რუსეთ-უკრაინის დაპირისპირებამ ბოლო ხანებში განსაკუთრებული ადგილი დაიკავა თანამედროვე პოლიტიკურ სივრცეში. ეს არცაა გასაკვირი - უკრაინა ხომ, ფაქტობრივად, ხიდია რუსეთსა და დასავლეთ ევროპას შორის, ასეთი გეოპოლიტიკური მდებარეობა და იქ არსებული არეულობა კი ერთიორად ამძაფრებს საერთაშორისო ვითარებას.
რუსეთი, რომელმაც ვერ მოიცილა იმპერიული ამბიციები, ნებისმიერ პოსტსაბჭოთა ქვეყნის დამოუკიდებლობას ანტირუსულ მოვლენად მიიჩნევს, ამ ფონზე კი პოლიტიკური ურთიერთობის ნორმალიზება პრაქტიკულად შეუძლებელია.
როგორ ყალიბდებოდა უკრაინული ნაციონალური იდეა? რა იდეოლოგიურ მექანიზმებს იყენებდა რუსეთი ამ წმინდათაწმინდა მოძრაობის წინააღმდეგ? ეს საკითხები განსაკუთრებულად აქტუალურია დღეს, თუმცა საგულისხმოა, რომ რუსეთი კი არა, პოლონეთი აღმოჩნდა უკრაინელი ნაციონალისტების პირველ სამიზნედ.
რა წინააღმდეგობა გააჩნდა ერთიანი უკრაინის ნაციონალურ იდეას
1918 წლამდე დასავლეთი უკრაინა, იგივე გალიცია, ავსტრია-უნგრეთის იმპერიის შემადგენლობაში შედიოდა, რაც გამოკვეთილ ზღვარს ავლებდა დასავლეთ და აღმოსავლეთ უკრაინას შორის.
თავად ის ფაქტი, რომ აღმოსავლეთი უკრაინა, რომელიც რუსეთის ნაწილი გახლდათ, მართლმადიდებლობას აღიარებდა, დასავლეთი კი - კათოლიკურ სარწმუნოებას, კიდევ ერთი დამაბრკოლებელი ფაქტორი იყო ნაციონალური ერთიანი ცნობიერების თვალსაზრისით.
გალიცია ავსტრია-უნგრეთის იმპერიის მმართველთაგან ერთი მიგდებული პროვინცია იყო, ამ ვითარებაში სწორედ ლვოვში, გალიციის მთავარ ქალაქში დაირწა უკრაინული ნაციონალური იდეოლოგიის აკვანი. ეს იდეა კი აღმოსავლეთ უკრაინისთვის, რომელიც მრავალი საუკუნის განმავლობაში რუსეთის პოლიტიკური მმართველობის განუყოფელ ნაწილად ჩამოყალიბდა, უცხო აღმოჩნდა.
როგორ გახდა ლვოვი ანტიუკრაინული მოძრაობის მთავარი სამიზნე
შუა საუკუნეების ულამაზესი ქალაქი ლვოვი ის ადგილია, სადაც გერმანელებმა უამრავი ებრაელი გაწყვიტეს ადგილობრივი ნაციონალისტებთან კავშირის საბაბით, ეს გოლოდომორის სახელით ცნობილი მოვლენის ძირითადი ადგილიცაა, სადაც მილიონობით ადამიანი გაანადგურა მიზანსწრაფულად ჰუმანიზმის იდეით მოსულმა საბჭოთა ხელისუფლებამ, ეს ის ადგილია, სადაც ყველაზე მწვავედ მოქმედებდა კომუნისტური ტერორი.
თუმცა, მანამდე სულ სხვა მიმართულებით ვითარდება მოქმედებები. სანამ დიდი დაპირისპირება და სისხლის ღვრა დაიწყება, სანამ ერთმანეთს დაერევიან ჯერ გალიციელები და პოლონელები, შემდეგ კი რუსები და უკრაინელები, მცირე ხნით დიდი შეხმატკბილებული ურთიერთობები ყალიბდება.
