სპეციალისტთა თქმით, ბოლო წლებში კლიმატის ცვლილების გამო საქართველოში სტიქიური უბედურებების მასშტაბი და რაოდენობა გაორმაგებულია
ნინო ქეთელაური
06.08.2016

 საქართველოში ბოლო რამდენიმე დღეა სტიქია მძვინვარებს. უხვმა ნალექმა ჯერ ახალციხე, ახლა კი ბორჯომის რეგიონი გაანადურა. დაზიანებული საცხოვრებული სახლები, წაქცეული ასწლოვანი ხეები, მწყობრიდან გამოსული ინფასტრუქტურა, მთლიანად განადურებული ბორჯომის პარკი - ეს ის შედეგებია, რაც მოსულმა სეტყვამ და წყალდიდობამ გამოიწვია.

სპეციალისტები ამის ორ მთავარ მიზეზად კლიმატის ცვლილებასა და გასულ წლებში ტყეების მასობრივ ჩეხვა ასახელებენ. მათი თქმით, კლიმატის ცვლილების შედეგად ბოლო წლებში სხვადასხვა სტიქიური უბედურებების, მათ შორის სეტყვისა და წყალდიდობის სიხშირე და მასშტაბები თითქმის გააორმაგა; ტყეებს კი წყალდიდობების შემაკავებელი ფუნქცია აქვთ და მათი გაჩეხვით ავტომატურად იზრდება მასშტაბური წყალდიდობების ალბათობა.

რაც ყველაზე მთავარია, სპეციალისტების პროგნოზი დამაფიქრებელია - მომოვალში მსგავსი ფაქტები კიდევ უფრო გახშირდება. მეტიც, მათი ცნობით, ორშაბათამდე კვლავ არამდგრადი ამინდებია და ბორჯომის მსგვასი სტიქია ახლა უკვე აღმოსავლეთ საქართველოშია მოსალოდნელი.

რა მოხდა

როგორც ბორჯომის მუნიციპალიტეტის გამგებელი დიმიტრი ყიფიანი ამბობს, ხუთშაბათს ძლიერი წვიმა და სეტყვა ბორჯომში დაახლოებით 25-30 წუთს გრძელდებოდა. თუმცა მეტეოროლოგიის ცენტრში ამბობენ, რომ იფიციალური მონაცემებით სეტყვა მხოლოდ 15 წუთს გაგრძელდა.

აღსანიშნავია, რომ სეტყვის ხანგრძლივობა ნებისმიერ შემთხვევაში რეკორდული იყო. ბოლო წლების ყველაზე მასშტაბური, მსგავსი სტიქია 2012 წელს კახეთში დაფიქსირდა, მაგრამ მაშინ სეტყვა მხოლოდ 10 წუთს გრძელდებოდა. შედეგად იმ კონკრეტულ ტერიტორიაზე მთლიანად განადგურდა ვენახები და საცხოვრებელი სახლებიც სერიოზულად დაზიანდა.

ხუთშაბთის სტიქიამ ბორჯომშიც მთლიანად გაანადგურა ბორჯომ-პარკი და მწყობრიდან გამოიყვანა ქალაქის ინფრასტრუქტურა. მოვარდნილი წყალი საცხოვრებელ სახლებსა და მაღაზიებში შევიდა, რის გამოც მოსახლეობას მნიშვნელოვანი ზარალი მიადგა.

ადგილზე შეიქმნა საგანგებო შტაბი და ტურისტული ზონებიდან ხალხის ევაკუაცია მოხდა. ადგილობრივი მოსახლეობა ამ დრომდე დატბორილი ნივთების გაშრობასა და გადარჩენას ცდილობს.

რაც შეეხება ახალციხის სტიქიას, უხვმა ნალექმა საცხოვრებელი სახლები, მანქანები, მოსავალი დააზიანა. სეტყვის შედეგად ავეჯის მაღაზიებიც დააზიანდა. ავეჯის მაღაზიების ჭერი რამდენიმე ადგილზე ჩამოინგრა და თან საშენი მასალა ჩამოიტანა. მოვაჭრეებს გასაყიდად გამზადებული ნივთები გაუნადგურდა.

