ღია წერილი
25.07.2016

ბატონო ბიძინა, არ შემიძლია არ გამოვეხმაურო 20 ივნისს მსხვილ ბიზნესმენებთან შეხვედრაზე თქვენს განცხადებას:"კრიტიკული აზრები არავინ გამოთქვაო". ერთხელ მოულოდნელად, 2014 წლის მაისში, ბიზნესომბუდსმენმა გ. გახარიამ, როგორც მცირე და საშუალო ბიზნეს ასოციაციის თავმჯდომარე, მიმიწვია მაშინდელი პრემიერ-მინისტრის ირ. ღარიბაშვილის ბიზნესმენებთან შეხვედრაზე. მსხვილი ბიზნესის წარმომადგენლებისგან ისმოდა ხელისუფლების ქება-დიდება.

მე მომეცა შანსი გამომეთქვა კრიტიკული აზრები, რამაც ძალიან გააკვირვა პრემიერ-მინისტრი, ხოლო ძალიან გააბრაზა ბიზნესომბუდსმენი. მაშინ მივხვდი, რომ მე მსგავს შეხვედრებზე აღარავინ დამიძახებდა. ალბათ ყველა ვთანხმდებით ერთ საკითხზე, სააკაშვილი ძალადობდა ყველაზე და ყველაფერზე, უკანონოდ იჭერდა, აწამებდა, უსმენდა, კომპრომატებს უქმნიდა.

ეს არ იყო მხოლოდ მანიაკის საქციელი (თუმცა არც ეს აკლდა), ეს უფრო იყო შეგნებული, გააზრებული ქმედება ხალხის დასაშინებლად და დასამორჩილებლად, რათა ადვილად წაერთმია ქონება, ფული. ქმნიდა ყველა პირობას, მათ შორის საკანონმდებლო დონეზე, ქონების უფრო მარტივად წასართმევად. ხშირად წართმეული ქონება თავს იყრიდა ფავორიტ მსხვილ ბიზნესში, რათა იქიდან ემართა დიდი მატერიალური რესურსები თავისი შეხედულებებით.

მისი ხელისუფლებაში ყოფნის დროს მოხდა ბიზნესის გამსხვილება, ბაზრის ყველა სეგმენტის მონოპოლიზირება. რამდენიმე მაგალითს მოვიყვან: ერთ-ერთ კომპანიას იაფად ხელში ჩაუგდო რუსთაველის გამზირზე მდებარე ფოსტის შენობა, თავისი ფილიალებით საქართველოს ყველა რაიონში და სოფელში, თავისი ტელეკომუნიკაციებით და საკაბელო ინტერნეტის ქსელით, შემდგომში კომპანია "კავკასუს ონლაინი" საკაბელო ინტერნეტის ქსელითა და შავი ზღვის ფსკერზე ჩადებული კაბელით. ეს კომპანია გახდა 100% მონოპოლისტი საკაბელო ინტერნეტის გავრცელებაში.

იგივე კომპანიას ასევე გადაეცა იაფად ან 1 ლარად თბილისში არსებული საუკეთესო მიწის ნაკვეთები, მათ შორის თითქმის ნახევარი ვარდების რევოლუციის მოედანი, ამ მოედნის მიმდებარე შენობები, ასევე ბათუმში და სხვა. შეუქმნა პირობები იმპორტის ბაზრის მრავალი სეგმენტის მონოპოლიზირებისათვის, ამავე კომპანიას გადასცა კულტურული და ისტორიული მემკვიდრეობის უთვალსაჩინოესი ძეგლი წინანდლის ალექსანდრე ჭავჭავაძის სახლ-მუზეუმი, ბოტანიკური ბაღი და ორას წლიანი უნიკალური ენოთეკა. სააკაშვილმა შექმნა მონოპოლიები მედიკამენტების ბაზარზე.

