რა ვითარება იყო მე-11 მე-12 საუკუნის საქართველოს საგარეო პოლიტიკაში - ამ თემას არაერთი საინტერსო მასალა მიუძღვნეს ჩვენმა ისტორიკოსებმა და დღევანდელ სტატიაში ამ საკითხზე დეტალური საუბარი შორს წაგვიყვანს.
ამიტომ მხოლოდ რამდენიმე საინტერესო ამბავს შევთავაზებთ მკითხველს, როგორი იყო იმ პერიოდში საქართველოს საგარეო პოლიტიკა და საგარეო ეკონომიკური ურთიერთობები უცხო ქვეყნებთან.
დიპლომატიური კორპუსი და უცხოელ ელჩთა მიღების წესი
ფეოდალურ საქართველოში საგარეო ურთიერთობების საქმეში განსაკუთრებული როლი ჰქონდა სახელმწიფო დარბაზს. ეს უმაღლესი ორგანო, თავისი მნიშვნელობით ავტორიტეტულ სეიმს წააგავდა, რომელიც ფაქტობრივად წარმართავდა დიპლომატიურ ურთიერთობებს, ორიენტაციის პრობლემას, სწყვეტდა ომისა და ზავის საკითხებს. დარბაზი ახდენდა უმნიშვნელოვანეს საგარეო პოლიტიკურ შეთანხმება-გარიგებათა რატიფიკაციას.
სამეფო დარბაზმა გადაწყვიტა ბაგრატ მეოთხის გამგზავრება ბიზანტიაში, გიორგი მეორის ელჩობა სულთნის კარზე ისპაჰანში. თამარის ორივე ქორწინებაზე სანქცია დარბაზის მიერ იქნა გაცემული.
რაც შეეხება ელჩთა სტატუსს და მათი მიღების წესს, საქართველოში მე-11 მე-12 საუკუნეებში ეს საკითხი კლასიკური ევროპული დიპლომატიის დონეზე იდგა და ყველაზე მარცხიანი მოლაპარაკების დროსაც კი უცხოელი ელჩებისადმი პატივისცემა განიხილებოდა სახელმწიფო ღირსების საქმედ.
ელჩების მიმართ განსაკუთრებული ყურადღება იმაშიც გამოიხატებოდა, რომ პირველ რიგში დაცული იყო მათი უსაფრთხოება, მხოლოდ ერთი მაგალითი გვაქვს, საქართველოს მთელი საგარეო ურთიერთობის ისტორიაში, როდესაც თითქოს დაირღვა "ელჩის პიროვნული ხელშეუხებლობა".
ეს იყო ბასიანის ომის წინა ხანს - იკონიის სულთანმა, მკაცრი, კატეგორიული მოთხოვნით, საქართველოში მოციქული გამოაგზავნა. წარსდგა მოციქული სამეფო დარბაზში და სთქვა: "უკეთუ მეფემან თქვენმა დაუტეოს სჯული, იპყრანს სულტანმან ცოლად; და უკეთუ არა დაუტეოს სჯული, იყოს ხარჭად სულტანისა".
ეს იყო გაუგონარი შეურაცყოფა, დაირღვა მეფესთან უცხო ქვეყნის ელჩის წარდგომის საერთაშორისო ეტიკეტი, მაშინ დაირღვა ქართული ეტიკეტიც: წარდგა ახლა ზაქარია ამირსპასალარიც "უხეთქა ხელთა პირსა, და ვითარცა მკუდარი დაეცა!".
ელჩის თავხედობამ გააქარწყლა სამხედრო მინისტრის საპასუხო რეაქცია, თამარ მეფის ბრძანებით, მაინც წამოაყენეს ელჩი, განბანეს, შემოსეს, დაასაჩუქრეს და უკან გაუშვეს სულტანთან. უკან გაუშვეს და... გააყოლეს ქართული ლაშქარიც საომრად.
რაც შეეხება, ელჩების მომსახურებას, ისინი უზრუნველყოფილი იყვნენ ყველანაირი პირობებით, ბინით, კვებით, გაცილებით და ა.შ. ელჩებს, როგორც წესი, ბინას აძლევდგნენ "სამეფო პალატებში". საპატიო პირებისათვის იმართებოდა აღლუმი "მუშაირი" - პოეტთა და მუსიკოსთა გამოსვლები. სპორტული სანახაობა, ნადიმები, ნადირობა და ა.შ.
აღლუმში მონაწილეობდნენ: "მონა-სპა" (გვარდია) "როქის-სპა" (დაქირავებული რეგულარული შენაერთები) ყივჩაღნი, ახალნი, ალანები, ჰერ-კახნი, მესხნი და თორელნი, შავშ კლარეჯ-ტაოელნი, სომხითარნი, აფხაზნი, ქართველნი (ქართლელნი), სვან-მეგრელ-გურიელნი, რაჭა-თაკვერ-მარგვლელთურთ, ბოლოს კარვის კარის ხელისუფალნი და შინაურნი..."
