თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეპ ტაიპ ერდოღანმა ქვეყანაში მომხდარი სამხედრო გადატრიალების მხარდაჭერაში, არც მეტი არც ნაკლები, ამერიკის შეერთებული შტატების შეიარაღებული ძალების ცენტრალური სარდლობის მეთაური, გენერალი ჯოზეფ ვოტელი დაადანაშაულა.
ერდოღანს მიაჩნია, რომ ამერიკელმა გენერალმა მის მიერ გაკეთებული განცხადებით საკუთარი თავი ამხილა.
თურქეთის პრეზიდენტი ჯოზეფ ვოტელის იმ განცხადებას გამოეხმაურა, სადაც მეთაურმა სამხედრო სტრუქტურებში მასობრივი წმენდის გამო ოფიციალური ანკარა გააკრიტიკა და თქვა, რომ თურქეთში დაპატიმრებულთა შორის არიან ამერიკის უახლოესი მოკავშირეები.
ერდოღანის მტკიცებით, ვოტელმა ამ განცხადებით მეამბოხეებს მხარდაჭერა გამოუცხადა და თურქეთი სამხედრო მაღალჩინოსნების დაკავების გამო გააკრიტიკა.
აღნიშნულ ბრალდებაზე ჯოზეფ ვოტელმა განცხადება უკვე გააკეთა. მისი თქმით, სამხედრო გადატრიალების მცდელობასთან არანაირი კავშირი არა აქვს.
მომხდარ ფაქტს გამოხმაურება თეთრი სახლიდანაც მოჰყვა. ბარაკ ობამას ადმინისტრაცია თურქეთის პრეზიდენტის ბრალდებას სამხედრო ამბოხის მხარდაჭერაზე "უსაფუძვლოს" უწოდებს. ადმინისტრაციაში აცხადებენ, რომ მსგავსი ტიპის სპეკულაციები მომავალში ნეგატიურ გავლენას იქონიებს შეერთებული შტატებისა და თურქეთის ურთიერთობაზე.
ბოლო ინფორმაციით, თურქეთში 16 ივლისს მომხდარი სამხედრო გადატრიალების გამო ქვეყნის ხელისუფლებამ დაახლოებით 130 მედიასაშუალების დახურვის გადაწყვეტილება მიიღო. მათ შორისაა 45 გაზეთი, 16 ტელეკომპანია და 3 საინფორმაციო სააგენტო. პროკურატურამ კი 42 ჟურნალისტის დაკავების ორდერი გასცა. აღნიშნულ სიაშია ცნობილი ჟურნალისტი ნაზლი ილიჩაქი, რომელიც სამთავრობო მედიასაშუალება "საბაჰ დეილიდან" 2013 წელს კორუფციული სკანდალის გაშუქების გამო გაუშვეს. 11-მა ჟურნალისტმა ქვეყნის დატოვება მოასწრო, 9 კი იძებნება.
როგორც თურქული მედია იტყობინება, ხელისუფლებამ 1700-ზე მეტი სამხედრო მოსამსახურე, მათ შორის 87 გენერალი დაითხოვა. თურქეთის შინაგან საქმეთა მინისტრმა ეფქან ალამ აღნიშნა, რომ სამხედრო გადატრიალების მცდელობის შემდეგ დაკავებულთა შორის 10 000-ზე მეტი სამხედრო პირია. პრეზიდენტ ერდოღანის გადაწყვეტილებით, გენშტაბის ხელმძღვანელი, სახმელეთო, საჰაერო და საზღვაო ძალების მეთაურებთან ერთად, თანამდებობას შეინარჩუნებს.
ასევე ცნობილი ხდება, რომ 49 211 მოქალაქეს პასპორტი გაუუქმეს; 2 745 მოსამართლე თანამდებობიდან გაათავისუფლეს; 3 000 მოსამართლესა და პროკურორს კი ქონება ჩამოართვეს.
მიუხედავად თურქეთში მომხდარი სამხედრო ამბოხების მცდელობისა, ნატო-ს გენერალური მდივანი არ მიიჩნევს, რომ ქვეყნის სამხედრო პოტენციალი შემცირდა. იენს სტოლტენბერგმა "როიტერზთან" ინტერვიუში განაცხადა, რომ თურქეთი ისევ რჩება ალიანსის ძლიერ მოკავშირედ.
