მე-19 საუკუნის მეორე ნახევარში საქართველოში არ დარჩენილა არც ერთი ცოტად თუ ბევრად მნიშვნელოვანი ქალაქი, დაბა ან საქალაქო ტიპის დასახლება, რომ საქალაქო თვითმმართველობის უფლება არ მოეთხოვოს, მაგრამ ამ უფლების მოპოვება ადვილი არ იყო.
დასავლეთ საქართველოს ქალაქებიდან პირველად ამ უფლების მოპოვებისთვის ბრძოლა საგუბერნიო ქალაქმა ქუთაისმა წამოიწყო და მთელი სიმძიმე თვთმმართველობის მოპოვებისთვის სწორედ მან გადაიტანა.
ქუთაისის პირველი ნაბიჯები თვითმმართველობისაკენ
თვითმმართველობისაკენ პირველი ნაბიჯი ქუთაისმა პირველად 1874 წლის იანვარში გადადგა. გუბერნატორმა, გრაფმა შუვალოვმა ქალაქის მცხოვრებლებს მიმართ აერჩიათ 55 კაცისგან შემდგარი კომისია, რომელსაც ქალაქის საქმიანობაზე ზრუნვა უნდა დაკისრებოდა.
1874 წლის 16 მარტს ქუთაისში "სამეფო სახლში" მოიწვიეს საქალაქო დეპუტატების სხდომა, სადაც უნდა მოესმინათ დეპუტატების ანგარიში, მაგრამ მათ ეს ვერ შეძლეს, რადგან როგორც აღმოჩნდა, დეპუტატებს არც არაფერი ჰქონდათ გაკეთებული, სხდომაზე მხოლოდ თავიანთ უფლებამოსილებათა შესახებ საუბრობდნენ.
1875 წლის ივლისში იმპერატორმა დაამტკიცა შტატი, რომლის მიხედვით ქუთაისში უნდა გახსნილიყო საქალაქო თვითმმართველობა, ამ მმართველობის თავმჯდომარედ, ანუ ქალაქისთავად დანიშნული იქნა ნიკოლოზ აბაშიძე.
1875 წლის 16 სექტემბრისთვის დაინიშნა ქათაისში ქალაქის დეპუტატთა არჩევნები, რასაც საზოგადოება დიდი მოწონებით შეხვდა. ცნობილი საზოგადო მოღვაწე სერგი მესხი გაზეთ "დროებაში" წერდა. "თუმცა სრულიად არა, მაგრამ ქუთაისსაც ეღირსა ბოლოს და ბოლოს თავისი დიდი ხნის ნატვრის შესრულება. ქალაქს მიენიჭა უფლება, რომ თავისი შინაგანი... საქმეები თვითონ განაგოს ამორჩეული და დანდობილი პირების საშუალებით".
16 სექტემბერს ჩატარდა დეპუტატთა არჩევნები, სულ 53 ხმოსანი იქნა არჩეული სამივე თანრიგში, პირველ და მეორე თანრიგში 18-18 ხმოსანი, მესამეში კი 17 ხმოსანი.
1875 წლის პირველ დეკემბერს მოწვეული იქნა ქუთაისის ქალაქის საბჭოს ("დუმა") პირველი სხდომა, რომელზეც ხმოსნებმა ფიცი მიიღეს, ასე შეიქმნა ქუთაისში საქალაქო თვითმმართველობა.
1875 წლის 4 დეკემბერს დაინიშნა საქალაქო საბჭოს მეორე სხდომა, რომელზეც მიღებული იქნა გადაწყვეტილება 1876 წლის პირველი იანვრიდან ქალაქის საბჭოს მუშაობის დაწყების შესახებ, ამ სხდომაზე არჩეული იქნა თვითმმართველობის გამგეობა, ანუ ქუთაისის საქალაქო თვითმმართველობა თავის საქმიანობას უკვე ოფიციალურად შეუდგა.
პირველ წლებში ქუთაისის თვითმმართველობა მთელ რიგ დაბრკოლებებს წააწყდა, მიუხედავად იმისა, რომ ბევრი საკითხი იქნა განხილული საქალაქო საბჭოს სხდომებზე, გადაწყვეტილებაც ბევრჯერ იყო მიღებული ამა თუ იმ საკითხზე, მაგრამ რეალობაში ისინი ვერ განხორციელდა.
