როგორ იქცა ცხენოსანთა ფალანგა მაკედონიის იმპერიის მთავარ კოზირად
მამუკა ნაცვალაძე
18.07.2016

 მაკედონიის იმპერიამ გამორჩეული კვალი დააჩნია მსოფლიო ისტორიული პროცესის განვითარებას. სწორედ მაკედონელთა აღზევებით იწყება აღმოსავლეთსა და დასავლეთს შორის ის საინტერესო ურთიერთობები, დღეს რომ გლობალიზაციის სახელითაა ცნობილი.

მაშ ასე - ჩვ. წ-აღ-მდე |ქ საუკუნიდან ასპარეზზე გამოდის ახალი ძალა, მაკედონია, რომელმაც თანდათანობით შთანთქა ბერძნული სამხედრო და პოლიტიკური სიდიადე. სწორედ ბერძნებთან ურთიერთობისას ყალიბდება ის პოსტულატები, რამაც მაკედონია იმ პერიოდის მსოფლიოში ყველაზე წარმატებულ სახელმწიფოდ აქცია.

მაკედონიის იმპერია საკმაოდ მცირე დროის განმავლობაში, სულ რამდენიმე ათეული წელი არსებობდა. მას საფუძველი ჩაუყარა ალექსანდრე მაკედონელის მამა ფილიპე ||-მ, რომელიც გამეფდა ჩვ. წ-აღ-მდე 359 წელს.

მაკედონია საგრძნობლად გაფართოვდა ალექსანდრეს დროს, თუმცა, გამომდინარე იქიდან, რომ მას არ ჰქონდა ერთიანი ეკონომიკური საფუძველი, ლეგენდარული მხედართმთავრის სიკვდილისთანავე დაიშალა.

მაკედონელთა სამი გამოწვევა

მაკედონია, საბერძნეთის ჩრდილოეთით მდებარე ტერიტორია, დიდი ხნის განმავლობაში ერთ-ერთი ჩამორჩენილი მხარე გახლდათ. მას შემდეგ, რაც საბერძნეთი გათავისუფლდა სპარსელთა გავლენისაგან, თანდათან ხდება ამ მხარის დაწინაურებაც.

მაკედონია ესაზღვრებოდა თრაკიასა და ილირიას, შესაბამისად, მას არ გააჩნდა ეგეოსის ზღვაზე გასასვლელი. ამ მხრივ მისთვის ბერძნული კოლონიები ქმნიდნენ მთავარ დაბრკოლებას.

მაკედონელები ბერძნების მონათესავე ხალხია, თუმცა, მათგან გამოირჩეოდნენ სიუხეშითა და გაუნათლებლობით, ასეთი ფორმით შემოინახეს მათ უძველესი ტრადიციები.

სწორედ ბერძნული კოლონიების გავლენით მოხდა მაკედონიაში მაღალი დონის ელინური კულტურის გავრცელება და დანერგვა. საგულისხმოა ისიც, რომ თავად მაკედონელ მეფეებს ყოველთვის გააჩნდათ ბერძნულ სამყაროსთან დაახლოების სურვილი და მისწრაფება. სწორედ ამიტომაც ისინი სამ უმთავრეს ამოცანას ისახავდნენ: 1. ებრძოლათ ეგეოსის ზღვაზე გასასვლელისთვის, რაც ბერძნულ კოლონიებს შორის დაპირისპირების საგანი იყო; 2. მიეღწიათ ბერძნებისგან, ეღიარებინათ მაკედონელთა ელინური წარმომავლობა და 3. თავად ჩარეულიყვნენ საბერძნეთის შიდა საქმეებში ისე, როგორც ერთ დროს ერეოდნენ სხვადასხვა ბერძნული ქალაქ-სახელმწიფოები მაკედონელთა სახელმწიფოს საშინაო პოლიტიკაში.

ეს ტენდენციები შეინიშნება ჯერ კიდევ ძვ. წ-აღ-ის |ქ ს-იდან, პელოპონისის ომის პერიოდიდან, თუმცა, მაკედონელთა მიზნები და მისწრაფებები პედანტურად აღესრულა მხოლოდ ფილიპე ||-ის, ალექსანდრე დიდის მამის მეფობისას.

