ლიკა გურაბანიძე
25.07.2016

რუსეთთან დიპლომატიური ურთიერთობების აღდგენის საკითხი ამ ეტაპზე არ და ვერ განიხილება - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრის სპეციალურმა წარმომადგენელმა რუსეთთან ურთიერთობის საკითხებში ზურაბ აბაშიძემ დიპლომატიური ურთიერთობების აღდგენის საკითხზე რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის სერგეი ლავროვის განცხადების საპასუხოდ განაცხადა.

როგორც აბაშიძემ აღნიშნა, არ არსებობს არანაირი წინსვლა რუსეთთან ისეთ რთულ საკითხებში როგორიცაა აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის პრობლემები და ამ რეალობიდან გამომდინარე, ამ ეტაპზე შეუძლებელია საუბარი დიპლომატიური ურთიერთობების აღდგენაზე.

"სამწუხაროდ, არანაირი წინსვლა არ არისობაში მაქვს აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის პრობლემები და ამ პრობლემებთან დაკავშირებული მთელი რიგი საკითხები.

"რაც შეეხება დიპლომატიური ურთიერთობების აღდგენას, ამ ეტაპზე ეს საკითხი არ და ვერ განიხილება, იმ რეალობის გათვალისწინებით, რაც შექმნილია აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში", - განაცხადა ზურაბ აბაშიძემ.

შეგახსენებთ, რომ მანამდე განცხადება ორ ქვეყანას შორის დიპლომატიური ურთიერთობების შესაძლო აღდგენაზე რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა გააკეთა. სერგეი ლავროვის თქმით, რადგანაც ეს ურთიერთობები საქართველოს ინიციატივით შეწყდა, სწორედ საქართველომ უნდა გადადგას პირველი ნაბიჯი რუსეთთან დიპლომატიური ურთიერთობების აღდგენისაკენ.

უნდა გადადგას თუ არა საქართველომ პირველი ნაბიჯი რუსეთთან დიპლომატიური ურთიერთობების აღსადგენად? - ამ კითხვით "მთელმა კვირამ" საზოგადოების წარმომადგენლებს მიმართა.

 ედიშერ გვენეტაძე (ისტორიკოსი) "ვცადოთ და გადავდგათ პირველი ნაბიჯი. დიპლომატია დათმობის ხელოვნებაცაა. ჩემი აზრით, საქართველომ ყოველი ღონე უნდა იხმაროს იმისათვის, რომ დიპლომატიური საშუალებით დაიბრუნოს დაკარგული ტერიტორიები.

"არის კიდევ ერთი უმთავრესი მომენტი - საფუძველი უნდა ჩაეყაროს მოლაპარაკებების დაწყებას. ამ პროცესების დაწყება აუცილებელია. რაც დავკარგეთ, იმაზე მეტი რაღა უნდა დავკარგოთ?! დიპლომატიას ალტერნატივა არ აქვს. ჩვენ დაკარგული ტერიტორიების ძალით დამბრუნებლები არ ვართ."

 თაკო ჩარკვიანი (პუბლიცისტი) "არავითარ შემთხვევაში არ უნდა გადადგას საქართველომ პირველი ნაბიჯი რუსეთთან დიპლომატიური ურთიერთობების აღსადგენად, ეს არის შეცდომა. იმიტომ, რომ მათ ამ ურთიერთობით მხოლოდ ის სურთ, რომ საქართველომ ოკუპირებული ტერიტორიების დამოუკიდებლობა აღიაროს.

"რომელ დიპლომატიურ ურთიერთობაზეა საუბარი? რას გულისხმობენ "დიპლომატიურ ურთიერთობაში" - უარი უნდა ვთქვათ მათ მიერ ოკუპირებულ ტერიტორიებზე? ვერავითარ შემთხვევაში, ერთი ნაბიჯით უკან არ უნდა დაიხიოს საქართველომ. ეს იქნება ჯაბანი ერის პოლიტიკა, ეს იქნება ხელისუფლების საშვილიშვილო შეცდომა და უბედურება.

"ჩვენ სულ მივდივართ ამ ურთიერთობაზე. საქართველო მუდმივად დიალოგის მომხრეა. სულ ვეხვეწებით რაღაცას ამ ქვეყანას. რუსეთს უნდა ვესაუბროთ, თუმცა ის არ გვესაუბრება. ეს აგრესიული პოლიტიკის მატარებელი ქვეყანაა."

 არჩილ გამზარდია (საზოგადოებრივი კომუნიკაციების მართვის სპეციალისტი) "საქართველოს მეტი პირველი ნაბიჯის გადასადგემელი არ აქვს. რამდენი პირველი ნაბიჯი შეიძლება გადადგა? ვერ ვხედავ სივრცეს, სადაც შეიძლება საქართველომ თავისი დადებითი ინიციატივა გამოხატოს. ბევრი რამე მასზეა დამოკიდებული და მას ხელეწიფება მთელი რიგი საკითხების მოგვარება (მეზობლებთან ურთიერთობების დალაგება), რომელიც შემდგომ ხელს საქართველო-რუსეთს შორის ურთიერთობების დათბობას შეუწყობდა. "ერთი მხრივ საქართველომ სპორტული, კულტურული, თუ ეკონომიკური მიმართულებებით არაერთი ნაბიჯი გადადგა. ყველა კუთხით, დღეს რუსეთს უფრო სჭირდება საქართველო, ვიდრე საქართველოს რუსეთი. ჩვენმა ქვეყანამ რუსეთის გარეშე ცხოვრება მეტ-ნაკლებად ისწავლა."

 გია ბუღაძე  (ფერმწერი) "არავითარ შემთვევაში. წარმოუდგენელია. როგორ შეიძლება დამპყრობელთან, ოკუპანტთან აღადგინო ურთიერთობები, რომელიც პირდაპირი გაგებით მტერია?! როგორ შეიძლება ასეთ არასანდო ქვეყანასთან ურთიერთობა ამ ფორმით წარვმართოთ?!

"დიპლომატიური ურთიერთობის აღდგენის შემთხვევაში სამუდამოდ დაკარგავთ ოკუპირებულ ტერიტორიებს. ეს იმის ნიშანი იქნება, რომ არაფრის მაქნისები ვართ.

"მე კატეგორიული წინააღმდეგი ვარ რუსეთთან დიპლომატიური ურთიერთობების აღდგენის და პირველი ნაბიჯის გადადგმის. სწორედ ეს ერთმორწმუნე ერია რომ გვანადგურებს და გვსპობს. ამ მიმართულებით კატეგორიული პრინციპულობაა საჭირო. მათთვის საქართველო არაფერია და ამ პრობლემაზე საუბარი მუდმივად უნდა ხდებოდეს."

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე


Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×