როგორ გაუადვილა ნებროთის წიგნმა წარმართ მირიანს ქრისტიანობის არსის შეცნობა
მამუკა ნაცვალაძე
16.07.2016

 გამორჩეული გეოსტრატეგიული მნიშვნელობის გამო საქართველო უძველესი დროიდან ხდება მრავალფეროვან კულტურათა გზასაყარი. ის პოლიტიკური თუ კულტურული ორიენტირები, რომლითაც საზრდოობს მსოფლიო, ადეკვატურად აისახება აქ მიმდინარე პროცესებზე.

სწორედ ამიტომ გასაკვირი არაა, რომ ჩვენი ქვეყნის ტერიტორიაზე ჩვ. წ-აღ-მდე ||-| საუკუნიდან ფრაგმენტულად ვრცელდება მაზდეანობა, ცეცხლთაყვანისმცმლობა, რომელიც აქემენიდების პერიოდის ირანის ოფიციალური რელიგია გახლდათ. ამავე რელიგიას აღიარებენ სელევკიდებისა და სასანიდების პერიოდის ირანის მცხოვრებნი, შესაბამისად კავკასიაზე მათი პოლიტიკური ბატონობის მცდელობებს თან სდევს მაზდეანობის გავრცელებაც.

საგულისხმოა, რომ პართიელების ბატონობის დროიდან ეს რელიგია მშვიდობიანი გზით მკვიდრდება და ნებაყოფლობითია მისი აღიარება, სასანიდების პერიოდიდან კი, განსაკუთრებით |ქ-ქ სს-იდან რელიგიურმა პროპაგანდამ ძალადობრივი ხასიათი მიიღო.

ამბავი ქაიხოსრო შიოშისის ძისა

ისტორიული ტრადიციით, მას შემდეგ, რაც თარგამოსიანთა შვილებმა ერთი ღმერთისადმი მორჩილება წარსულს ჩააბარეს, საქართველოს ტერიტორიაზე იწყება კერპთაყვანისმცემლობის სხვადასხვა ფორმის, მათ შორის ცეცხლთაყვანისმცემლობის გავრცელება. ლეონტი მროველის ცნობით, პირველი ცეცხლთაყვანისმცემელი, ვინც საქართველოში შემოსულა, ქაიხოსრო შიოშისის ძე ყოფილა, რომელსაც იოლად დაუძლევია ქართველთა და სომეხთა წინაააღმდეგობა, დაურბევია ყოველნი ქალაქნი და ადგილნი და ადარბადაგანს აუშენებია საკუთარი სალოცავი, რის შემდეგაც უკან გაბრუნებულა.

რატომ არ იყო არმაზი აჰურამაზდა

არის მოსაზრება, რომ ქართული წარმართული ღვთაება არმაზი მაზდეანობის მთავარი ღვთაების აჰურამაზდას - სინათლის შემქმნელ კეთილ ღმერთს უნდა განასახიერებდეს. ბერძნულად ამ ღვთაების სახელია "ორმუზდი", რაც ძალიან ჰგავს ქართულ არმაზს, თუმცა ეს მოსაზრება თავიდანვე ეჭვქვეშ დადგა სრულიად მარტივი მიზეზის გამო.

ცეცხლთაყვანისმცემლობა საქართველოში ინტენსიურად ახალი წელთაღრიცხვის მეორე საუკუნიდან ვრცელდება (ამას ხელს უწყობს ის ფაქტი, რომ მაზდეანობა წიგნიერი რელიგიაა). ბუნებრივია, ეს არ გამორიცხავს იმას, რომ ცეცხლთაყვანისმცემელთა კერები მანამდეც არსებულიყო. თუმცა, თუკი გავიხსენებთ, რომ არმაზის კერპის აღმართვა ფარნავაზის პერიოდს - ძვ წ-აღ-ის |ქ-||| საუკუნეს უკავშირდება, მაშინ ისიც ცხადი უნდა იყოს, რომ ქართლის მთავარ ღვთაებად გამოცხადებას ლოგიკურად უნდა მოჰყოლოდა იმ იდეოლოგიის უპირატესი აღიარება, რისი გამომხატველიც იყო არმაზი.