როგორ იქმნებოდა მაკედონიის იმპერია

სანამ ფილიპე ტახტზე ავა, ის თებელთა ტყვეობაში აღმოჩნდება (თებელები უხეშად ერეოდნენ მაკედონელთა შიდა საქმეებში, ერთ-ერთი ასეთი სამხედრო ოპერაცია ფილიპეს დატყვევებით სრულდება). ცხოვრების ეს ეპიზოდი მნიშვნელოვან კვალს დააჩნევს ფილიპეს ცნობიერებას. თებელი წარჩინებულის ეპამინონდის სახლში ეზიარა ფილიპე ბერძნული კულტურის მარგალიტებს, იმ კულტურულ ტრადიციებს, რაც სულ მალე მისი ფორმაციის სახელმწიფოსთვის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი სავიზიტო ბარათი გახდება.

ფილიპე || საკმაოდ გონიერი, მრავალმხრივი ნიჭით დაჯილდოებული გახლდათ. ის ამასთანავე სიცბიერითა და სიხარბითაც გამოირჩეოდა, სწორედ ამ თვისებების წყალობით მოახერხა მან ტახტზე ასვლა - ჩამოიცილა ყველა პრეტენდენტი, მათ შორის მცირეწლოვანი ძმისშვილი.

გონიერი პოლიტიკოსი ვირტუოზულად იყენებდა მომხიბვლელობას და ქარიზმატულ თვისებებს, ამასთანავე არც მოსყიდვასა და მოტყუების ხერხებზე ამბობდა უარს.

ფილიპემ შესანიშნავი განათლება მიიღო, მან შეისწავლა ბერძენთა სამხედრო საქმე. გაითვალისწინა ბერძნული არმიის სუსტი მხარეები, როგორც სტრატეგიის, ასევე ტაქტიკის თვალსაზრისით. მან შექმნა დისციპლინირებული, ძლიერი არმია, რომელიც იმ პერიოდის მსოფლიოში საუკეთესო იყო.

ფილიპემ პირველ რიგში შეცვალა დაქირავებულთა სამსახური ჯარში და მის ნაცვლად შემოიღო საყოველთაო გაწვევა ოლქებიდან. ქვეით ჯარს გლეხობა შეადგენდა, ცხენოსანთა რიგებს კი დიდგვაროვნები ავსებდნენ.

როგორ იქცა ცხენოსანთა არმია მაკედონელთა მთავარ კოზირად

ფილიპემ და შემდგომში ალექსანდრემაც განსაკუთრებული ყურადღება მიაქციეს ცხენოსანთა ჯარს, რომელსაც ბერძენთა ჯარში მეორეხარისხოვანი როლი ეკისრებოდა. ამისთვის მოიზიდეს და დიდი ყურადღება დაუთმეს გამორჩეულ მხედრებს თრაკიიდან და თესალიიდან.

თრაკიის დაპყრობის შემდეგ ფილიპე ფულად რეფორმას ახორციელებს, რამაც ხელი შეუწყო მაკედონიური ეკონომიკის აღმავლობას და მეორე მხრივ მაკედონიის როლის გაძლიერებას მთელ ბერძნულ სამყაროში.

მან შექმნა სამხედრო-საზღვაო ფლოტი და დაიწყო აქტიური საშინაო პოლიტიკა ბალკანეთზე. იმისათვის, რომ ხაზინა შეევსო, ერთი პერიოდი არ ერიდებოდა არც საზღვაო მეკობრეობასა და ყაჩაღობას.

 მაკედონური ფალანგა და მისი თავისებურებები

მაკედონიის არმიის მთავარი დამრტყმელი ძალა იყო ფალანგა. ეს იყო კოლონა, რომელიც 24 მჭიდროდ განლაგებული მძიმედ შეიარაღებული ქვეითებისგან შედგებოდა. წინ გამოშვერილი შუბებით, ერთი მხრივ ფარებით, ხოლო მეორე მხრივ ცხენოსნებისგან დაცული ფალანგა განსაკუთრებულად დამთრგუნველ შთაბეჭდილებას ახდენდა ნებისმიერ მოწინააღმდეგეზე. ეს იყო დაუმარცხებელი არმია გაშლილ ადგილას. ფალანგა შედგებოდა როგორც ქვეითებისგან, ისე ცხენოსნებისგან.

