ვიცე-პრემიერი, ენერგეტიკის მინისტრი კახა კალაძე პრეზიდენტს მოუწოდებს, თავი შეიკავოს ჭორაობისგან და პატივი სცეს პრეზიდენტის ინსტიტუტს. ამის შესახებ კალაძემ ოზურგეთში "ქართული ოცნების" მაჟორიტარი კანდიდატების წარდგენამდე განაცხადა და პრეზიდენტის იმ განცხადებას უპასუხა, რომელიც კორცხელის ინციდენტთან კახა კალაძის კავშირს ეხებოდა.
კალაძე მიიჩნევს, რომ ბოლო ორი დღის განმავლობაში პრეზიდენტის მხრიდან არაადეკვატური განცხადებები ისმის.
"აშკარად ჩანს, რომ ის ცდილობს სახელმწიფო ინსტიტუტების გარკვეული დისკრედიტაცია განახორციელოს. რაზეც დგას ნებისმიერი დემოკრატიული ქვეყანა, ჩვენი ქვეყანა და სახელმწიფო, ეს ადამიანი ცდილობს თავისი განცხადებებით მათი დისკრედიტაცია მოახდინოს. აშკარად ჩანს, რომ ის ამ განცხადებების გამო დაბნეულია," - განაცხადა კალაძემ.
მისივე თქმით, მარგველაშვილის გამოსვლები "ნაციონალური მოძრაობის" განცხადებებს ხშირად ემთხვევა. ამბობს, რომ არ ახსოვს, პრეზიდენტს კარალეთის ინციდენტის გამოძიება მოეთხოვა.
ახდენს თუ არა მარგველაშვილი თავისი გამოსვლებით სახელმწიფო ინსტიტუტების დისკრედიტაციას? ამ კითხვით "რეზონანსმა" საზოგადოების წევრებს მიმართა.
იგორ კვესელავა (ისტორიის მეცნიერებათა დოქტორი): კალაძის განცხადებას აბსოლუტურად ვეთანხმები. ასევე ვიზიარებ "ოცნების" სხვა ლიდერების შეფასებებს პრეზიდენტთან მიმართებაში. გიორგი მარგველაშვილი უკვე ყველაგვარ ზღვარს გადადის. სამწუხაროდ, ჰგონია, რომ მისი გამოხტომები ყველას და ყველაფრის წინააღმდეგ, პრეზიდენტის ინსტიტუტის განმტკიცებას შეუწყობს ხელს. არადა ყველაფერი პირიქით არის. ეს კაცი ყველაზე უმადური ადამიანია - რომ არა "ოცნება", ის ამ თანამდებობაზე ვერასდროს მოხვდებოდა. მარგველაშვილი არჩეული კი არა, უბრალოდ დანიშნული პრეზიდენტია.
თაკო ჩარკვიანი (პუბლიცისტი): კახი კალაძის განცხადებას არ ვეთანხმები, რადგანაც როცა ქვეყნის პირველი პირი ასეთ განცხადებას აკეთებს, რეაგირება მაშინვე უნდა მოხდეს. ჩემი აზრით, მარგველაშვილის ნათქვამი სწორია თუ არასწორი, ის მაინც ქვეყნის პირველი პირია და მის ყველა განცხადებას ადეკვატური რეაგირება უნდა მოჰყვეს.
პრეზიდენტის ინსტიტუტის დისკრედიტაციას თავად "ქართული ოცნება" ცდილობს და მათი მხრიდან არაკორექტული კომენტარები გაკეთდა. სირცხვილია, როცა პრეზიდენტზე ამბობ, რომ თურმე მას ალკოჰოლი უყვარს და ზედმეტად მეტი ჰქონდა დალეული.
კალაძემ კარალეთის ფაქტი ახსენა, კი ბატონო, მოხდეს ამ საქმის გამოძიება. ასევე მოხდეს კორცხელის ინციდენტის გამოძიებაც. თუ წინა ხელისუფლების მიერ ჩადენილი შეცდომები არ მოგწონს, იგივეს რატომღა იმეორებ? ასე სახელმწიფო წინ ვერ წავა. პრეზიდენტის გამოსვლაზე ღლაბუცი და დაცინვა, ეს რას ნიშნავს?
ნანა კაკაბაძე (უფლებადამცველი): ვეთანხმები კახი კალაძის განცხადებას, რადგანაც ის პიროვნება, რომლიც პოლიციამ გაჩხრიკა და მარგველაშვილის განცხადებით მისი ოჯახის წევრია, სამართლიანად შეამოწმა. ეს ადამიანი წინა ხელისუფლების დროს ციხეში საკმოდ მძიმე დანაშაულებისთვის იხდიდა სასჯელს. 17 წელი ჰქონდა მისჯილი. მოვიდა თუ არა მარგველაშილი პრეზიდენტად, მაშინვე შეიწყალა, მითუმეტეს მასზე ნაკლები სასჯელი ჰქონდა ბევრ პატიმარს, რომლებიც არ გაათავისუფლა. ამიტომაც, როცა პრეზიდენტი გამოდის და მსგავს განცხადებას აკეთებს, თავად უნდა სცხვენოდეს. ეს არის მიზანმიმართული პროვოკაცია, რომელსაც პრეზიდენტი "ნაციონალურ მოძრაობასთან" ერთად ახორციელებს. ის ამ ხალხს შეეკრა.
გია ბუღაძე (ფერმწერი): კახი კალაძეს არასდროს არაფერში არ ვეთანხმები. არც ფეხბურთელობის დროს და არც ახალა. რაც შეეხება ინსტიტუტების დისკრედიტაციას, მარგველაშვილი კი არა, ამას "ქართული ოცნება" ახორციელებს. რაც უფრო ბევრს ილაპარაკებენ, ხალხი მით უფრო დაინახავს, ვინ არის მტყუანი და ვინ მართალი. ჩემი აზრით, ქვეყანაში ორი მაფიოზია, რომლიც ხელისუფლებას მართავს - ბიძინა ივანიშვილი და კახი კალაძე.
სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"
ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე
საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"
ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე