XV ს-ის 60-იანი წლებიდან, კონსტანტინოპოლის დაცემის შემდეგ, საქართველომ საკუთარი ფუნქცია დაკარგა და მსოფლიო რანგის სახელმწიფოდან რეგიონული მნიშვნელობის ქვეყნად იქცა. აშკარა გახდა, რომ ერთიანი ქვეყნის მასაზრდოებელი იმპულსებიც მიილია, ამიტომაც ერთ დროს უძლიერესი ქვეყანა სამეფო-სამთავროებად დაიშალა და საკუთარ ნაჭუჭში ჩაიკეტა.
სულ სხვა რეალობაში აღმოჩნდა ყქ| საუკუნეების შემდგომი პერიოდის საქართველო, მაჰმადიანურ გარემოცვაში განსაკუთრებული ასპარეზი მიეცა შიდა პოლიტიკურ ინტრიგებს, განუზომელი მასშტაბები და სასტიკი ფორმა რომ მიიღო მომდევნო წლებში.
ცუდად დაებედა ბაგრატიონთა დინასტიას სახელი ალექსანდრე... ჯერ იყო და 1511 წელს კახთა მეფე ალექსანდრე | საკუთარმა შვილმა მოკლა - გიორგიმ, შემდგომში ავგიორგის სახელით რომ შეამკო ჟამთააღმწერლობამ. ერთი საუკუნეც არ იყო გასული ამ ტრაგედიიდან, რომ ისევ ალექსანდრეს, ამჯერად რიგით ||-ს, ისევ შვილი, კონსტანტინე მირზა კლავს.
ქალაქ ზეგამში, იგივე საგემში, დღევანდელი აზერბაიჯანის ტერიტორიაზე, დაბა კახის რაიონული ცენტრის მახლობლად დატრიალდა ტრაგედია, რომელიც იმდროინდელი პოლიტიკური თამაშების გამოძახილი იყო.
კავკასიური პოლიტიკური ჭადრაკის დაფა
მეთექვსმეტე საუკუნის მიწურული... დიდი პოლიტიკური თამაშების ხანა... საქართველოს ირანი და ოსმალეთი ეცილებიან ერთმანეთს, ოსმალეთმა იძალა და 1590 წელს მთელი საქართველო მის განმგებლობაში გადადის. თუმცა, მხოლოდ დროებით... ასპარეზზე გამოდის სეფიანთა ირანის ყველაზე გამორჩეული მბრძანებელი შაჰ აბასი, რომელიც სულ მალე ძლევამოსილ სახელმწიფოს ააშენებს, საკუთარ ადგილს მიუჩენს ოსმალეთს და აღადგენს კავკასიურ ტრადიციულ სტატუს-კვოს.
ჩრდილოეთიდან რუსთა სახელმწიფო იჩემებს მესამე რომის ფუნქციას, კონსტანტინოპოლის დაცემის შემდეგ დაშლილი საქართველო ეულად რჩება მაჰმადიანურ გარემოცვაში, ამდენად, რუსთა ამბიციები ერთგვარ შვებად ევლინება ჩვენს ქვეყანას, თუმცა, ეს მხოლოდ ერთი შეხედვით...
რუსთათვის მთავარი პოლიტიკური მიზნებია და არა კონფესიური, ქრისტიანობა და მესამე რომის ფუნქციაც მას მხოლოდ თავისი პოლიტიკური ამბიციების დასაკმაყოფილებლად სჭირდება. ერთი სიტყვით, დიდი საჭადრაკო დაფაა გაშლილი კავკასიაში, სადაც მხოლოდ ფილიგრანული სვლები თუ იხსნის ქვეყანას.
ამბავი "ფიცის წიგნისა" და "წყალობის სიგელისა"
1585 წელს კახეთში რუსეთის მეფის ელჩი დანილოვი ჩამოდის, თან თევდორე მეფის სიგელი ჩამოაქვს. რუსეთის მეფე მფარველობას და მეგობრობას სთავაზობს კახეთის მეფეს.
