რუსეთის ისტორიის არაერთი ფურცელია ბურუსით მოცული. დღემდე საიდუმლოდ რჩება ბევრი რეზონანსული საკითხი, რაც, ხშირ შემთხვევაში, საზოგადოების კამათისა და იდეური დაპირისპირების საფუძველი გახლავთ. ერთ-ერთი მათგანია რუსეთის იმპერატორის, ყველაზე ძლიერი და საამაყო რუსი ხელისუფლის, პეტრე პირველის წარმომავლობა.
ამ საკითხზე ისტორიოგრაფიაში დიდი ხანია, მიდის კულუარული საუბარი. საბჭოთა კონიუნქტურა აბსოლუტურად გამორიცხავდა ამ თემაზე ოფიციალურ კვლევას, პოსტსაბჭოთა სივრცეში კი ეს მეტ-ნაკლებად შესაძლებელი გახლავთ, თუმცა, საქმე ისაა, რომ ის პირველწყაროებია განადგურებული, რამაც ეს ვერსია განსჯის საგნად აქცია.
გაანადგურეს თუ არა ნატალია ნარიშკინას წერილი სტალინის ბრძანებით
ყველაფერი დაიწყო იმით, რომ პეტრე პირველის შესახებ რომანზე მუშაობისას ცნობილ მწერალ ალექსეი ტოლსტოის არქივში მიუგნია რამდენიმე წერილისთვის, რომლებიც ნატალია ნარიშკინას, პეტრე პირველის დედას ეკუთვნოდა. დედოფალი ქართველ უფლისწულ ერეკლე ბატონიშვილს სწერს მცირეწლოვანი პეტრეს შესახებ და ყრმას საერთო შვილად იხსენიებს.
გადმოცემით, ეს წერილები ალექსეი ტოლსტოის სტალინისთვის უჩვენებია, რომლის სურვილიც ყოფილა ამ დოკუმენტების განადგურება, იმ მოტივით, რომ რუსეთისთვის პეტრე გამორჩეული მოღვაწეა, რომ მას სხვა რომანოვები ვერ უტოლდებიან და შესაბამისად, ასეთი სენსაცია რუსეთისთვის მტკივნეული იქნებოდა.
საგულისხმოა, რომ პირველწყაროებისადმი ასეთი თვითნებური დამოკიდებულება, დოკუმენტების ფაბრიკაცია, საბჭოთა რეალობისთვის ჩვეულებრივი პრაქტიკა გახლდათ.
მანამადე ეს მასალა აკადემიკოს ნიკო ბერძენიშვილსაც უნახავს, შესაბამისი ასლებიც გადაუღია, თუმცა, თბილისში ჩამოსვლისას უშიშროებას მოუთხოვია ამ მასალების გადაცემა. ბერძენიშვილს არქივში ადრე არსებული ნომრითა და შიფრით შემდეგაც უცდია ამ მასალების ხელახლა მოპოვება, თუმცა, იქ სულ სხვა დოკუმენტები დახვედრია.
ერთი სიტყვით, ეს ყველაფერი მხოლოდ ზეპირი გადმოცემებია და ამის დამადასტურებელი მტკიცებულებები არ არსებობს. მიუხედავად ამისა, რუსულმა ისტორიოგრაფიამ შემოგვინახა ის კვალი, რაც გვაფიქრებინებს, რომ ნარიშკინას წერილის არსებობა რეალური ფაქტი გახლდათ და არა წინასწარი დაკვეთით შესრულებული დავალება.
ჯერ კიდევ "სტრელცების" აჯანყებამ გაამჟღავნა ის საიდუმლო, რომლის დაფარვასაც გულდასმით ცდილობდა საბჭოთა ისტორიოგრაფია.
რატომ აუჯანყდნენ პეტრეს "სტრელცები"
რუსეთის მეფე ტრადიციულად "სტრელცებს", მსროლელთა ჯარს ეყრდნობოდა. სწორედ "სტრელცების" მოვალეობა გახლდათ მეფის დაცვა, ამიტომაც ისინი უმთავრესად მოსკოვში, რუსეთის იმდროინდელ დედაქალაქში იყვნენ დაბანაკებული.
1689 წლის 7-8 აგვისტოს ღამით, "სტრელცები" მოსკოვიდან აიყარნენ და დედაქალაქის მახლობელ სოფელ პრეობრაჟენსკოეში მყოფი პეტრე პირველის მოსაკლავად გაემართნენ. პეტრემ ტროიცე-სერგეევის მონასტერს შეაფარა თავი.
"სტრელცების" აჯანყებები რუსეთში მანამდეც ყოფილა და მის შემდეგაც, ეს არ იყო უჩვეულო ამბავი, თუმცა, ბუნებრივია, ნებისმიერ გამოსვლასა და წინააღმდეგობას თავისი მიზეზი ჰქონდა. სწორედ ეს მიზეზი იყო გასარკვევი - რატომ გაიმეტეს "სტრელცებმა" პეტრე მოსაკლავად?
მოგვიანებით ყველაფერს მოეფინა ნათელი - აჯანყების დღეს, 7 აგვისტოს "სტრელცებთან" მისულა პეტრეს ნახევარდა სოფიო, მეფე ალექსის ქალიშვილი პირველი ცოლისგან. სწორედ მან გაამჟღავნა "სტრელცებთან", რომ რუსეთის ტახტზე ასული პეტრე იყო არა მეფე ალექსი მიხეილის ძის, არამედ ქართველი ბატონიშვილის, ნიკოლოზის (რუსეთში ერეკლე პირველს ნიკოლაი დავიდოვიჩს უწოდებდნენ) შვილი.
რა მოტივაცია გააჩნდა სოფიას საიდუმლოს გამჟღავნებისას
მაინც რა ინტერესები ამოძრავებდა სოფიოს? რატომ ჩათვალა საჭიროდ სახელმწიფოებრივად ასეთი საშიში პოლიტიკური სვლა? პასუხი მარტივია - სოფიო ტახტისათვის იბრძოდა, თუმცა, მთავარი წინააღმდეგობა ის იყო, რომ ქალი ტახტს ვერ დაიკავებდა მანამ, სანამ მემკვიდრე ვაჟი ცოცხალი იქნებოდა.
ცხადია, რომ სწორედ პეტრე უქმნის ბარიერს სოფიოს, ჩაიგდოს ტახტი ხელში. მას სხვა გზა არ დარჩენია - ძირითადი შეტევა უნდა მიიტანოს პეტრეზე, მეფე უნდა მოკლას...
სწორედ კონკურენტის ჩამოსაცილებლად გადაწყვიტა სოფიომ ვა-ბანკზე წასვლა და სამეფო ოჯახის საიდუმლოს საქვეყნოდ გამჟღავნება. ეს იყო ერთადერთი საშუალება, აღესრულებინა საკუთარი მიზანი.
მაგრამ საცნაური ისაა, რომ ეს ამბავი - პეტრე პირველი ქართველი უფლისწულის შვილი რომ იყო, მანამდეც ცნობილი გახლდათ ბოიარებში, თუმცა, მხოლოდ მოარული ხმები პეტრეს ვერაფერს აკლებდა. არადა, სოფიოსათვის მთავარი წინაღობა სწორედ ცოცხალი პეტრე გახლდათ.
ამბავი ქართველი უფლისწულის მოსკოვური ოდისეისა
ვინ იყო ქართველი უფლისწული ერეკლე, რომლის მოსკოვურმა ოდისეამ ასეთი ვნებათაღელვა გამოიწვია? ის ქართლის მეფე თეიმურაზ პირველის შვილიშვილია. სწორედ თეიმურაზმა გაგზავნა ერეკლე რუსეთის მეფის კარზე, სადაც მან დედამისთან ერთად 20 წელი დაჰყო.
რუსული წყაროები ქართველ ბატონიშვილს ნიკოლოზად მოიხსენიებენ, ის მცირე ხანს ჯერ ქართლში, ხოლო შემდეგ კახეთში მეფობდა. მოგვიანებით შაჰის გვარდიის სარდალი გახდა და ნაზარალი-ხანი ეწოდა.
