მე-19 საუკუნის ბოლოს ქართული პრესის ფურცლებზე აქტიურად შუქდებოდა საქართველოში ახლად დაწყებული საბანკო საქმიანობა. განსაკუთრებულ დაინტერესებას იჩენდნენ გაზეთები "დროება", "ივერია", "კვალი" და სხვა, რომლებიც წერდნენ, რომ მე-19 საუკუნის ბოლოს საქართველოში თითქმის არ ყოფილა ქვეყნის სამეურნეო-ეკონომიკური და კულტურული განვითარების არც ერთი საყურადღებო საკითხი, რომელიც ამა თუ იმ თვალსაზრისით საადგილმამულო ბანკის მეტად მრავალმხრივ მოღვაწეობას არ დაკავშირებოდა.
თბილისისა და ქუთაისის საადგილმამულო ბანკები მთელი საქართველოს მოწინავე საზოგადოებრიობის ყურადღების ცენტრში იყო მოქცეული. ამ საკრედიტო ორგანიზაციების საქმიანობაში აქტიურად იყო ჩაბმული მოწინავე ქართველი ინტელიგენცია, მათ შორის ილია ჭავჭავაძე, აკაკი წერეთელი, სერგი მესხი, ნიკო ნიკოლაძე და სხვები. დღევანდელ სტატიაში ამ თემაზე გამოქვეყნებულ ყველა გამოხმაურებას ვერ შევეხებით, მაგრამ რამდენიმე საინტერესო პუბლიკაციას მაინც შევთავაზებთ ჩვენს მკითხველს.
"გადაუჭარბებლად შეიძლება ითქვას, რომ საქართველოში არც ერთ სხვა საკითხზე იმდენი დავა და კამათი არ ყოფილა, როგორიც თბილისისა და ქუთაისის ბანკების გარშემო იმართებოდა. კაცი ვერ მოთვლის, რამდენი ერთმანეთის მსგავსი და მოწინააღმდეგე აზრი გამოითქვა, როგორც ეს სათავადაზნაურო ბანკების დაარსების თუ მათი დანიშნულების თაობაზე გამოითქვა. ზოგი იმასაც კი ამტკიცებდა, ქართულ თავადაზნაურობას ბანკი და კრედიტი არ გამოადგებაო," - წერდა სერგი მესხი.
ილია ჭავჭავაძის მიერ წარმოთქმული სიტყვა, რომელიც გაზეთ "დროებაში" დაიბეჭდა 1875 წელს
ილია ჭავჭავაძე თვითონ იყო თბილისის საადგილმამულო ბანკის დამაარსებელი და მისი უცვლელი ხელმძღვანელი 30 წლის მანძილზე და ცხადია, მას ყველაზე ნათლად ჰქონდა წარმოდგენილი ქვეყნისთვის ბანკის როლი და დანიშნულება.
"შეუძლებელია, რომ ბანკმა თვითოეულს ჩვენგანს ცალკე სესხის მეტი სხვა რამ შემწეობა მოუტანოს, უწინაც მითქვამს და ახლაც მოგახსენებთ, რომ ბანკი ამ მხრით, ე.ი. იმით, რომ ფულს ასესხებს, კაცის ამშენებელიც არის და დამღუპველიც. ვინც ბეჯითია და მხნე, ვისაც გონება აქვს, გულმოდგინე შრომის სურვილი და მხოლოდ ფული აკლია, რომ თავისი საქმე წარმართოს, ღვთის წყალობა თქვენა გაქვთ, რომ იმისათვის ბანკი ყოვლად მხსნელი სახსარი იყოს.
- კაცი ბეჯითი, მხნე, შრომისმოყვარე რამოდენასაც თავის თავს შეჰმატებს ჩვენის ბანკის შემწეობით, იმოდენას შეჰმატებს ჩვენს ქვეყანასაცა, თავის შემოსავალს ოცი კოდიც რომ მოუმატოს, ჩვენი ქვეყანა უწინდელზედ ოცი კოდით უფრო მდიდარი შეიქნება იმის მეოხებით და ჩვენი ბანკის შემწეობით. ისინი კი, ვისაც ბანკი უხარიათ მარტო იმისათვის, რომ ფულს მალე ვისესხებთ და იმ ფულებით ქეიფს გავწევთო, იმათთვის, არამც თუ ჩვენი ბანკი, ყოველგვარი ბანკი წინდაწინვე გათხრილი სამარეა," - ასეთი იყო ილია ჭავჭავაძის შეხედულება ბანკის შესახებ, ასე ესმოდა მას ბანკის დანიშნულება.
