ჩვენ ქვეყანაში შემორჩენილი არაერთი საინტერესო კულტურული თუ რელიგიური რიტუალი სათავეს იმ პლასტებიდან იღებს, საუკუნეების განმავლობაში ქართულ რეალობაში რომ დაილექა. საქართველო აღმოსავლეთისა და დასავლეთის უმნიშვნელოვანესი გეოსტრატეგიული გზის გასაყარი გახლდათ, ამდენად, ჩვენი ტერიტორიით ინტერესდებოდა ყველა პერიოდის მნიშვნელოვანი პოლიტიკური ძალა, რისი შედეგიც იყო ის კულტურული დიალოგები თუ კონფლიქტები, საქართველოს ოთხიათასწლოვან ისტორიას წითელ ზოლად რომ გასდევს და დღემდე მკვლევართა დიდ ინტერესს რომ იწვევს.
ყველა ერს თუ ხალხს საქართველოში თავისი ტრადიცია მოჰქონდა, ეს მრავალსახეობა ერთ პრიზმაში იყრიდა თავს და ყალიბდებოდა საინტერესო, უნიკალურ კულტურად, რომელსაც მსოფლიოში ანალოგი არ გააჩნდა.
სწორედ ამ რეალობიდან უნდა გავიაზროთ ნეკრესში შემორჩენილი ტრადიციული რიტუალი ქრისტიანულ ეკლესიაში ღორების შეწირვას რომ გულისხმობს.
გადაარჩინეს თუ არა ღორებმა ნეკრესი
ხშირად გაიგონებთ ერთ მოარულ ლეგენდას, რომლის მიხედვითაც შუასაუკუნეებისას, როცა ყიზილბაშები კახეთს იყვნენ შესეულნი და ნეკრესის აღება უნდოდათ, გარეული ღორები გამოვარდნილან ტყიდან. ცუდად ენიშნათ თურმე ღორები მომხვდურთ, მათთვის ხომ, როგორც მაჰმადიანებისთვის, ღორი ბინძური ცხოველია, რომლის ხორცსაც ისინი არ ეკარებიან. დაუფრთხიათ მაჰმადიანები ღორებს, ყიზილბაშებსაც ხელი აუღიათ თავიანთ განზრახვაზე და ასე გადარჩენილა ნეკრესი.
ამის აღსანიშნავად დამკვიდრებულა თურმე ნეკრესში ტრადიციად ქრისტიანული ეკლესიისთვის ღორების შეწირვა. დღეს უჩვეულო რიტუალის ასახსნელად ყველაზე ხშირად ამ ვერსიას მოიშველიებენ.
კაცმა რომ თქვას, შესაძლოა, ასეთი ამბავი მართლაც მომხდარიყო, ძალიან ჰგავს სიმართლეს, მაგრამ დამაფიქრებელია ის, რომ ღორების შეწირვის ტრადიცია ნეკრესში უფრო ადრე ჩანს, ვიდრე შუასაუკუნეებია.
შესაძლოა, ეს ლეგენდა უფრო ადრეულ ხანას არაბთა შემოსევვებს დავუკავშიროთ. არაბებიც ხომ მაჰმადიანები არიან, თანაც სწორედ მურვან ყრუს შემოსევისას ხდება ნეკრესის, როგორც კულტურული ცენტრის და ქალაქის განადგურება. თუმცა არც ეს არის გამოსავალი, რამდენადაც საქართველოში არაბების გამოჩენის თარიღს - ქ|| ს-ის 40-იან წლებსაც ბევრად უსწრებს ქრონოლოგიურად ნეკრესში ღორების მსხვერპლთშეწირვის რიტუალი.
მაშ რით უნდა აიხსნას ეს ტრადიცია? ისევ ნეკრესი უნდა დაგვეხმაროს, სწორედ აქ უნდა ვეძებოთ ამ უცნაური რიტუალის მიზეზი.
