ია აბულაშვილი
18.07.2016

 ქართულ ისტორიოგრაფიაში არაერთი მასალა არსებობს, სადაც აღწერილია, თუ როგორ ახერხებდნენ ქართველი მეფეები, ყველაზე კრიზიულ დროშიც კი, პოლიტიკური მოლაპარაკებების გზით დაეხსნათ უცხო ქვეყნებში გაბნეული ქართული სიწმინდეები. ამ თემაზე დეტალური საუბარი შორს წაგვიყვანს, ამიტომ დღევანდელ სტატიაში მკითხველს შევახსენებთ ერთ ისტორიულ ფაქტს, რომელიც ეხება გიორგი ბრწყინვალის "ეგვიპტურ პოლიტიკას".

როგორც ისტორიული წყაროებიდან ჩანს, პალესტინის სიწმინდეების საკითხის გადასაჭრელად აუცილებელი იყო გააქტიურება საერთაშორისო ასპარეზზე. პალესტინა-იერუსალიმი მსოფლიო კულტურული ქვეყნების ერთგვარი გამომჩენი ადგილი იყო. აქ ეკლესია-სალოცავების მშენებლობით ერთმანეთს მეტოქეობდნენ სხვადასხვა ქვეყნები.

გიორგი ბრწყინვალე პალესტინის სიწმინდეების საკითხის გადაჭრას მიუდგა ახალი პოლიტიკით და თანაც მიზნად დაისახა გამოეხსნა ყველა ქართული მონასტერი პალესტინაში; აგრეთვე სირია-ეგვიპტეში, კვიპროსში, მცირე აზიაში.

ეგვიპტე და საქართველო მე-12 საუკუნის ბოლოდან ტრადიციული მოკავშირეები იყვნენ და ამ ორი ქვეყნის ურთიერთობა საგარეო პოლიტიკის კლასიკურ მაგალითად არის მიჩნეული. 1187 წელს ეგვიპტის მამლუქმა სულთანმა სალადინმა იერიშით აიღო იერუსალიმი, ჯვაროსანთა მთავარი პოლიტიკური ცენტრი, დაიწყო ქრისტიანული მოსახლეობის მასობრივი გენოციდი; მამლუქთა რისხვა უნდა შეხებოდა პალესტინის ქართულ კოლონიასაც.

მაშინ საქართველოდან გაიგზავნა საგანგებო ელჩობა კაიროში. დაიდო საქართველო-ეგვიპტის ურთიერთშეთანხმება. მეფე თამარმა აღუთქვა სალადინს, რომ არ დაესხმებოდა თავს ეგვიპტეს, სამაგიეროდ ეგვიპტემ ქართველებს იერუსალიმსა და პალესტინაში დაუბრუნა ყველა ტაძარი, მიანიჭა გამორჩეული პრივილეგიები.

გიორგი ბრწყინვალის დროს პალესტინასა და ეგვიპტეში საქართველოს უკვე ჰქონდა მუდმივი დიპლომატიური წარმომადგენლობა, ანუ ჰყავდა საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი, რომელსაც ეწოდებოდა ომირა. მეფემ ორჯერ გაგზავნა ელჩობა ეგვიპტეში, პირველად 1316 წელს, მეორედ - 1320 წელს.

პირველი ელჩობა მიზნად ისახავდა პალესტინის სიწმინდეების საკითხში ძველ შთანხმებათა განახლებას. ამ ელჩობამ წარმატებით ჩაიარა, ეგვიპტის სულთანმა შეასრულა ქართველი მეფის თხოვნა: დაუბრუნა ქართველებს ყველა სიწმინდე და მოუხსნა ქრისტიანებისთვის დადგენილი წესი; ქრისტიანებს ეკრძალებოდათ გაშლილი დროშებით შესვლა იერუსალიმში, ამავე დროს ვირზე ან ცხენზე არ შეეძლოთ ამხედრება. ამიერიდან ქართველები პალესტინაში დადიოდნენ გაშლილი ეროვნული დროშებით, ცხენზე ამხედრებულები.

