მოსაზრება
25.07.2016

თამაზ აქუბარდია

მიუხედავად ჩვენ გარშემო მიმდინარე ძალზე საშიში პროცესებისა, მიუხედავად ბევრისათვის გაუსაძლისი ეკონომიკური მდგომარეობისა, ადამიანს მაინც ყოველთვის მომავლის იმედი აქვს, რაც, უპირველეს ყოვლისა მისი ოცნების უნარში გამოიხატება! ოცნება აღაგზნებს ტვინის უფაქიზეს შრეებს, ხატავს მის გარშემო ედემს, აღძრავს ადამიანში გზნებას და ეს ყველაფერი სიყვარულში ჰპოვებს თავის გამოხატულებას! ამიტომ, ყოველთვის და ყველგან უნდა ვეცადოთ მივსდიოთ რომაულ შეგონებას, - გახსოვდეს, რომ ადამიანი ხარ!

დიდი ქართველი მწერალი, ჯემალ ქარჩხაძე, თავის დიდებულ რომანში - "განზომილება" შესანიშნავად ახასიათებს ფილოსოფიის ორ უმნიშვნელოვანეს ცნებას - შესაძლებლობისა და ხდომილების - შორის მიმართებას. მისი აზრით, დიდი ადამიანი "არის თვალსაჩინო ნიმუში იდეისა და გარემოს შუღლისა, რომლის მეშვეობით უფალი ცდილობს რაც შეიძლება კონტრასტულად დაგვანახოს შესაძლებლობა და ხდომილება.

"მაგალითისათვის ავიღოთ ისეთი მკაფიო და გამოჩენილი ხდომილება, როგორიცაა ფილოსოფოსი კანტი. რაღაი კანტი კენინსბერგში დაიბადა და ფილოსოფოსი გახდა, ახლა ადვილია იმის თქმა, რომ კენინსბერგში კი არა, კალინინგრადში რომ დაბადებულიყო და ფილოსოფოსი კი არა, კოლექტივის მერგოლური გამხდარიყო, მრავალი ინტელექტუალური ბარიერი, რომელიც დღეს გადალახულია, გადაულახავი იქნებოდა.

"ასეთია რეალური ვარაუდი, რომელიც იმას ემყარება, რომ კანტი რეალურად კენინსბერგში დაიბადა, მაგრამ კანტი რომ რეალურად კალინინგრადში დაბადებულიყო და კოლექტივის მერგოლური გამოსულიყო, მაშინ აზრად არავის მოუვიდოდა, კაცობრიობას თუ უმისოდ რამე დააკლდა." (კენინსბერგი გერმანული ქალაქი იყო, რომელიც მეორე მსოფლიო ომში გამარჯვების შედეგად საბჭოთა კავშირის ნაალაფარი ქალაქი გახდა სახელად - კალინინგრადი. თ.ა.).

იქვე იგი თავისი გმირის პირით განაგრძობს: "შესაძლებლობა და ხდომილება სხვადასხვა ტიპის სიდიდეებია, სხვადასხვა განზომილებაში მიედინებიან, სხვადასხვა ბუნების კანონებს ( და არა ბუნების სხვადასხვა კანონებს) მორჩილებენ და, რომც განაპირობებდნენ ერთმანეთს... ამას ლოგიკის მეშვეობით მაინც ვერ დაამტკიცებ." და კიდევ, - "როგორც კი იმას დავუშვებთ, რომ საწურთოს ან აუცილებლობა განაგებს, ან შემთხვევითობა (ჩათვალე ბედისწერა- თ.ა.) ...- მყისვე უნდა ვაღიაროთ, რომ აუცილებლობა განაგებს და არა შემთხვევითობა, ვინაიდან, თუ შემთხვევითობა განაგებს და ყველაფერი, რაც ხდება, შემთხვევით ხდება, გამოდის, რომ შემთხვევითობას ალტერნატივა არა ჰქონია და, მაშასადამე, აუცილებლობით ყოფილა გამოწვეული."