ამბავი მაზდეანობისადმი მოწყალე მეფე ფარნაჯომისა
საგულისხმოა, რომ ნეკრესი ძვ-წ-აღ-ის || საუკუნეში ქართლის მეფე ფარნაჯომმა ააშენა და ის ათი საუკუნის განმავლობაში საქართველოს ერთ-ერთი გამორჩეული სავაჭრო და პოლიტიკური ცენტრი გახლდათ მანამადე, ვიდრე ქ||| ს-ში მურვან ყრუ გაანადგურებდა.
ფარნაჯომი სწორედ ის მეფეა, გამორჩეულად რომ ეტრფოდა ცეცხლთაყვანისმცემლობას. არც გაემტყუნებოდა / პართიულ-ირანული კულტურა ხომ მაშინ მსოფლიო მოდის ერთ-ერთი კანონმდებელი იყო. ჰოდა, რა გასაკვირია, რომ ქართული ელიტის ნაწილი განსაკუთრებულად სწყალობდა მაზდეანობას. ამას ხელი შეუწყო იმანაც, რომ ეს რელიგია აღიარებს სამყაროს ოთხივე საწყისს - ჰაერს, წყალს, მიწასა და ცეცხლს.
ფარნაჯომის ზეობა ქრისტეს დაბადებას ჯერ კიდევ 150 წელი გვაშორებს...
როგორ აღმოაჩინეს ნეკრესის ლაბირინთები
1984 წელს ტრაქტორისტს მინდორში მუშაობისას, იმ ადგილას ნეკრესის ქრისტიანული ეკლესია რომ დაჰყურებს ზემოდან, შემთხვევით შუაგულ მინდორში ძველი შენობის ნანგრევები აღმოუჩენია. დაიწყო არქეოლოგიური გათხრები და გამოჩნდა 50 მეტრის სიგრისა და 50 მეტრი სიგანის შენობის საძირკველი.
შენობის რეკონსტრუქციისას ჩანს, რომ ეს შენობა ლაბირინებით იყო დაქსელილი, ამ ლაბირინთების ცენტრში აშკარად იკვეთება ცეცხლის კვალი, რომელიც დიდი ხნის განმავლობაში ჩაუქრობლად ენთო. ცალსახად დადასტურდა, რომ აქ ცეცხლთაყვანისმცემლობის ტაძარი არსებობდა. ეს ვარაუდი განამტკიცა იმანაც, რომ აქვე მაზდეანური რელიგიის ერთ-ერთი მიმდინარეობის, ზოროასტრიზმის რელიგიური რიტუალისათვის საჭირო ნივთებიც იპოვეს.
ნეკრესის ზოროასტრული ტაძარი მეოთხე საუკუნემდე შემორჩა, სწორედ ამ პერიოდში, მაშინ როცა ქრისტიანობა ქართლის სამეფოს ოფიციალური რელიგია გახდა, ქრისტიანებმა განსხვავებული კონფესიის ტაძარი გაანადგურეს.
ამბავი ზარატუშტრასი
მაზდეანური რელიგია დასაბამს წინასწარმეტყველ ზარატუშტრასგან იღებს, დასავლეთში მას ბერძნული სახელით ზოროასტრიზმით მოიხსენიებენ. ისტორიული ტრადიციით, ზოროასტრი სპარსეთში ცხოვრობდა, არ არის ზუსტად დადგენილი მისი ცხოვრების ქრონოლოგიური პერიოდი. არის მოსაზრება რომ წინაწარმეტყველი ძვ. წ-აღ-ის ყქ||| საუკუნეში მოღვაწეობდა. ბევრი სხვა ვერსიასაც არსებობს, მიიჩნევა, რომ ზარატუშტრას ქრისტეშობამდე ყქ||| დან ქ| საუკუნების შორის შუალედისას უნდა ეცხოვრა.
ზოროასტრმა შექმნა გათას პოემების კრებული, რომელიც მისმა მოწაფეებმა ზეპირად შემოინახეს. შემდგომში პართელთა და სასანიდთა პერიოდში ავესტა, რომლის მთავარი ნაწილიც გათას ეკუთვნოდა, ხელნაწერში იქნა გადატანილი. ერთი სიტყვით, ზოროასტრიზმი წიგნიერი რელიგიაა და სავარაუდოდ ეს უნდა იყოს ამ სარწმუნოებით ქართველ მეფეთა დაინტერესების მიზეზი.