როგორც ახალციხის მერიაში აცხადებენ, მერიის თანამშრომლები ამ დრომდე ზარალს ითვლიან.

ექსპერტები სტიქიის გახშირებას 2 გარემოებას უკავშირებენ - კლიმატურ ცვლილებებს და ტყეების მასობრივ ჩეხვას.

კლიმატის ცვლილება

როგორც გარემოს ეროვნული სააგენტოს ჰიდრომეტეოროლოგიური დეპარტამენტის თამჯდომარე რამაზ ჭითანავა ამბობს, როგოც წესი, ასეთი ტიპის მოვლენები განეკუთვნება შედარებით იშვიათად განმეორებითი მოვლენების ტიპს, რომელიც ბოლო დროს ძალიან გახშირდა,

"მსგავსი სტიქიური მოვლენები ბოლო წლებში, კლიმატის ცვლილების ფონზე ძალიან გახშირდა და ჩვეულებრივი სახე მიიღო. ამას მარტო ჩვენ არ ვამბობთ, მსოფლიო ექსპერტების მიერ არის დადასტურებული, რომ ბოლო პერიოდში კლიმატის ცვლილებების გამო შეინიშნება სტიქიური მოვლენების სიხშირისა და ინტენსივობის ზრდა, რაც, რა თქმა უნდა, საქართველოს შემთხვევაშიც ასეა - გახშირდა არა მარტო ქარი და სეტყვა, არამედ სხვა მოვლენებიც, როგორიცაა გვალვები, წყალდიდობები, წყალმოვარდნები, ამათგან გამოწვეულია მეწყერები და ა.შ. სტატისტიკა უჩვენებს, რომ მსგავსი შემთხვევევბი გასულ ათწლეულებთან შედარებით 2-ჯერაც კი გაიზარდა", - ამბობს რამაზ ჭითანავა.

მისი თქმით, საქართველოში სეტყვა შესაძლებელია გაცილებით მასიური და ხშირია, მაგრამ დაუსახლებელ პუნქტში ხდება და თვალშისაცემი არ არის. ბორჯომის შემთხვევა კი იმიტომაც იყო გამორჩეული, რომ დასახლებულ პუნქტში მოხდა და ზარალი გაცილებით მეტია.

სტიქიის გახშირებას კლიმატურ ცვლილებებს უკავშირებს მეტეოროლოგიისა და კლიმატოლოგიის სამმართველოს უფროსი ლიკა მეგრელიძეც.

"კლიმატის ცვლილების ზოგადი ინდიკატორია დათბობა და ტემპერატურის ცვლილება როგორც გლობალურ, ისე რეგიონულ დონეზე. ასევეა მყინვარების დნობა და ზღვის დონის აწევა და ითვლება, რომ ექსტრემალური მოვლენების გახშირების გამომწვევი სწორედ კლიმატის ცვლილებაა", - ამბობს ლიკა მეგრელიძე.

ტყეების ჩეხვა

"ძალიან მნიშვნელოვანი ფაქტორია ის, რომ თავის დროზე იქ ტყეები ფაქტობრივად განადგურდა, რასაც ეკოლოგიურად ძალიან დიდი დაცვითი ფუნქციები აქვს", - ამბობს კონკრეტულად ბორჯომის სტიქიაზე საუბრისას ეკოლოგი რუსუდან სიმონიძე.

მისი თქმით, უხვი ნალექებისა და მასშტაბური სეტყვის გამომწვევი მიზეზი სავარაუდოდ კლიმატური ცვლილებაა, თუმცა ტყეს ასეთი სტიქიის დროს შემაკავებელი ფუნქციის შესრულება შეუძლია და ხეების მასობრივი ჩეხვა კი დამანგრეველი წყალდიდობებისა და წყალმოვარდნების რისკს ზრდის.

"ეს ყველაფერი კლიმატის ცვლილების პრობლემასაც ეხება - საშუალო ტემპერატურის ზრდა, რომელიც ყველაგან სხვადასხვანაირად ზემოქმედებს, ზოგან მეტად, ზოგან ნაკლებად და თვისი წვლილი შეაქვს, თუმცა, კონკრეტულად ის შემთხვევა, რაზეც ახლა ვსაუბრობთ, დიდი ალბათობით გამოწვეულია ხეების განადგურებით. ხეების დაავადებებია გავრცელებული და ამანაც შეუწყო ხელი, რომ კიდევ უფრო გაჩეხილიყო ტყეები", - ამბობს რუსუდან სიმონიძე.

