ძველი მსოფლიოს ხალხთა მორალური კოდექსი თანამედროვეობის განსაკუთრებულ ყურადღებას იქცევს. საინტერესოა, სულიერების თვალსაზრისით რით საზრდოობდნენ უძველეს ხანაში? რამდენად გამოირჩევა ძველი ადამიანების აზროვნების სტილი თანამედროვეთაგან? რას თვლიდნენ უპირატესად და როგორ წარმოედგინათ ადამიანის დანიშნულება მათ?
უნდა ითქვას, რომ ძველი ეგვიპტის მკვლევართ განსაკუთრებულად გაუმართლათ - "მიცვალებულთა წიგნი" გახლავთ ის მთავარი წყარო, რომელზე დაყრდნობით ყველა ზემოთ დასმულ კითხვაზე სათანადო პასუხის გაცემა შეიძლება.
"მიცვალებულთა წიგნი" გზამკვლევია უპირველესად ცოცხალთათვის, რაც გამოდგება იმის სახელმძღვანელოდ, როგორ უნდა იცხოვრო დედამიწაზე, ეს წიგნი მორალური და ეთიკური კოდექსია იმათთვის, ვისაც სამარისო უკვდავება სურს.
ამბავი ძველეგვიპტური საიქიოსი
ეგვიპტელებს იმქვეყნიური სამყარო სახიფათო ადგილად მიაჩნდათ, სავარაუდოდ, ასეთ წარმოდგენას ქმნიდა ადამიანის სიკვდილისწინა აგონია. ეგვიპტელებისათვის, რომელთაც უსაზღვროდ უყვარდათ სიცოცხლე, სიკვდილი უდიდესი სულის შემძვრელი მოვლენა გახლდათ. მათთვის სიკვდილი მხოლოდ დასაწყისი იყო სახიფათო მოგზაურობისა.
პირამიდების ბინადართ მიაჩნდათ, რომ გარდაცვლილი იღვიძებდა საიქიოში, რომელსაც ისინი დუატს უწოდებდნენ. ეს იდუმალი სამყაროა, სადაც ადამიანს მრავალი სახიფათო გამოცდა ელის. ყველაზე სერიოზული გამოცდა დემონებთან შეხვედრა იყო, რომლებიც სწორედ საიქიოში იყვნენ დამკვიდრებული და ემუქრებოდნენ როგორც მიცვალებულებს, ასევე ღმერთებს. ეგვიპტელებისათვის სიკვდილი იყო კრიზისი, რომლის დაძლევაც აუცილებელი იყო. ისინი ოპტიმისტები იყვნენ და მიაჩნდათ, რომ ეს შესაძლებელი გახლდათ, თუმცა, ამისთვის საჭირო იყო გარკვეული ძალისხმევა.
სიკვდილი - დიდი მოგზაურობის დასაწყისი
ნებისმიერ ეგვიპტელს ოცნებად ჰქონდა, მოხვედრილიყო ლელქაშის მინდვრებზე, კურთხეულ ადგილას, სადაც გარდაცვალების შემდეგ სამუდამოდ შეეძლო დამკვიდრება, მაგრამ ამ სანუკვარ ადგილამდე რომ მიეღწია, მას სჭირდებოდა საკმაოდ სახიფათო და მრავალეტაპიანი მოგზაურობა, რომელთაგანაც ნებისმიერ ეტაპს შეეძლო დიდი საფრთხის შექმნა მიცვალებულისთვის.
ძველი ეგვიპტელები ფიქრობდნენ, რომ სიკვდილი დიდი მოგზაურობის დასაწყისი იყო, რომელიც მთავრდებოდა ან თავის დახსნით და სამარადისო ცხოვრებით, ანდა სრული განადგურებით.
"მიცვალებულის წიგნი" იყო გზის მაჩვენებელი და დამცავი უამრავი ხიფათისგან, თუმცა, ამ განსაცდელისას არაფერი იყო გამორიცხული, ყველაფერი შეიძლებოდა მომხდარიყო.