ნავთობ პროდუქტების ვაჭრობის ბაზრიდან განდევნა კომპანია "მაგნატი" 60 ავტოგასამართი სადგურით, დააპატიმრა მეპატრონე. სააკაშვილი, მერაბიშვილი, ადეიშვილი უშუალოდ აკონტროლებდნენ უმსხვილეს ბანკებს. ყველაზე დიდი დარტყმა მცირე და საშუალო ბიზნესს, ქონების მეპატრონეებს, მოსახლეობას, მთლიანად ქვეყნის ეკონომიკას, მიაყენა 2008 წლის 14 მარტს, როდესაც საქართველოს კანონის " კომერციული ბანკების საქმიანობის შესახებ". მე-20 მუხლში შეიტანა "ი" მეორე ცვლილება "იჯარით გასცეს ქონება", რაც მთლიანად არღვევს ევროპული სტანდარტების შესაბამისი კანონის პრინციპებს-კომერციულ ბანკებს არ შეიძლება ჰქონდეს იგივე საქმიანობის უფლება და ქონება, რაც აქვს მის კლიენტებს და ბანკებს არ უნდა გაუჩნდეს სურვილი კლიენტს წაართვას ქონება.2007 წლის ნოემბერში აშშ-ში დაიწყო იპოთეკური კრიზისი, რომელიც გავრცელდა მთელ მსოფლიოში. ასეთ დროს ბანკები და მთავრობები დგებიან დიდი დილემის წინაშე, დავალიანების მქონე კლიენტებს თუ მასიურად ქონებას გაუყიდიან, უძრავი ქონების ბაზარზე ფასები დაეცემა, ამით მათთან იპოთეკით დატვირთული ქონების ღირებულება, ანუ აქტივები შეუმცირდებათ და კიდევ უფრო გამწვავდება კრიზისი. მთავრობები ეძებენ ღონისძიებებს, რომ არც ბანკები დაზარალდნენ და არც კლიენტები.

აშშ-ს მთავრობამ გამოყო 800 მილიარდი დოლარი ეკონომიკის გაჯანსაღებისათვის. ჩვენ დაგვემატა 2008 წლის აგვისტოს ომი. კრიზის დასაძლევად ამერიკის ხელისუფლებამ ჩვენც გამოგვიყო ერთი მილიარდი დოლარი, ხოლო საერთაშორისო ფინანსურმა ინსტიტუტებმა კიდევ სამნახევარი მილიარდი დოლარი.

ჩვენმა ხელისუფლებამ ეს ფული სხვადასხვა მიზნებით გახარჯა. ჩვენ ბანკებს კრიზისი არ შეხებია, იმიტომ რომ სააკაშვილს თავისებურად მოგვარებული ჰქონდა პრობლემა. ბანკები თავისთვის უმტკივნეულოდ , ხოლო ხალხის ასაოხრებლად მოქმედებდნენ ზემოთხსენებული მე-20-ე მუხლის "ი" მეორე ცვლილებით, რომელიც შევიდა ძალაში 2008 წლის 14 მარტს.

დარწმუნებული ვარ, რომ მ. სააკაშვილმა ამ დროს იცოდა კრიზისის აუცილებელ გავრცელებაზე საქართველოში, ასევე იცოდა პუტინთან შეთანხმებით 2008 წლის 8 აგვისტოს ოლიმპიადის გახსნის დღეს დაიწყებოდა საქართველოს ამაოხრებელი ომი. მოსახლეობა დაკარგავდა ქონებას, ხოლო მის მიერ კონტროლირებულმა ბანკებმა გადაიფორმეს ხალხის ქონება.

სხვა კანონმდებლობაც ჰქონდა მომზადებული, მაგალითად: კანონი "სააღსრულებლო წარმოების შესახებ" და აღსრულებაში მოქცევა სასამართლოს პირველი ინსტანციის გადაწყვეტილების საფუძველზე, აუქციონების ჩატარება ერთ კვირაში და ა. შ.