ამ დიდებული აზრიდან გამომდინარე გვინდა ასეთი, ერთი შეხედვით რიტორიკული კითხვა დავსვათ - შეუძლია თუ არა ადამიანს, შემთხვევითობათა ამ უსასრულო მიმდევრობათა აუცილებელ ჯაჭვში მისთვის სასურველი შემთხვევითობა ჩართოს? და თუ შეუძლია, ამით იგი ქაოსში, ანუ შემთხვევითობათა ამ უსასრულო ჯაჭვში მისთვის სასურველ შემთხვევითობათა ახალ მიმართულებას შექმნის, რაც იმას ნიშნავს, რომ მისთვის სასურველი წესრიგი შეიტანოს, ან, გნებავთ მართვადი ქაოსის პრეცედენტი შექმნას? და რა მოხდებოდა ასეთ შემთხვევაში, სხვა სამყაროს მივიღებდით, თუ იგივე სამყაროს სხვა სურათს?

თუ თითოეული ჩვენთაგანის დაბადებამდე არსებულ უსასრულო შემთხვევითობათა აუცილებელ ჯაჭვს უცვლელად დავტოვებთ და, შემდგომ ამისა, როდესაც სამყაროში მიმდინარე მოვლენების მჭვრეტელობით აღქმას დავიწყებთ, ის შემთხვევები, რომლიდანაც ჩვენ არჩევანის საშუალება გვაქვს და რაღაც მოსაზრებებით რომელიღაც ერთს ავირჩევთ, ცხადია, სრულიად სხვა ცხოვრების ხაზი გვექნება, მაგრამ შესაძლებელია თუ არა იმ შემთხვევის არსებობა, გნებავთ განხილვა, რომ ჩემი "მე" უკან დაბრუნდეს და სხვა არჩევანი გააკეთოს, რომელიც თავდაპირველისაგან განსხვავებულია?

ან კიდევ უფრო მეტი, შესაძლებელია ჩემი, ე.წ. "ფანტომი", რომელთა რაოდენობა, თუ შესაძლო ვარიანტების ჯამური რიცხვი ნ-ია, შეადგენს 2ნ-ს, ანუ წარმოუდგენლად დიდ სიდიდეს, და, თუ ამ სიდიდეს ყველა ინდიდვიდის რაოდენობის ყველა შესაძლო რაოდენობაზე, ანუ 2ნ ფაქტორიალზე გავამრავლებთ, გვექნება - 2ნყ2ნ!, რაც უკვე სრულიად წარმოუდგენელ სიდიდეს გვაძლევს, ანუ ამდენი რაოდენობის სამყაროთა შესაძლებელი ვარიანტის არსებობა?

ამ ჰიპოთეზის განხილვამდე შევთანხმდეთ, რომ ადამიანთა საზოგადოების განვითარების ერთ-ერთ აგრეგირებულ მაჩვენებელს სამუშაო დროისა და თავისუფალი დროის თანაფარდობის სიდიდე წარმოადგენს. რაც მეტია თავისუფალი დროის ხვედრითი წილი, მით მეტია საზოგადოების კეთილდღეობის ხარისხი.

თავისუფალი დრო, საზოგადოების განვითარებასთან ერთად, როგორც წესი იზრდება და უნდა ვივარაუდოთ, რომ მომავალშიც ეს პროცესი აუცილებლად გაგრძელდება, რომლის ერთ-ერთი ფაქტორი შრომის მწარმოებლურობის ზრდაა. ეს უკანასკნელი კი, სხვა სიკეთესთან ერთად უმუშევრობის შემცირების (და არა გაზრდის, როგორც ეს ბევრს, არც თუ უსაფუძვლოდ ჰგონია) ყველაზე ეფექტიანი გზაა.

მართლაც, თუ, ვთქვათ, მწარმოებლურობის 2-ჯერ გაზრდა, სხვა თანაბარ პირობებში, გამოიწვევს წარმოებული პროდუქციის ორჯერ გაზრდას, მაშინ ჩვენ შეგვიძლია, ასევე სხვა თანაბარ პირობებში, სამუშაო დრო ორჯერ შევუმციროთ დასაქმებულებს და გამოთავისუფლებული დროის პერიოდში დავასაქმოთ უმუშევრების გარკვეული რაოდენობა (და არა ზუსტად იმდენი, რამდენიც მუშაობდა), რადგანაც, ჯერ ერთი პროდუქციის ზრდაზე უშუალოდ შრომის მწარმოებლურობის გარდა სხვა ფაქტორებიც ახდენს გავლენას და, ამდენად, ეს კავშირი პირდაპირპროპორციული არ არის და გარდა ამისა, თავად უმუშევრობის საკმაოდ ბევრი ნაირსახეობა არსებობს, რომელიც ასევე გავლენას ახდენს ამ კავშირზე.