თუკი არმაზს ვაღიარებთ მაზდენობის ღვთაება აჰურამაზდას ერთგვარ ტრანსფორმირებულ სახედ, მაშინ უნდა მივიღოთ შედეგად ის, რომ საქართველში მაზდეანობა ფარნავაზის პერიოდიდან უნდა გავცელებულიყო, რაც არანაირი ფაქტობრივი მონაცემით არ დასტურდება. მაზდეანობა მასობრივად ვრცელდება საქართველოში მხოლოდ არმაზის კერპის აღმართვიდან ორი საუკუნის შემდეგ. ეს კი იმის საფუძველი უნდა იყოს, უარვყოთ ორი ფაქტი:

1. ის რომ არმაზისა და აჰურამაზდას შორის არსებობს რაიმე კავშირი და 2. რომ არმაზს - ქართლის სამეფოს მთავარ ღვთაებას ცეცხლთაყვანიმცემლობის დატვირთვა ჰქონოდა.

არ არის თავსებადი ერთი მხრივ, მთავარი ღვთაება იყოს აღმართული და მეორე მხრივ, მისი იდეოლოგია იმ ტერიტორიაზე, სადაც ეს კერპია აღიარებული, მხოლოდ მისი აღმართვიდან ორი საუკუნის შემდეგ გავრცელდეს.

რა კავშირი აქვს ნებროთის წიგნის ძველ აღთქმასთან

სწორედ მაზდეანული მოძღვრების კარგად ცოდნა იყო იმის გამოხატულება, რომ მეფე მირიანი და ქართველობა განსაკუთრებულ ცოდნას ამჟღავნებენ |||-|ქ ს-ში მესიის მოსვლასთან დაკავშირებით.

მცხეთაში ინახება უდიდესი სიწმინდე ქრისტიანობისა - ელია წინასწარმეტყველის ხალენი, მცხეთის ებრაელების კოლონიაში ფართოდ უნდა ყოფილიყო გავრცელებული ცოდნა მესიის მოსვლის შესახებ და შესაბამისად უნდა ყოფილიყო სატანადო მოლოდინიც.

წმინდა ნინოს მიერ ქრისტანობის ქადაგებას დიდი გულისყურით მოპყრობია ქართლის მეფე მირიანი. "ქართლის ცხოვრება" მიგვანიშნებს, რომ მეფეს აბიათარ მღვდელისთვის, ურიადყოფილისათვის, მიუმართავს დახმარებისთვის. აბიათარს, რომელსაც იუდაელთა რჯული დაუტოვებია და ქრისტიანი გამხდარა, კარგად სცოდნია ძველი და ახალი აღქმის წიგნები. მირიანს რომელიც ქრისტანობამდე წარმართი იყო, ჰქონდა ნებროთის წიგნი.

არის ვერსია, რომ ნებროთის წიგნი უნდა იყოს ძველი აღქმის აპოკრიფი, თუმცა, უფრო სარწმუნოა ის, რომ ნებროთის წიგნი ვაღიაროთ როგორც ზოროასტრიზმის იდეოლოგიის შემცველ თხზულებად, სპარსების წმინდა წიგნად, ავესტად, რომელსაც ირანულ ბიბლიასაც უწოდებენ.

ამ მოსაზრებას ამყარებს ის ფაქტი, რომ მარიამ დედოფლისეულ ქართლის ცხოვრებაში, სადაც ქართველთა ისტორიას წინ უძღვის მსოფლიო ისტორიის ფრაგმენტული აღწერა, ნებროთი ცეცხლთაყვანისმცემელადაა მოხსენიებული.

 ფარნაჯომი - ქართლის მეფე, რომელმაც მაზდეანობა სახელმწიფო რელიგიის დონემდე აიყვანა

ქართლის სამეფოში ზოროასტრიზმი არასდროს ყოფილა სახელმწიფო რელიგიის დონეზე აყვანილი, გარდა ერთი შემთხვევისა - ქართლის მეოთხე მეფემ ფარნაჯომმა შექმნა კერპი სახელით ზადენი, ამის შემდეგ შეიყვარა სპარსთა რჯული, ცეცხლის მსახურება, მასვე მოუყვანია ქართლში სპარსეთიდან ცეცხლთმსახურები და მოგვები, ისინი დაუსახლებია მცხეთას, იმ ადგილას, რომელსაც მოგვთა ადგილს უწოდებენ.