1586 წელს ალექსანდრეს ელჩები იოაკიმე მღვდელი, კირილე ბერი და ხურშიტა ჩერქეზი უკვე თევდორე ივანეს ძესთან არიან საპასუხო ვიზიტით. მოლაპარაკებები სრულდება იმით, რომ 1587 წლის 28 სექტემბერს კახეთის მეფე ალექსანდრე ხელს აწერს "ფიცის წიგნს", რომლითაც რუსეთი თავის მფარველობაში იღებს კახეთის სამეფოს და გარეშე მტრისაგან დაცვის გარანტიას იძლევა.
ორი წლის შემდეგ კახეთის მეფე თევდორესაგან "წყალობის სიგელს" იღებს, რომლითაც რუსეთის მეფე ადასტურებს "ფიცის წიგნით" განსაზღვრულ ვალდებულებებს.
საგულისხმოა, რომ ალექსანდრე ცდილობს მშვიდობიანი ურთიერთობა ჰქონდეს რუსეთთან, ირანსა და ოსმალეთთან. ეს ის ქვეყნებია, კავკასიაში ბატონობა რომ სურთ. კახეთი ფაქტობრივად სამივეს ვასალობას აღიარებს, თითქოს გამართლებულია ეს პოლიტიკა, სხვა ქართული სამეფოებისაგან განსხვავებით კახეთი აღმავლობას განიცდის. ალექსანდრეს 15 000 მუდმივი მოლაშქრე ჰყავს, საჭიროების შემთხვევაში ორჯერ მეტის გამოყვანაც შეუძლია.
სიტუაცია იცვალება მას შემდეგ, რაც მამის ავადმყოფობით სარგებლობს დავითი, რის შედეგადაც მან ფაქტობრივად მეფობა მიიტაცა.
რუსული დიპლომატიის ორმაგი სახე
მანამდე, სანამ კახეთის სამეფო კარზე შიდაპოლიტიკური სიტუაცია აირევა, ალექსანდრე || თითქოს ჭკვიანურად მოქმედებს, ცდილობს ირანსაც და ოსმალეთსაც ისე მოეპყროს, რაც შეიძლება ნაკლები ზარალი განიცადოს ქვეყანამ. თუმცა, ამ ფილიგრანულ პოლიტიკაში ვერ გათვალა ის, რომ მთავარ დასაყრდენად რუსეთი არ უნდა აერჩია.
რუსეთი, რომელიც აქტიურად ჩაერთო კავკასიურ პოლიტიკაში და ორმაგ თამაშს ეწევა - ატყუებს ორივე მოკავშირეს - კახეთსაც და ირანსაც. რუსი ელჩები ნაშჩოკინი და ლეონტიევი ალექსანდრეს მოახსენებენ, ჩვენი ლაშქარი შეყრილია და მალე სამხედრო ოპერაცია დაიწყებაო, ამის პარალელურად ირანში მივლინებული თავადი ზასეკინი შაჰს არწმუნებს, საშამხლოზე ლაშქრობა მეფე ბორისმა თქვენი თხოვნით მოშალაო.
როგორ ამზადებდა შაჰ-აბასი "ტროას ცხენს" ურჩი ალექსანდრესთვის
ამ პოლიტიკურ ჭადრაკის დაფაზე ირანის შაჰი აბასი თავის საკონტროლო სვლებს ინიშნავს. მან იცის, რომ მცირეწლოვანი ქართველი უფლისწული კონსტანტინე ირანში მძევლადაა დატოვებული. ეს მანამდე მოხდა, სანამ შაჰ-აბასი ტახტზე ავა. სწორედ ქართველი უფლისწული უნდა იქცეს მთავარი გამსვლელი პაიკი სეფიანთა ირანის მბრძანებლისთვის.
მას შემდეგ, რაც ირანის მმართველი გახდა, აბასმა კონსტანტინე, რომელსაც სეფიანებმა კონსტანტინე-მირზა უწოდეს, საკუთარი პოლიტიკური მიზნებისათვის შეამზადა. მთავარი იყო მისი მაჰმადიანური წესით აღზრდა, მენტალური ფერისცვალება, რაც საშუალებას მისცემდა, საჭირო დროსა და მომენტში პოლიტიკურ იარაღად ექცია საქართველოს წინააღმდეგ.
