ამბავი დიდი პოლიტიკური გაკვეთილებისა
მამუკა ნაცვალაძე
30.07.2016

 საქართველო გამორჩეული გეოსტრატეგიული მდებარეობის გამო ყოველთვის იყო მსოფლიო პოლიტიკური პროცესების ცენტრში. უძველესი პერიოდიდან დასავლეთისა და აღმოსავლეთის მბრძანებლები მსოფლიოს დაპყრობის უმთავრეს გარანტად სწორედ კავკასიის დაპყრობას მოიაზრებდნენ, ამიტომაც გახლდათ მწვავე ძველი და ახალი წელთაღრიცხვის მიჯნისას რომი-პართიის დაპირისპირება, რაც რომისა და სასანიდური ირანის ურთიერთქიშპობამ გააგრძელა.

რომის დაცემის შემდეგ, ქ ს-ის დასაწყისიდან, ტრადიციული წინააღმდეგობა ამჯერად ბიზანტიისა და სასანიდური ირანის უშეღავათო ბრძოლებით აღინიშნა. დასავლეთისა და აღმოსავლეთის ერთ-ერთი უმთავრესი საბრძოლო ასპარეზი ისევ ამიერკავკასია აღმოჩნდა.

რისთვის უპირისპირდება აღმოსავლეთი დასავლეთს

ბუნებრივია, იბადება კითხვა - რა იყო მიზეზი ასეთი უშეღავათო და მძაფრი დაპირისპირებისა, ამ დაპირისპირების მარადიულობისა მსოფლიო ისტორიას რომ გასდევს წითელ ზოლად მთელი არსებობის მანძილზე? რა ჰქონდათ გასაყოფი აღმოსავლეთსა და დასავლეთს?

ამიერკავკასია, როგორც გეოპოლიტიკური თვალსაზრისით მნიშვნელოვანი პლაცდარმი, ქმნიდა საკმაო უპირატესობას იმისთვის, ვინც ამ ტერიტორიას დაიკავებდა. აქედან იყო უმარტივესი გზა მცირე აზიისაკენ, რომლის დაპყრობაც ფაქტობრივად მსოფლიო ბატონობას ნიშნავდა.

და აქ იბადება კიდევ ერთი კითხვა - რაში სჭირდებოდა მსოფლიო ბატონობაზე მეოცნებე პოლიტიკურ ძალას თავად მსოფლიო ბატონობა? რა სარგებელი იყო ამისგან? ეს მხოლოდ უაზრო ამბიცია გახლდათ, თუ ამის უკან კიდევ იმალებოდა სხვა მიზანი და ქვეტექსტი?

საქმე ისაა, რომ ამიერკავკასია იყო მცირე არენა იმ გლობალური დაპირისპირებისა, რომლითაც უნდა გარკვეულიყო უმნიშვნელოვანესი და შემოსავლიანი სავაჭრო გზებზე კონტროლის საკითხი. სწორედ სიმდიდრის ხელში ჩაგდების წყარო იყო მსოფლიო ბატონობა და შესაბამისად კავკასიაზე კონტროლი. ერთი სიტყვით, სიმდიდრისთვის მიდის უშეღავათო ბრძოლა დასავლეთისა და აღმოსავლეთის მონარქიებსა და იმპერიებს შორის.

ამ მხრივ, |ქ ს-ში განსაკუთრებულად გართულდა სასანიანთა პერსპექტივები, რამდენადაც სარწმუნოებრივი თვალსაზრისით ქართლი და სომხეთი მისთვის მიუწვდომელი გახდა.

როგორ ჩნდება სახელმწიფოთა შორის პირველი რელიგიური დაპირისპირებები

კიდევ ერთი უმნიშვნელოვანესი დეტალი, რაც |ქ ს-ნიდან დასავლეთისა და აღმოსავლეთის დაპირისპირებას განსაკუთრებულ ელფერს სძენს - ამ პერიოდიდან მსოფლიო ისტორიაში პირველად ჩნდება რელიგიური დაპირისპირებები, რაც მანამდე უცხო მოვლენა გახლდათ. თვისებრივად ეს განსხვავებული ნიუანსი კიდევ უფრო ამძაფრებს სიტუაციას - ვინც თავის რელიგიას კავკასიაში გაავრცელებს, ფაქტობრივად ის მოიპოვებს უპირატესობას.