დებულების თანახმად საქალაქო თვითმმართველობას მინიჭებული ჰქონდა სამეურნეო-ეკონომიკური, სოციალური და კულტურული ხასიათის ზოგიერთი უფლება, მაგრამ მათი განხორციელება ჭიანურდებოდა.
1877 წელს ქალაქის საბჭომ გამოიტანა დადგენილება საზოგადოებრივი ბანკის დაარსების შესახებ, რომელიც მას საქალაქო დებულებით ეკუთვნოდა, მაგრამ იგი შეუსრულებელი დარჩა. ასეთი ბედი ეწია სხვა დადგენილებებსაც.
ასეთ ვითარებაში ქალაქის თვითმმართველობაში მოხდა გარკვეული ცვლილებები. ქალაქს სათავეში ჩაუდგა გამგებობის ახალი შემადგენლობა, ქალაქისთავის თანამდებობა აბაშიძის ნაცვლად 1879 წელს მიიღო ლუკა ასათიანმა, რომელმაც შეძლო ხანგრძლივი დროის მანძილზე სჭეროდა ეს საპატიო პოსტი. იგი 13 წელი იყო ქალაქისთავი ქუთაისში.
ცვლილებები ქუთაისის საქალაქო ცხოვრებაში
მე-19 საუკუნის 70-იანი წლების ბოლოსა და 80-იანი წლების დასაწყისში ქუთაისის საქალაქო ცხოვრებაში მნიშვნელოვანი ცვლილებები მოხდა.
ქალაქის გამგეობა პირველ რიგში ზრუნავდა, გაეძლიერებინა ქალაქის ეკონომიკური მდგომარეობა, მაშინ ქალაქის მთლიანი შემოსავალი უმნიშვნელო იყო. ქალაქის გამგეობა შეეცადა, გამოენახა სახსრები საქალაქო ხარჯების დასაფარავად.
ამ პერიოდში იწყება ქალაქში განლაგებული საწარმოებისა და მატერიალური ქონების სჯარო წესით გაცემა. მაგალითად, 1878 წელს ქუთაისის ერთ-ერთმა მოქალაქემ ქალაქისაგან იჯარით აიღო პირუტყვის სასაკლაო ადგილი, რომლის საბაჟო ქირა 960 მანეთს უდრიდა. იმავე წელს 131 მანეთად იქნა გაცემული ეკლარის ქვის სამტეხლო უბანი.
1878 წელს ქალაქის გამგებობამ იაკობ ბეგიაშვილთან დადო ხელშეკრულება მიხვილისა და ალექსანდრეს ხიდებზე, მგზავრთა გატარებისაგან შემოსული თანხის ნაწილის იჯარის წესით გადაცემის შესახებ. ეს ხიდები 1879 წელს გაცემული იყო მეორე გილდიის ვაჭარ იაკობ კოკოჩაშვილზე.
იმავე წელს ნიკოლოზ ბერუჩაშვილმა ქალაქისაგან აიღო პირუტყვის სასაკლაო ეზო 2 755 მანეთად. მდინარე რიონზე დასაცურებელი ტივებისაგან ბაჟის სახით ქალაქს შემოსდიოდა წელიწადში 190 მანეთი და სხვა.
ასე დაიწყო ქალაქის კუთვნილი ქონებისა და საწარმოების გაცემა საიჯაროდ და ამ გზით ქალაქის სასარგებლოდ მატერიალური სახსრების დაგროვება.
ცხადია, ქუთაისისთვის ეს თანხა ძალზე მცირი იყო, მაგრამ ადრინდელ შემოსავალთან შედარებით იგი სამჯერ გაიზარდა და რაც მთავარია, გაჩნდა ახალი სახსრები სავაჭრო-საწარმოებიდან.
ამავე პერიოდში ქალაქის საბჭომ აღძრა შუამდგომლობა მთავრობის წინაშე საზოგადოებრივი ბანკის დაარსების შესახებ, მაგრამ ეს საკითხი ვერ მოგვარდა, თუმცა 1878 წელს ქუთაისში დაარსდა საადგილმამულო ბანკი. 1881 წელს კი სახელმწიფოს ბანკის გახსნის შემდეგ ქალაქს შეეძლო ესარგბელა სახელმწიფო ბანკის დახმარებით.