ფარნაჯომის დროს ზოროასტრიზმის გარკვეული ნაირსახეობა სამეფო კულტურის დონემდეა აღზევებული, ამას უნდა მოწმობდეს ქართლში ქარელის რაიონში დედოფლის მინდორზე აღმოჩენილი ძვ. წ.აღ-ის ||-| საკმაოდ მასშტაბური ცეცხლთაყვანისმცემლობის სატაძრო კომპლექსი.

რატომ ერქვა მთიანეთში რელიგიური რიტუალის შემსრულებელ მთავარ პირს დასტური

ცეცხლთაყვანისმცემლობის მთავარი სიწმინდეა ცეცხლი, ბევრ რელიგიაში ცეცხლს გამორჩეული დატვირთვა აქვს, რამდენადაც მასთან არის დაკავშირებული სითბო და სინათლე, რასაც ადამიანის ცხოვრებაში გამორჩეული დანიშნულება აქვს. პირველყოფილი ადამიანი აღმერთებდა ცეცხლს, ცეცხლისადმი გამორჩეული პატივისცემა შემდგომშიც გრძელდება - ქართულ საცხოვრისში კერიის, შუა ცეცხლის ფენომენს განსაკუთრებული დატვირთვა ჰქონდა. კერია, შუა ცეცხლი ქართული საცხოვრისის მთავარი იდეოლოგიური ფუნდამენტი გახლდათ, რაც დღემდეა შემორჩნილი ქართულ სადღგრძელოში - "კერია არ ჩაგქრობოდესო..."

საგულისხმოა, რომ მიუხედავად იმისა, რომ მაზდეანობისათვის ქართული ეთნიკური სამყარო უცხო აღმოჩნდა, ამ უკანასკნელმა მაინც შეისისხლხორცა ამ რელიგიასთან დაკავშირებული რამდენიმე რიტუალი, რაც დღემდე შემორჩა ჩვენს ყოფას. მხედველობაში გვაქვს ჭიაკოკონობა, რომელიც ცეცხლით განწმენდისა და ეშმაკის განდევნის ტრადიციული რიტუალია. ასევე არ უნდა იყოს ნაკლებმნიშვნელოვანი ის, რომ აღმოსავლეთ მთიანეთში ხატობების რელიგიური რიტუალის შემსრულებელ მთავარ პირს დასტური, ათეშგას მთავარი ქურუმის სახელი ჰქვია.

ამბავი მირიანის ქართლში მოსვლისა

"ქართლის ცხოვრებაში" ცეცხლთაყვანისმცემლობასთან მიმართებაში ერთი საინტერესო ცნობაა დაცული. ქართლის ოცდამესამე მეფის ასფაგურის გარდაცვალების შემდეგ მეფეს ვაჟი არ დარჩენია. ქართლის დიდებულებს მოუთათბირებიათ და გადაუწყვეტიათ სპარსეთის მეფისათვის მიემართათ, რათა მას საკუთარი ვაჟი დაესვა ქართლის ტახტზე. თუმცა, ამის სანაცვლოდ მისთვის ორი პირობა წაუყენებიათ: 1. სპარს მეფისწულს ცოლად უნდა შეერთო ქართლის მეფის ასფაგურის ასული, 2. არ უნდა აღრეულიყო ერთმანეთში ქართველ მამა-პაპათა რჯული და სპარსელთა რჯული.

სპარსეთის მეფეს მიუღია ეს წინადადებები. მაშინ გადაუწყეტიათ სამშვილდეში მიეყვანათ ასფაგურის ასული სახელად აბეშურა, სპარსი უფლისწული ამ დროს შვიდი წლის გახლდათ. მას სპარსულად მიჰრან, ქართულად კი მირიანი ერქვა.