ქრისტიანობის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადებამ ამიერკავკასიის მნიშვნელოვანი ნაწილი დასავლურ სამყაროსთან დააახლოვა და ბიზანტიის მეკავშირე გახადა. საგულისხმოა ისიც, რომ საერთო რელიგიური ფაქტორი თავდაპირველად არ აღმოჩნდა კოზირი დასავლეთისათვის, რამდენადაც ბიზანტიასა და რომს მოძალებული პრობლემები ჰქონდათ ერთი მხრივ, ჰუნებისა და მეორე მხრივ, გერმანული ტომების მხრიდან, რაც საშუალებას აძლევდა სასანიანებს, მეზობლად მყოფი ამიერკავკასიისთვის უფრო თავისუფლად მიეხედათ.

რა გასაკვირია, რომ ირანი ვერ შეურიგდებოდა ამ რეგიონში ქრისტიანობის გავრცელებას, მით უფრო, რომ ისინი დაპყრობილ ტერიტორიებზე თავიანთი სახელმწიფო რელიგიის, ზოროასტრიზმის გავრცელებას გეგმავდნენ და ასე ცდილობდნენ ამიერკავკასიასთან ინტეგრაციას.

ამ პროცესს ეწინააღმდეგებოდა როგორც ქართლი, ისე სომხეთი, აჯანყებაც მოაწყვეს ქართველმა და სომეხმა დიდებულებმა, თუმცა, დამოუკიდებლად ვერას გახდნენ და სასანიანებმა ქ ს-ში ჯერ სომხეთსა და ალბანეთში გააუქმეს მეფობა, ერთი საუკუნის შემდეგ კი ქართლიც უმეფოდ დატოვეს.

რა მიზნით ესტუმრა ლაზი უფლისწული წათე იუსტინიანეს საიმპერატორო კარს

საგულისხმოა, რომ პოლიტიკური თამაშებისას ქართლისა და ეგრისის მხრიდან ბიზანტიისა და სასანური ირანისადმი საკმაოდ განსხვავებული დამოკიდებულება იკვეთება. თუკი ქართლისთვის ირანი ცალსახად დამპყრობელი იყო, მას სხვანაირად უყურებდნენ ლაზიკაში. ლაზებს ირანელები ბიზანტიის წინააღმდეგ სჭირდებოდათ და მათ მოკავშირედ მოიაზრებდნენ.

სწორედ ამ მოტივით იღებს ლაზიკის მეფის შვილი წათე | მაზდიანობას, თუმცა, როდესაც მამამისი გარდაიცვალა და სამეფო ტახტზე ის ავიდა, მიხვდა, რომ ქრისტიანული ქვეყნისთვის წარმართი მეფე მიუღებელი იყო, ამიტომ კვლავ ქრისტიანობას დაუბრუნდა და ტახტზე როგორც ქრისტიანი მეფე, ისე ავიდა.

მანამდე კი თავისი საქციელის მოსანანებლად წათე კონსტანტინოპოლში ბიზანტიის იმპერატორს იუსტინიანე |-ს ეახლა, რომელმაც ლაზი უფლისწული დიდი პატივით მიიღო და ქრიატიანად მონათლა, შემდეგ კი ბიზანტიელი პატრიკოსის ნომეს ასული ვალერიანე შერთო ცოლად და ასეთი ფორმითაც გაამყარა მასთან პოლიტიკური ურთიერთობა.

წათეს ასეთმა ფერისცვალებამ და მისი პოლიტიკური ორიენტაციის შეცვლამ სასანიანთა მმართველის განრისხება გამოიწვია. ეს იყო მიზეზი იმისა, რომ ლაზიკის დასასჯელად ირანელებმა ჯარი გამოგზავნეს.

წათემ ბიზანტიას უხმო. გაერთიანებულ ძალებით ლაზებმა და ბიზანტიელებმა ირანელებს სძლიეს. ბიზანტიელებმა პოზიციების განსამტკიცებლად დღევანდელი ციხისძირის ადგილას პეტრას ციხესიმაგრე ააგეს. გარნიზონს კი, რომელიც აქ დაბანაკდა, იოანე ციბე ჩაუყენეს სათავეში.