1880 წელს საქალაქო საბჭომ შექმნა სავაჭრო დეპუტაცია, რომლის მოვალეობა იყო, თვალყური ედევნებინა ქალაქის სალაროსათვის, თუ რამდენად სწორად შედიოდა სამრეწველო და სავაჭრო საწარმოებიდან ქალაქის კუთვნილი გადასახადი.
ქალაქში აიკრძალა ვაჭრობა სავაჭრო წესდებით გათვალისწინებული დოკუმენტაციის გარეშე. სავაჭრო დეპუტაციას ჰქონდა სპეციალური ინსტრუქცია, რომელიც ზუსტად განსაზღვრავდა მის უფლებამოსილებას და საქმიანობას. ეს ინტრუქცია 24 პუნქტს შეიცავდა.
ქუთაისის ურთიერთნდობის ბანკი და საკრედიტო ბანკი
ქუთაისის ეკონომიკურ განვთიარებაში უდიდესი როლი შეასრულა ურთიერთნდობის საზოგადოებამ, ანუ ურთიერთნდობის ბანკმა. მისი დაარსების საკითხი წამოიჭრა მას შემდეგ, რაც გაიხსნა საადგილმამულო ბანკი ქუთაისში.
ამ საქმის ინიციატორები იყვნენ ვაჭართა და მრეწველთა საზოგადოებების წარმომადგენლები, ქართველი საზოგადო მოღვაწეები. 1879 წელს გაზეთი "დროება" წერდა, რომ რამდენიმე პირთ შეუდგენიათ ურთიერთნდობის წესდება და ფინანსთა სამინისტროში წარუდგენიათ დასამტკიცებლად.
ძირითადი მიზანი ურთიერთნდობის საზოგადოებისა იმაში მდგომარეობდა, რომ შესაძლებლობა მისცემოდა წევრებს, შეეტანათ ბანკში თავისი დანაზოგი და მიეღოთ სესხად ვაჭრობისა და მრეწველობისათვის მათი საბრუნავი კაპიტალი.
ქუთაისის საურთიერთობო ნდობის საზოგადოებას ხელმძღვანელობდა გამგეობა, ბანკის თავმჯდომარედ არჩეული იქნა ლევან თუმანიშვილი. გამგეობას გვერდით ედგა ზედამხედველი კომიტეტი, ე.წ. საბჭო, რომელშიც შედიოდა 7 დეპუტატი, ასევე საზოგადოების წარმომადგენლები. კრება იკრიბებოდა წელიწადში ერთხელ, განსაკუთრებულ შემთხვევაში იწვევდნენ საგანგებო კრებას.
"უმთავრესი მიზანი ჩვენი ბანკისა ის არის, რომ ფულის სასარგებლოდ შემომტანს თავის წევრს, რიგიანი სარგებელი აძლიოს და მტკიცედ შეუსრულოს მას პირობა თუ სარგებლის, თუ თავნის, დანიშნულ დროზე, ანუ პირველსავე მოთხოვნილებით პირობებისამებრ მიცემისა და რომელ წევრსაც ფული ეჭირვება რაიმე საქმისათვის, ის ფული მას უშოვნოს და მიასესხოს მსუბუქ სარგებლით, მაგრამ ისე სიფრთხილით, რომ მისესხებული ფული ბანკს არ დაეკარგოს", - წერად ბანკის მიზნებზე გამგეობის თავმჯდომარე პავლე თუმანიშვილი.
ქუთაისის საურთიერთო ბანკს მნიშვნელოვანი ადგილი ეკავა საქართველოს ეკონომიკურ ცხოვრებაში, ისეთი დიდი სავაჭრო-სამრეწველო წარმოება, როგორიც იყო ჭიათურის მარგანეცის საშინაო და საგარეო ვაჭრობა, მისი ექსპორტი საზღვარგარეთ და მასთან დაკავშირებული ფულადი ოპერაციები ქუთაისის საურთიერთოდობის ბანკის საშუალებით ხდებოდა.
