უღალატეს თუ არა ივანე და ზაქარია მხარგრძელებმა საქართველოს სამეფო კარს
მამუკა ნაცვალაძე
25.07.2016

 საქართველოს საგარეო პოლიტიკის ოქროს ხანა, ყ||| ს-ის დასაწყისი, დღემდე განსაკუთრებულ ინტერესს იწვევს საზოგადოებაში. სწორედ ამ პერიოდში ჰქონდა საქართველოს სამეფოს რეალური შანსი წინა აზიაში ხელთ ეგდო პოლიტიკური ძალაუფლება. ეს კი ფაქტობრივად იმდროინდელი მსოფლიო ბატონობის ტოლფასი იყო.

სომხური ხლათი უნდა ქცეულიყო ქართული პოლიტიკის გორდიას კვანძად, მაგრამ ტრადიციულმა ღალატმა, დარდიმანდობამ თუ უნიჭოდ გათამაშებულმა სპექტაკლმა წერტილი დაუსვა ქართველთა პოლიტიკურ ამბიციებს.

ხლათის სასულთნოს დამორჩილება ქართული სახელმწიფოს საგარეო პოლიტიკის მთავარი ამოცანა გახლდათ, რამდენადაც ამ ქვეყნის დამორჩილებით მთავრდებოდა "ძველი სომხეთის" შემოერთების ხანგრძლივი პროცესი, ამასთან გზა იხსნებოდა კილიკიისაკენ, "ახალი სომხეთისაკენ", რაც კიდევ უფრო მნიშვნელოვანი გეოსტრატეგიული პლაცდარმის დაკავების საშუალებას იძლეოდა წინა აზიაში.

როგორ იქცა ყ||| ს-ის დასაწყისისათვის საქართველო მსოფლიოში გავლენიან პოლიტიკურ ძალად

თამარის პერიოდის საგარეო პოლიტიკამ ჯერ კიდევ ყ||| ს-ის დასაწყისისთვის მნიშვნელოვანი პოლიტიკური შედეგები მოიტანა. შამქორის ომმა, შავ ზღვაზე განხორციელებულმა ოპერაციებმა, ბასიანმა, ტრაპიზონის იმპერიის შექმნამ, კასპიის ზღვის სამხრეთ აღმოსავლეთ სანაპიროზე ლაშქრობამ საქართველოს ფეოდალური სახელმწიფოს გავლენის ქვეშ მოაქცია ტერიტორია კასპიის ზღვიდან შავ ზღვამდე. ამ ტერიტორიზე ადრე არსებული პოლიტიკური ერთეულებიდან ზოგი საქართველოს შემადგენლობაში აღმოჩნდა, ზოგი ვასალური პირობით დაემორჩილა.

გარდა ამისა, საქართველოს გავლენა ვრცლდებოდა ჩრდილო კავკასიელ მონათესავე და მეზობელ ხალხებზე, რომელნიც ქართველთა ყმადნაფიცები იყვნენ და პოლიკურ გავლენასთან ერთად კულტურულ გავლენასაც მძაფრად განიცდიდნენ. ასე იქცა მეცამეტე საუკუნის დასაწყისისათვის საქართველოს სამეფო მსოფლიოში გავლენიან პოლიტიკურ ძალად, რომელიც მნიშვნელოვან როლს ასრულებდა იმდროინდელ პოლიტიკურ რეალობაში.

რა სტრატეგიულ მიზანს ისახავდა საქართველო თამარის მეფობისას

საცნაურია, რომ თამარის მეფობის ბოლოს საქართველოსთან სხვადასხვა ფორმით იყვნენ დაკავშირებულნი აღმოსავლეთ ამიერკავკასია, ირანის აზერბაიჯანი, მთელი სომხეთი, შავი ზღვის სამხრეთ აღმოსავლეთი სანაპირო.

