როგორ წაართვა ინგლისელმა უოლის ბაჯიმ ფრანგ ეჟენ გრებოს უნიკალური "მიცვალებულთა წიგნი"
მამუკა ნაცვალაძე
23.07.2016

 XIX ს-ის დასასრული მნიშვნელოვანი პერიოდია ეგვიპტოლოგიის განვითარების თვალსაზრისით. ამ დროს საფუძველი ეყრება ერთი მხრივ, თანამედროვე არქეოლოგიას, მეორე მხრივ, კი სიძველეებით მოვაჭრენი ძველებურად ბარბაროსულად ეპყრობიან არტეფაქტებს ისე, რომ დანარჩენი მასალის უსაფრთხოება სრულიადაც არ ანაღვლებთ.

ანის პაპირუსის, ყველაზე ცნობილი და მასშტაბური ეგვიპტური წერილობითი არტეფაქტის "მიცვალებულთა წიგნის" აღმოჩენა ეგვიპტოლოგიის ერთ-ერთი საეტაპო ფურცელია. აქ არის თავგადასავალიც, ინტრიგაც და რაც მთავარია არაერთსახოვანი გმირი, ბრიტანეთის მუზეუმის სიძველეთა მცველი ერნესტ უოლის ბაჯი.

ანის პაპირუსი ლონდონის მუზეუმში აღმოჩნდა ინტრიგებისა და საკმაოდ საინტერესო თავგადასავლების წყალობით. დოკუმენტი 1887 წელს ლონდონში ჩამოიტანა ბაჯიმ, რომელმაც ათეულობით ფასეული წიგნი მიუძღვნა ეგვიპტის ისტორიას. მანვე გამოაქვეყნა "მიცვალებულთა წიგნის" ანის პაპირუსის თარგმანი.

ბაჯი ნებისმიერ საქმეზე იყო წამსვლელი, რათა ბრიტანეთის მუზეუმისთვის ახალი არტეფაქტები მოეპოვებინა. საგულისხმოა ისიც, რომ 1887 წლისთვის ბაჯი ერთ-ერთი იმ უიშვიათესი ევროპელთაგანი იყო, იეროგლიფების წაკითხვა რომ შეეძლო.

როგორ დაადგა ბაჯი ანის პაპირუსის გზას

"მივიღე წერილი ადგილობრივი მცხოვრებისგან, რომელიც მწერდა, რომ თებეში, ნილოსის დასავლეთ სანაპიროზე აღმოაჩინა კარგად შენახული სამარხი, სადაც პაპირუსის რამდენიმე გრაგნილი იყო. ის მთხოვდა, რომ ჩავსულიყავი და ყველაფერი წამეღო მანამდე, სანამ ადგილობრივი მთავრობა ამ არტეფაქტებს კონფისკაციას გაუკეთებდა, მის მფლობელს კი ციხეში უკრავდა თავს," - ეს ამონარიდია უოლის ბაჯის მემუარებიდან.

როცა უოლის ბაჯი 1887 წელს ეგვიპტეში ჩავიდა, ქვეყანას ევროპული კოალიცია აკონტროლებდა, 1882 წლის მუსულმანთა აჯანყების შემდეგ დიდი ბრიტანეთი და საფრანგეთი გაბატონდნენ ეგვიპტესა და სუეცის არხზე, ინგლისურ-ფრანგული კოალიცია განსაზღვრავს ეგვიპტის ეკონომიკურ და პოლიტიკურ კურს შემდგომი ათწლეულის განმავლობაში.

ეს არ იყო ჩვეულებრივი კავშირი და ისეთი ადამიანები, როგორიც ბაჯი გახლდათ, ხელს არ უწყობდნენ ამ კავშირის განმტკიცებას.

ლუსქორში გამგზავრების იდეამ ბაჯის ახალი მტერი შესძინა ფრანგი ეგვიპტოლოგის, კაიროს მუზეუმის დირექტორის, ეჟენ გრებოს სახით. გრებომ იმ პერიოდში გამოსცა ძალიან საინტერესო წიგნი ეგვიპტური სარწმუნოების შესახებ, მაგრამ მისი მანერები, ხასიათი, სრულიად არ შეესაბამებოდა დაკავებულ თანამდებობას. ყველა ვინც ეგვიპტის გულშემატკივარი იყო, სინანულს გამოთქვამდნენ კაიროს მუზეუმის დირქტორად მისი დანიშვნის გამო.