ამ დათმობის ფასად საქართველო სთავაზობდა საჭირო შემთხვევაში სამხედრო დახმარებას.

პირველი ელჩობის დროს, 1316 წელს, ქვეყნის შიგნით არსებული კრიზისის მიუხედავად, ილხანთა იმპერია საკმაოდ ძლიერი იყო, ეს გათვალისწინებული ჰქონდა გიორგი ბრწყინვალესაც და ეგვიპტის სულთანს. ქართველთა მეფემ "ეგვიპტური პოლიტიკა" შეათანხმა სიუზერენთან. ეს ხაზგასმულია იმ წყაროებში, რომელთაც შემოინახეს ცნობები ეგვიპტე-საქართველოს მაშინდელი ურთიერთობის შესახებ.

შეჰაბ ედდინ ელ-კალკაშანდი, რომელიც ემყარებოდა ელ-ომარის, აღნიშნავდა, რომ ეგვიპტემ ანგარიში გაუწია მეფე გიორგის, რადგან ის იყო მონღოლთა იმპერიის დიდი ვეზირის, ჩობანის მეგობარი.

გიორგი მეხუთე გამოდიოდა ერთგვარ შუამავლადაც ეგვიპტე-მონღოლთა ურთიერთობაშიც. ამავე წყაროში მითითებულია, რომ ქართველთა მეფის მიმართვებს ძალას სძენდა მონღოლთა მიერ მათი მფარველობა. ქართველ დიპლომატებს მეფისაგან ზეპირადაც ბევრი რამ ჰქონდათ დაბარებული, მაგრამ ოფიციალურ მიმართვებში ყველაფერი გაფორმებული იყო რეალური სიტუაციის გათვალისწინებით.

მეორე ელჩობა გაიგზავნა 1320 წელს. ქართულმა წყაროებმა შემოინახეს ერთ-ერთი ქართველი ელჩის ვინაობა. ეგვიპტეში საგანგებო დავალებით გაიგზავნა ქსნის ერისთავი შალვას ვაჟი პიპა, რომლის თანაშემწე და მდივანი იყო სასულიერო პირი, დეკანოზი იოანე სანდაისძე.

"გიორგი მეხუთემ გადაჭრა ტრადიციული მოკავშირის მოძიების პრობლემა. იგი არ ყოფილა მეფე-რეფორმატორი, იგი იყო მეფე-რესტავრატორი. სამწუხაროდ, ჩვენ ზუსტად არ ვიცით მისი მეფობის დეტალური ისტორია, ჟამთააღმწერელთან არსებობდა საგანგებო თხზულება გიორგი მეხუთის შესახებ, იგი ადრევე დაკარგულა. ეს წყარო ვერღარ იპოვეს, ვერც ე.წ. "ახალი ქართლის ცხოვრების" ავტორებმა და ვერც ვახუშტი ბაგრატიონმა, თუმცა რაც შემორჩა, იქიდანაც კარგად ჩანს, რომ გიორგი ბრწყინვალე მხოლოდ აღადგენდა კლასიკური პერიოდის კულტურულ-პოლიტიკურ და საგარეო ურთიერთობათა ინსტიტუტებს, დარბაზის რიგს, "ძეგლისდებებს", გარიგებებს;

"რაიმე სიახლე მას არ დაუნერგია. იგი ახდენდა დიდ პოლიტიკურ რესტავრაციას და ეს პროცესი უდიდესი პროგრესი იყო, რომელსაც შეიძლება ვუწოდოთ თამარის სახელმწიფოს ხელმეორე გამოცემა გიორგი ბრწყინვალეს რედაქციით", - ასე აფასებს გიორგი ბრწყინვალის "ეგვიპტურ პოლიტიკას" ისტორიკოსი ლოვარდ ტუხაშვილი.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×