სამწუხაროდ უკანასკნელ ოთხ წელშიც ეს ნორმები არ შეცვლილა. ბანკების თავხედობას ბოლო ორი წელია საზღვარი აღარ აქვს. ხშირად ისმოდა ტელევიზიით რეკლამა სწრაფი სესხი 100 ლარი ერთი კვირით, დასაბრუნებელი 107 ლარი, შვიდ დღეში შვიდი ლარი, ანუ წლიური 365%!!! ამ ბოლო დროს სწრაფი სესხები კიდევ უფრო მომრავლდნენ უფრო დიდი პროცენტებით. ხშირად გამომითქვამს აზრი ანტიმონოპოლიურ კანონმდებლობაზე.

1998 წელს ევროსაბჭოს ექპერტებმა, დადებითი დასკვნა დადეს ევროსაბჭოში საქართველოს გაწევრიანების გზაზე , რომ 1996 წლის საქართველოს კანონო "მონოპოლიური საქმიანობისა და კონკურენციის შესახებ" შეესაბამება ევროპულ კანონმდებლობას. აშშ-ში მსგავსი კანონი ამოქმედდა 1890 წლიდან, რამაც შეზღუდა როკფელერის მონოპოლური მდგომარეობა საწვავის ბაზარზე, რამდენიმე წლის წინ ბილ გეიტს "მაიკროსოფტი" დაანაწევრეს და მისი ქონება 102 მილიარდიდან 70 მილიარდზე ჩამოვიდა. მაინც ეს ყველაფერი ჩემ პანაცეად რომ არ ჩანდეს მოვიყვან ერთ ციტატას - "კონკურენციის განვითარება ეკონომიკური წინ სვლის უმთავრეს პირობად არის აღიარებული და მისი ხელშეწყობა სახელმწიფოს ამოცანაა. აღნიშნული მოიცავს თავისუფალი ვაჭრობის და კონკურენციის შემზღუდავი ქმედებების გამოვლენას და აღმოფხვრას.

2005 წელს საქართველოს ხელისუფლებამ გააუქმა "ანტიმონოპოლიური" კანონმდებლობა და სახელმწიფო რეგულირების გარეშე დატოვა ისეთი სახის კონკურენციის შემზღუდავი ქმედებები როგორიცაა: პრივილეგირებული მდგომარეობის საკუთარი ინტერესებისათვის გამოყენება - ბაზარზე მსხვილი მოთამაშეების მიერ ფასების ხელოვნურად დადგენა" - ციტატის დასასრული. ეს არის ციტატა პოლიტიკური ორგანიზაცია "ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს" 2012 წლის საარჩევნო პროგრამიდან, 2005 წელს სააკაშვილმა და ბენდუქიძემ გააუქმეს საკმაოდ კარდი კანონმდებლობა, მე თუ ვინმე მკითხავდა ეს კანონმდებლობა დახვეწას და გაფართოებას მოითხოვდა, ამის სანაცვლოდ მიიღეს საქართველოს კანონი "თავისუფალი ვაჭრობისა და კონკურენციის შესახებ" რომელიც დეპეშა უფრო იყო ვიდრე კანონი.

2014 წელს ჩვენმა ხელისუფლებამ უმნიშვნელო ცვლილება შეიტანა ბენდუქიძის კანონში და ჩათვალა, რომ საკითხი გადაწყვეტილია. ერთხელ ირაკლი ღარიბაშვილმა მოუწოდა კონკურენციის სააგენტოს, რომ ემოქმედა შესაბამისი კანონმდებლობით, მათაც 60 მილიონი ლარით დააჯარიმეს ნავთობით მოვაჭრეები, რამაც დიდი ვნებათა ღელვა გამოიწვია განსაკუთრებით "სოკარის" მხრიდან.