ერეკლემ მოსკოვის სამეფო კარზე ახლო ურთიერთობა დაამყარა ალექსი მიხეილის ძესა და რუსულ წარჩინებულ ბოიარებთან. ქართველი ბატონიშვილი პოპულარობით სარგებლობდა რუს ქალბატონთა შორის. ის დაუახლოვდა ნატალია ნარიშკინას, რომელიც თავადის, არტამონ მატვეევის ოჯახში იზრდებოდა.
საგანგებოდ უნდა აღინიშნოს - ერეკლე და ნატალია ერთმანეთს დაახლოვებული იყვნენ მანამადე, სანამ ნარიშკინა დედოფალი გახდება. არის ვერსია, რომ არტამონ მატვეევი დაინტერესებულიც კი იყო, რომ მისი ნათესავი ნატალია კახეთის მეფის შთამომავალს გაჰყოლოდა ცოლად. ასე რომ, ერეკლესა და ნატალიას ინტიმური ურთიერთობა სრულიადაც არ იყო ბოიარებისათვის დაფარული.
როგორ შეარჩიეს ნატალია ნარიშკინა რუსეთის დედოფლად
1669 წელს გარდაიცვალა მეფე ალექსის მეუღლე, დედოფალი მარია მილოსლავსკაია. პირველი ქორწინებიდან ალექსის მასთან 5 ვაჟი და 6 ქალიშვილი შეეძინა. მეფის ხუთივე ძე დაბადებიდანვე ავადმყოფი იყო. ამის მიზეზი არაჯანსაღი გენეტიკა გახლდათ. 3 ვაჟი ნაადრევად, გარდაეცვალათ, ცოცხლად დარჩენილნი, თევდორე და ივანე მძიმე ავადმყოფები იყვნენ. თევდორე გონებრივად განვითარებული კი იყო, მაგრამ გადაადგილება უჭირდა, პრაქტიკულად სასახლიდან ვერ გადიოდა. უფლისწული ივანე კი გონებაშეზღუდული გახლდათ და მემკვირდედ ვერ გამოდგებოდა.
საგულისხმოა, რომ ავადმყოფი იყო ალექსის მამა, პირველი რომანოვი მეფე - მიხეილი. სხვათა შორის, საკმაოდ სიმპტომატურია მოტივაცია, რომლითაც ბოიარებმა მიხეილი 1612 წელს მეფედ აირჩიეს - მიშკა იყოს მეფედ, რომანოვი, ჭკუა მაინც არ მოეკითხებაო.
ალექსი მართალია, გონებრივად განვითარებული და ფიზიკურად ძლიერი იყო, უყვარდა ნადირობა და პოლონეთის წინააღმდეგ ომებშიც აქტიურად მონაწილეობდა, მაგრამ 40 წლის ასაკში მოტყდა და ღრმად მოხუცებულს დაემსგავსა.
იმ მიზეზით, რომ რუსეთს სამეფო ტახტს ჯანმრთელი მემკვიდრე არ ჰყავდა, ალექსის მეორედ უნდა ექორწინა. არჩევანი ქრთველი უფლისწულის მეგობარ 19 წლის ნატალია ნარიშკინაზე შეჩერდა, რომელიც მეფეს თავად არტამონ მატვეევის ოჯახში გააცნეს.
როგორ ცივად გამოისტუმრეს ქართველი უფლისწული მოსკოვიდან
მეფე ალექსიმ და ნატალია ნარიშკინამ იქორწინეს 1671 წლის 22 იანვარს, ხოლო პეტრე პირველი დაიბადა 1672 წლის 30 მაისს. მეფის ქორწილში ბატონიშვილ ერეკლეს საპატიო სტუმრების მიღება ევალებოდა. ეს როლი ალექსიმ თავად დააკისრა ერეკლეს.
სასახლის კარზე იცოდნენ, რომ რუსეთის დედოფალს, ნატალიას, ინტიმური ურთიერთობა ჰქონდა ქართველ ბატონიშვილთან, თუმცა ამაზე თვალს ხუჭავდნენ იმ მარტივი მიზეზის გამო, რომ მეფე ალექსის შვილი არ ეყოლებოდა. შესაბამისად ქვეყანაც მეფის გარეშე რჩებოდა.
თუმცა, ეს დამოკიდებულება ერთ დღესაც შეიცვალა და ქართველი ბატონიშვილი ცივად გამოისტუმრეს რუსეთიდან. ამ ამბიდან ერთი წლის შემდეგ მეფე ალექსიც გარდაიცვალა.