ლეონტი მროველი გადმოგვცემს სპარსეთის მეფის პოზიციას: ემსახუროს ჩემი შვილი როგორც თქვენს კერპებს, ასევე ჩვენს - მამა-პაპათა რელიგიას ცეცხლთაყვანისმცემლობასო. მირიანი სწორედ ასეთ გარემოში იზრდებოდა, სადაც პატივს სცემდნენ როგორც შვიდ კერპს, ასევე ცეცხლს. თუმცა, შემდეგ როდესაც კარგად გაიცნო ქართველები, მირიანმა დაივიწყა ენა სპარსული და შეიყვარა ენა ქართული. ქართულ კერპებს სცა თაყვანი. ქართველები სათნოებით ეპყრობდნენ მირიანს, მისი დამოკიდებულება ქართველთა მიმართ სათანადოდ იქნა დაფასებული. ის მთელმა ქართლმა შეიყვარა და ასეთი განწყობით იყო ხელდასხმული მისი მეფობა ქართლს, სომხითს, რანს, მოვაკანს და ეგრს.

რატომ იყო ნებროთის წიგნი პოპულარული საქართველოში

ლეონტი მროველი საგანგებოდ მიანიშნებს, რომ მას შემდეგ, რაც წმინდა ნინოს სასწაული იხილა, მირიანმა ძველი და ახალი მოძღვრება ერთმანეთს შეადარა და როდესაც დარწმუნდა, რომ მის მოძღვრებას აბსოლუტურად ესადაგებოდა ნინოსეული მოძღვრების ერთ-ერთი მთავარი არსი, მესიანიზმის იდეა, მოლოდინი უფლისა, გაუადვილა მიეღო გადაწყვეტილება, ნაბიჯი გადაედგა ქრისტესაკენ და ქრისტიანობა თავის რწმენად ეღიარებინა. ანუ მირიანს სწორედ ცეცხლთაყვანისმცემელთა მოძღვრება - ავესტა, იგივე ნებროთის წიგნი ეხმარება იოლად გაიკვლიოს გზა ქრისტიანობისაკენ.

ის, რომ ნებროთის წიგნი საკმაოდ პოპულარული იყო მეოთხე საუკუნის ქართველ ელიტაში საგანგებოდ მიანიშნებს ჯუანშერი, როცა ამბობს რომ "მამათა ჩვენთა ფარულად ეპყრა ესე წიგნი."

ქართული ენის ზოროასტრული პლასტები

ირანული ზოროასტროული გავლენის კვალი საკმაოდ კარგად შემოინახა ქართულმა ენამ. ზვარაკი, ეშმა, ჯოჯოხეთი, ტაძარი, კერპი, მართალი, წარმართი, ბაგინი, დროშა, ანდერძი, დასტური... ეს ის სიტყვებია, რომელიც ქართულმა ენამ ზოროასტროიზმთან და ირანულ სამყაროსთან ურთიერთობის შედეგად შეისისხლხორცა.

ზოროასტრიზმს ფეხი მოკიდებული აქვს ქართულ წარჩინებულთა შორის, სამეფოს ზედაფენაში, ეს კარგად ჩანს იმ თეოსოფიური სახელებით, რომელსაც ირანულ ზოროასტრული ფესვები გააჩნია: ბაკური, ბარტომი, მირდატი, ფარნავაზი, ფარნაჯომი, არტავაზი, არშაკი, ბაგრატი, ადარნასე, აზორკი... ეს სახელები მიანიშნებს, რომ საკმაოდ მჭიდრო ურთიერთობა უნდა ჰქონოდა მაზდეანობას ქართულ რეალობასთან.

მიუხედავად ამისა, ზოროასტრიზმი ვერ იქცა ქართველთათვის სასურველ რელიგიად. მიზეზი მარტივია - ცეცხლთაყვანისმცემლობა კატეგორიულად უარყოფდა ქართველთათვის უწმინდეს ცნებას - საფლავს (საქართველოს ისტორია ხომ უპირველესად საფლავების ისტორიაა). სწორედ ეს შეუთავსებლობა იქცა იმის საწყისად, რომ სასანიანთა ბატონობისას, განსაკუთრებით ქ ს-ის შუახნებიდან, როცა მაზდეანობის ძალით გავრცელება დაიწყო, ქრისტიანობის დაცვამ ქართველთათვის არა მარტო სულიერი, ფიზიკური ყოფნა-არყოფნის ფუნქცია შეიძინა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×