აქ იკვეთება ინგლის-საფრანგეთის წინააღმდეგობა - ბაჯის საყვედურობენ, რომ მან წინა ვიზიტისას ბრიტანეთის მუზეუმისთვის 1400 ატრეფაქტი გაიტანა, მაშინ როცა თითქმის ამდენივე ეგვიპტური არტეფაქტი გაიგზავნა ლუვრში.

რატომ მიაჩნდა გრებოს ინგლისელი მეცნიერები ქურდებად

ბაჯი არ ეძებდა ძვირფასეულობას სამარხებში, ის არჩევდა ვაჭრებისაგან ეყიდა უნიკალური არტეფაქტები. სწორედ შავი ბაზარი გახდა ის ადგილი, საიდანაც გამდიდრდა ბრიტანეთის მუზეუმის კოლექცია. საგანგებოდ უნდა აღინიშნოს, რომ არტეფაქტების ყიდვა-გაყიდვის ასეთი ფორმა, რომელიც საკმაოდ მასშტაბური გახლდათ, ხელს უწყობდა ეგვიპტის არაერთი უნიკალური ძეგლის განადგურებას.

ეგვიპტური არტეფაქტების მოვლასა და უსაფრთხოებაზე პასუხისმგებელი გრებო ლონდონის მუზეუმისადმი აგრესიულად იყო განწყობილი და თვლიდა, რომ ინგლისელები მეცნიერები კი არა, ჩვეულებრივი ქურდები იყვნენ. თავად ბაჯი მიიჩნევდა, რომ არტეფაქტების მოპოვება არ შეიძლებოდა ქურდობად ჩათვლილიყი მანამ, სანამ ეგვიპტე ასე დაუდევრად ეპყრობოდა უნიკალურ მასალას.

ადგილობრივი მცხოვრებნი უკმაყოფილონი იყვნენ იმით, რომ ეგვიპტის მთავრობამ აკრძალა არტეფაქტებით ვაჭრობა, არადა, სიძველეები საკმაოდ ბევრი იყო, ასევე განუზომელი იყო მათზე ევროპელების მოთხოვნა.

ბაჯის სრულიადაც არ ანაღვლებდა საკუთარი ცუდი რეპუტაცია, მისი მთელი ფიქრი ახალი არტეფაქტების მოპოვებაზე იყო მიმართული. არადა, ამ არტეფაქტამდე - კაიროდან ლუქსორამდე ნილოსის უახლოესი გზით 720 კილომეტრი იყო. მას უნდა დაესწრო იქ ჩასვლა სხვა ევროპელი კოლექსიონერებისათვის.

ინტუიციამ არ უმტყუნა, ამ ნივთებს მიღმა ხომ იმალებოდა სარკმელი სულ სხვა სამყაროსი, რომელიც თანამედროვეებს არასდროს ენახათ.

ახალ აღმოჩენებზე ხმებმა ევროპამდეც მიაღწია და კაიროში ჩამოვიდა რამდენიმე ცნობილი მუზეუმის დელეგაცია. ისინი ცდილობდნენ ამ ფასეული მასალიდან რაც შეიძლება დიდი წილი ეგდოთ ხელთ.

ბაჯი კაიროს მუზეუმს ეწვია, სადაც სხვა ეგვიპტოლოგებს შეხვდა. პირველი, რაც თვალშისაცემი იყო, ის სავალალო მდგომარეობა გახლდათ, რომელშიც მუზეუმი და იქ დაცული უნიკალური ექსპონატები იყო გამოფენილი - აშკარა იყო, რომ ასეთი ყოფა უნიკალურ არტეფაქტებს რეალურ საფრთხეს უქმნიდა.

რატომ არ ენდობოდნენ ეგვიპტელები საკუთარ მთავრობას

ეგვიპტეში სასაფლაოს ძარცვა უძველეს პროფესიად ითვლებოდა, რომელიც თაობების მანძილზე შთამომავლობით მამიდან შვილებს გადაეცემოდათ. აღსანიშნავია ისიც, რომ ეგვიპტელები საკუთარ საცხოვრისს ძველი წარჩინებულების საფლავებზე აშენებდნენ, ამდენად, ხდებოდნენ აქ არსებული არტეფაქტების მფლობელნი. ასე იძარცვებოდა უნიკალური პირველწყაროები მთელი ყ|ყ ს-ის განმავლობაში.