საქართველოს სამეფოს მთავარი სტრატეგიული მიზანი იყო აბრეშუმის გზის საერთაშორისო სავაჭრო მაგისტრალზე სრული კონტროლი. განსაკუთრებით აქტუალური იყო სამხრეთით მდებარე ლევანტის საერთაშორისო სავაჭრო მაგისტრალის სამხრეთ მარშრუტზე, ბაღდადი-ალეპოზე დომინირება. ამ მარშრუტის ჩრილოეთზე, თავრიზ - ტრაპიზონზე თამარმა ტრაპიზონის იმპერიის დაარსების დროს დაამყარა გავლენა. მას შემდეგ, რაც ტრაპიზონის იმპერიის დაარსების შემდეგ საქართველომ გაიმყარა პოზიციები სამხრეთის მიმართულებით, იწყება ბრძოლა სამხრეთ სომხეთისათვის.

სამხრეთის სავაჭრო მაგისტრალის ხელში ჩაგდების ერთ-ერთი მთავარი საშუალება სწორედ სამხრეთ სომხეთის შემოერთება ან მასთან ვასალური ურთიერთობის დამყარება გახლდათ.

საგულისხმოა, რომ მანამადე ქართველებმა ფეხი მოიკიდეს ჩრდილოეთ სომხეთში. საუკუნოვანი ბრძოლა მოუწია საქართველოს უმნიშვნელოვანესი სტრატეგიული პუნქტი ანისისათვის. ქართველთა ასეთი წინსვლა და დომინირება მნიშვნელოვან სტარტეგიულ პუნქტებზე მაჰმადიანთა გაღიზიანებას იწვევდა, ამიტომაც ისინი ყოველ ღონეს ხმარობდნენ რაიმე ზიანი მიეყენებინათ საქართველოსთვის.

 როგორ შეცვალეს მაჰმადიანებმა საქართველოსთან ბრძოლის ტაქტიკა

ბასიანის ბრძოლის შემდეგ მაჰმადიანებმა შეცვალეს ტაქტიკა - ქართველებს პირდაპირ კი არ ეომებოდნენ, არამედ ქართველთა მოსაზღვრე სომხური ტერიტორიების დარბევასა და მათ შეერთებას ცდილობდნენ. საქართველოს ხელისუფლება იძულებული იყო ჩარეულიყო აქტურად ამ ლაშქრობების ასალაგმად.

უნდა ითქვას, რომ ხლათზე მარტო საქართველოს არ ეჭირა თვალი. მისი ხელსაყრელი გეოპოლიტიკური და სტარტეგიული მდგომარეობა საკმაოდ დიდ ინტერესს იწვევდა აიუბიელ ეგვიპტელთა მხრიდანაც. თავიანთი ინტერესი ჰქონდათ ხლათისადმი აზერბაიჯანელ ათაბაგებსაც.

საქმე დასწრებაზეაო და ეგვიპტის სულთანმა ალ-ადილმა ხლათში გამგებლად თავისი ვაჟი ნეჯმ ედ-დინ აუჰადი დასვა. იბნ ალ-ასირისა და აბულ ფარაჯის ცნობით 1208 წელს ხლათში მაჰმადიანებს სომხური მოსახლეობა აუჯანყდა. სომხებს ქართველები მიეშველნენ. ხლათის გამგებელი ნეჯმ ედ-დინ აუჰადი ქალქში ჩაიკეტა იმის შიშით, რომ სომხები მას დაატყვევებდნენ და ქართველებს გადასცემდნენ.

ამის საპასუხოდ, ქართველებმა მხარგრძელების მეთაურობით ხლათისკენ დაძრეს ლაშქარი და სულ მალე მრავალრიცხოვანი მხედრობით ალყა შემოარტყეს ქალაქს.

საგანგებოდ უნდა აღინიშნოს, ეს არ გახლდათ ერთი ჩვეულებრივი ბრძოლა, ეს უდიდესი სტრატეგიული მიზნების აღსრულების დაგვირგვინება გახლდათ, რამდენადაც ამ ბრძოლაში საქართველოს მთავარი მიზანი ირანიდან ლევანტისაკენ მიმავალი სავაჭრო გზის ხელში ჩაგდება იყო. წინ ახალი სტრატეგიული ამოცანაა - სამხრეთ სომხეთის შემოერთება. ასეთი მისწრაფება მარტივი ასახსნელია: აქ გადის აბრეშუმის გზის მთავარი მაგისტრალი. მთავარი სამიზნე კი ამ სავაჭრო მაგისტრალზე მდებარე ქალაქი ხლათია.