განსაკუთრებით გამახვილებული იყო ყურადღება იმ ფაქტზე, რომ ყველას შეხვდებოდა საშინელი ხოჭო, რომელიც ადამიანის სხეულს ჭამს, ყველას ელის შეხვედრა დემონთან, რომლის სახელია ამინი, ის ადამიანის სულს ემტერება და მხოლოდ "მიცვალებულის წიგნი" იცავდა გარდაცვლილს ამ საშინელი განსაცდელისგან.
სწორედ ამ კუთხით ჰქონდათ "მიცვალებულთა წიგნის" მაღალმხატვრულად გაფორმებულ ილუსტრაციებს დიდი დატვირთვა. მაგალითად, შელოცვას "დემონი ხოჭოს წინააღმდეგ" თან ახლავს ილუსტრაცია, თუ როგორ ანეიტრალებს უხილავი ძალა ამ ხოჭოს. ეს ეხმარებოდა გარდაცვლილს, თავი დაეღწია ხოჭოსგან, რომელსაც მისი სხეულის შეჭმა სურდა.
უარყოფის აღსარება
ეგვიპტელები თვლიდნენ, რომ ადამიანს სინდისით უნდა ეცხოვრა, ღმერთების უმრავლესობა კითხვას სვამდა - რა გაგიკეთებია შენ და პასუხს ელოდა. ეს თითქოს გამოცდა იყო, ღმერთები სვამდნენ კითხვებს, რათა გაერკვიათ, სწორად, ცხოვრობდა თუ არა ადამიანი.
აყველა 42 კარი უნდა გაეღო მიცვალებულს. ეს არ იყო იოლი, კარებს იცავდნენ უზარმაზარი მორიელები და თუკი პასუხი არასწორი იყო, ისინი მიცვალებულებს ჭამდნენ. არადა, მარტო ამ კარების მცველთა სახელების დასახელებაც კი შემზარავია - მხუთავი სულები, ძვლისმტვრელები...
თუკი მოხეტიალე სული მიჰყვებოდა "მიცვალებულთა წიგნის" ინსტრუქციას, საბოლოოდ აღმოჩნდებოდა გამოცდის ბოლო საფეხურზე - სასამართლოს დარბაზში. იქ მიცვალებულს ხვდებოდა 42 ღმერთი, 42 კარით, ყოველი ღმერთის წინ მიცვალებულს უნდა განეცხადებინა, რომ არ ჩაუდენია ცოდვა. ეს ერთ-ერთი სერიოზული გამოცდა გახლდათ საიქიო სამყაროში. თუკი მიცვალებულს არ ეცოდინებოდა ზუსტი პასუხი კითხვებზე, რომლებსაც 42 ღმერთი სვამდა, ის ვერ მოახერხებდა ბარიერის დაძლევას, სხვა კარში გასვლას და უკვდავების მოპოვებას.
ამ 42 ცნებას, რომელიც მიცვალებულს არ უნდა დაერღვია, ეძახდნენ უარყოფის აღსარებას. ეს იმის ჩამონათვალი იყო, რაც მას სიცოცხლეში არ გაუკეთებია: "მე არ მომიპარავს, არავინ მომიკლავს, არ შემიცდენია სხვისი ცოლი..."
ძალიან სიმპტომატურია ეს ჩამონათვალი, რადგანაც, როგორც ჩანს, ბევრი ეგვიპტელი ამას აკეთებდა და რეალურ ცხოვრებაში ასეთი დამოკიდებულებები გავრცელებული გახლდათ. სამყარო ხომ ოდითგანვე ცოდვა-მადლის ერთიანობაა... უარყოფის აღსარების ჩაბარება შესაძლებელი იყო მხოლოდ "მიცვალებულთა წიგნის" დახმარებით. ნუ ავურევთ მას მონანიებაში. ეს აღსარება მაგიური შელოცვის მსგავსია, რომელიც განწმენდს მიცვალებულს იმისგან, რასაც შეიძლებოდა ამქვეყნიური ცხოვრებისას მისთვის ჩრდილი მიეყენებინა.
