანტიას, ტრაპიზონს, თბილისში იჯდა რომის პაპის მუდმივი წარმომადგენელი, ლეგატი, მოგვიანებით კარდინალიც კი.
ქართული დიპლომატიის საერთაშორისო ენა
"თამარის პირობის წიგნი" ეგვიპტის მამლუქთა მბრძანებლისადმი, სპარსულ ენაზე დაწერილი. თამარის ორ ისტორიკოსს (ბასილი ეზოსმოძღვრის და "ისტორიანი და აზმანის" ავტორს) მოყვანილი აქვთ რუქნადინის თავხედური ბარათი (ულტიმატუმი) და მეფეთ-მეფე თამარის პასუხი. მაგრამ მემატიანეს არ აღუნიშნავს, რა ენაზე იყო შესრულებული დედანი.
მე-13 საუკუნის 20-იან წლების საქართველოს სამეფო კარის მიმოწერა რომის პაპთან (რუსუდანის და ივანე ათაბეგის ეპისტოლეები) შენახულია ლათინურ ენაზე. ესაა და ეს, მეტი თითქმის არაფერი შემონახულა ქართული დიპლომატიის საერთაშორისო ენის შესახებ, მაგრამ არსებობს ცნობა, რომ საქართველოს სამეფო კარს ქრისტიანულ ქვეყნებთან დიპლომატიის საერთაშორისო ენად გამოყენებული ჰქონდა ბერძნული და ლათინური ენები. ბერძნულ ენაზე ახორციელებდნენ დიპლომატიურ მოლაპარაკებებს ბიზანტიასთან, ტრაპიზონთან, ანტიოქიასთან პალესტინასთან, ლიბანთან, სირიასთან. ლათინური ენა გამოყენებული იყო ჯვაროსანთა სახელმწიფოებთან (იერუსალმის სამეფო, კდესის საგრაფო, ანტიოქიის საგრაფო), რომის პაპთან და ევროპის სახელმწიფოებთან კავშირისთვის.
მე-13-14 საუკუნეებიდან ლათინურს ცვლის იტალიური, რომელმაც ჩვენში შემოაღწია ჯერ ვენეციიდან, შემდეგ გენუიდან სავაჭრო ურთიერთობების შედეგად. თუმცა წამყვანი მაინც სპარსული ენა იყო, რომელიც ამ პერიოდში მაჰმადიანურ აღმოსავლეთში იგივე როლს ასრულებდა, რასაც მოგვიანებით ფრანგული ევროპაში. სპარსულმა, როგორც საერთაშორისო ურთიერთობებში წამყვანმა ენამ საქართველოში წარმატებით შეცვალა არაბული და თურქული.