"კავკასიის გარემოსდაცვითი ორგანიზაციის ქსელის" გარემოსდაცვითი პროგრამების კოორდინატორი რეზო გეთიაშვილი ასევე ამბობს, რომ კლიმატური ცვლილებები უხვ ნალექს იწვევს, მაგრამ მთავარი შემაკავებელი ფუნქცია ტყეს აქვს.

"ერთი მხრივ, შეიძლება საქმე გვქონდეს სანიაღვრე სისტემების, მიწისქვეშა კომუნიკაციების გაუმართაობასთან და ქალაქის ინფრასტრუქტურასთან, ამას დაზუსტება სჭირდება. ერთია, რომ ქალაქის ინფრასტრუქტურა ვერ ახერხებს გაატაროს ერთბაშად დაგროვილი დიდი რაოდენობის წყალი, მაგრამ მეორე მხრივ, თვითონ წყალშემკრებ აუზში არსებული ეკოსისტემების დეგრადაცია იწვევს იმას, რომ მოსული ნალექი ძალიან სწრაფად ხვდება მდინარის კალაპოტში (შეიძლება ეს იყოს ხევები), იქ არსებულ ტყეებს დაკარგული აქვს წყალმარეგულირებელი და დაცვითი ფუნქცია და ამან განაპირობოს სტიქია. ტყეებს შეუძლია, რომ მოსული ნალექი გააჩეროს და გაატროს უფრო განგრძლივი პერიოდის განმავლობაში.

"მეორე მხრივ არის ეროზიები. ტყე არის გაჩეხილი და რიოდესაც ვსაუბრობთ ბორჯომზე, ამას ადგილზე შესწავლა სჭირდება, მაგრამ პირველი, რაც გვახსენდება, ეს არის 90-ანი წლებიდან მოყოლებული, ტყეების ჩეხვა და უკანონო გატანა. დღეს ეს შეცვლილია იმით, რომ შეშის მოთხოვნილების დაკმაყოფილებისთვის იჭრება ხე-ტყე და ეკოსისტემები ძალიან დაზიანებულია", - ამბობს რეზო გეთიაშვილი.

მისი თქმით, კლიმატის ცვლილების გავლენა ცალკეულ შემთხვევბში უფრო დიდია და ამის მაგალითად დევდორაკს ასახელებს, მაგრამ როგორც გეთიაშვილი ამბობს, ის, რომ ტყე ვეღარ ასრულებს თავის ფუნქციას, რაც სტიქიური მოვლენების გამომწვევია, ეს კლიმატის ცვლილებასთან კავშირში არ არის.

"მარტივად ვიტყვი - თუ დღეს შეშა გვჭირდება და მოვიხმართ 3 მილიონ კუბურ მეტრს, ეროვნული სატყეო სააგენტო გამოყოფს მხოლოდ 600 000 კუბურ მეტრს, ხოლო ოპტიმალური რაოდენობა, ისე, რომ ტყეს ზიანი არ მიადგეს, ამის ნახევარია - 300 000 კუბური მეტრი. გამოდის, რომ 10-ჯერ მეტ ხე-ტყეს ვჭრით და სტიქიურ უბედურებებს ვეღარ დავაბრალებთ მხოლოდ კლიმატურ ცვლილებებს", - ამბობს რეზო გეთიაშვილი.

გამოსავალი

ეკოლოგი რუსუდან სიმონიძე გამოსავალს ტყეების აღგენასა და ხანგრძლივი კვლევებით სტიქიის გამომწვევი მიზეზების ძიებაში ხედავს.

"გამოსავალი არის ტყეების აღდგენა, ხანგრძლივი მეცნიერული კვლევა და რაც მთავარია, წინასწარ უნდა დაიდოს პროგნოზი, თუ რა არის მოსალოდნელი, რომ შესაბამისმა სახელმწიფო სამსახურებმა მიიღონ ის ზომები, რაც ზარალს მინიმუმამდე დაიყვანს", - ამბობს რუსუდან სიმონიძე.

