თამარისდროინდელი საქართველოს საშინაო პოლიტიკა არ ყოფილა ია-ვარდით მოფენილი. ის შინაგანი დაძაბულობა, რაც ტრადიციულად მეფისა და ფეოდალთა დაპირისპირებას სდევს თან, კიდევ უფრო გამძაფრებული გახლდათ საქართველოს ისტორიაში მანამდე უპრეცედენტო ფაქტის, უფლისწულის დასჯის გამო.
სწორედ ამ უმძიმეს რეალობას მოჰყვა ასევე მანამდე არნახული პროტესტი სამეფო კარისადმი, რისი პირდაპირი შედეგი იყო ყუთლუ-არსლანის გამოსვლა და პროგრესული მოთხოვნები დარბაზის შექმნისა. ეს, ბუნებრივია, ვერ იგუა ქართულმა ფეოდალურმა გარემომ. მეფის დათმობაც განსხვავებულად მოაზროვნეთა მიმართ მხოლოდ ამიტომ აღმოჩნდა ფორმალური.
ყუთლუ-არსლანის დამარცხების შემდეგ ცხადი გახდა, რომ თამარი გააგრძელებდა იმ კურსს, რაც მამამისმა, გიორგი მესამემ აიღო. განსაკუთრებულად მოძლიერდნენ თამარის მომხრეები, თუმცა ჯერ კიდევ მათ მოწინააღმდეგეთა ხელში რჩებოდა სამი უმნიშვნელოვანესი პოზიცია - კათალიკოსის ტახტი, მწიგნობართუხუცეობა და ჭყონდიდელობა.
რატომ უნდოდა თამარს კათალიკოს მიქაელ მირიანის ძის გადაყენება
კათალიკოსი მიქაელ მირიანის ძე, რომელსაც აგრეთვე მწიგნობართუხუცესი-ჭყონდიდელის თანამდებობაც ეკავა, არ იყო თამარის ერთგული პირი. არადა, ეკლესიის თანადგომა ახლა ყველაზე მეტად სჭირდებოდა თამარს.
მიუხედავად იმისა, რომ 1104 წელს დავით აღმშენებელის ინიცატივით მოწვეულმა რუის-ურბნისის საეკლესიო კრებამ ბევრი პრობლემა მოაგვარა, როგორც ჩანს, დროთა ვითარებაში კვლავ მიეცათ ასპარეზი უკეთურებსა და კარიერისტებს ქართული ეკლესიის კარზე. რაოდენ პარადოქსულიც არ უნდა იყოს, მათ მაგალითს თამარის დროს სწორედ საქართველოს პატრიარქი მიქაელ მირიანის ძე აძლევდა თურმე.
თამარს სურდა უკეთური და პატივმოყვარე საეკლესიო მსახურისათვის ერთი თანამდებობაც ჩამოერთმია და მეორეც, ამიტომაც მოიწვიეს საეკლესიო კრება 1184 წელს, რომელსაც ხელმძღვანელობდნენ 1178 წელს კათალიკოსობიდან გადამდგარი ნიკოლოზ გულაბერის ძე და ქუთათელი ეპისკოპოსი ანტონ საღირის ძე.
როგორ აღმოჩნდა გიორგი |||-ის განდგომილი პატრიარქი თამარის ერთგული
ეს ორი ავტორიტეტული მოღვაწე საკმაოდ დიდი იმედი იყო თამარისა, მეფეს განსაკუთრებით ნიკოლოზ გულაბერის ძის ეიმედებოდა, იცოდა მისი უკომპრომისო ხასიათი უკეთურებასთან. მან ხომ სწორედ თავისი პრინციპული პოზიციის გამო დატოვა კათალიკოსის ტახტი და ასე გამოხატა სახალხო პროტესტი გიორგი |||-ის მიერ დემნა ბატონიშვილის დასჯის გამო.
თამარი ნიკოლოზ გულაბერის ძეს უდიდეს პატივს სცემდა. განსაკუთრებული ემოციით აქვს გადმოცემული "ისტორიანი და აზმანი შარავანდედთანის" ავტორს ფრაზა, რომელიც მიანიშნებს, რომ ნიკოლოზ გულაბერის ძეს თამარი ხვდებოდა არა როგორც მეფე სასულიერო მოღვაწეს, არამედ როგორც ჩვეულებრივი ადამიანი ანგელოზს. გულაბერის ძე საეკლესიო კრებაზე საქართველოში სპეციალურად იერუსალიმიდან ჩამოდის.
ამბავი თამარისდროინდელი საეკლესიო კრებისა
კრებას მომზადება უნდა, წინასწარ უნდა გაირკვეს ბევრი რამ, ამ ფონზე ერთი უჩვეულო ახირება აქვთ ნიკოლოზსაც და ანტონსაც - არანაირი სურვილიც კი არ აქვთ, მოუსმინონ პატრიარქს - როგორც გულაბერისძე, ისე ანტონ საღირას ძე კატეგორიულად უარყოფს კათალიკოსი მიქაელ მირიანის ძე დაესწროს კრებას, მიზეზი ის იყო, რომ მიქაელი "წინაუკმოდ", ანუ უკეთურად იქცეოდა, რადგანაც საელესიო წესების შესრულებას უშლიდა ხელს და მწიგნობართუხუცეს-ჭყონდიდელობა სიცბიერითა და ვერაგობით ჰქონდა მოპოვებულიო.
ეს არგუმენტი ბუნებრივია, თავად თამარის მომხრეთათვის იყო საკმაოდ დამაჯერებელი, თუმცა, მიქაელ მირიანის ძის წინააღმდეგ ნაკლებად გამოდგებოდა, რამდენადაც მწიგნობართუხუცეს-ჭყონდიდელობა მას მეფის, თამარს ხელდასხმით მიეცა გარკვეული კომპრომისის სანაცვლოდ. ამიტომაც ვერც კათოლიკოსობიდან გადააყენეს მიქაელი, და ვერც მწიგნობართუხუცეს-ჭყონდიდელობა ჩამოართვეს. ისიც საცნაური გახლდათ, რომ უმაღლესი ვაზირის თანამდებობის ჩამორთმევის პრეროგატივა მხოლოდ თამარს, როგორც მეფეს, გააჩნდა და არა საეკლესიო კრებას.
სავარაუდოდ საეკლესიო კრების წარუმატებელად დასრულება იმის შედეგიც იყო, რომ მიქაელ მირიანის ძეს ბევრი მომხრე გამოუჩნდა. თუმცა, ამ კრებას მაინც ჰქონდა შედეგი - თამარის მომხეებმა მოახერხეს ის, რომ მათთვის არასასურველი ბევრი ეპისკოპოსი გადააყენეს.
როგორ აღმოჩნდა განგება თამარ მეფის მოკავშირე
საეკლესიო კრების შემდეგ თამარმა განახორციელა საკმაოდ ეფექტური სვლა - უკვე არსებობდა ყველა პირობა იმისთვის, რომ მიქაელი მწიგნობართუხუცეს-ჭყონდიდელობიდან ჩამოეშორებინათ. ეს უმნიშვნელოვანესი თანამდებობა მეფემ ანტონ გნოლისთავის ძეს დაუბრუნა. ამას გარდა, თამარმა სხვადასხვა თანამდებობაზე დანიშნა თავისი მომხრეები - ჭიაბერი და სარგის მხარგრძელი.
ამ ეტაპზე ესეც დიდი გამარჯვება გახლდათ. თუმცა, ცხადი იყო ისიც, რომ თამარს ცალკეული ეპისკოპოსების მხარდაჭერის პარალელურად, ეკლესიის უმაღლესი თანამდებობის პირის მხარდაჭერაც სჭირდებოდა. მისი სრული თანადგომის გარეშე თამარი ვერ მართავდა თავის სამეფოს დამოუკიდებლად.