რატომ დაუტკბა გალიცია პოლონეთს
უკრაინულნაციონალიზმს თავდაპირველად გამოკვეთილი ანტირუსული მიმართულება გააჩნდა. საგულისხმოა, რომ ისეთი აღიარებული მწერალი, როგორიც ტარას შევჩენკოა, თვლის, რომ რუსები უკრაინელებისთვის სხვა, უცხო ეროვნების ადამიანები არიან. ეს იმ ეპოქის საზოგადოებრივი აზრის ანარეკლია.
აქვე იკვეთება გალიციელ და უკრაინელ ინტელიგენციაში ერთი საინტერესო ტენდენცია - პოლონთთან დაახლოების სურვილი, ამის მიზეზი მარტივად აიხსნება - პოლონელებიც ხომ უკრაინელების მსგავსად დამოუკიდებლობისაკენ მიისწრაფიან, არც ერთს არ გააჩნიათ თავისი სახელმწიფო და სწორედ ამ მხრივ არის საერთო ინტერესები აქტუალური, თუმცა, როგორც მოვლენათა განვითარებამ აჩვენა, ეს დროებითი მოვლენა გახლდათ.
სწორედ ამ პერიოდისა და განწყობების გამომხატველია პოლონელი მწერალ ადამ მიცკევიჩის ლვოვში აღმართული ძეგლი. საგანგებოდ უნდა აღინიშნოს, რომ ასეთი შეხმატკბილებული ვითარება დიდხანს არ გაგრძელებულა. მას წერტილი ვერსალის კონფერენციამ დაუსვა.
რა შარს გადაჰყარა ვერსალმა გალიცია და პოლონეთი
პირველი მსოფლიო ომის შემდგომ ვერსალში ავსტრია-უნგრეთის იმპერია დაშლილად გამოცხადდა. არეულობასა და ქაოსში ყველამ საკუთარი ინტერესების დაკმაყოფილება სცადა. უკრაინელი ნაციონალისტები დამოუკიდებელი სახელმწიფოს შექმნას შეეცადნენ, თუმცა, რაოდენ საცნაურიც არ უნდა იყოს, მთავარ წინააღმდეგობას სწორედ პოლონელებისგან წააწყდნენ.
პირველი მსოფლიო ომის დასრულების შემდეგ უკრაინელები გულდაწყვეტილები აღნიშნავდნენ, რომ პოლონელებმა მსოფლიო ბატალიების შედეგად თავიანთი სახელმწიფო მიიღეს, უკრაინელებმა კი - არა. გალიცია პოლონეთის შემადგენლობაში აღმოჩნდა, ამიტომაც ყოფილ მოკავშირეთა ინტერესები პოლარულად დაუპირისპირდა ერთმანეთს.
18 დღე, რომელმაც უკრაინა შეძრა
დასავლეთ უკრაინელებმა თავისი გაიტანეს - 1918 წლის 1 ნოემბერს უკრაინის ნაციონალურმა საბჭომ გამოაცხადა დასავლეთ უკრაინის სახალხო რესპუბლიკა, დიდი იყო ეროვნული აღტკინება, ეს მოვლენა სახალხო ზეიმადაც იქცა, მაგრამ როგორც აღმოჩნდა, გალიციელთა სიხარული ნაადრევი გახლდათ.
4 ნოემბერს პოლონელთა ჯარები შეტევაზე გადადიან და 22 ნოემბერს ღამით იღებენ ლვოვს. პოლონელებმა გალიციელებს უმძიმესი ბრძოლა მოუგეს, დაიკავეს უკრაინული ტერიტორიები, ამან დასავლეთ უკრაინელებში უდიდესი პროტესტი გამოიწვია.
რატომ გამოაცხადეს უკრაინელებმა პოლონელები მტრად
გალიციიდან გაქცეულმა ემიგრანტებმა 20-იანი წლების ბოლოს უკრაინელი ნაციონალისტების ორგანიზაცია ჩამოაყალობეს. მას სათავეში ჩაუდგა პოლკოვნიკი ევგენი კანავალეცი. მისი მიზანი იყო უკრაინის ერთიანი სახელმწიფოს შექმნა. მთავარ მტრად კი პოლონელები გამოაცხადეს, რამდენადაც დასავლეთი უკრაინა სწორედ პოლონეთის შემადგენლობაში შედიოდა. თუმცა, გარკვეული ანტიპათია იყო იმ რუსებისა და ებრაელების მიმართაც, რომელნიც უკრაინის თავისუფლების იდეას ეწინააღმდეგებოდნენ.