ეგვიპტელები ვერ იტანდნენ თავიანთი მთავრობის ჩინოვნიკებს, რომელნიც ართმევდნენ მათ არტეფაქტებს. მოსახლეობას მიაჩნდა, რომ ეგვიპტის სიძველეთა დაცვის ორგანიზაცია მათ ამ არტეფაქტებს გამოფენისა და დაცვის მიზნით კი არ ართმევდა, არამედ იმიტომ, რომ თავად მიეყიდათ წართმეული სიძველეები ევროპელებისათვის. ამიტომაც ისინი ნებისმიერთან მიდიოდნენ გარიგებაზე, რომელთაც საქმე მთავრობასთან არ ჰქონდათ.

 ბაჯის მხოლოდ ზოგადი წარმოდგენა ჰქონდა იმ ადგილებზე, სადაც არტეფაქტები იყო აღმოჩენილი, რამდენადაც საქმეს იჭერდა დილერებთან, რომელთაც თავად არ ჰქონდათ სრულყოფილი ინფორმაცია.

როგორ ცდილობდა გრებო ინტრიგებით ბაჯის ჩამოცილებას

ლუქსორში გამგზავრების წინ გრებომ გადაწყვიტა ბაჯის დაპატიმრების ბრძანება გაეცა და თავიდან ჩამოეცილებინა კონკურენტი. იდეა აღასრულეს კიდეც. რამზიმ, ბაჯის თანაშემწემ, შეიტყო, რომ გრებო დაუყოვნებლივ აპირებდა ლუქსორში ჩასვლას, და ხომალდის მფლობელს გაურიგდა - რომ თუკი ის გემს მიატოვებდა, ბაჯი მას 50 ინგლისურ ფუნტს მისცემდა.

რამზის გათვლამ გაამართლა - დაპატიმრებული ბაჯისთვის აღარავის ეცალა, როცა მოიტანეს ამბავი, რომ გემი რომელზეც გრებო იმყოფებოდა, იძირებოდა. ყველა მის საშველად გაემართა, ბაჯი იქვე სამჭედლოში გაათავისუფლეს ბორკილებისგან.

ბაჯი ლუქსორისკენ გაემგზავრა, მან ერთი ნაბიჯით ჩაასწრო გრებოს დანიშნულების ადგილას. იმ არტეფაქტებს შორის, რომელთა შესახებაც მას აცნობეს, ცნობილი ეგვიპტური "მიცვალებულთა წიგნიც" იყო.

როგორ აღმოჩნდა ანის პაპირუსი უსარგებლო ნივთებში

ბაჯი ნილოსის დასავლეთ სანაპიროზე მეფეთა ველის მახლობლად, სოფელ კერნში მიიყვანეს. სწორედ აქ აღმოაჩინა მან "მიცვალებულთა წიგნი". საცნაური კი სწორედ ის არის, რომ ეგვიპტელმა გლეხმა, რომელმაც დიდ ფასად ინგლისელს სხვა არტეფაქტი მიჰყიდა, ბაჯის საჩუქრად მისცა ნამტვრევებით სავსე ყუთი, სადაც სწორედ ეს უნიკალური გრაგნილი, ანის პაპირუსი იყო უსარგებლოდ მიჩნეული.

ინგლისელს, რომელიც თავისი უნიკალური აღმოჩენით ტკბებოდა, უეცრად გრებო დაადგა თავს და მოითხოვა პაპირუსის გადაცემა. თავად ბაჯი კი დააპატიმრებინა.

ასე აღმოჩნდა ანის "მიცვალებულთა წიგნი" ეგვიპტელი ხელისუფლების ხელში. სიტუაცია მეტად გართულდა, სამყაროს სამუდამოდ შეეძლო დაეკარგა ეს უნიკალური პირველწყარო. მას უკეთეს შემთხვევაში დაანაწევრებდნენ და ნაწილ-ნაწილ გაყიდიდნენ.