რატომ აღმოჩნდა ლაზიკა სასანურ-ბიზანტიური პოლიტიკის რუბიკონი

ამ პოლიტიკური დაპირისპირებისას ბიზანტია გამოუვალ მდგომარეობაში იყო - მას აქტიურად უნდა დაეჭირა მხარი ეგრისისათვის, რამდენადაც სწორედ აქ გადიოდა უმნიშვნელოვანესი სტრატეგიული უღელტეხილები. ირანელთა მხრიდან ამ უღელტეხილების დაკავების შემთხვევაში ბიზანტია ამიერკავკასიაზე ფაქტობრივად ყველანაირ კონტროლს კარგავდა. ამიტომაც იუსტინიანემ გარდა იმისა რომ პეტრას ციხე ააგო, სკანდასა და შორაპანში, დასავლეთ საქართველოს ციხეებში ბიზანტიური გარნიზონები განალაგა.

ლაზიკა კავკასიის მთებზე მნიშვნელოვან გასასვლელებს აკონტროლებდა, რასაც უმნიშვნელოვანესი სტრატეგიული მნიშვნელობა გააჩნდა, ბიზანტიელები კარგად აცნობიერებდნენ, რომ სწორედ ამ გადასასვლელების ხელში ჩაგდებით შესძლებდა სასანიანური ირანი შავ ზღვაზე გასვლის მოპოვებას, რის შემდეგაც ირანი თვისებრივად ახალი რანგის სახელმწიფო ხდებოდა. ეს ბიზანტიის იმპერიისთვის ფაქტობრივად სიკვდილის ტოლფასი გახლდათ, ამიტომაც ორივე იმპერია უშეღავათოდ იბრძვის ლაზიკაში.

ეს დაპირისპირება მსოფლიო რანგის ისეთ მბრძანებლებს შორის ხდება, როგორებიც არიან ბიზანტიის იმპერატორი იუსტინიანე | და სასანიანთა მბრძანებელი ხოსრო | ანუშირვანი. სწორედ მათ ხელში მიაღწიეს ბიზანტიამ და სასანიანთა ირანმა ოქროს ხანას.

როგორ შეეწირა ბიზანტიის სტრატეგიული ინტერესი ციბეს სიხარბეს

ბიზანტიელთა გამაგრებამ ეგრისში მნიშვნელოვნად შეცვალა ქვეყნის ყოველდღიური ცხოვრება. ეგრისისთვის, როგორც ზღვისპირა ქვეყნისთვის, ვაჭრობა ერთ-ერთი პრიორიტეტული საქმიანობა გახლდათ. განსაკუთრებით აქტიური იყო სავაჭრო კონტაქტები ყირიმთან და პონტოსთან, რასაც დიდი შემოსავალი მოჰქონდა ლაზი დიდებულებისთვის, სწორედ ამ სიმდიდრეს დახარბდა იოანე ციბე.

ციბემ ვაჭრობა აკრძალა. არავის შეეძლო ეგრისში საქონელის შეტანა, არც გატანა. ყველა საქონელს ჯერ ციბეს ხელში უნდა გაევლო, ფასებსაც ის აწესებდა. ამასთან, ბიზანტიელები ეგრისელებს აიძულებდნენ ციბეს შემოტანილი საგნების ყიდვას, არადა, ადგილობრივ მოსახლეობას ეს საქონელი სულაც არ სჭირდებოდა. ხშირი იყო ისეთი შემთხვევაც, როცა ბიზანტიელები ნაყიდ საქონელში ფულს არ იხდიდნენ. კატასროფულად გაზარდეს გადასახადებიც, რაც კიდევ ერთი მიზეზი გახდა ბიზანტიელების მიმართ ადგილობრივი მოსახლეობის უკმაყოფილებისა.

და რაც მთავარია, ბიზანტიელთა სარდალი ეგრისში სრულ ბატონ-პატრონად გრძნობდა თავს და ეგრისის მეფეს გუბაზს ფაქტობრივად მოსამსახურის რანგში მოიაზრებდა.

