გასული საუკუნის 80-იანი წლების ბოლოს, საბჭოთა იმპერიის მარწუხებიდან საქართველოს ეროვნულ-განმათავისუფლებელი მოძრაობისას, განსაკუთრებულად პოპულარული გახლდათ სიმღერა "შავლეგო", რომლის მელოდიურობა და შინაარსობრივი მხარე გამორჩეულ განწყობას აღძრავს მსმენელში. მაშინ ბევრმა არ უწყოდა, რომ ეს შესანიშნავი სიმღერა საქართველოს გმირს, შალვა ახალციხელს მიუძღვნა ქართველმა ერმა, იმ ადამიანს, რომელიც საქართველოს ზეობის სიმბოლოდ იქცა.
მას შემდეგ რვა საუკუნე გავიდა, რვა საუკუნე, რომელმაც ნათლად წარმოაჩინა ქართული სახელმწიფოებრივი ძალაც და უძლურებაც, აღმასვლაც და დაღმასვლაც, რასაც უმეტესად წითელ ზოლად გასდევდა პოლიტიკური ინტრიგები.
რა საფრთხეს შეიცავდა სახელმწიფოსთვის კლანური კონკურენცია
თამარის საქართველოს სწორედ შიგა პოლიტიკურმა ინტრიგებმა მოუღო ბოლო. როგორც მსოფლიო ისტორიულმა პროცესმა აჩვენა, ეს ნებისმიერი ქვეყნის თანმდევი პროცესია - დაწინაურებულ და წარმატებულ ქვეყანაში საკუთარი გავლენის მოპოვებას ხომ ნებისმიერი ფეოდალური კლანი ცდილობს.
თამარის მმართველობისას დაწინაურებულია ორი საგვარეულო - ახალციხელები და მხარგრძელები. სწორედ მათ შორისაა უშეღავათო კონკურენცია პირველობისთვის.
სანამ საქართველოს სახელმწიფო ძლიერია, ეს პროცესი წარმატებითაა დარეგულირებული, რაც საშუალებას იძლევა ამ ორი საგვარეულის სწრაფვა პირველობისკენ მეტ-ნაკლებად ქვეყნის ინტერესებს დაექვემდებაროს. რაც შეეხება შემდეგ პერიოდს, ლაშა-გიორგისა და რუსუდანის მეფობას, აქ ეს დაპირისპირება მძაფრდება და ქვეყნის ინტერესებსაც უპირისპირდება.
ახალციხელები
შალვა ახალციხელი ასპარეზზე ყ|| საუკუნის დასასრულს გამოდის - ეს ის ხანაა, საქართველოს სამეფოს ახალი გამოწვევების წინაშე რომ აღმოჩნდა - შამქორი, ბასიანი, ტრაპიზონის იმპერიის დაარსება სულ სხვა მასშტაბებს რომ უქადის ჩვენს ქვეყანას.
მას მოღვაწეობა მოუხდა სამი მეფის - თამარის, ლაშა გიორგისა და რუსუდანის ზეობისას. იყო მომსწრე როგორც აყვავებული, ისე იავარქმნილი საქართველოსი. შალვა ახალციხელი ყ||-ყ||| საუკუნეების საქართველოს სახელმწიფო და სამხედრო მოღვაწე, მართლმადიდებელი ეკლესიის წმინდანი, თამარ მეფის ვეზირი გახლდათ - ჯერ მეჭურჭლეთუხუცესი, შემდეგ - მანდატურთუხუცესი, იყო ერისთავთ ერისთავი, ჯავახეთის მონაპირე, თორელთა საგვარეულოს ახალი განშტოების - ახალციხელთა გვარის ფუძემდებელი.
მის სახელს უკავშირდება შამქორის ბრძოლაში ხალიფის დროშის ხელში ჩაგდება. ეს დროშა თამარ მეფემ გელათში ხახულის ღვთისმშობელს შესწირა. ამავე ომის მსვლელობისას განძანის წარწერა ასე ახასიათებს შალვას: "ძლიერი და უძლეველი ყოველთა მტერთაგან... რომელმან ძალითა ლომითისაითა და მკლავითა თვისითა შეაძრწუნა ყოველი სოფელი სპარსეთისაი".
ყ||| საუკუნის დასაწყისისას შალვა ახალციხელი სარგის თმოგველთან ერთად სარდლობს ქართველთა ლაშქარს ყარსისთვის ბრძოლებს. ბასიანის ბრძოლაში შალვა და მისი ძმა ივანე სარდლობდნენ მესხთა მეწინავე ლაშქარს. ამ ომის შემდეგ შალვა ახალციხელი მანდატურთუხუცესი ხდება და ეს თანამდებობა მას 1225 წლამდე უკავია.
მხარგრძელები
თამარის დროს დაწინაურდნენ ზაქარია და ივანე მხარგრძელებიც, ტომით გასომხებული ქურთები. 1212 წელს ზაქარია გარდაიცვალა. ივანე მარტო რჩება. ლაშა-გიორგის მეფობისას განსაკუთრებულად გამძაფრდა შიდა პოლიტიკური სიტუაცია და ორ საგვარეულოს შორის ურთიერთობა კიდევ უფრო გართულდა.