მაგრამ ახლა ჩვენ იმაზე ვაკეთებთ აქცენტს, რომ თავისუფალი დრო, ყველა ზემოთ ჩამოთვლილი მიზეზების შედეგად იზრდება. აქ ერთი არსებითი ხასიათის შენიშვნა უნდა გავაკეთოთ. კერძოდ, ეს ეხება ადამიანთა პოპულაციის სიდიდის დასაშვებ ზედა ზღვარს. საქმე იმაშია, რომ ადამიანთა რაოდენობა დედამიწაზე აუცილებლად მიაღწევს მის ზღვრულ რაოდენობას, ანუ იმ რაოდენობას, როდესაც დედამიწის სასიცოცხლო არეალი მეტს ვეღარ აიტანს.

ცხადია ეს სიდიდე დამოკიდებული იქნება იმაზე, თუ რას ჩავთვლით ადამიანის სასიცოცხლო სტანდარტს, გამოხატულს ფულად ერთეულებში, შემდგომ ამისა, რა რაოდენობის ერთობლივი პროდუქტის წარმოება შეუძლია კაცობრიობას და რამდენია საჭირო ერთი "სტატისტიკური ოჯახისათვის" და ეს სიდიდე უნდა შედარდეს იმ სიდიდეს, რომლის მოცემაც შეუძლია გარემო სამყაროს. ამის შემდეგ უნდა დავადგინოთ ადამიანთა გონივრული რაოდენობის ფორმულა.

ერთ-ერთი, არც თუ დემოკრატიული ფასეულობების მქონე თეორიით, სტატისტიკურად, ყოველი შემთხვევით აღებული 100 ადამიანიდან დაახლოებით 70 თუ არის ინტელექტის დამაკმაყოფილებელი დონის.

ცხადია, ეს სულაც არ არის იმის ბრალი, რომ არსთა განმგებელის მიერ ცოცხალი ორგანიზმების შექმნის პროგრამებში და მისი პრაქტიკული რეალიზაციისათვის საჭირო უზრუნველყოფაში რაიმე წუნი გაეპარა. არა, ეს ასე ნამდვილად არ არის. უბრალოდ, არსთა განმგებელმა გადაწყვიტა შესაძლებლობათა რეალიზების არეალი, გნებავთ მათი თავისუფლების ხარისხის დიაპაზონი, იმდენადვე ფართე ყოფილიყო, რამდენადაც კაცთა მოდგმის თანაცხოვრებისათვის იქნებოდა აუცილებელი და მათ თავად ჰქონოდათ საშუალება თავიანთი შესაძლებლობების მიხედვით განლაგებულიყვნენ, გნებავთ, გადანაწილებულიყვნენ, საზოგადოებრივი ცხოვრების იერარქიული კიბის შესაბამის საფეხურებზე. ამისათვის კი, უბრალოდ აუცილებელი იყო, რომ მათი ინტელექტუალური შესაძლებლობები განსხვავებული ყოფილიყო.

აქ სიტყვა "ინტელექტი" ძალზე ფართო გაგებით უნდა გავიაზროთ. ეკონომიკური თეორიის ენაზე რომ ვთქვათ, ადამიანებმა ის საქმე უნდა აკეთონ, რაც მათ ყველაზე კარგად გამოსდით საზოგადოებრივი თანაცხოვრების პირობებში, ანუ, რაშიც აქვს ე.წ. "შედარებითი უპირატესობა" და რამდენადაც არარსებობს თუნდაც ორი, ზუსტად ერთნაირი ადამიანი, ამიტომ თითოეულ მათგანს რაღაც ფორმით და რაღაც რაოდენობით ეს "შეფარდებითი უპირატესობა" გააჩნია. მაგრამ ამ განსხვავებათა მხოლოდ 70 პროცენტია, თუნდაც ამ ფართო გაგებით "ინტელექტუალი", დანარჩენი, ძალიან პრაგმატულად თუ შევხედავთ საკითხს ამ 70 პროცენტის შესანახია და, რადგანაც ადამიანები ვართ, საზოგადოება ვალდებულია ისინი არ გაწიროს.