სწორედ ძლიერი ჯარი და ამ ჯარის მკაცრი, ორგანიზებული ხასიათი და დისციპლინა გახდა მთავარი კოზირი მაკედონელებისათვის მომავალ ბრძოლებში.

ცხენოსანთა ჯარს არისტოკრატები შეადგენდნენ, ქვეით ჯარში კი გლეხები მსახურობდნენ. ფილიპე მაკედონელი ბერძენთა მსგავსად შეიარღებისას ფალანგის სტილს იყენებდა, თუმცა, უფრო განსხვავებული ხასიათით. ფილიპემ და შემდეგ ალექსანდრემ ჯერ დახვეწეს, შემდეგ კი თითქმის აღმოფხვრეს ის სისუსტეები, რაც ბერძნულ ფალანგას ჰქონდა.

მაკედონურ ფალანგაში მეომრები რამდენიმე რიგად იყვნენ განლაგებულნი, წინა რიგებში მდგომთ ტყავის ფარები ეჭირათ და უკან მყოფ მთელ სამხედრო წყობას მოწინააღმდეგის ნასროლი ისრებისაგან იცავდნენ. შემდეგ რიგში მეომრებს შუბები ჰქონდათ, უფრო უკან განლაგებული შუბოსნები კი უფრო დიდი შუბებით იყვნენ აღჭურვილნი.

ასეთ წყობას ბერძნებიც იყენებდნენ, თუმცა, მისი მთავარი სისუსტე ფლანგები გახლდათ, საიდანაც იოლად შეეძლო მოწინააღმდეგეს დარტყმა და ფალანგის სიმწყობრეში არევ-დარევის შეტანა.

მაკედონელმა პირველად გამოიყენა შერეული ჯარი - ცხენოსანთა და ფეხოსანთა ჯარის ერთობლივი სისტემა. მან სწორედ გვერდებზე გააძლიერა ფალანგა ცხენოსნებით, ძირითადი ძალების წინ კი ცხენოსნები და მსუბუქად შეიარაღებული ქვეითები განალაგა. ბრძოლასაც სწორედ ისინი იწყებდნენ.

მაკედონური ფალანგის მთავარი უპირატესობა მისი მკაცრი დისციპლინა და ურთიერთშეთანხმებული მოქმედება გახლდათ, ამიტომაც იყო, რომ ალექსანდრე მაკედონელმა მიაღწია უდიდეს წარმატებას რიცხობრივად არცთუ დიდი არმიის მეშვეობით.

საგულისხმოა, რომ ჩვ. წ-აღ-მდე 334 წელს, როცა მან აზიაში ლაშქრობა წამოიწყო, 30 ათასი ქვეითი, 5 ათასი მხედარი და 160 ხომალდი ჰყავდა. გარდა ამისა, ალექსანდრე მაკედონელმა გაითვალისწინა ისიც, რომ მტრის ბანაკის ასაღებად სპეციალური ძალები იყო საჭირო, ამიტომაც საგანგებოდ მიჰყავდა თან რაზმები, რომელნიც გზებს აგებდნენ, აკეთებდნენ კიბეებს, ხარაჩოებს, ყველაფერ იმას, რაც მტრის ბანაკის აღებისას აადვილებდა საქმეს.

რატომ აშინებდათ ბერძნებს მაკედონიის გაძლიერება

ჩვ. წ-აღ-მდე 340 წლისთვის საბერძნეთის ჩრდილოეთი და შუა ნაწილი მაკედონიის გავლენის ქვეშ აღმოჩნდა. ეს საკმაოდ მძიმე პერიოდია პოლისებისთვის, მაკედონელთა აგრესია მთელ საბერძნეთს განსაკუთრებულ საფრთხეს უქმნიდა, ამ ურთულესი სიტუაციისას თავდაცვაზე ფიქრობდნენ მაშინდელი ცნობილი ფილოსოფოსები, სახელმწიფოებრივი მოწყობის თავიანთ მოდელს სათავაზობდნენ საზოგადოებას არისტოტელე და პლატონი.