რომ აღედგინათ 1996 წლის კანონმდებლობა, პრემიერის ჩარევის გარეშე, სახელმწიფი შეძლებდა მონოპოლიური მდგომარეობის მქონე ბაზრის მოთამაშეეები და კარტერული გარიგებებით მოვაჭრე ნავთობ კომპანიები ევროპული ქვენების მსგავსად სახელმწიფო რეგულაციებით ემართა. მათ პროდუქციაზე შემცირდებოდა ზემაღალი ფასები, საქართველოს მოსახლეობა ამოისუნთქავდა, გაიზრდებოდა მოთხოვნა ქართულ პროდუქციაზე, ხოლო მონოპოლისტები ვეღარ შეძლებდნენ დაუმსახურებელი მოგების მიღებას, დიდი ოდენობით ლარის უცხოურ ვალუტაზე გადაცვლას, საზღვარგარეთ კოლოსალური თანხების გატანას და ქართული ლარის გაუფასურებას.

ჩვენი თანამემამულეები, რომლებიც ცხოვრებენ და აქვთ ბიზნესი ქვეყნის გარეთ, უფრო თამამად გაბედავდნენ საქართველოში ინვესტიციებს. საკვირველია რატომ არ ვიყენებთ ამ მნიშვნელოვან ბერკეტს ქვეყნის ეკონომიური ამაღლებისთვის.

ჩვენი აზრით, "ქართული ოცნების" ხელისუფლებაში მოსვლისთანავე დაიწყებოდა სააკაშვილის მიერ შეთითხნული ეკონომიკის მართვის მისი მეთოდების დემონტაჟი. იქნებ ეხლა მაინც დავიწყოთ შემდეგი ღონისძიებების გატარება:

- აღსდგეს 2004 წელს გაუქმებული საარბიტრაჟო სასამართლო და შესაბამისი კანონმდებლობა.

- საერთო სასამართლოებში სამოქალაქო დავის წარმოებისათვის სახელმწიფო ბაჟი გახდეს სამართლიანი და ხელმისაწვდომი მცირე შემოსავლიანი მოსახლეობისა და ბიზნესისათვის.

- შეიქმნას პირობები უფასო (ბიუჯეტიდან დაფინანსებული ) იურიდიული კონსულტაციისა და მომსახურეობისათვის, რათა საქართველოს ყველა მოქალაქეს ქონდეს სასამართლოთი სარგებლობის კონსტიტუციური უფლება.

- დაუყონებლივ დაიწყოს სამართლიანი და ობიექტური გამოძიება იმ პირთა და ჯგუფთა მიმართ, ვინც მონაწილეობას იღებდა ქონების, ბიზნესის, საკუთრების უფლების ხელყოფაში. ყოფილი ფინანასთა მინისტრის კ. ბაინდურაშვილის მიერ მოგებისა და საშემოსავლო გადასახადის განსაზღვრისა და შემოწმების წესები შეუსაბამოა კოდექსთან.

- საგადასახადო კოდექსში შევიდეს ცვლილებები ხელფასის საშემოსავლო და მოგებისა და საშემოსავლო გადასახადების განაკვეთები გახდეს პროგრესული მეთოდის. გაუქმდეს ყველად შეუსაბამო 257- ე და 257-პრიმა მუხლები.

- შეიქმნას მცირე და საშუალო ბიზნესომბუდსმენის ინსტიტუტი, ვინაიდან ერთი ომბუდსმენი ვერ დაიცავს ანტაგონისტურად განწყობილი მცირე და მსხვილი ბიზნესის ინტერესებს.

- შეიქმნას მცირე და საშუალო ბიზნენსის, ასევე სოფლის მეურნეობის მხარდამჭერი სააგენტოები, როგორც არსებული ბიზნესის ხელშეწყობისა, ასევე სტარტაპებისთვის.

- შეიქმნას კანონმდებლობა (მსგავსი ევროპული და ამერიკული ქვეყნებისა), სადაც სახელმწიფო ტენდერებში მსხვილ ბიზნეს აქვს პირობა 30% სუბკონტრაქტორი იყოს მცირე ბიზნესი.