როგორც უკვე ითქვა, ადამიანთა პოპულაციის ზრდა არ შეიძლება უსასრულობამდე გაგრძელდეს და ის, რომ ზესახელმწიფოები, რომელთა რეალურ და პოტენციალურ რაოდენობათა ჯამი 4-5-ს არ აღემატება, ცდილობენ მსოფლიო ბატონობა მოიპოვონ და, როგორც ჩანს, ადრე, თუ გვიან ეს ასეც მოხდება, აუცილებლად დადგება დღის წესრიგში საკითხი, ადამიანთა ოპტიმალური რაოდენობასთან, რომელთა ცხოვრებაც იქნება ღირსეული, ხოლო საიდან მოხდება და როგორ მოხდება მათი შერჩევა, ეს იქნება რაიმე წესზე დაფუძნებული, თუ ეს იქნება სტიქიურად, ძნელი სათქმელია, მაგრამ ბოლოს და ბოლის ადამიანები მივლენ იმის აუცილებლობამდე, რომ არჩევანი მოხდეს იმ 70 პროცენტიდან, რომელსაც არსთა განმგებელი გვთავაზობს.

რატომ მივალთ ასეთ სიტუაციამდე გასაგებია, - ადამიანის მოთხოვნილებების დაკმაყოფილებას ადამიანის შრომა აღარ დასჭირდება, რადგან იქნება სრულიად ავტომატიზირებული პროცესი, რომელიც ადამიანის ჩაურევლად იმუშავებს და მის ნებისმიერ გონივრულ მოთხოვნას დააკმაყოფილებს და დადგება არანაკლებ დიდი პრობლემა, - როგორ გამოიყენოს ადამიანმა თავისუფალი დრო.

ანტიკურ ხანაში თავისუფალი დროის პრობლემა მხოლოდ საზოგადოების ყველაზე უზრუნველყოფილ ფენას ჰქონდა და ისინიც ამას პოეზიით, თეატრალიზებული წარმოდგენებით და სხვადასხვა სახის სანახაობებით იკმაყოფილებდნენ, - გლადიატორების ბრძოლებით დაწყებული და პერმანენტული ორგიებით დამთავრებული.

გუტენბერგის მიერ წიგნის ბეჭვდის აღმოჩენამ თავისუფალი დროის პრობლემის გადაჭრას უფრო ინდივიდუალიზებული ხასიათი მისცა, რადგანაც თითოეული მკითხველი ერთი ერთზე რჩებოდა ნაწარმოების გმირებთან. კინემატოგრაფმა კი შექმნა ვირტუალური სამყარო, რასაც ინდივიდუალიზებული სახე მისცა პერსონალური კომპიუტერის გამოგონებამ.

სულ უფრო და უფრო მეტი ადამიანი "ცხოვრობს" კომპიუტერების მიერ შექმნილ ვირტუალურ სამყაროში და თუ ჯერ სხვადასხვა ვირტუალური თამაშების მონაწილეა გარედან ზემოქმედების მეშვეობით, სულ მალე ალბათ მისი ორეული "ფანტომი" უკვე უშუალოდ გახდება ამ პროცესების მონაწილე და იქ "გათამაშდება" ყველა შესაძლო შემთხვევათა ის უსასრულო რაოდენობა, რომლის შესახებ ჩვენ ზემოთ ვისაუბრეთ. ამის შემდეგ ისინი უკვე "თავისი საკუთარი ცხოვრებით იცხოვრებენ", ერთდ შექმნიან ვირტუალურ სახელმწიფოებს, თანაცხოვრებისათვის საჭირო სამართლებრივი ატრიბუტებით და ყველა შესაძლო ვარიანტების პარალელურ სამყაროებში. ამის შემდე თუ კი მოხერხდება თითოეული ჩვენთაგანის საკუთარი "მე"-ს კოპირება და მისი გადატანა ამ ვირტუალურ სამყაროში, მაშინ აქაური "მე"-ს პარალელურად უამრავი "მე" იქნება პარალელურ სამყაროთა უსასრულო ჩამონათვალში.

თუ ეს ყველაფერი რეალურად მოხერხდება, მაშინ ჩვენ ჩეგვიძლია იმაზეც ვიფიქროთ, თუ როგორ წავიდეთ საწყისი წერტილიდან უკან, ე.წ. "წარსულში" ნებისმიერი სიზუსტით და იქაც ვნახოთ ყველა შესაძლო ვარიანტების ყველა შესაძლო შედეგები, მიმართული ჩვენი წინაპრებისკენ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×