პრესაში ისიც იბეჭდებოდა, რომ, სამწუხაროდ, ბანკის დამფუძნებელ თავადაზნაურთა უმრავლესობამ ვერ გამოიყენა რაციონალურად ბანკის შემწეობა და ამას ის შედეგი მოჰყვა, რასაც ილია ჭავჭავაძე წინასწარმეტყველებდაო. ანუ, ბანკის დანიშნულებით, მემამულეებისათვის მიეცა გრძელვადიანი სესხი მამულის გასაუმჯობესებლად, ქართველმა თავადაზნაურობამ ვერ ისარგებლა.
"ისინი მამულებს აგირავებენ, ფულს იღებენ, მაგრამ ამ ფულს გონივრულად ვერ იყენებენ, დროსტარებაში ხარჯავენ, სანამ ნასესხები ფული გასწვდებათ მას სარგებელი შემოაქვთ ბანკში, როცა შემოაკლდებათ კიდევ ახალ-ახალ ნაკვეთებს აგირავებენ; თუ ამ საშუალებას მოკლებული არიან ბანკის გამგეობა ვადაგადაცილებულ დაგირავებულ მამულს, საჯარო ვაჭრობით ყიდის და ასე ეცლებათ მათ თავიანთი ადგილ-მამული ხელიდან. ამ მდგომარეობის გამო მემამულეები ბანკის გამგეობაზე უკმაყოფილო რჩებიან და მათ შორის დამოკიდებულება იძაბება," - წერდა მაშინდელი ქართული პრესა.
ნიკო ნიკოლაძე ქუთაისის საადგილმამულო ბანკის შესახებ
"ამ დღეებში გადაწყდა ქუთაისში ექვსი წლის გაჭიანურებული, დაუბოლავებული და თავმოუბმელი "ბანკის საქმე". ამ გადაწყვეტილებაზე დამოკიდებულია, ჩვენი საზოგადოების აზრით, ჩვენი ქვეყნის მომავალი თუ არა ჩვენი აზნაურობის ბედი ხომ მაინც. მომავალი ბანკიდან გაკეთებას და სულის ჩადგმას ელის ჩვენი გაღატაკებული საზოგადოება. იმან წელი უნდა გაუმაგროს ჩვენს აზნაურობას და მომავალი დაუმზადოს შემდეგ თაობას, იმაზე ბრუნავს მთელი მხარის იმედი და იმას შეჩერებია, მისგან დახსნას მოელის მთელი ჩვენი ქვეყანა," - წერდა ნიკო ნიკოლაძე 1873 წელს.
ქუთაისის საადგილმამულო ბანკი 1876 წელს დაარსდა, ბანკს ხელმძღვანელობდა გემგეობა, რომლის თავმჯდომარედ პირველად არჩეული იქნა ბესარიონ ღოღობერიძე, წევრები ნიკო დადიანი და დავით ერისთავი. 1880 წლიდან ქუთაისის ბანკში დიდი ცვლილებები მოხდა. სწორედ იმ პერიოდიდან იწყებს იგი ხელგაშლილად სესხების გაცემას. მარტო ქუთაისის ქალაქის მამულებში სამი წლის განმავლობაში გაუცია 2 მილიონ მანეთზე მეტი. 19 წლის განმავლობაში ქუთაისის ბანკი საზოგადო საჭიროებისათვის იძლეოდა მოგების 60%-ს. მოიპოვა უფლება თავისი ოპერაციების გაფართოებისათვის და თავისი მოქმედების გავრცელებისა ერევნის, ბაქოსა და განჯის გუბერნიაში და ნება მიეცა გირავნობის ფურცელთა განუსაზღვრელი რაოდენობით გამოცემისა.