საინტერესო ფაქტია ის, რომ ქრისტიანული ათი მცნების უმეტესობა გვხვდება ეგვიპტურ უარყოფის აღსარებაში. შესაძლოა ათი მცნება, რომელიც ათასწლეულების შემდეგ შეიქმნა, სწორედ ეგვიპტური უარყოფის აღსარებიდან იყოს აღებული.
სკარაბეების საკრალური არსი
ეგვიპტელებს გული ყველაზე მნიშვნელოვან ორგანოდ მიაჩნდათ. აქ იყო დამკვიდრებული ადამიანის სული, აქ ისახებოდა ადამიანის აზროვნება და რწმენა, ამიტომაც მუმიფიცირების შემდეგ გულს სხეულში ტოვებდნენ. მათ მიაჩნდათ, რომ გული აუცილებელია იმისათვის, რომ მოხვედრილიყვნენ იმქვეყნიურ ცხოვრებაში. ამიტომაც ასეთ მნიშვნელოვან ორგანოს სჭირდებოდა დამატებითი დაცვა.
ამის საშუალებას იძლეოდა გულის სკარაბეი. ეს იყო ხოჭოს გამოსახულება, რამდენადაც ეგვიპტეში ხოჭო მიიჩნეოდა მზის ამოსვლის სიმბოლოდ. ფრთიანი ხოჭო, რომელიც ჰორიზონტის მიმართულებით მოძრაობდა, მართლაც საოცრად წააგავდა ამომავალ მზეს. ამიტომაც ხოჭო სკარაბეი ასოცირდებოდა ამომავალ მზესთან. თავის მხრივ, ამომავალი მზე ეგვიპტელთათვის აღორძინების სიმბოლო გახლდათ.
სკარაბეის ზურგზე ამოტვიფრული იყო "მიცვალებულთა წიგნიდან" ერთი შელოცვა, რომელიც მიანიშნებდა, რომ სკარაბეის მფლობელს არ მოუპარავს, არ მოუტყუებია არავინ, გულის სკარაბეი ერთგვარი ანგარიში იყო იმქვეყნიურ სამყაროსთან.
ეგვიპტელებს განსაკუთრებულად აღელვებდათ ის, რომ გულს შეიძლებოდა გაეცა სააქაოს მათი ჩადენილი საქმეები, რითაც საიქიოში დამკვიდრებას შეიძლებოდა შეეშალა ხელი.
გულის აწონვა
ძველმა ეგვიპტელებმა "მიცვალებულთა წიგნში" თვალსაჩინოდ წარმოადგინეს მრავალი გამოცდა, რომლებიც საიქიო ცხოვრებაში არსებობდა. ერთ-ერთი მათგანია ოსირისის სამსჯავროს წარმატებით გავლა, რის შემდეგაც გარდაცვლილი მარადიული ცხოვრების ღირსად ჩაითვლებოდა. ყველაზე სერიოზული გამოცდა გახლდათ გულის აწონვა - მიცვალებულის გულს სასწორის ერთ პინაზე დებდნენ, მეორეზე კი ქალღმერთ მაატის ფრთას. თუკი გული ამ ბუმბულის ფრთაზე მძიმე აღმოჩნდებოდა, მას მაშინვე შეჭამდა იქვე ჩასაფრებული ურჩხული ამიდი.
ეგვიპტური "მიცვალებულთა წიგნის" გადამწყვეტი მომენტია გულის აწონვა. ეს ბოლო გამოცდაა. მიცვალებულის გული - ეს სიმბოლოა მისი სულიერებისა და ემოციური მდგომარეობის, ასევე მისი გონიერებისა. გული ეს ადამიანის არსია, რომელიც ინახავს კარგ და ცუდ ქცევებს. ამიტომაც გარდაცვლილის გულის ამულეტს დებდნენ სასწორზე ქალღმერთ მაატის ბუმბულის საპირწონედ.