აღლუმს წინ უსწრებდა საპატიო ელჩების მიგებება, რასაკვირველია ეს "მიგებებაც" და "მომგებელთა" ხარისხიც დამოუკიდებული იყო თავით სტუმრის სიმაღლეზე. ამის შემდეგ ეწყობოდა "დარბაზობა" (აუდენცია), რასაც თან სდევდა ნადიმი, პურობა და შემდეგ "ზმა მგოსანთა და მუშაითთა".
სპორტულ შეჯიბრებაში მონაწილეობდა უმაღლესი არისტოკრატია. მაგალითად ალართან შარვან-შაჰისა და ამირ-შარმანის "სტუმრობის" დროს (როდესაც იკვრებოდა პოლიტიკური კავშირი აბუ-ბაქარის წინააღმდეგ) სპორტულ შეჯიბრში მონაწილეობდნენ თვით ამირ-შირმანი, ჰერეთის ერსითავი გრიგოლი, ზაქარია და ივანე მხარგრძელები. ასეთი ცერემონიალის ხანგრძლივობა იყო ერთი მსგეფსი ("შვიდეული").
საგარეო პოლიტიკის ერთადერთი განმსაზღვრელი იყო მეფე. მოლაპარაკებებში ჩართული იყვნენ: მწიგნობართუხუცესი, მეჭურჭლეთუხუცესი, მანდატურთუხუცესი, ამირსპასალარი, ათაბეგი. ისეთი აქტიური სახელმწიფო, როგორიც იყო საქართველო მე-11 მე-12 საუკუნეებში, მოითხოვდა პროფესიონალ მზვერავ დიპლომატთა ფართო შტატს "ამხილველ-გამომხილველთა" მთელ ჯგუფს.
"ქართლის ცხოვრების" თხზულებებში დაცულია ერისთავების, სპასალარების, სამეფო სახლის ახლო წევრების დიპლომატიური მისიის შესახებ.
უცხოეთში სახელმწიფო გარიგების დასადებად იგზავნებოდნენ მხოლოდ უმაღლესი არისტოკრატიის წარმომადგენლები. უკიდურეს შემთხვევაში დიპლომატიური მისიით მიდიოდა თვით სიუზერენი - საქართველოს მეფე.
საგარეო-ეკონომიკური ურთიერთობები უცხო ქვეყნებთან
საქართველოს, რომელიც ოდითგანვე ჩართული იყო დასავლეთისა და აღმოსალეთის ვაჭრობაში, საგარეო ეკონომიკურ ურთიერთობებს ყოველთვის ახასიათებდა სიახლეები. როცა შუა საუკუნეებში სატრანზიტო ვაჭრობა საბოლოოდ გადაიქმნა დამოუკიდებელი ეკონომიკური ორიენტაციის საექსპორტო-საიმპორტო ვაჭრობად, ეკონომიკური სტრატეგია უკვე ჩამოყალიბებული იყო.
მე-11-მე-12 საუკუნეებში საქართველო უკვე აწარმოებდა ვაჭრობას ცივილიზებული სამყაროს თითქმის ყველა ქვეყანასთან, დაახლოებით 40 ქვეყანასთან.
თუ გადავხედავთ წერილობით წყაროებში მითითიებული არქეოლოგიური მონაპოვრებისა და ნუმიზმატიკური ფაქტების ნუსხას, დავინახავთ იმ ქვეყნების გეოგრაფიულ არეალს, რომელთან ჩვენი ქვეყანა ჩაბმული იყო ინტენსიურ სექსპორტო საიმპორტო ვაჭრობაში.
ესენია: რუსეთი, სკანდინავია და ბალტისპირა ქვეყნები, ბიზანტია, არაბული აღმოსავლეთი, სირია, ჯვაროსნული სახელმწიფოები პალესტინაში, ეგვიპტე, მცირე აზია, კილიკიის სომხეთი, აზერბაიჯანი, შირვანი, განჯა, დარუბანდი, ჩრდილოეთ კავკასიის მთიანეთი და ბარი, ხაზარეთი, ყივჩაყეთი, ხოლრასანი, ხვარაზნი და შუა აზია; ჩრდილოეთ აფრიკა, ხმელთაშუა ზღვის კუნძულები, პირინეის ნახევარკუნძულები და ხსვა.
დმანისის გათხრების დროს ჩინური კერამიკის საწყობების აღმოჩენამ კი დაადასტურა კავშირი ჩინეთთან. ასევე მჭიდრო კავშირი იტალიის ქალაქებთან: ვენეცია, გენუა, ფლორენცია, პიზა.
საქართველოს სავაჭრო მნიშვნელობის შესახებ საინტერესო ცნობებს იძლევა "ტაბულა პევტინგერიანა", კასტრიუსის რუკა. იმ პერიოდში საგარეო ვაჭრობის პოლიტიკის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მიმართულება ხდება საშუამავლო ვაჭრობა აბრეშუმით.