როგორ ჩაიგდეს ხელში მმართველობის სადავეები მხარგრძელებმა

საგულისხმოა, რომ თამარის მეუღლის, დავით სოსლანის გარდაცვალების შემდეგ, 1206 წელიდან საქართველოში შიდაპოლიტიკური სიტუაცია საკმაოდ შეიცვალა. განსაკუთრებული ამბიციებით გამოირჩეოდნენ დიდი ფეოდალები, ძმები მხარგრძელები. მათ ფაქტობრივად ხელთ იგდეს მმართველობის სადავეები. სწორედ ზაქარია და ივანე განსაზღვრავენ საქართველოს პოლიტიკურ კურსს და კარნახობენ საკუთარ პოლიტიკურ ნებას მეფეს.

დაქვრივებული მეფე თამარი ვერ აღმოჩნდა სათანადო სიმაღლეზე, მას ახსოვს მხარგრძელთა დამსახურება ქვეყნის წინაშე, შამქორისა და ბასიანის ბრძოლებში მათი თავდადება, ამიტომაც ბოლომდე ენდობა მათ. არადა, მხარგრძელთა მოქმედება ოჯახურ-კლანური ინტერესების დაკმაყოფილებას ემსახურება მხოლოდ და სახელმწიფოს ინტერესები განზე რჩება.

ყველაზე მტკივნეული კი სწორედ ისაა, რომ ამ ურთულესი რეალობისას ზაქარიას ამირსპასალარის, თავდაცვის მინისტრის პოსტი უკავია, ივანეს კი - მსახურთუხუცესის, სამეფო ქონებისა და მეურნეობის გამგებლის.

რატომ იყო ხლათისთვის ბრძოლა ქართველთა სასარგებლოდ გადაწყვეტილი

1208 წელს, როდესაც მხარგრძელებმა ხლათს ალყა შემოარტყეს, საქართველოს სამეფო კარის პოლიტიკური მიზნის აღსრულებისთვის ხელსაყრელი მომენტი იდგა. აღმოსავლეთით თურქთა სასულთნო სულს ღაფავდა და ფაქტობრივად დაშლილი იყო, იკონია კი - დამარცხებული.

ეს იყო პერიოდი, როდესაც შაჰ-არმენთა ხლათის სასულთნო აღიარებდა დამასკოს-იერუსალიმისა და კაიროს სულთნების უზენაესობას. მათგან რეალური დახმარების მიღება კი პრაქტიკულად შეუძლებელი იყო.

ხლათის ბედი უკვე გადაწყვეტილი ჩანდა. მიდიოდა მოლაპარაკება შაჰ-არმენთა ხლათის სულთნის გარნიზონის დანებების პირობების შესახებ. მაგრამ, ერთი შემთხვევის გამო ყველაფერი თავდაყირა დადგა.

დარდიმანდობა თუ წინასწარ დაგეგმილი ღალატი?

სიტუაცია მოულოდნელად რადიკალურად შეიცვალა - ივანე მხარგრძელი ტყვედ ჩავარდა. არის ვერსია, რომ ეს სცენარი გათამაშებული იყო თავად ივანეს მიერ, რომელსაც სომხეთის სახელმწიფოებრივი აღდგენა სურდა და სწორედ ამ მიზნით საქართველო იძულებული გახადა ხლათის აიუბინ მმართველებთან ხანგრძლივი დროით დაედო ზავი.