- საქართველოს მიწის რესურსების დაცვის, სოფლის მეურნეობის მხარდაჭერის და სამართლიანობის აღდგენის მიზნით გაუქმდეს ნორმატიული აქტები, რომლითაც 2011 წლამდე არსებული სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის იჯარა-გამისყიდვის უფლება გაუქმდა. აღნიშნული ქმედება იყო არაკონსტიტუციური.

- მოხდეს ბანკების და მიკრო საფინანსო ორგანიზაციების რეგულაცია, ვინაიდან უკანასკნელ 2-3 წელიწადში ზოგიერთი სესხის წლიური განაკვეთი გახდა 400-500%.

ზოგიერთ ადმინისტრაციულ ორგანოებში დასაქმებულთა ხელფასების ძალიან მაღალი დონე და ქვეყანაში არსებული სოციალური მდგომარეობა არის შეუსაბამო, არასამართლიანი და დისკრიმინაციული. საჯარო სამსახურებში მუშაკთა რიცხვი ხშირად ზედმეტად გაბერილია.

ბატონო ბიძინა, ჩვენ მცირე და საშუალო მეწარმეები, უმუშევრები, პენსიონერები, ხელმოკლე სტუდენტები, სპორტსმენები, პედაგოგები, ხელოვნების მოღვაწეების დიდი ნაწილი, საზღვარგარეთ სამუშაოდ წასული ხალხის ოჯახის წევრები ვიყავით ბარიკადების ერთ მხარეს. მეორე მხარეს იყვნენ სააკაშვილი, მერაბიშვილი, ახალაიები, ბოკერია, უგულავა, ადეიშვილი, მათი პროკურორები, საგამოძიებო სამსახური, შსს თავის სტრუქტურებით და რა თქმა უნდა სააკაშვილის ჭკუაზე მომართული მსხვილი ბიზნესი. ჩვენ რიცხვით ბევრად მეტნი ვიყავით, მაგრამ უმართავი, არაორგანიზებული, შეშინებული,ჩვენ გვიპირისპირდებოდა ორგანიზებული, კარგად აღჭურვილი და დაუნდობელი სახელმწიფო მანქანა.

როდესაც თქვენ გამოჩნდით პოლიტიკაში, გაჩნდა იმედი, ოცნება. გავხდით ორგანიზებულები, შემართულები, მიზანდასახულები და 2012 წლის პირველ ოქტომბერს მოვიგეთ დიდი ბრძოლა, სამწუხაროდ საბოლოო გამარჯვება ვერ მოვიპოვეთ.

დღეს ბარიკადების იგივე მხარეს ვართ მცირე და საშუალო მეწარმეები, უმუშევრები, პენსიონერები, ხელმოკლე სტუდენტები, სპორტსმენები, პედაგოგები, ხელოვნების მოღვაწეების დიდი ნაწილი, საზღვარგარეთ სამუშაოდ წასული ხალხის ოჯახის წევრები. ბარიკადების მეორე მხარეს აღარ არიან სააკაშვილი, მერაბიშვილი, ახალაიები, მაგრამ არიან დაწინაურებული ძველი პროკურორები, საგამომძიებო სამსახურის თანამშრომლები, შსს-ს თანამშრომლები და რა თქმა უნდა სააკაშვილის ბიზნეს პარტნიორები, რამდენიმე ავტომობილი დაუბრუნდა პატრონს. სხვა საქმეები დევს გამოუძიებელი, უკვე იმედიც აღარ არის.

ბარიკადების ჩვენ მხარეს ისევ დაისადგურა უიმედობამ, უოცნებობამ, ნიჰილიზმმა. სააკაშვილი თავისი ბიზნეს პარტნიორებს ხშირად ჩუქნიდა ერთ ლარად ქონებას (37 ათას ერთეული ქონებაა გაჩუქებული), ხელს უწყობდა სხვისი ქონების წართმევაში, ეხმარებოდა მონოპოლიების შექმნაში, მერე როცა დაჭირდებოდა სძალავდა და აფინანსებინებდა, სხვადასხვა პროექტებს: სიღნაღი, ქუთაისი, ბათუმი, ლოპოტა, იუსტიციის სახლები, შუშის პოლიციის შენობები, პრეზიდენტის სასახლე და ქუთაისის პარლამენტი.