საეკლესიო საკითხი თამარის დაუხმარებლად დრო-ჟამმა გადაწყვიტა - 1189 წელს მიქაელ მირიანის ძე გარდაიცვალა და ასე გათავისუფლდა კათალიკოსის ტახტი, რომელზეც ღრმადმორწმუნე და ქრისტეს მოძღვრებისა და საქართველოს ერთგული თევდორე აღავლინეს.
მიუხედავად ყველაფრისა, უმაღლეს თანამდებობებზე რჩებოდნენ თამარის მოწინააღმდეგენი - მეჭურჭლეთუხუცესი აბულასანი და მსახურთუხუცესი ვარდან დადიანი, რომელთაც არ დაყარეს ფარ-ხმალი და ყველაფერი გააკეთეს იმისათვის, რომ თავიანთი უფლებები მაქსიმალურად გამოეყენებინათ და თამარისთვის თავს მოეხვიათ თანამეცხედრის არასასურველი კანდიდატურა.
დავით სოლანი - თამარის ღირსეული რჩეული
სამეფო დარბაზმა თამარის გათხოვებაზე ხელახლა მას შემდეგ დაიწყო ფიქრი, რაც გიორგი რუსი მშვიდობიანად და დიდი პატივით გაისტუმრეს საქართველოდან.
ამჯერად არჩევანი სამაგალითო იყო. დავით სოსლანი, რომელიც 1188 წელს თამარზე დაქორწინდა, შესანიშნავი პიროვნული ხასიათის და ზნეობრივად დახვეწილი ადამიანი აღმოჩნდა.
მეორე ჯერზე საკმაოდ ფრთხილად მიუდგნენ ქართველები თამარის თანამეცხედრის შერჩევის საკითხს. კანდიდატთა შორის იყვნენ როგორც ქრისტიანი, ისე მაჰმადიანი მეფეები, სხვადასხვა სამეფოს უფლისწულები.
განსხავებით გიორგი რუსისგან, დავით სოსლანს კარგად იცნობდნენ ქართველთა სამეფო ტახტზე, ის თამარის მამიდის, რუსუდანის გაზრდილი გახლდათ, ისიც საგულისხმოა, რომ, როგორც ვახუშტი ბატონიშვილი თავის თხზულებაში მიანიშნებს, დავით სოსლანი გიორგი პირველის ძის დემეტრეს შთამომავალი იყო მამრობითი ხაზით და გვარად ბაგრატიონი გახლდათ.
გიორგი პირველსა და ოსთა დედოფალ ალდეს შვილ დემეტრეს დარჩა შვილი დავითი. მამის გარდაცვალების შემდეგ ბებიამ დავითი თავის სამშობლოში ოსეთში წაიყვანა, დავითი ოსთა მეფის ასულზე დააქორწინეს და ოსი მეფე უწოდეს. სწორედ მისი შთამომავალი გახლდათ დავით სოსლანი. მისი ოსური სახელია სოსლანი, დავითი მას საქართველოში ჩამოყვანის შემდეგ უწოდეს.
მემატიანე განსაკუთრებულად ხაზს უსვამს დავით სოსლანის რაინდულ ბუნებას, მის შესანიშნავ გარეგნობასა და გონიერებას. თამარსა და დავითს 1192 წელს ვაჟი ლაშა შეეძინათ, 1194 წელს კი ქალი - რუსუდანი.
რატომ განუდგა თამარს ტაოს მონაპირე ფეოდალი
გიორგი რუსის სიკვდილმა თითქოს ყველაფერი მიაწყნარა, თითქოს ყველას ჩაუკლა აზრი საქართველოში ახალი არეულობის ინსპირირებისა, თუმცა, როგორც ჩანს, ეშმაკს მაინც არ ეძინა - სამხრეთიდან, ტაოდან საკმაოდ არსასურველი ინფორმაცია მოდიოდა.
აჯანყებულთა შორის ეულად დარჩა გუზანი, რომელიც შაჰარმენთა კარზე წავიდა, მათგან დიდი ჯარი წამოიყვანა და ამის სანაცვლოდ ტაო ჩააბარა.