საგულისხმოა, რომ დასავლეთ უკრაინის სახალხო რესპუბლიკის საკანონმდებლო კრების დეპუტატთა შორის, რომელმაც უმნიშვნელოვანესი სახელმწიფო გადაწყვეტილება მიიღო, იყო ანდრეი ბანდერა, კათოლიკე მღვდელი, მამა სტეფან ბანდერასი, სულ მალე ეროვნული მოძრაობის მებაირახტრე რომ გახდება.
სულ სხვა სტეფან ბანდერა
ეროვნული განწყობები სტეფანს სწორედაც რომ მემკვიდრეობით ერგო. მისი ფერმკრთალი სახე მძაფრ შინაგან ვნებებს გამოხატავდა, ის ბავშვობიდანვე განიმსჭვალა ნაციონალური იდეით. ფიზიკურად პატარა სიმაღლის ყოფილა, ერთი შეხედვით, ასკეტის შთაბეჭდილებას ტოვებდა, ბანდერამ შეგნებულად თქვა უარი თამბაქოსა და ალკოჰოლზე, ის მიზანდასახულობით გამოირჩეოდა. უკრავდა სხვადასხვა მუსიკალურ ინსტრუმენტზე, ძალიან იოლად ამყარებდა კონტაქტს ადამიანებთან.
შემორჩენილია მისი თანამებრძოლების მოგონებები, რომლის მიხედვითაც ბანდერა წინასწარ ემზადებოდა რეპრესიებისთვის, ამიტომაც ის საკუთარ ნებისყოფას ამოწმებდა - ფანქარს ორი თითით ტეხდა, საკუთარ სხეულს იჩხვლეტდა ნემსებით, ტკივილისას არ მიმართავდა ექიმს და კბილს მხოლოდ მჭედელთან იღებდა.
სტეფან ბანდერა ივანო-ფრანკოვსკის რეგიონში, სტარი უგრინივში დაიბადა, დედამისი მერვე შვილის მშობიარობას გადაყვა (მშობიარობისას არც ბავშვი გადარჩენილა), თუმცა, არის მეორე ვერსია, რომ დედა ტუბერკულოზმა იმსხვერპლა. ასეა, თუ ისე, ფაქტია, რომ სტეფანის მამა ანდრეი ბანდერა, კათოლიკური ეკლესიის მღვდელი, შვიდი პატარა ბავშვით მარტო დარჩა.
სტეფან ბანდერა ლვოვის პოლიტექნიკური ინსტიტუტის აგრონომიულ ფაკულტეტზე მოეწყო, თუმცა, სწავლას თავი მალე დაანება, რამდენადაც დამოუკიდებელი სახელმწიფოსთვის ბრძოლის საქმეში ჩაერო და ვეღარ იცლიდა.
უკრაინული დამოუკიდებელი სახელმწიფოს შექმნის სურვილი სტეფან ბანდერას დაუფასა ღირსეულმა შთამომავლობამ, რამდენიმე წლის წინ მას უკრაინის სახალხო გმირის წოდება მიანიჭეს. საგულისხმოა ისიც, რომ დასავლეთ უკრაინაში მცხოვრებთათვის ის ყოველთვის გმირი იყო, აღმოსავლეთ უკრაინელებისთვის კი - მოღალატე.
პირველი პოლიტიკური შურისძიება
თანდათან იკვეთება ვითარება, რომ აქცენტი საბჭოთა რუსეთზე უნდა გაკეთდეს. აშკარაა, რომ პოლონეთთან ერთად სწორედ საბჭოთა კავშირია უკრაინის თავისუფლების იდეის მთავარი მოწინააღმდეგე. 1933 წლის 29 ოქტომბერს ლვოვში, რომელიც იმხანად პოლონეთის შემადგენლობაში იყო, უკრაინელმა ნაციონალისტებმა მოკლეს საბჭოთა კონსული.