აღმოსავლეთიდან ბიზანტიას შემოჰქონდა აბრეშუმი, ნელსაცხებელი, სპილოს ძვალი, ძვირფასი თვალ-მარგალიტი, ოქრო და ვერცხლი. გაჰქონდა ღვინო, მინა, საფეიქრო ნაწარმი, ძოწეული და ა.შ. მთელი ეს საქონელი კი ილექებოდა საქართველოში, რადგან იგი გადიოდა ამიერკავკასიის სატრანზიტო გზებზე.
მკვეთრად გაიზარდა საექსპორტო ვაჭრობა. ამ პერიოდში საქართველოს აღებ-მიცემობა როგორც შიგნით, ისე საგარეო უაღრესად განვითარებული ჰქონდა. ქართველ სოვდაგრებს ალექსანდრიიდან შემოჰქონდათ საუკეთესო ხარისხის მატყლი. საქართველოდან გაჰქონდათ ბამბა, ცხენები, აბრეშუმი, ტანისამოსი ქსოვილები, ხალიჩები, ქურქები, სინდიყი- ვერცხლისწყალი.
მე-12 საუკუნეში საქართველოში გზა გაიკაფა იტალიის ქალაქების სავაჭრო კაპიტალმა. უხვად გაჩნდა ბრუნვაში ვენეციური ოქროს დუკატები. ვენეციურ ოქროს დუკატს მაშინ საერთაშორისო ბაზარზე დიდი ავტორიტეტი ჰქონდა მოპოვებული. იგი ყველაზე მყარი იყო მაშინდელი ევროპის მასშტაბით.
ვენეციური დუკატების ერთბაშად და საკმაოდ მძლავრად შემოსვლა უკავშირდება იმ პერიოდს, როცა გენუელებმა 1120 წლიდან, შემდეგ კი ვენეციელებმა 1204 წლიდან მტკიცედ მოიკიდეს ფეხი შავ ზღვაში, ხოლო ქართულ სანაპიროებზე შექმნეს ფაქტორიები, (დღევანდელი "თავისუფალი ზონები) ჰაკარა-გაგრაში, პეცონდა- ბიჭვინთის ყურეში, კაფო და რექსო- გუდაუთის მხარეში, ნიკოფა- ახალ ათონში, სევასტოპოლი- სოხუმში, სანტა- ანჯელო- მდინარე ენგურის შესართავთან.
მოგვიანებით იტალიელებმა მოახერხეს შესვლა გურიაში, იმერეთში, სამეგრელოში, შეიქმნა ფაქტორია ქუთაისშიც. იტალიელებს შემოჰქონდათ მარილი, ხმელი თევზი, იარაღი, ქსოვილები, სამკაულები, სანელებლები - გაჰქონდათ ბზა, თაფლი, ცვილი, მიწათმოქმედების პროდუქტები;
სატრანზიტო ვაჭრობის დროს დაწინაურდა ქალაქი დვინი, აგრეთვე არზრუმი (კარნუ- ქალაქი) ბარდავი, ნოქალაქევი, ვარციხე, უჯარმა, თბილისი.
თბილისს განსაკუთრებული ადგილი ეკავა საგარეო ვაჭრობაში. ამ მდიდარი ქალაქის საერთაშორისო ვაჭრობის შესახებ საინტერესო ცნობებს გვაძლევს მე-13 საუკუნის სპარსულ ისტორიულ-გეოგრაფიული თხზულება "აჯაიბ ად-დუნია" (ქვეყნიერების საკვირველებანი). თბილისიდან გადიოდა უნაგირები, სხვადასხვა სახის სამხედრო საჭურველი, ბეწვეული, მინისა და ბროლის ნივთები.
რაში იხარჯებოდა საგარეო ვაჭრობიდან შემოსული თანხები
როგორც ქართული ისტორიოგრაფიიდან ირკვევა, მე-12 საუკუნის 70-იანი წლების ბოლოს სახელმწიფო ბიუჯეტის ძირითად წყაროდ ითვლებოდა შემოსავალი საგარეო ვაჭრობიდან, სავაჭრო გადასახადები და ბაჟი, სწორედ აქ იქმნებოდა ე.წ. "ზედმეტი", თავისუფალი კაპიტალი. ისტორიკოსთა თქმით, სახელმწიფო შემოსავლის ხარჯთაღრიცხვას ადგენდნენ, ამ საქმეში კარგად ჩახედული "ქართველი მეჭურჭლეთუხუცესები" და ფინანსთა მინისტრები, რომლებიც არაბების გამოჩენილ ფინანსისტ-მინისტრებს არ ჩამოუვარდებოდნენ.
საგარეო ვაჭრობიდან მთელი შემოსავლის ერთი მეათედი იხარჯებოდა საქველმოქმედო საქმეზე, ვეტერანთა, სამხედრო ინვალიდების პენსიაზე, გარკვეული ნაწილი ხმარდებოდა მეფეს დამის სახლობას. ასევე, იხარჯებოდა სახელმწიფოს მართვა- გამგეობაზე.