მოძრაობა "სახელმწიფო ხალხისთვის" 25-მდე წევრმა დატოვა, - ამის შესახებ პარტიის ნავთლუღის მე-10 საარჩევნო ოლქის შტაბის ყოფილმა უფროსმა იოსებ ხიმშიაშვილმა განაცხადა. მისივე თქმით, პარტია მან თავის გუნდთან ერთად დატოვა, ანუ დაახლოებით 25-მა ადამიანმა.
ხიმშიაშვილი პარტიის დატოვების რამდენიმე მიზეზს ასახელებს. მისი თქმით, ერთ-ერთი არის ის, რომ პარტია კონსულტაციებს "ახალ საქართველოსთან", "გირჩსა" და "ნაციონალურ მოძრაობასთან" გაერთიანებასთან დაკავშირებით აწარმოებს, რაც მიუღებელია.
ამასთან, ხიმშიაშვილი ფინანსურ პრობლემებსაც ასახელებს და აცხადებს, 2 თვეა, ხელფასი არ გაცემულა.
"2 თვის განმავლობაში ხელფასები არ დარიგებულა, ამ დროს კი ბურჭულაძე წასულია გერმანიაში საზაფხულო არდადეგებზე და მეუღლესთან ერთად 7-ვარსკვლავიან სასტუმროში ისვენებს", - აცხადებს ხიმშიაშვილი.
ვრცელდება ინფორმაცია, რომ პარტია ბათუმის ახალგაზრდული მოძრაობის წევრებმაც დატოვეს. თავად პარტიაში კი აცხადებენ, რომ განცხადება მზადდება და გავრცელდება.
რატომ ტოვებენ ბურჭულაძის პარტიას თავისი წევრები? - ამ კითხვით "რეზონანსმა" საზოგადოების ცნობილ სახეებს მიმართა.
სერგო ვარდოსანიძე (ისტორიკოსი): დანამდვილებით ვერ გეტყვით, რამდენად რეალურია ეს მიზეზი, თუმცა მინდა გითხრათ, რომ ძალიან დიდ პატივს ვცემ ბატონ პაატას, როგორც მსოფლიო ბანს.
პოლიტიკა ძალიან რთული პროცესია და ამ პარტიას გამოცდილება ნამდვილად არ აქვს. არ ვიცი, აპირებენ თუ არა რომელიმე პოლიტიკურ ძალასთან გაერთიანებას, თუმცა ამ შემთხვევაშიც არ ჩანს ისეთი პარტიები, რომლებიც გაერთიანების შემდეგ რამეს მიაღწევენ.
საზოგადოება, შეიძლება ითქვას, რომ იმედგაცრუებულიც არის ამ ვითარებით.
ნატო გელაშვილი (მომღერალი): ნამდვილად ვერ გეტყვით, რა არის ამის მიზეზი. ეს იმდენად შიდა სამზარეულოა, რომ გამიჭირდება რამეს თქმა, იმას, თუ რა ხდება პარტიის შიგნით, მე ვერ გავიგებ და არც არავინ მეტყვის. პოლიტიკას მე კი არა, პოლიტიკოსებიც ვერ იგებენ, ამიტომ პასუხის გაცემა გამიჭირდება.
ირმა სოხაძე (მომღერალი): დანამდვილებით არ ვიცი, ვისთან აწარმოებს ბურჭულაძის პარტია მოლაპარაკებებს, თუმცა თუ ეს სიმართლეს შეესაბამება, მაშინ გასაკვირი არ არის. ვისაც უნდა, პირდაპირ "ნაციონალებთან" მივა.
ვინაიდან, ყველა ხვდება, რომ რაც არ უნდა მოგვწონდეს დღევანდელი ხელისუფლება, "ნაციონალური მოძრაობის" ან მისი განახლებული სახელით სხვა პარტიის მთავრობაში მოსვლა წარმოუდგენელია. ის რასაკვირველია არ მიემხრობა მსგავს პარტიებს და აუცილებლად დატოვებენ მას.
ასე რომ, თუ ეს სიმართლეს შეესაბამება, მაშინ არ მიკვირს, რომ მასობრივად ტოვებენ წევრები ბურჭულაძის პარტიას.
ლადო ვარდოსანიძე (არქიტექტორ-ურბანისტი): საერთოდ ეს პარტია მოგონილია და ფანტომია. ქართული საზოგადოების დიდ ნაწილს, რომელიც პატივს სცემდა პაატა ბურჭულაძეს, ძალიან გაუკვირდა მის მიერ პარტიის შექმნა. ეს არის ხელოვნურად შექმნილი პარტია და ვიტყოდი, მარგინალურად შექმნილი პარტიების მიზიდულობის ცენტრი ხდება. პარტია რომ გერქვას, გარკვეული გზა უნდა გქონდეს გავლილი და გყავდეს ელექტორატი. მსგავსი არაფერი გააჩნია ბურჭულაძის პარტიას და ეს მხოლოდ მისი სახელისა და რეპუტაციის შედეგად შექმნილი პარტიაა.
დოდო ხურცილავა (ხელოვნებათმცოდნე): საქმე იმაშია, რომ იმ ბავშვებსაც, ბათუმის ახალგაზრდული პარტიის წევრების, რომლებიც ეხმარებოდნენ მათ, გულწრფელად სჯეროდათ მისი. საქმე რეალურად ისე არ არის, როგორც ბატონი პაატა ამბობდა, რომ იმაზე მძიმე მდგომარეობაა, ვიდრე 4 წლის წინ იყო.
როგორც კი ეჭვი გაჩნდა იმასთან დაკავშირებით, რომ პარტია "ნაციონალურ მოძრაობასთან" ურთიერთობას გეგმავს, ამ ადამიანებს პარტიასთან ურთიერთობის სურვილი გაუქრათ. მით უმეტეს, რომ ბევრი საუბრობს სახელოვნებო წერეებში იმაზე, რომ ბურჭულაძის ხელმძღვანელობა უკრაინიდან, ოდესიდან იმართება.
ამ ბავშვებს კი არ უნდათ, ხელი გაისვარონ ამ პოლიტიკურ ძალასთან და რა ქნან, მე მათი მესმის.
სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"
ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე
საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"
ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე