თიკო ოსმანოვა
16.07.2016

ნანა ალექსანდრიას სახელობის საერთაშორისო საჭადრაკო ფესტივალი, რომელიც მე-11 წელია ტარდება, წელს შეცვლილი სახელწოდებით გაიხსნა. მას ახლა "ფოთის საერთაშორისო ფესტივალი" ეწოდება. ფესტივალი სამი დღის წინ დაიწყო და 20 ივლისს დასრულდება.

"ნაციონალური მოძრაობის" ფოთის ორგანიზაციის წევრები ამ ფაქტს პოლიტიკურ გადაწყვეტილებად აფასებენ.

"გასული 10 წლის მანძილზე ქალბატონი ნანას მიერ მოძიებულ სპონსორებთან ერთად ფოთის მუნიციპალიტეტიც აფინანსებდა აღნიშნულ ფესტივალს, მაგრამ არც ერთხელ არ ყოფილა მცდელობა ფესტივალისთვის სახელის გადარქმევის, რაც ამყარებს მოსაზრებას, რომ აღნიშნული გადაწყვეტილება პოლიტიკური მოტივებით არის ნაკარნახევი", - განაცხადა ფოთის "ნაციონალური მოძრაობის" ლიდერმა ვახტანგ დარცმელიძემ.

ფოთის საჭადრაკო სკოლის დირექტორის, დავით კოდუას განცხადებით, კი ეს ფესტივალი იმდენად მასშტაბური გახდა, რომ გადაწყვიტეს, ქალაქის როლი წარმოეჩინათ.

ცნობისთვის მოჭადრაკე ნანა ალექსანდრია "ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთი ლიდერის, გიგა ბოკერიას დედა გახლავთ.

ხედავთ თუ არა ამაში პოლიტიკურ კონტექსტს? ეს კითხვა "რეზონანსმა" საზოგადოების წარმომადგენლებს დაუსვა.

 მიხეილ ღანიშაშვილი (პოეტი): რა თქმა უნდა. ცალსახად ეს პოლიტიკური გადაწყვეტილებაა. გაუმართლებელი რამეა - მნიშვნელობა არა აქვს, ვის დროს ხდება.

 

 

 ნუცა ჯანელიძე  (მუსიკათმცოდნე): ნაწილობრივ ვხედავ, რაც არ მომწონს. მე, მაგალითად, სახელწოდებაში ქალაქსაც ვახსენებდი და ნანა ალექსანდრიას სახელსაც დავტოვებდი. მას ისეთი გზა აქვს გავლილი, რომ მისი სახელობის ფესტივალი საქართველოში აუცილებლად უნდა ტარდებოდეს.

 

 ჯემალ ჭკუასელი (ანსამბლ "ერისიონის"  სამხატვრო ხელმძღვანელი): ასე თუ ვიფიქრეთ, მაშინ სახელს ვერაფერს შევუცვლით. ყველაფერი იცვლება, ამიტომ ამაში პოლიტიკურ კონტექსტს ვერ ვხედავ.

 

 

 ზაზა ხუციშვილი (მუსიკოსი): არ გამოვრიცხავ, რომ მართლაც პოლიტიკური მიზეზით მომხდარიყო, თორემ ფესტივალისთვის სახელის გადარქმევა რა აუცილებლობით იყო გამოწვეული, ვერ ვხვდები.

 

 

 ვაჟა ოთარაშვილი  პოეტი): არც ძველი სახელი იყო ცუდი, თუმცა არც ესაა ცუდი. ფოთი უძველესი ქალაქია, ამიტომ უძველესი საპორტო ქალაქის სახელწოდება უფრო ცნობადს გახდის ჩვენს სამშობლოს. თუმცა, ჩემი აზრით, "ნაციონალური მოძრაობა" და "ქართული ოცნებაც" ერთნაირი პოლიტიკური ძალაა და ერთნაირად ებრძვიან ერთმანეთს.

 

 

 გივი სიხარულიძე  (მწერალი, მსახიობი): არ შეიძლება ასე ხელმოსმით ადამიანების შეუარცხყოფა. ნანა ალექსანდრია ვისი დედაც გინდა იყოს, იგი არის ძლიერი მოჭადრაკე, რომელმაც უდიდესი წვლილი შეიტანა ჭადრაკის და, ამავე დროს, ქართული გენის აღზევებაში. სახელის შეცვლა ძალიან ცუდი ფაქტი იყო.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე


Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×