მკვლელობის ორგანიზატორმა 24 წლის სტეფან ბანდერამ ყველაფერი სკურპულოზურად გათვალა. საკონსულოში მიმდინარე რემონტისას მღებავად მოაწყო თავისი მეგობარი, რომელმაც შენობის დეტალური გეგმა შეადგინა. მკვლელობა 18 წლის ნიკოლა ლემეკს დაევალა. ლემეკმა საბჭოთა კონსულთან შეხვედრა ითხოვა, ამ დროს მიღებას კონსულის ნაცვლად მოსკოვიდან მივლინებული დიპლომატი მართავდა.
ლემეკმა მას აუხსნა, რომ სურდა მოსკოვში მყოფ დასთან გამგზავრება, რომლთანაც მიმოწერა ჰქონდა. დიპლომატმა დამადასტურებელ ფაქტი, დის წერილები მოსთხოვა. იმ საბაბით, რომ ეს წერილი ამოეღო, ნიკოლამ ხელი უბისკენ წაიღო, სადაც იარაღი ედო. ლემეკმა ესროლა დიპლომატს და შენობიდან გაიქცა. გზად მეეზოვე შეეჩეხა, რომელიც ასევე გამოასალმა სიცოცხლეს.
მკვლელი დააკავა პოლონეთის პოლიციამ, რომელიც საკონსულოს იცავდა. ნიკოლა ლემეკს წინააღმდეგობა არც გაუწევია. მან იცოდა, რომ ახალგაზრდა უკრაინელებისთვის ის მისაბაძი გმირი გახდებოდა. სასამართლოზე ლემეკმა განაცხადა, რომ ეს მკვლელობა იყო მოსკოვის წინააღმდეგ მიმართული პროტესი, პროტესტი იმ ქვეყნის წინააღმდეგ, გოლოდომორი რომ მოუწყო უკრაინელ ხალხს. ლემეკს 8 წელი მისცეს, თუმცა, ციხიდან ნაადრევად, 1939 წელს გამოუშვეს.
როგორ შეიცვალა უკრაინული პოლიტიკური წინააღმდეგობის ძირითადი ვექტორი
მას შემდეგ, რაც 1939 წელს გერმანია პოლონეთს დაესხა თავს და მეორე მსოფლიო ომი დაიწყო, სიტუაცია რადიკალურად შეიცვალა. პოლონეთის განადგურებამ უკრაინელი ნაციონალისტების წისქვილზე დაასხა წყალი, ამ მხრივ გერმანელებმა გამოიყენეს უკრაინელთა სიძულვილი პოლონელების მიმართ და გარკვეული დროით პრივილეგიებიც უბოძეს მათ.
რუსეთის ერთ-ერთი აგენტი, რომელიც დაბრუნდა მოსკოვში, დასავლეთ უკრაინიდან თავის მოხსენებაში წერდა: "უკრაინელებს გერმანიის გამარჯვების სჯერათ და სიმპათიების გამოხატვასაც არ ერიდებიან, მათ გზა ხსნილი აქვთ სახელმწიფო სამსახურში, ასევე ხელმისაწვდომია მათთვის კვების დამატებითი ტალონები და უფრო მეტი უფლებები გააჩნიათ, ვიდრე პოლონელებს. პოლონელები და უკრაინელები ერთმანეთს მტრობენ."
1941 წლის აპრილში ოკუპირებულ კრაკოვში შეიკრიბა უკრაინელი ნაციონალისტების მეორე კონგრესი, რომელმაც მოქმედების მთავარ სტრატეგიად მოსკოვის წინააღმდეგ ბრძოლა გამოაცხადა. ეს უკვე დამოუკიდებლობისათვის ბრძოლის სულ სხვა ვექტორია, ვექტორი, რომელმაც უბინძურესი საბჭოთა იდეოლოგიური პროპაგანდა უნდა შეაჩეროს... პროპაგანდა, რომელიც სულ მალე სტეფან ბანდერას, უკრაინის ეროვნული გმირს, კაცობრიობის მთავარ საფრთხედ დასახავს.