უნდა ითქვას, რომ ჩრდილოეთით მზარდი პოლიტიკური და ეკონომიკური მაკედონიის მხრიდან საშიშროებას გრძნობდა საბერძნეთის ყველა სოციალური ფენა, ეს რეალობა განსაკუთრებულად აისახა ძვ.წ-აღ-ის |ქ ს-ის ბერძნულ რიტორიკაში.

ანტიმაკედონური განწყობის გამომხატველი გახლდათ დემოსთენე, რომელიც იცავდა საშუალო და მცირე მიწათმესაკუთრეთა ინტერესებს, ის მკაცრად აკრიტიკებდა იმ ოლიგარქებს, რომელნიც მაკედონიასთან დაახლოების გზებს ეძებდნენ, თავის შთამბეჭდავ გამოსვლებში დემოსთენე ასაბუთებდა, რომ ფილიპე არა მარტო ათენელების, არამედ მთელი ბერძნების მტერია.

ის ამ სიტუაციიდან გამოსავალს ხედავდა საერთო ბერძნული მოძრაობის ჩამოყალიბებაში, რომელიც გარდა იმისა, რომ მაკედონიას და ფილიპეს დაუპირისპირდებოდა, აღმოსავლეთისაკენაც მიმართავდა საკუთარ აგრესიას.

აღმოსავლეთის დაპყრობა ბერძნული ოლიგარქების ინტერესებშიც შედიოდა, თუმცა, ისინი მთავარ დასაყრდენად მოიაზრებდნენ არა ბერძენ საშუალო და მცირე მიწისმფლობელებს, არამედ ფილიპე მაკედონელს.

მაკედონელთა ძლიერების წინაპირობები

საგულისხმოა, რომ მაკედონიის სიძლიერის მთავარი პირობა მარტო სამხედრო ნოვაცია - მაკედონური ცხენოსანთა ჯარი არ ყოფილა. მაკედონიას, როგორც ქვეყანას, საკმაოდ დიდი ბუნებრივი რესურსები ჰქონდა. საქმე ის იყო, რომ ეს ტერიტორია მდიდარია ოქროს საბადოებით, რაც ფაქტობრივად მაკედონიის დაწინაურების მთავარი წინაპირობა იყო.

ფილიპე || კარგად იყენებდა თანამედროვე ბერძენ პოლიტიკოსთა უმრავლესობის მერკანტილურ მისწრაფებებს, ფულის სიყვარულსა და სიხარბეს. სწორედ ამ ოქროს საშუალებით იმორჩილებდა ის დასუსტებული საბერძნეთის ქალაქებს, რომელნიც ერთმანეთს სამტრო-სასიცოცხლოდ იყვნენ გადაკიდებულნი.

ფილიპე თავისი დაპყრობითი პოლიტიკისას მოწინააღმდეგის მოსყიდვას ხშირად მიმართავდა. ის დამცინავად ამბობდა - არ არსებობს ისეთი ბარიერი, ისეთი ქალაქის სიმაღლე, ოქროთი დატვირთულმა ჩემმა ერთმა ვირმა რომ ვერ აიღოსო.

ერთი სიტყვით, სანამ მაკედონელთა აღმოსავლური ოდისეა დაიწყება, სწორედ ფილიპე მაკედონელის ვირმა უნდა გააკეთოს მთავარი საქმე. უბრძოლველად მეტოქეთა გადმობირებას ახლა უდიდესი მნიშვნელობა აქვს, რათა მაქსიმალურად განეიტრალდეს ბერძნული პოლიტიკური და სამხედრო აქტივობა, საჭიროა ძალების დაზოგვა გადამწყვეტი ბატალიებისათვის. წინ ხომ მაკედონელთა მთავარი რუბიკონია გადასალახი - ქერონეა.

ქრისტეს დაბადებამდე 338 წელს სწორედ ქერონიასთან დაასამარებს ალექსანდრეს მამა, ფილიპე || ბერძნების თავისუფლების იდეას.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×