ძნელია რაიმე გადაჭრით ითქვას, მაგრამ მოხდა ის, რაც არ უნდა მომხდარიყო. ეს ამბავი კი, რამაც ფაქტობრივად დაასამარა ქართველთა პოლიტიკური ამბიციები, ასე დაიწყო:

უმაღლესმა ქართველთა ოფიცრობამ ჩათვალა, რომ საქმე გადაწყვეტილი იყო და გამარჯვების აღსანიშნავი ღრეობა მოაწყო. წინასწარ მოზეიმეთა შორის იყო სარდალი ივანე მხარგრძელი, რომელიც ჯერ კარგად გვარიანად გამოთვრა, შემდეგ კი ოცამდე შეიარაღებული ცხენოსნის თანხლებით ხლათის ციხის დათვალიერება გადაწყვიტა.

აშკარა იყო ხლათელებს არანაირი შანსი არ ჰქონდათ, ქართველებიც აღარ ელოდნენ სერიოზულ წინააღმდეგობას. კაცმა რომ თქვას, ციხის გარშემო ქართველი ცხენოსნებისთვის სეირნობა აბა რა საფრთხე უნდა ყოფილიყო, მაგრამ, მოულოდნელად ივანე მხარგრძელის ცხენს ფეხი თხრილში ჩაუვარდა.

სანამ მთვრალი ქართველები ცხენიდან გადმოვარდნილი ივანე მხარგრძელის წამოყენებას ცდილობდნენ, ხლათელები ციხიდან გამოვარდნენ და ქართველები დაატყვევეს.

როგორც სომეხი ისტორიკოსი ზაქარია ყაზვინეცი გადმოგვცემს, ხლათის ციხესთან ჩამავალ მდინარეზე სულთან მელიქ-აუჰადის ბრძანებით წინასწარ განგებ ჩაუტეხავთ ხიდი, რომელზეც თივა დაუფარებიათ. სწორედ ამ ადგილას წაქცეულა ივანე მხარგრძელის ცხენი.

წყალს გატანებული ტრიუმფალური გამარჯვება და მსოფლიო ბატონობა

ხლათის სულთანმა მელიქ-აუჰადმა გადაწყვიტა უძვირფასესი ტყვე კაიროში გაეგზავნა, თუმცა, ქართველთა მუქარის შემდეგ გადაიფიქრა და მოლაპარაკებებს დათანხმდა.

მელიქ-აუჰადმა მოითხოვა როგორც თავის სახელმწიფოს ხელშეუხებლობის გარანტია, ასევე ივანე მხარგრძელის გამოსასყიდი. დელიკატური სიტუაციიდან გამომდინარე, ქართველები დათანხმდნენ ამ მოთხოვნებს. დაიდო შეთანხმება, ხლათელებმა გაათავისუფლეს ივანე მხარგრძელი და აღიარეს საქართველოს მეფის უზენაესობა. საპასუხოდ ქართველებმა დატოვეს ხლათის ქვეყანა და აღუთქვეს ოცდაათწლიანი მშვიდობა.

ამავე ზავით ივანე ათაბაგი მელიქ-აუჰადს უბრუნებს რამდენიმე ციხეს, ათავისუფლებს ხუთი ათას ტყვეს და გამოსასყიდის სახით უხდის ასი ათას დინარს. ყველაფერი კი იმით დაგვირგვინდა, რომ ივანე მხარგრძელი საკუთარ ასულს თამთას ცოლად უგზავნის მელიქ-აუჰადს.

ამრიგად, ხლათის ხელში ჩაგდება საქართველომ ვერ შეძლო, თუმცა, 30 წლიანი ხანგრძლივი ზავი დადო მასთან. ამის შედეგი იყო ის, რომ მანასკერტიამდე და ცახკანცის მთებამდე ეს ტერიტორია სელჩუკებისგან გაიწმინდა, ჩრდილოეთ სომხეთი კი შევიდა საქართველოს შემადგენლობაში...

საცნაური კი სწორედ ისაა, რომ თამარმა სომხეთი სამართავად ზაქარია მხარგრძელს გადასცა...

მხარგრძელებმა მიაღწიეს იმას რომ სახელმწიფოში სახელმწიფო შექმნეს. სწორედ ეს ფაქტორი იწვევს მათ მიმართ ეჭვსა და უნდობლობას.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×