ეს ფული სქართველოს ეკონომიკას ადგებოდა (რა თქმა უნდა უკანონობა იყო). ეგრეთ წოდებული მსხვილი ბიზნესმენები იყვნენ სააკაშვილისგან შეშინებულები, ღირსება აყრილები, მაგრამ რაც მათთვის მთავარია მაძღრები. მათგან ერთმა კაცმაც ვერ გაბედა სიმართლე ეთქვა მაშინდელი ხელისუფლებისათვის. თუ მიშა დაიჭერდა, თითოეული 12-12 ადვოკატს აიყვანდა საზღვარგარეთ დიდი აჟიოტაჟი ატყდებოდა ბიზნესმენი დაიჭირაო.

ჩვენ ვინც ვამბობდით სიმართლეს, ისე დაგვიჭირდნენ, ან გაგვაქრობდნენ, მხოლოდ ოჯახის წევრები და ახლობლები თუ ატირდებოდნენ ამით ყველაფერი დამთავრდებოდა, სამაგიეროდ ღირსება შეგვრჩა. თუ რაიმეთი შერცხვენილები და შეურაწყოფილები ვართ, მხოლოდ ისაა რომ არჩევნების შემდეგ ჩვენი აბსოლუტური იგნორირება მოხდა.

ვისაც ვედავებოდით - მსხვილ ბიზნეს, ან პროკურორებს და გამომძიებლებს, ისინი დღეს უკეთესად არიან და დაგვცინიან, გული ლამის ბოღმისგან გასკდეს, ეს განცდა ყველას გვაქვს, ვისაც სამართლიანობის აღდგენის სურვილი და იმედი ჰქონდა.

ბედნიერებაა, როდესაც მთელი ერი ერთი იდეით, სიყვარულით, თანაგრძნობით და თვითშეწირვით ერთიანდება. 2012 წლის 30 სექტემბერს ერთ მცირე კომერციულ ორგანიზაციაში სამი თანამშრომელი ღამის 10 საათზე წავიდა კახეთში, სადაც იყვნენ რეგისტრირებულები, დილის რვა საათზე მისცეს ხმა "ქართულ ოცნებას" და 11 საათზე დაბრუნდნენ სამსახურში გამარჯვებულები, წვლილ შეტანილები, ამაყები, იმედით და სიყვარულით გულანთებულები. იმ დღეებში გავიგე ესეთი ფაქტები ძლიან ბევრი ყოფილა. ე. წ. მსხვილი ბიზნესი "მენდელსონის ვალს" ცეკვავდა სააკაშვილთან, ადეიშვილთან, მერაბიშვილთან, უგულავასთან. 2012 წლის ოქტომბერში თავზარი დაეცათ, მათ ყველაზე კარგად იცოდნენ რა უკანონოები და უზნეობები ჰქონდათ ჩადენილი.

მცირე და საშუალო ბიზნესის წარმომადგენელები, უმუშევრები, რეპრესირებულები, საზღვარგარეთ წასულები ზეიმობდნენ გამარჯვებას, იმედი ჰქონდათ სამართლიანობის აღდგენის, წართმეულის დაბრუნების და ქვეყნის აღმავლობის. მერე უცბად ყველაფერი შეიცვალა. ერთი მუჭა, მაგრამ დიდი ბიზნესის წარმომადგენლებთან დაიწყო ინტენსიური შეხვედრები, იყო ხელისუფლების ქება-დიდება. მიშა როცა აწიოკებდა თავის ბიზნეს პარტნიორებს დიდი ვარაუდით, უქმნიდა კომპრომატებს, რომ საჭიროების შემთხვევაში გამოეყენებინა თავისი სურვილისამებრ.