ცეცხლთაყვანისმცემლობა მითრაიზმის მოძღვრების სახით ევროპაშიც გავრცელა, მითრა, მზისა და სინათლის ღვთაების კულტი, რომის იმპერიაში შეიტანეს ვაჭრებმა და ჯარისკაცებმა, მითრაიზმმა თაყვანისმცემლები შეიძინა დუნაის შესართავიდან ბრიტანეთამდე.
როგორ იმეორებს მითრას მითს ცისკარას ქართული ზღაპარი
ლეგენდა მითრას შესახებ საოცრად ჰგავს ცისკარას ქართულ ზღაპარს. გადმოცემის თანახმად, მითრამ მოკლა ხარი, რომელიც ადამიანებისადმი მტრულად იყო განწყობილი. ხარი არ აძლევს ხალხს წყალთან მისვლის საშუალებას, ის კლდესთან დგას და არავის უშვებს. გავიხსენოთ - ქართულ მითოლოგიაში ბოროტი ხარის ფუნქცია სამთავიან დევს აკისრია. ისიც ანალოგიურად იქცევა, როცა მოსახლეობას წყალს არ აძლევს.
მითრა გმირია, რომელმაც ბოროტ ხარის კლავს და ხალხს საშუალებას აძლევს წყალთან მივიდეს. მან წყურვილისაგან იხსნა კაცობრიობა. ქართულ მითოლოგიაში მითრას სახეს პედანტურად იმეორებს ცისკარა.
მითრაიზმის გადმონაშთები დღემდე კარგადაა შემონახული ესპანეთში. კორიდა, ხარებთან ბრძოლა, სწორედ მითრაიზმთან დაკავშირებული სანახაობა გახლავთ. სანახაობა, სადაც ბოროტ ხარს ყველას თვალწინ კლავენ. ეს ბოროტებაზე სიკეთის გამარჯვების რიტუალია.
მითრაიზმი, რომელიც სწორედ ამ ფილოსოფიურ იგავს ეყრდნობა, პირველი ოთხი საუკუნის განმავლობაში ებრძვის ქრისტიანობას იმისთვის, რათა მსოფლიოში გაბატონდეს. ბრძოლის ეს პროცესი საქართველოშიც აისახა მთელი სიმძაფრითა და დრამატიზმით.
სანამ ამ პროცესს შევეხებით, ვნახოთ, როგორი დამოკიდებულებაა ხარისადმი საქართველოში.
რატომ აღმერთებდნენ ხარს საქართველოში
ქართულ მითოლოგიასა და ყოფა-ცხოვრებაში ხარი წმინდა ცხოველია, ის დაკავშირებულია მთვარის კულტთან, საცნაურია, რომ ძველ საქართველოში, ქრისტიანობის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადებამდე ყოველი სახლის შესასვლელს, კარებს, ხარის რქა ამშვენებს, ეს მთვარის სიმბოლური გამოსახულებაა. რქა ხომ ძალიან ჰგავს მთვარეს.
ხარის ამგვარი გაღმერთება სრულიად ბუნებრივია, რამდენადაც საქართველო მიწათმოქმედი ქვეყანაა, მიწათმოქმედებაა ძირითადი საარსებო საშუალება და მიწის დამუშავება უშუალოდ სწორედ ხარს, როგორც გამწევ ძალას უკავშირდება. ამიტომაც შემოგვინახა ქართულმა ფოლკლორმა ისეთი სევდიანი ზღაპარი, როგორიცაა წიქარა, სადაც კარგად ჩანს ის დამოკიდებულებები, რაც ძველ საქართველოში ამ ცხოველის მიმართ იყო.
კულტურათა კონფლიქტიდან კულტურათა დიალოგამდე
მაშ ასე - ერთ მხარეს ქართული კულტურა და ტრადიციები, მეორე მხარეს მითრაიზმი. პირველ რიგში უნდა გავარკვიოთ, რამდენად თავსებადია ეს ორი კულტურა ერთმანეთთან, რამდენად შეეძლოთ ამ ორ კულტურას თანაარსებობა...