ვერა და ვერ მოისვენა გუზან ტაოელმა - გიორგი რუსს მიკედლებულმა პატივისა და დიდების მოყვარემ და საქართველოში არეულობის მოსურნემ. სხვა რომ ვერ აიყოლია უკეთურობაში, თავად გადავიდა საქმეზე - ტაოსკარი, ვაშლოვანი და სხვა თავისი ციხეები საქართველოს მოსისხლე მტერ შაჰარმენს გადასცა, თავად კი თავის მსგავს რამდენიმე მოღალატესთან ერთად ტაოს მთებში გაიხიზნა, რათა ენახა, რა რეაქცია ექნებოდა ამაზე საქართველოს სამეფო კარს და სეირისათვის შორიდან ეყურებინა.
ახალ ხრიკებსაც აქედან უმზადებდა თამარს. მისი მთავარი განზრახვა იყო, თურქთა ჯარი ჩაეყენებინა თავის ციხეებში. გუზანის თვისებაზე ისიც მეტყველებს, რომ მან საკუთარი ცოლ-შვილიც კი არ დაინდო, მძევლად დატოვა საქართველოში და ოჯახი მაშინღა გაახსენდა, როცა ქართველები ტაოსკენ დაიძრნენ.
ამბავი ეშმაკშეჩენილი გუზან ტაოელის ტყვედ ჩავარდნისა
გამჟღავნდა თუ არა ეს ამბავი, თამარის ბრძანებისთვის არ დაუცდიათ, ისე შეკრიბეს ჯარი და ტაოსკენ გასწიეს თამარის მონაპირე მხედრობამ ზაქარია ფანასკერტელის ხელმძღვანელობით - კახა სამძივარმა და კალმახელმა აზნაურებმა.
უმძიმეს ბრძოლაში ქართველებმა იძალეს. ხელთ იგდეს გუზანის ცოლ-შვილი და შემდეგ გუზანისაგან თურქებზე გაცემულ ციხესიმაგრეებს დაერივნენ, გააძევეს შაჰარმენის ჯარები და ყველგან თავიანთი ერთგული ციხოსნები ჩააყენეს.
გუზან ტაოელმა თითქოს მოახერხა გაქცევა, მაგრამ გლეხებს მაინც ვერ დაემალა. სრულიად შემთხვევით შეიპყრეს გუზანი და ფანასკერტში ზაქარია ასპანის ძეს მიჰგვარეს. ზაქარიამ ძვირფასი ტყვე ცხენზე მიამაგრა და დედაქალაქისკენ გასწია. კარგად იცოდა თამარის გულმოწყალების ამბავი, ამიტომაც გუზანი პირდაპირ დავით სოსლანს ჩააბარა.
როგორ დასაჯეს გუზან ტაოელი სიკვდილით
დავითის განაჩენი უპრეცედენტო იყო თამარის ეპოქის მთელ მანძილზე - სოსლანის ბრძანებით თვალები დათხარეს გუზანს, იცოდა დავითმა რომ მისი მეუღლე სხვა გადაწყვეტილებას მიიღებდა და ამიტომაც იჩქარა - სურდა სამუდამოდ ესწავლებინა ჭკუა იმათთვის, ვისაც საქართველოს ერთიანობა და სიძლიერე ყელში ეჩხირებოდა.
არადა, თამარმა აკრძალა ისეთი სასჯელი, რომელიც დაკავშირებული იყო მოკვდინებასა და სხეულის დასახიჩრებასთან.
გუზანის მიერ ტაოს დათმობა შაჰარმენისათვის იყო უკეთურთა ზეობის ბოლო ბასტიონი, რომელიც ნაცარტუტად აქციეს სამშობლოს ერთგულმა რაინდებმა; აშკარა იყო, საქართველო სულ სხვა მასშტაბებზე უნდა გასულიყო, სულ სხვა სიმაღლეები უნდა დაეპყრო. მანამდე კი კიდევ რამდენიმე გამოცდა ელოდა წინ ოქროს ხანის საქართველოს...
დამდგარიყო ჟამი შამქორისა, ჟამი ბასიანისა...