1223 წელს ლაშას ანდერძის მიხედვით, სამეფო ტახტზე რუსუდანი ადის. სწორედ რუსუდანის აღმზრდელი გახლდათ მართლმადიდებლურ სარწმუნოებაზე მოქცეული ივანე მხარგრძელი-ათაბაგი, რომელიც დიდ ძალაუფლებას ფლობდა - იყო ამირსპასალარი, განაგებდა ქვემო ქართლის სამხრეთ და სომხეთის დიდი ნაწილს. კაცმა რომ თქვას, რუსუდანს არაფერი ეტყობა, ვინმემ რომ იზრუნა მისი სამეფო აღზრდისათვის. ივანეს თანამდებობრივი და სოციალურ-პოლიტიკური სტატუსი მხოლოდ იმის აშკარა დასტურია, რომ მას სამეფო კარზე გადამწყვეტი სიტყვა ეთქმოდა და მეფის აღზრდისთვის ვერ, თუ არ ზრუნავდა.
ეს ის პერიოდია, საქართველოს სახელმწიფო დიდ კრიზისს რომ განიცდის. საქართველოს შემადგენლობაში მყოფ სომხებს თვალი განზე რომ უჭირავთ, არც დაქირავებული ყივჩაღები არიან სახელმწიფოს ერთგულნი.
არ არსებობს სახელმწიფოს მიერ ჩამოყალიბებული მწყობრი და ნათელი გეგმა, ძველებურად აღარც მენაპირეთა ინსტიტუტი ფუნქციონბს და სამეფო კარს არც მსოფლიოში მიმდინარე პროცესების შესახებ გააჩნია ზუსტი და ამომწურავი ინფორმაცია.
ამბავი ჯალალ ედ დინის მამის მუჰამედის კეთროვანთა კუნძულზე აღსასრულისა
ასეთ ვითარებაში 1225 წელს საქართველოს საზღვარს მოადგა ხვარაზმელთა დიდი ლაშქარი. წინ სულთანი ჯალალ ედ-დინია. ადამიანი, რომლის ანალოგიც ალბათ ძნელად თუ მოიძებნება მსოფლიო ისტორიაში. ადამიანი, რომელსაც აქვს განსაკუთრებული ნიჭი მოკავშირე მტრად აქციოს.
არც მამამისია დიდი ბედენა - ხვარაზმ შაჰმა მუჰამედ მეორემ, თავის თავს აღმოსავლეთში მაჰმადიანთა ინტერესების დამცველად რომ თვლიდა და "ალაჰის ჩრდილად" რომ მოიხსენიებდა, უარყო დიპლომატიის ყველა კანონი და დახოცა მონღოლთა ელჩები და ვაჭრები.
ამას მონღოლებმა ხვარაზმის სამეფოზე შეტევით უპასუხეს. მათ ხორეზმი აიკლეს, შაჰმა იმის ნაცვლად, რომ პირისპირ შებმოდა მომხდურს, კასპიის ზღვის ერთ კუნძულს შეაფარა თავი, ეს ის კუნძულია, სადაც ვერავინ ბედავდა ცხოვრებას იმ უბრალო მიზეზის გამო, რომ აქ კეთრით დაავადებულებს ასახლებდნენ. იქ აღესრულა სამარცხვინოდ ჯალალ ედ-დინის შემქმნელი მამა.
როგორ იწყებოდა გარნისი
სწორედ ამ მოვლენების შედეგია საქართველოს ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი და ტრაგიკული ბრძოლა - გარნისი, რომელიც 1225 წლის აგვისტოში სომხეთში მდებარე ციხე-სიმაგრესთან მოხდა. ქართველთა მხედრობის წინააღმდეგ მონღოლებს გამოქცეული ჯალალ ედ-დინის არმიაა განლაგებული. მაჰმადიანებს 200 000 მეომარი ჰყავთ, ქართველებს - 60 000, აქედან 4000 მესხი - მეწინავე ლაშქარი.
ქართველთა არმიის მთავარსარდალი ივანე მხარგრძელია - თორელების დაუძინებელი მოქიშპე. მეწინავეებს ძმები შალვა და ივანე ახალციხელები ხელმძღვანელობენ.
ივანე მხარგრძელს სწორედ ამ ბრძოლაში აქვს შესანიშნავი შანსი თავიდან მოიცილოს კონკურენტები, ძმები ახალციხელები და უპირობოდ მიიღოს სანუკვარი პირველობა ქვეყანაში.
ამ შანსს ის, საუბედუროდ, ხელიდან არ უშვებს.
ამბავი დიდი ღალატისა
ამირსპასალარი ივანე მხარგრძელი თავდაცვითი ხაზის გასამაგრებლად მაღლობს იკავებს. მესხები - შალვა და ივანე ახალციხელები ტრადიციულად მეწინავენი არიან.
