ელზა პაპოშვილი
15.07.2016

ბოლო ორი დღის განმავლობაში პროკურატურამ ორი რეზონანსული საქმე გახსნილად გამოაცხადა. უწყებამ 12 ივლისს საქართველოს ერთ-ერთი უმსხვილესი და ყველაზე სკანდალური სამშენებლო კომპანია "ცენტრ-პოინტის" რეგიონული ხელმძღვანელების დაკავების ოპერაცია ჩაატარა. დილით ჯერ ორი ყოფილი თანამშრომელი დააკავა, ხოლო მეორე დღეს სასამართლო დარბაზში კომპანიის დამფუძნებლის, მაია რჩეულიშვილის დაპატიმრებაც მოხდა. 13 ივლისს კი მისი შვილი, კომპანიის ყოფილი დირექტორი გუკა რჩეულიშვილი პატიმრობაში აიყვანეს, რომლიც სამართალდამცავებს ორ დღიანი ძებნის შემდეგ თავად ჩაბარდა.

გუშინ კი პროკურატურაში გამართულ ბრიფინგზე საზოგადოებას აცნობეს, რომ დეპუტატ კობა დავითაშვილის ცემისა და თავისუფლების აღკვეთის ბრალდებით იუსტიციის ყოფილ მინისტრს, ზურაბ ადეიშვილს ბრალი წაეყენა.

ვახტანგ რჩეულიშვილი მიმდინარე პროცესებს პოლიტიკურად მოტივირებულ საქმეს უწოდებს და მას მოახლოებულ საპარლამენტო არჩევნებს უკავშირებს.

ბოლო დღეებში პროკურატურის გააქტიურება წინასაარჩევნო პროცესს უკავშირდება თუ ეს არის სამართლიანობის აღდგენა? ამ კითხვით "რეზონანსმა" საზოგადოებისთვის ცნობილ ადამიანებს მიმართა.

 იური მეჩითოვი  (ფოტოხელოვანი): მე ვფიქრობ, რომ ეს მხოლოდ და მხოლოდ წინასაარჩევნო პიარ-კამპანიაა, რომელსაც "ქართულმა ოცნებამ" პოლიტიკური ქულების დასაწერად მიმართა. მართალია, ჩვენ ყველას გვიხარია სამართლიანობის აღდგენა, თუნდაც ეს 4 წლის შემდეგ მოხდეს, მაგრამ ბოლო ორი დღის განმავლობაში ატეხილი აჟიოტაჟი იმის შთაბეჭდილებას ქმნის, რომ ეს ყველაფერი საარჩევნო კამპანიის ფარგლებში ხდება. მთავარი პრეტენზია, რომელიც მოსახლეობას ამ ხელისუფლებასთან აქვს, სამართლიანობის აღდგენაა, ამიტომაც "ოცნება" ამ ხვრელის შევსებას ცდილობს.

 

 არჩილ გამზარდია (ანალიტიკოსი, მედია-ექსპერტი):  ჩემი აზრით, ამ დღეებში განვითარებული მოვლენები დაკავშირებულია როგორც წინასაარჩევნო კამპანიასთან, ასევე სამართლიანობის აღდგენასთანაც. მე ორივე პოზიციას შევაჯერებ და ვიტყვი, რომ ისინი ერთმანეთს ხელს არაფერში უშლიან. სრულიად ბუნებრივია, რომ სახელმწიფო ვექტორი წინასაარჩევნოდ განსაკუთრებით მოწადინებულია.

სასურველია, ეს ყველაფერი უფრო ადრეც მომხდარიყო, მაგრამ ჩვენს ქვეყანაში ასე არ არის. თუკი პიარ-კამპანიის დროს რაიმე ფაქტის იმიტაცია ხდება და ვინმეს ბრალს ტყუილად სდებენ, ამ შემთხვევაში საზოგადოების მხრიდან, რა თქმა უნდა, უარყოფითი რეაქცია მოჰყვება, თუმცა ამ ორი საქმის შემთხვევაში მე ასე არ მგონია. ეს არის სამართლიანობის აღდგენაც და ხელისუფლების პიარსვლაც, რითაც ის წინასაარჩევნოდ ამომრჩევლის გარკვეული ნაწილის გულს მოიგებს.

 გიგი თევზაძე  (ფილოსოფოსი და ფილოლოგი): ეს არის წმინდა წყლის წინასაარჩევნო კამპანია, რომლიც "ქართულმა ოცნებამ" თაროზე შემოლაგებული საქმეების განხილვით დაიწყო. "ცენტრ პოინტის" საქმის გახსნას რა უნდოდა? თეთრით შავზე იყო, რომ ამ ხალხს დაზარალებული ადამიანები უჩიოდნენ. ამდენი ხანი რას ელოდნენ? კობა დავითაშვილის საქმეს რაც შეეხება, მას შემდეგ, მე მგონი, ძალიან დიდი ხანი გავიდა - რატომ გამოჩხრიკეს ახლა? ამდენი ხანი რას იძიებდნენ? ამით, ვფიქრობ, "ოცნება" მხოლოდ ამომრჩევლებს გაიმყარებს. არ მგონია, რომ მან ამით ბევრი ამომრჩეველი გადაიბიროს.

 იგორ კვესელავა  (ისტორიის მეცნიერებათა დოქტორი): რა თქმა უნდა, ეს არის როგორც პოლიტიკური პიარსვლა, ასევე სამართლიანობის აღდგენის პროცესი, რომელსაც ასევე გაგრძელება იქნება და ჩვენ პროკურატურისგან კიდევ სხვა საქმეების დაანონსებას უნდა ველოდოთ. სხვანაირად "ოცნება" არჩევნებს ვერ მოიგებს. დარწმუნებული ვარ იმაში, რომ საარჩევნო ტექნოლოგიის უმნიშვნელოვანესი ნაწილი სწორედ დაპირებული სამართლიანობის აღდგენაა და ამაზე ხელისუფლება დიდ იმედებს ამყარებს. მათ თქვეს, რომ პარლამენტში 100 დეპუტატი უნდა ჰყვადეთ, ეს სწორედ სამართლიანობის აღდგენის ფაქტორია, რომელზეც ისინი ასე ოპტიმისტურად არიან განწყობილები.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე


Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×