აქ ცალსახად უარყოფითია პასუხი, რამდენადაც ქართული სამყარო ხარს აღმერთებს, მითრაიზმი კი მას ბოროტ ძალად მოიაზრებს. კონცეპტუალურად ცალსახად შეუთავსებელი პლასტებია, რაც ურთიერთობაში მხოლოდ კულტურათა კონფლიქტს წარმოშობს.
საგულისხმოა, რომ ქრისტიანობამდე ადამიანთა დამოკიდებულება რელიგიების მიმართ განსხვავებული იყო. ერთი ღმერთის რწმენა სრულიადაც არ გამორიცხავდა მეორე ღმერთის რწმენას. უამრავი ღმერთი არსებობს ერთ კულტურულ თუ პოლიტიკურ სივრცეში ყველგვარი კონფლიქტის გარეშე. მაგრამ ნეკრესი გამონაკლისია, ეს ბუნებრივიცაა, რამდენადაც ერთი და იგივე ცხოველი, ამ შემთხვევაში ხარი ვერ იქნება ერთდოულად ბოროტისა და სიკეთის სიმბოლო. შესაბამისად, გარკვეული კომპრომისი უნდა შედგეს - აქ მითრას თაყვანისმცემელთ უწევთ დათმობა, რამდენადაც ადგილობრივი მოსახლეობა მომხვდურის გამო ზნესა და ჩვეულებებს არ შეიცვლის.
სწორედ აქ ხდება მაზდეანების მიერ ხარის ჩანაცვლება ტახით, რომლის მიმართაც ადგილობრივ ქართულ კულტურას გამოკვეთილი პოზიცია არ გააჩნდა. სავარაუდოდ ამ ტრანსფორმირებას საკმაოდ მცირე პერიოდი დასჭირდა, რამდენადაც ნეკრესში სწორედ ქრისტანობამდე სწირავდნენ ტახებს სპარსულ-რომაულ ღვთაება მითრას. ეს ტრადიცია იმდენად სიცოცხლისურნარიანი აღმოჩნდა, რომ ქრისტანობამ, გაბატონებულმა რელიგიამ ვერ შესძლო მისი აღმოფრხვრა.
ნეკრესის კიდევ ერთი უცნაურობა
ნეკრესის მაზდეანურ ტაძართან დაკავშირებით კიდევ ერთი უცნაურობაა ნიშანდობლივი - დანგრეული ტაძრის ადგილას სასახლე აუგიათ, არადა, ტრადიციულად ძველი დამარცხებული რელიგიის ტაძრის ადგილას ახალი რელიგიის ტაძარს აშენებენ ხოლმე. ნეკრესში ეს ტრადიცია ირღვა - ქრისტანული ბაზილიკა ოდნავ მოშორებით, |ქ ს-ში ააშენეს, რომელმაც სულ ერთი საუკუნე გასძლო და ქ ს-ში მიწისძვრამ შეიწირა.
მოგვიანებით, ქ|| ს-ის დასაწყისში ააგეს ნეკრესის დღევანდელი სამეკლესიანი ბაზილიკა, რომელიც მაღლიდან დასცქერის ცეცხლის ტაძარს. ესეც სიმბოლური, ალეგორიული სახეა ქრისტიანობის გამარჯვებისა, თუმცა, ქრისტეს რჯულის სიმყარემ ვერაფერი მოუხერხა ზოროასტრულ წეს-ჩვეულებებს, რომელიც მკვიდრად შემოინახა ადგილობრივი მოსახლეობის მეხსიერებამ. საგულისხმოა, რომ მთიელი ღვითმსახურებს დასტურად და ქადაგად მოიხსენიებენ, არადა დასტურიც და ქადაგიც ზოროასტრ ქურუმთა სახელებია.
სწორედ კულტურათა ისტორიული მეხსიერების, კულტურათა კონფლიქტის, ხოლო შემდეგ კულტურათა დიალოგის შედეგია ღორების ნეკრესში შემორჩენილი მსხვერპლშეწირვის რიტუალი.