არავინ იცის სინამდვილეში დღესაც რა კავშირი აქვთ ერთმანეთთან. ერთი უცნაური და საეჭვო საკითხია: "ნაციონალები", მათი ტელევიზიები, მუდმივად აკრიტიკებენ "ქართულ ოცნებას", ძალიან ხშირად უმიზეზოდ, ტყუილად, მაგრამ არასოდეს ე.წ. მსხვილ ბიზნესთან კარგი ურთიერთობის გამო. მათ აწყობთ მონოპოლისტებმა გამოიზამთრონ "ქართული ოცნების ხელისუფლებასთან" და პირველივე მომენტში აღალატებინონ. 2016 წლის არჩევნებში თუ "ქართული ოცნება" გაიმარჯვებს მიშას ბიზნესპარტნიორები, პროკურორები, გამომძიებლები, სხვა საჯარო მოხელეები, "ქართულ ოცნებასთან" ერთად იზეიმებენ გამარჯვებას. თუ "ნაციონალები" გაიმარჯვებენ მიშას ბიზნესპარტნიორები, პროკურორები, გამომძიებლები სხვა საჯარო მოხელეები, "ნაციონალებთან" ერთად იზეიმებენ გამარჯვებას.

2016 წლის არჩევნებში "ქართული ოცნება" გაიმარჯვებს თუ "ნაციონალები", მცირე და საშუალო მეწარმეები, ქონებაწართმეულები, უმუშევრები, უბრალო ხალხი, იქნება უიმედო, უპერსპექტივო, საზეიმო არაფერი ექნება. მნიშვნელობა არა აქვს როგორი ხარ, მთავარია მიშას ხელდასხმა. მიშამ თუ კლეიმო დაადო ვინმეს იყოს ბიზნესმენი, პროკურორი, საჯარო მოხელე, მნიშვნელობა არა აქვს როგორია - უწესო, უზნეო, მშიშარა, უტვინო, ქონების წამრთმევი, მოძალადე ის ყველა ხელისუფლებაში იქნება წარმატებული. მიშამ ვისაც დაადო კლეიმო არ უნდა ჰქონდეს ქონება, ბიზნესი, საჯარო სამსახური, არა აქვს მნიშვნელობა როგორია-ჭკვიანი, განათლებული , მაღალი მოქალაქეობრივი პასუხისმგებლობით, წესიერი, სამართლისათვის და სიმართლისათვის მებრძოლი , ის ყველა ხელისუფლებაში იქნება წარუმატებული.

ბატონო ბიძინა, უბრალო ხალხს, რომელმაც იზეიმა 2012 წელს 1 ოქტომბერი, ძალიან არ უნდა ნაციონალების უკან დაბრუნება, მაგრამ აღარც არჩევნებში მონაწილეობა უნდათ, აზრი არ ჰქონია არაფერსო. მათში დაისადგურა უიმედობამ, ნიჰილიზმმა. დაახლოებით 350 ათასი მცირე და საშუალო ბიზნესში დასაქმებული, 500 ათასი უმუშევარი, საზღვარგარეთ სამუშაოდ წასული და მათი ოჯახის წევრები, ვინ იცის რამდენი? ელოდება მათთვის სასიკეთოდ, სააკაშვილის დამახინჯებული კანონმდებლობის შეცვლას, სამართლიანობის აღდგენას და ხელისუფლების ყურადღებას. არჩევნებამდე სამი თვე დარჩა, თუმცაღა ერთი-ორი პოზიტიური ნორმატიული აქტის მიღება ჯერ კიდევ შესაძლებელია. ამ ხალხს ბევრი პრეტენზია არა აქვს და ისევ ერთად დგომის სურვილი გაჩნდება.

პატივისცემით,

ნ. მოსულიშვილი

ააიპ "მცირე და საშუალო მეწარმეები სამართლიანობისა და ღირსებისათვის

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×