როგორ გაამჟღავნა შვედმა დიპლომატმა ერეკლე პირველის საიდუმლო
შვედმა დიპლომატმა და აღმოსავლეთმცოდნე ჰ. ბრენერმა 1723 წელს გამოსცა წიგნი, სადაც წერს: "ერეკლე უფლისწულს სხვა შვილიც ჰყავს, ასაკით უფროსი, გარყვნილებისგან შობილი, რომელიც მან ოდესღაც მოსკოვეთში შვა."
ჰ. ბრენერი ერეკლე |-ს ირანში შეხვდა და უშუალოდ მისგან მოისმინა რუსეთის მეფის კარზე ყოფნის კულუარული ამბები. საგულისხმოა, რომ ამ ჩანაწერების გამო ჰ. ბრენერი დაპატიმრებულიც ჰყავდათ რუსეთში.
აღნიშნულ ცნობას ჯუანშერ ვათეიშვილმა მიაკვლია. ისტორიკოსი ფიქრობს, რომ ამ "გარყვნილებისგან შობილ შვილში" პეტრე უნდა იგულისხმებოდეს.
იცოდა თუ არა პეტრე პირველმა თავისი წარმომავლობის შესახებ
ძნელია, გადაჭრით რაიმე ითქვას, თუმცა, პეტრეს ჭორის დონეზე მაინც უნდა სცოდნოდა, ვინ იყო მისი ნამდვილი მამა. გაუმჟღავნა თუ არა დედამისმა, ნატალია ნარიშკინამ შვილს საიდუმლო, არავინ უწყის, ფაქტი კი ისაა, რომ პეტრე |-ს საქართველოს მიმართ განსაკუთრებული სიმპათიები არ გამოუმჟღავნებია.
ამის დასტურია ის უმძიმესი შემთხვევა, ქართლის მეფეს, ვახტანგ მეექვსეს რომ უღალატა, რამაც საქართველოს ისტორიაში ერთ-ერთ უმძიმეს პერიოდს დაუდო სათავე. სამაგიეროდ, სულ სხვა დამოკიდებულება ჰქონდა მას ქართველ ბატონიშვილ ალექსანდრეს მიმართ, რომელიც რუსეთის არტილერიის უფროსად დანიშნა და დიდი ფულიც გადაუხადა შვედებს, ალექსანდრე ტყვეობიდან რომ გამოეხსნა.
და კიდევ ერთი, არცთუ უმნიშვნელო დეტალი - რუსეთის იმპერატორი პეტრე პირველი სხვა ტიტულებთან ერთად იხსენიება როგორც "ივერიის ქვეყნის, ქართლისა და საქართველოს მეფეების მბრძანებელი და ხელმწიფე".
აქ იგულისხმება არა მთელი საქართველო, არამედ ქართლისა და კახეთის სამეფოები, რამდენადაც იმერეთი, გურია, სამეგრელო და აფხაზეთი იმ პერიოდში ოსმალეთის მიერ იყო დაპყრობილი და ამდენად, ოსმალეთი არ დაუშვებდა რუსეთის მეფის იმერეთის, გურიის, სამეგრელოსა და აფხაზეთის მბრძანებლად გამოცხადებას. ქართლისა და კახეთის სამეფოები ამ დროისთვის ირანის ვასალებად ითვლებოდნენ და როგორც ჩანს, რუსთა პრეტენზიაც ამ მიმართულებით უნდა იყოს.
ეს კიდევ ერთი ნიშანია იმისა, რომ რუსეთი ყქ||| ს-ის 20-იანი წლებიდან სამხრეთ კავკასიაში დამკვიდრებისთვის ბრძოლას ოფიციალურად იწყებს. სწორედ ეს რეალობა ჰფენს ნათელს კითხვას - რატომ უღალატა პეტრე პირველმა ვახტანგ ქ|-ს, რატომ ჩააგდო საქართველო ურთულეს სიტუაციაში...
ყველაზე ცხადი კი ისაა, რომ იმპერიული მიზნებისათვის ბრძოლამ და ამბიციებმა ბიძაშვილობა არ იცის...