აშკარაა, კონსტანტინე-მირზა სწორედ ის ჯოკერია, რასაც მრისხანე აბასი საგანგებოდ ინახავს. შვილის მხრიდან ღალატი ხომ ყველაზე მძიმე და მოუშუშებელი ჭრილობაა - ერთი საუკუნის წინ ავგიორგის მიერ ალექსანდრე |-ის მკვლელობა მწარედ ახსოვთ კახეთში...
ალექსანდრე ||-ს არ გაუმართლა იღბალმა. მის მიმართ განსაკუთრებულად აგრესიულნი არიან შვილები - სანამ კონსტანტინე მირზა გამოსჭრიდა ყელს, მისმა უფროსმა ვაჟმა დავითმა ჩასცა ლახვარი მამას - ავადმყოფს გვერდით კი არ დაუდგა, სამეფო ტახტიდან გადააყენა და ბერად აღკვეცა. ეს 1601 წელს ხდება...
პირველი ტესტი კონსტანტინე მირზასთვის
რამდენიმე თვით ადრე, იმავე 1601 წელს, უფლისწული კონსტანტინე პირველად ჩამოდის საქართველოში. მას ძვირფას საჩუქრებს ატანენ მამასთან, ალექსანდრე ||-სთან. ეს ერთგვარი ტესტია, ტესტი იმის გასარკვევად, რამდენად იმუშავა უფლისწულის მაჰმადიანურმა ტრანსფორმაციამ, ხომ არ დარჩა რაიმე მარცვალი, რაც მას ძველ რეალობას, ქრისტიანობას, მამაშვილურ დამოკიდებულებას და ადამიანურ განცდებს შეახსენებს.
კონსტანტინეს ვიზიტი ერთგვარი მინიშნება და მნიშვნელოვანი გზავნილი უნდა ყოფილიყო ალექსანდრესთვისაც. ის პოლიტიკური თამაშები, რუსეთთან ურთიერთობის დამყარების მცდელობა და უფრო მჭიდრო პოლიტიკური კავშირი ქრისტიან ქვეყანასთან არ იყო სეფიანთა ირანის სახელმწიფოებრივი ინტერესებისათვის მისაღები.
1587 წელს დადებულმა "ფიცის წიგნმა", რომლითაც კახეთის სამეფო რუსეთის უზენაესობას აღიარებდა იმ შემთხვევაში, თუ ის იკისრებდა კახეთის მფარველობას, აშკარად გააღიზიანა მაჰმადიანი მეზობელი ქვეყნები.
საგანგებოდ უნდა აღინიშნოს, რომ ზეგამის ტრაგედიამდე არსებული დაპირისპირება კახეთის სამეფო კარზე განსხვავებული პოლიტიკური შეხედულებებით არ ყოფილა განპირობებული. ეს უბრალოდ ტახტისთვის ბრძოლა იყო და მეტი არაფერი. ალექსანდრეს პოლიტიკურ კურსს იზიარებდა და აგრძელებდა უფროსი ვაჟი და თანამოსაყდრე გიორგი, ასევე დავითი. (მამის მოღალატე დავითი ტახტზე აღსაყდრებიდან მალე გარდაიცვალა, სავარაუდოდ, მოწამლეს)
აბასის ხაფანგი ალექსანდრესთვის
ამ რეალობისას გამოჩნდა, რა ძვირფასი ხაფანგი გააჩნდა შაჰ-აბასს ალექსანდრესთვის. ერთი მხრივ აშკარა იყო მძაფრი წერტილოვანი დარტყმები კახეთის სამეფოზე, თუმცა, გეგმის უმთავრესი ნაწილი ალექსანდრეს და გიორგის ლიკვიდაციაა. ყველაზე ცინიკური კი ისაა, რომ ეს გეგმა სწორედ კონსტანტინემ უნდა აღასრულოს. ასე უნდა აიძულოს კახეთის სამეფო, შეიცვალოს პოლიტიკური კურსი.
სანამ გადამწყვეტ შეტევაზე გადავა, მოვლენები საინტერესოდ ვითარდება - 1603 წელს დიდი სამზადისი აქვს შაჰ-აბასს - ოსმალეთს დაუწყო ომი და ერევნის ციხეს ალყა შემოარტყა. აბასი თავისთან იბარებს ალექსანდრეს, ალექსანდრე არ ჩქარობს, შაჰთან მხოლოდ 1604 წლის აპრილში ცხადდება.