მაატი ეს ქალღმერთია, რომელიც განასახიერებს სამართლიანობას, წესრიგს, ბალანსს. სწორედ ის განსაზღვრავს მიცვალებულის საბოლოო ბედს.
გული არ უნდა ყოფილიყო ჭეშმარიტებაზე არც მძიმე და არც მსუბუქი, ისინი თანაბარი სიმძიმის უნდა ყოფილიყვნენ. ამ რეალობის გათვალისწინებით, ბევრ ენაში დღემდე შემორჩენილია ტერმინი "გული დამიმძიმდა", "მსუბუქი გული"...
არც ერთ ეგვიპტელს არ სურდა, რომ მხოლოდ საკუთარი სულის ამარა ყოფილიყო ამ სამსჯავროს წინაშე. სწორედ აქ ჰქონდა "მიცვალებულთა წიგნს" დიდი მნიშვნელობა - ის ეხმარებოდა გარდაცვლილს. ყოველთვის იყო იმის ალბათობა, რომ მიცვალებულს ვერ ჩაებარებინა გამოცდა, ვერ გამოეყენებინა მიცვალებულთა წიგნის შელოცვები სწორად. ასეთ შემთხვევაში ის ამიდის მსხვერპლი ხდებოდა. ამიდი, საზარელი არსება, თავის თავში აერთიანებდა ნიანგის, ლომისა და ჰიპოპოტამის თვისებებს, მისი მთავარი ფუნქცია იყო, დაუყოვნებლივ გადაეყლაპა მიცვალებული, რომელიც დამნაშავედ ჩაითვლებოდა ოსირისის სამსჯავროზე.
რისი ეშინოდათ ძველ ეგვიპტელებს ყველაზე მეტად
თუკი ამიდი ჭამს გულს, ეს ნიშნავს, რომ ადამიანი არსებობას წყვეტს. ძველ ეგვიპტელებს ყველაზე მეტად ამის ეშინოდათ. გულის ქვის სკარაბეი, რომელიც გარდაცვლილის გულს გამოხატავდა, უნდა გასულიყო ბოლო საფეხურზე იმის გასარკვევად - მის მფლობელს განადგურება ემუქრებოდა თუ მარადისობა.
არის ვერსია, რომ გულის სკარაბეი ერთგვარი ფანდია, რომელიც აწონვისას ადამიანს ეხმარება, მაგრამ სავარაუდოდ ის უფრო მეტს წარმოადგენდა, მიანიშნებდა, რომ ადამიანი ემოციურად გაწონასწორებული და ყველაფრისთვის მზად უნდა ყოფილიყო. ეგვიპტელებისთვის ხომ გული ის ორგანოა, სადაც ემოციები იბადება. შელოცვა პირდაპირი მნიშვნელობით, აიძულებდა გულს არ გაეცა მიცვალებულის ცუღლუტობანი - მიუხედავად იმისა, მას შეცდენილი ჰყავდა თუ არა სხვისი ცოლი, ანდა ჰქონდა თუ არა მოპარული რაიმე. მას ნებისმიერ კითხვაზე უნდა ეთქვა - არა. შელოცვა უნდა ყოფილიყო იმის გარანტია, რომ გული გარდაცვლილს არ გასცემდა.
მიუხედავად ამისა, აშკარაა, რომ ის, რასაც ეგვიპტური 42 ღმერთი კრძალავდა, საყოველთაოდ იყო აღიარებული ეთიკის კოდექსს ნორმებად, საცნაური კი სწორედ ისაა, რომ ეს ნორმები სრულიადაც არ განსხვავდება იმ ზნეობრივი პოსტულატებისგან, დღეს რომ მარადიულ ფასეულობებად აღვიქვამთ.