როგორც უკვე ცნობილია, თურქეთმა ქვეყანაში გამოცხადებული საგანგებო მდგომარეობისა და მომხდარი სახელმწიფო გადატრიალების მცდელობის გამო დროებით ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მოქმედება შეაჩერა.
საერთაშორისო უფლებადამცველი ორგანიზაცია "ამნესტი ინტერნეიშენალმა" გამოაქვეყნა განცხადება, სადაც აღნიშნულია, რომ თურქეთში სამხედრო გადატრიალების მცდელობაში ეჭვმიტანილებს საპატიმროში აწამებენ და არაადამიანურად ეპყრობიან.
შეგახსენებთ, რომ თურქეთში 16 ივლისს სამხედრო გადატრიალების მცდელობა იყო. მეამბოხეებმა სტამბოლსა და ანკარაში რამდენიმე სტრატეგიული ობიექტი და ხიდი აიღეს. მოგვიანებით თურქეთის სახელმწიფო ძალებმა ქალაქებზე კონტროლი აღადგინეს.
გადატრიალების მცდელობას 290 ადამიანი ემსხვერპლა, მათ შორის - 104 აჯანყებული. სამსახურიდან დაითხოვეს სახელმწიფო ავიაკომპანია "თურქეთის ავიახაზების" 100-ზე მეტი თანამშრომელი. ამ დრომდე ქვეყანაში 60 ათასი სამხედრო, სახელმწიფო მოხელე, მოსამართლე და მასწავლებელია გათავისუფლებული, დაპატიმრებული ან დროებით დაკავებული.
თურქეთის ხელისუფლება სამხედრო გადატრიალების მოწყობის მცდელობაში სასულიერო ლიდერ ფეთჰულა გიულენს ადანაშაულებს, რომელიც ამერიკაში ცხოვრობს, თუმცა თურქეთში საკმაოდ დიდი გავლენითა და ავტორიტეტით სარგებლობს. თავად გიულენი ბრალდებას კატეგორიულად უარყოფს. თურქეთმა ამერიკისგან ერთი კვირის წინ გიულენის გადაცემა ოფიციალურად მოითხოვა. იგივე მოთხოვნას აყენებს-ხოლმე ერდოღანი თავის საჯარო გამოსვლებში. ის გიულენის სასწრაფოდ გადაცემას ითხოვს. ამას ორიოდე დღის წინ პრეზიდენტ ობამას საკმაოდ გაღიზიანებული კომენტარი მოჰყვა, რომ ამერიკა სამართლებრივი სახელმწიფოა და გადაწყვეტილებები მიიღება შესაბამისი პროცედურების დაცვით. კომენტატორები ერთხმად აცხადებენ, რომ ნაკლებად სავარაუდოა, ამერიკამ გიულენი ერდოღანს გადასცეს.
მომხდართან დაკავშირებით თურქეთის პრეზიდენტმა ქვეყანაში სიკვდილით დასჯის აღდგენა არ გამორიცხა, რის საპასუხოდაც ევროკომისიის თავმჯდომარე ჟან-კლოდ იუნკერმა აღნიშნა, რომ თუ თურქეთი სიკვდილით დასჯას აღადგენს, ევროკავშირი მასთან მოლაპარაკებებს დაუყოვნებლივ შეწყვეტს.
თურქეთში სიკვდილით დასჯის აღდგენის საკითხზე, შესაძლოა, რეფერენდუმი ჩატარდეს. გერმანული გამოცემა "დოიჩე ველეს" ინფორმაციით, ამის შესახებ თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა მევლუთ ჩავუშოღლუმ განაცხადა.
მისივე მოსაზრებით, ევროკავშირს "არა აქვს უფლება, ამ საკითხში ანკარას ჭკუას ასწავლიდეს."
ქვეყანაში 3-თვიანი საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა. პრეზიდენტ ერდოღანის თქმით, მან ეს ნაბიჯი ტერორიზმის საფრთხის შესამცირებლად და ქვეყნის მთავარი ღირებულებების დასაცავად გადადგა.
საგანგებო მდგომარეობის პირობებში კი პრეზიდენტსა და მინისტრთა კაბინეტს საშუალება ეძლევათ, პარლამენტის გვერდის ავლით მიიღონ ახალი კანონები.