შაჰი "გულმოწყალეა", ერევნის აღების მერე ალექსანდრეს ჯამაგირს უნიშნავს მადლობის ნიშნად, ომში დახმარებისათვის.
ცოტა ხნის შემდეგ აბასი კახეთის მეფეს ირანში უხმობს, ალექსანდრე ჩადის აბასთან, რომელიც სამხედრო ლაშქრობებში დაატარებს ქართველს. ეს ყველაფერი მოსაბეზრებელია ალექსანდრესთვის, შაჰს სთხოვს, გაუშვას კახეთში. აბასიც თანახმაა, ჩანს, მიხვდა ალექსანდრეს მოქცევა შეუძლებელი იყო. აქ ამოქმედდა გეგმის მთავარი ნაწილი - ურჩთა ლიკვიდაცია.
როგორ აღმოჩნდნენ ჯარის გარეშე ზეგამში მეფე ალექსანდრე და უფლისწული გიორგი
1605 წლის 8 მარტს მეფე ალექსანდრე ძეგამში ჩავიდა. ალექსანდრეს კონსტანტინე მირზაც გამოაყოლეს თან. კონსტანტინეს შაჰის საჩუქრები მოაქვს ალექსანდრესთვის, როგორც დიდი წყალობა - ხალათი და გვირგვინი. ხალათი ნიშანია იმისა, რომ მეფე ექცევა შაჰის მფარველობის ქვეშ, ხოლო გვირგვინი - შაჰის ვასალობის დამადასტურებელია. ეს იდილია სულ 4 დღეს გაგრძელდა.
ზეგამში მეფეს უფლისწული გიორგი ხვდება ქართული ჯარით. რატომღაც გადაწყდა, ჯარი კახეთში გაებრუნებინათ. ალექსანდრე და გიორგი რამდენიმე დიდგვაროვნისა და რუსი ელჩების თანხლებით დარჩნენ. სავარაუდოდ, ეს იმის დემონსტრირება იყო, ირანს დაენახა, რომ კახეთის სამეფოს რუსეთი იცავდა.
როგორ აღასრულა კონსტანტინე მირზამ შაჰის დავალება
12 მარტს რუსი ელჩები ხვდებიან კახელებს, ირანელების დასანახავად რაღაც დოკუმენტზე ხელმოწერაა დაგეგმილი.
ეს უკვე ბოლო წვეთია კონსტანტინე მირზასთვის, ის შაჰის მარიონეტია, აკეთებს იმას, რაც აბასმა დაავალა - ძეგამიდან მოშორებით ყიზილბაშთა ჯარია განლაგებული, სწორედ ამ ჯარს უხმო უღირსმა შვილმა. ძეგამი ყიზილბაშთა გარემოცვაშია, კონსტანტინე იმ კარვისკენ დაიძრა, სადაც მისი მამა და ძმაა რუს ელჩებთან ერთად. მაჰმადიანები ყოველგვარი საბაბის გარეშე თავს ესხმიან უფლისწულ გიორგის, შვილს ალექსანდრე გადაეფარა, ორივე იქვე გამოასალმეს სიცოცხლეს. მოკლულ მამა-შვილს თავები დააჭრა კონსტანტინემ და შაჰ-აბასს გაუგზავნა, როგორც უძვირფასესი ძღვენი.
ამბავი რუსული ვიშვიშისა
კონსტანტინე კახეთის ტახტზე დაჯდა. მხოლოდ ოქტომბრამდე შეძლო კახეთის რისხვისთვის გაეძლო. არაერთხელ მოინდომეს მისი მოკვლა, ჯერ ქიზიყი აჯანყდა, მერე შირვანში შემახის ასაღებად წაყვანილი ჯარი აუჯანყდა. სწორედ იქ შეიჭრნენ კონსტანტინეს კარავში, თუმცა, მოღალატემ კარვის მეორე მხარე ხმლით გაჭრა და გაიქცა. საბოლოოდ, შირვანის ბრძოლებისას მოკლეს კახელებმა კონსტანტინე მირზა.
საგულისხმო კი სწორედ ის არის, რომ კახეთის "მფარველ" რუსეთს დიპლომატიური ვიშვიშისა და გარეგნული პროტესტის გარდა არც არაფერი უღონია...