ბიზანტიელთა ასეთი თავნებობა გახდა მიზეზი იმისა, რომ ეგრისელებმა თავისი ქვეყნიდან მათი განდევდა გადაწყვიტეს. ამ საქმისთვის კი უკეთესი მოკავშირე აბა ვინ იქნებოდა, თუ არა რომეების მარადიული დაუძინებელი მტერი სასანიანური ირანი.

ლაზების ელჩობა ქტეზიფონში

გუბაზის მიერ სპარსეთის დედაქალაქ ქტეზიფონში მივლინებული ლაზი ელჩები ხოსრო ანუშირვანს მიადგნენ. დიდი იყო სასანიანთა მბრძანებლის სიხარული. ის გეგმავდა ეგრისზე ლაშქრობას და ახლა გუბაზის წინადადება ფაქტობრივად მისი მიზნების აღსრულების დასაწყისი იყო.

ეს ყველაფერი 542 წლის ზაფხულში ხდება... ეგრისის სტრატეგიული მნიშვნელობიდან გამომდინარე, ხოსრო ანუშირვანი, "უკვდავი სული", თავად მიუძღვის ლაშქარს.

გუბაზმა საუკეთესოდ იცის რა გატეხავს წელში ბიზანტიელებს, მთავარი დასაყრდენი პეტრას მიუვალი ციხე-სიმაგრეა, ამიტომაც სწორედ ის უნდა იგდონ ხელთ მოკავშირეებმა.

როგორ შეეწირა სასანიდი ანიაბედი ირანელთა პეტრასთან მარცხს

ხოსრომ გუბაზის სტრატეგია მომგებიანად ჩათვალა და ჯარი პეტრას ციხის მიმართულებით გაგზავნა. საკმაოდ ეფექტური გამოდგა ბიზანტიელთა სარდალის იოანე ციბეს საპასუხო სვლა - მან ირანელებს მანევრებზე არანაირი პასუხი არ გასცა, ისეთი შთაბედილება რჩებოდა, თითქოს პეტრას ციხეში არავინ იყო.

ხოსრო შორიდან ადევნებდა თვალს თავის ჯარს, ამ საბრძოლო ოპერაციას კი სარდალი ანიაბედი ჩაუყენა სათავეში. სპარსი სარდალი ბიზანტიელთა ფანდს წამოეგო და პეტრას ღიად მიადგა. მოულოდნელად ბიზანტიელები ირანელებისკენ დაიძრნენ. მოულოდნელობის ეფექტი გადამწყვეტი აღმოჩნდა - ირანელები უკუიქცნენ.

განრისხებულმა ხოსრომ მტკივნეულად გადაიტანა მარცხი და ბრძანა, სარდალი ანიაბედი სარზე დაესვათ და ასე დაესაჯათ. ამის შემდეგ ჯარს ეგრისში თავად ხოსრო ანუშირვანი სარდლობს...

დიდი პოლიტიკური გაკვეთილების წინ

ასე იწყება საქართველოს ისტორიაში ერთ-ერთი ტრაგიკული მოვლენა, ოცწლიანი ომი, რომელიც თავისი დრამატიზმითა და მოვლენათა განვითარების დინამიურობით მართლაც რომ საეტაპო აღმოჩნდა ქართული პოლიტიკისთვის...

სულ მალე ქართველები მიუხვდებიან ხვაშიადს მრისხანე ანუშირვანს, ეგრისელების გადასახლება რომ ჰქონდა ჩაფიქრებული... წინ ეგრისის მეფის გუბაზის მკვლელობაა, ეგრისის სახალხო კრებაა, ფარტაძისა და აიეტის დაპირისპირებაა - პოლიტიკური დებატების კლასიკურ ნიმუშად რომ რჩება დღემდე...

და რაც მთავარია, წინ უდიდესი გაკვეთილია იმისა, რომ შენი პოლიტიკური მიზნებისთვის თავს არავინ შეიწუხებს, მით უფრო ის ქვეყნები, მსოფლიო ბატონობაზე რომ ოცნებობენ...

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×