სიტუაცია დაიძაბა ჯერ კიდევ ბრძოლის წინ - სომხურ ნაწილებსა და მოსახლეობაში გავრცელდა ინფორმაცია, რომ თითქოს ქართველები აპირებდნენ მართლმადიდებლურ სარწმუნოებაზე სომხების იძულებით მოქცევას. აშკარა იყო, რაღაც მანქანა მოქმედებდა მიზანმიმართულად.
თუმცა აქ არ მთავრდება არასასიამოვნო სიურპრიზერბი - ჯალალ ედ დინმა მოახერხა ქართველთა დაქირავებული 20 ათასი ყივჩაღის მოსყიდვა და სწორედ ამის შედეგი იყო, რომ მათ ბრძოლაში მონაწილეობა არ მიუღიათ. ფაქტობრივად მაჰმადიანთა ურიცხვი ჯარის წინაშე მესხების 4 - ათასიანი მეწინავე რაზმი აღმოჩნდა.
ბრძოლაში შალვა და ივანე ახალციხელებს ცხენები დაუხოცეს, ბრძოლა ქვეითად გააგრძელეს. მაგრამ ვეღარ იძალეს - სამგზის გაგზავნეს მალემსრბოლი ივანე მხარგრძელთან - დამხმარე ძალა მოგვაშველეო, სამგზისვე მრავლისმეტყველი დუმილი იყო მთავარსარდლის მხრიდან.
ძირითადმა ძალებმა ისე დაიხიეს უკან, ბრძოლაში მონაწილეობა არც მიუღიათ. ვეღარ მოერივნენ ახალციხელები ურიცხვ მტერს, ხმალიც გადაუტყდათ, შალვა ტყვედ ჩავარდა, ივანე კი კლდიდან ჩამოწოლილმა ზვავმა მოიყოლა.
საგულისხმოა, რომ ჟამთააღმწერლი პირდაპირ მიანიშნებს - ივანე მხარგრძელმა ახალციხელებისადმი შურის გამო არ გაუგზავნა მათ დამხმარე ძალა და ძმები სასიკვდილოდ გაწირაო.
როგორ აღესრულა შალვა ახალციხელი
ჯალალ ედ დინს მიჰგვარეს შალვა ახალციხელი. როგორც მემატიანე გადმოგვცემს, უცვნიათ ნახჭევნელებსა და ადარბაგნელელებს ქართველი, მისი სიქველისა და მამაცობის ამბავიც მოუხსენებიათ ჯალალისთვის.
ჯალალ ედ დინს შეუწყნარებია შალვა და ადარბაგანის მმართველობასაც შეპირებია. აშკარა იყო ხვარაზმელს ქართველის გადაბირება უნდოდა, თუმცა...
საპატიო ტყვედ ჰყოლია თავისთან ერთი წლის განმავლობაში. ერთი წლის შემდეგ კი პოზიცია შეუცვლია - საქმე ისაა, რომ ხვარაზმელებს ხელთ ჩავარდნიათ შალვა ახალციხელი წერილები, რომელსაც ის საქართველოში აგზავნიდა და ჯარის შეკრებას ითხოვდა. სწორედ ის აფრთხილებდა ქართველებს ხვარაზმელთა საქართველოში ლაშქრობის გეგმებზე.
ამ წერლიების გამო ჯალალ ედ დინს გმირი ქართველი მაშინათვე არ დაუსჯია - მისთვის ქრისტეს სრჯულის დატოვება და გამაჰმადიანება მოუთხოვია, თუმცა პასუხად ის მიუღია, რაც უნდა მიეღო საქართველოსადმი ერთგულები და თავდადებული კაცისგან. ვერ აიტანა ჯალალმა ამგვარი პასუხი და ახალციხელის სიკვდილით დასჯა ბრძანა.
ეს 1226 წლის ზაფხულია...
შალვა ახალციხელის სიკვდილთან ერთად წერტილი დაესვა საქართველოს 120 - წლიანი ძლევამოსილების ხანას.
შედეგი დიდი ღალატისა
ჯალალ ედ დინი 1226 წელს შემოდგომაზე დაიძრა თბილისისაკენ, მისი შემჩერებელი არავინაა - ივანე მხარგრძელი მხოლოდ შორიდან ადევნებს თვალს მტრის ურიცხვ არმიას. თბილისი, რომელიც აუღებელ ქალაქად ითვლება, მაჰმადიანთა ღალატით ჩაბარდა მტარვალს.
ისევ ღალატი...
ასი ათასი ქართველი მეტეხის ხიდთან ამ შემოსევისას აღესრულა მოწამეობრივად...
ვერ იხეირა ივანე ათაბაგმა, ვერ მოიმკა ია-ვარდები. ღალატის გზაზე ფიანდაზებს ხომ არავინ აგებს... სულ მალე მხარგრძელიც აღესრულა...
ღალატმა, შურმა და ბოღმამ მაინც იძალა - საქართველოს "ოქროს ხანა" ჩაესვენა გარნისის ბრძოლაში დამარცხებასთან ერთად, შთამომავლობას კი მარადისობად შემორჩა სევდიანი "შავლეგო" წმინდანად შერაცხული შალვა ახალციხელისა...