მეტეოროლოგიისა და კლიმატოლოგიის დეპარტამენტის უფროსი ლიკა მეგრელიძე კი მიიჩნევს, რომ გამოსავალი კლიმატური ცვლილელების და ტემპერატურის მომატების შეჩერებაშია.

"ამაზე მთელი ცივილიზებული სამყარო მუშაობს. როგორმე უნდა შემცირდეს სათბურის გაზების ემისია ატმოსფეროში. ამისთვის უნდა დაინერგოს სუფთა ტექნოლოგიები, რომელიც არ საჭიროებს სათბურის წვას.

"აუცილებელია ეკოლოგიაზე ორიენტირებული ტექნოლოგიების დანერგვა. პარიზის კონფრენციაზე საუბარი სწორედ ამაზე იყო, რომ იქნება როგორმე შევინარჩუნოთ არა 4-5 გრადუსიანი მატება, არამედ როგორმე 2 გრადუსზე მაინც შევჩერდეთ. იმიტომ, რომ ეს კიდევ უფრო გაამწვავებს ყველა იმ პრობლემას, რაც დღეს დგას. ამას დაემატება ექსტრემალური მოვლენების გახშირება, წყლის რესურსების შემცირება და ა.შ.", - ამბობს ლიკა მეგრელიძე.

რეზო გეთიაშვილი ამბობს, რომ რამდენადაც შესაძლებელია ყურადღება უნდა მიექცეს ტყეების აღდგენას.

"თუმცა, ეს საკმაოდ გრძელვადიანი პროცესია. მაშინ მოგვიწევს, რომ საერთოდ უარი ვთქვათ ხე-ტყის გამოყენებაზე და მივცეთ აღდგენის საშუალება. კიდევ უფრო ეფექტური ვარიანტია სტიქიას ვებრძოლოთ იქ, სადაც წარმოიშობა. ვებრძლოლოთ მიზეზებს და არა შედეგებს.

"ხშირად უკვე შედეგებთან გვიწევს ბრძოლა, დასახლებულ პუნქტებში ვაშენებთ ჯებირებს, მაგრამ ეს პრობლემა ამოდის უფრო ზევით და არც ერთი უწყება ამაზე პასუხს არ აგებს. ესეც ძალიან მარტივია, ეს აუზები ძირიათადად უკავია ტყეებს და საქართველოს სატყეო ფონდის ტერიტორიაა, რომელსაც მართავს სატყეო სააგენტო. მათ დებულებით არ აქვთ ვალდებულება და შესამისად, არც იღებენ საკუთარ თავზე ფინანსურ რესურს, რომ ბუნებრივი კატასტროფების მართვის კუთხით მიიღონ ზომები.

"არადა, ასეთი ტიპის ზომები გაცილებით იაფი ჯდება. ეს არის ბიოინჟინერიის მეთოდები, ადგილზე ეროზიასთან ბრძოლის მეთოდია, ასევე შესაძლებელია გარკვეული აკრძალვების და შეზღუდვების შემოღება. რაც მთავარია, ეს იქნება ეფექტური და შევებრძოლებით მიზეზს", - ამბობს გეთიაშვილი.

რაც შეეხება სტიქიის განმეორებას, როგორც გარემოს ეროვნული სააგენტოს ჰიდრომეტეოროლოგიური დეპარტამენტის თამჯდომარე რამაზ ჭითანავა ამბობს, 8 აგვისტოს ჩათვლით მსგავსი სტიქია შესაძლოა აღმოსავლეთ საქართველოში განმეორდეს.

"აღმოსავლეთ აქართველოში არამდგრადი ამინდები შენარჩუნდება და ძლიერი წვიმა, ელჭექი, ზოგან სეტყვა და ქარიშხალია მოსალოდნელი. ეს იმდენად ლოკალური პრობლემაა, კონკრეტული ტერიტორიის დასახელება გამიჭირდება, მაგრამ შესაძლოა ანალოგიური სტიქია განმეორდეს", - ამბობს რამაზ ჭითანავა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×