რუსეთის ბანკებს შორის ქუთაისის ბანკს კი მე-5 ადგილი ეკავა; ბანკის საბრუნავი თანხის გაზრდის შემდეგ გამგეობამ გადაწყვიტა, ბანკისათვის აეშენებინა საკუთარი სახლი. შეიძინა მამული ქუთაისის ერთ-ერთ პრესტიჟულ ქუჩაზე, რომლის პროექტიც შეადგინა ცნობილმა რუსმა არქიტექტორმა სახაროვმა, რომელიც ამავდროულად იყო ქალაქ ქუთაისის ინჟინერი, შენობის მშენებლობა დამთავრდა 1896 წელს. ამჟამად ამ შენობაში ისევ ბანკია განთავსებული.
1880 წელს დაიწყო მოქმედება ქუთაისის საკრედიტო ბანკმა, 150 წევრით, ათი წლის განმავლობაში ეს რიცხვი 573-მდე გაიზარდა. მათგან 250 ვაჭართა წოდებას ეკუთვნოდა, დანარჩენი სხვადასხვა წოდებას.
წესდების ძალით, საზოგადოების წევრებს შეიძლებოდა მისცემოდათ კრედიტი 15 ათასი მანეთის ოდენობით. წევრთა თავდებობის საშუალებითა და საქმის სწორად წარმართვით ბანკს გამართული ჰქონდა ფულის ანგარიშები. ფულის აღებ-მიცემა სხვადასხვა ქალაქში.
ათი წლის განმავლობაში ბანკის სალაროში შემოსული და გაცემული იყო 64 მილიონზე მეტი მანეთი. აღებ-მიცემობა კი - 200 მილიონზე მეტი.
როგორ შეიცვალა ქუთაისის იერსახე
ქალაქის, სოციალურ-ეკონომიკურ სფეროში მომხდარ ცვლილებებთან ერთად იცვლება ქალაქის გარეგნული იერსახე, მისი განაშენიანება. მნიშვნელოვანი ცვლილებები ხდება სამშენებლო კანონმდებლობის სფეროში. ბოლო მოეღო მანამდე გამეფებულ ქაოსსა და თვითნებობას. ხის სამშენებლო მასალა უმეტესად იცვლება ქვით.
1873 წლის 31 ივლისს საქალაქო საბჭომ მიიღო გადაწყვეტილება ქალაქის ცენტრალურ ქუჩებში, მდინარის მარცხენა სანაპიროზე ხის საცხოვრებელი სახლების მშენებლობის აკრძალვის შესახებ.
1884 წელს ქუთაისში სულ დაფიქსირებული იყო 144 ქუჩა და შესახვევი, მათ შორის 38 ატარებდა სახელწოდებას. განმკარგულებელმა კომიტეტმა 106 ქუჩას ახალი სახელწოდება მიაკუთვნა. ქუჩების გარდა სახელწოდებები მიაკუთვნეს შესახვევებს, მოედნებს, აღმართებს, დაღმართებს, გასასვლელებს.
გარკვეული ნაბიჯები გადაიდგა კულტურის სფეროშიც. ცვლილებები დაიწყო განათლების სფეროდან. წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ინიციატივით 1880 წელს გაიხსნა ქართული გიმნაზია, რომელიც ეროვნულ განმათავისუფლებელი მოძრაობის მნიშვნელოვანი კერა გახდა დასავლეთ საქართველოში.
ამ გიმნაზიამ რევოლუციამდელ პერიოდში დიდი როლი შეასრულა, ეროვნული კადრების აღზრდის საქმეში.
1874-80 წლებში ქალაქის გამგეობამ ააგო თეატრის შენობა და 1885 წელს კი კოტე მესხის ხელმძღვანელობით ჩამოყალიბდა პროფესიული თეატრი, რომელშიც შედიოდნენ ქართული სცენის თვალსაჩინო ოსტატები.
1881-1883 წლებში ქუთაისში გამოდიოდა ქართული გაზეთი "შრომა", ეროვნულ- დემოკრატიული მიმართულების პერიოდული ორგანო, რომლის გარშემო შემოკრებილი იყო ქართული მოწინავე ინტელიგენციის წარმომადგენლები.