"საშინელ მდგომარეობაში ვარ, - წერდა ბაჯი, - ლუქსორის ციხეში გამომამწყვდიეს, ფრანგებმა დამადანაშაულეს საფლავების გაძარცვაში და ეს მაშინ, როცა ჩემი ცხოვრების ყველაზე დიდი აღმოჩენა ჩამივარდა ხელთ. უძველესი პაპირუსი, რომელიც მეფის გადამწერ ანის ეკუთვნის, უბრწყინვალესი სურათებით მორთული, სადაც დღემდე ცოცხლადაა შემონახული საღებავები, ისევე როგორც ეს სამი ათასი წლის წინ. შესაძლოა, აქ ადამიანმა პირველად გამოხატა თავისი რელიგიური გრძნობები წერილობითი ფორმით, ეს შესანიშნავი აღმოჩენაა, რომლის შესწავლისათვის დრო მჭირდება, რათა გავარკვიო მისი ნამდვილი დანიშნულება, სამწუხაროდ, შესაძლოა ის მე ვეღარასოდეს ვნახო."

სიტუაცია მას შემდეგ შეიცვალა, რაც ბაჯის თანაშემწემ მოისყიდა მთავრობა. ინგლისელიც, მისთვის მოულოდნელად და გასაკვირად, გაათავისუფლეს პატიმრობიდან.

ვა-ბანკი უნიკალური არტეფაქტისთვის

მას შემდეგ, რაც ეგვიპტის მთავრობამ წაართვა ბაჯის ანის პაპირუსი, ის ყველაფერს აკეთებს მის დასაბრუნებლად. ბაჯიმ დიდი ავანტიურა ჩაიფიქრა - იმ პოლიციელებისთვისა და ჯარისკაცებისთვის, რომელიც პაპირუსს იცავდნენ, გადაწყვიტა ვახშამი შეეთავაზებინა იმ მიზეზით, რომ ინგლისში ბრუნდებოდა.

ბაჯს კარგად ჰქონდა გაცნობიერებული, რომ პაპირუსს მრავალმხრივი საფრთხე ემუქრებოდა თუნდაც მისი მცველების მხრიდან. მცველებმა იცოდნენ, რომ თუკი პაპირუსს დაანაწევრებდნენ, ასე უფრო სარფიანად გაყიდდნენ, თანაც ისე, რომ გრებო ვერაფერსაც ვერ შეამჩნევდა.

პაპირუსს ადგილობრივი ხლისუფალნი ინახავდნენ ერთ მიშენებულ სივრცეში, რომელიც სასტუმროს ემიჯნებოდა. ბაჯი მოურიგდა სასტუმროს მეპატრონეს, დაიქირავა რამდენიმე ადგილობრივი მცხოვრები, რათა გაეჭრათ კედელი სასტუმროდან და იმ შენობაში შეეღწიათ, სადაც ანის პაპირუსი იყო განთავსებული.

ეს ხალხი დახელოვნებული იყო მიწის თხრაში, მათი საქმიანობა, ხომ შთამომავლობით საფლავების გაძარცვა და არტეფაქტებით ვაჭრობა იყო. ძველი სასტუმროს კედელი მათთვის არანაირ წინააღმდეგობას არ წარმოადგენდა. მთავარი პრობლემა იყო ის, რომ მათ განკარგულებაში იყო სულ ერთი დღე.

ბაჯიმ იცის, რომ ეს ვა-ბანკია - ჩავარდნა ნიშნავს, რომ მას ამოალპობენ ეგვიპტის ციხეში. თუმცა გადაწყვიტა, რომ ანის პაპირუსი ღირდა ამ რისკად.

სანამ მცველები ტრაპეზს შეექცეოდნენ, ბაჯის ხალხმა შეაღწია საცავში და იქიდან ყუთები გამოიტანა, სადაც ანის პაპირუსთან ერთად სხვა უნიკალური არტეფაქტებიც იყო. ასე გადაარჩინა ბაჯიმ ანის პაპირუსი. მათ უნიკალური მასალა ხომალდზე გადაიტანეს და კაიროში ჩაიტანეს, საიდანაც გეზი ლონდონისკენ აიღეს.

საგულისხმოა, რომ ის მეთოდები, რომლითაც ინგლისელი მოქმედებდა, იმ პერიოდის სამეცნიერო საზოგადოებაში ნორმად იყო მიჩნეული. ის არ შეიძლება შევაფასოთ მისი თანამედროვეობის თვალსაწიერიდან, რამდენადაც ეგვიპტის მაშინდელი მთავრობის მიერ დაცული არაერთი არტეფაქტი დაეკარგა ისტორიას, უოლის ბაჯის მონაპოვრის ხილვა კი ლონდონის მუზეუმში დღესაც ხელმისაწვდომია ყველასათვის.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×