ბიზანტიის იმპერია შუა საუკუნეების ერთ-ერთი მძლავრი პოლიტიკური ციტადელი გახლდათ. მისი ხანგრძლივი, თერთმეტსაუკუნიანი არსებობა განპირობებული იყო მმართველობის იმ სტრუქტურითა და შინაგანი ფორმებით, რაც უპრეცედენტო მოვლენა გახლდათ მსოფლიო მასშტაბით.
საგულისხმოა, რომ იმპერიის თერთმეტსაუკუნოვანი არსებობის მანძილზე ამ სახელმწიფოს მცხოვრებთ ბიზანტიელებს არასოდეს უწოდებდნენ, მათ რომაელებად, რომეებად მოიხსენიებდნენ. სიტყვა "ბიზანტიელი", "ბიზანტია", ტერმინი "ბიზანტიის იმპერია" მკვიდრდება ყქ საუკუნის შემდეგ აღორძინების პერიოდიდან, მაშინ, როცა ბიზანტიის იმპერია აღარ არსებობს.
როგორ ყალიბდებოდა ბიზანტიის იმპერია
ბიზანტიის იმპერია, როგორც სახელმწიფო, თანდათანობით ყალიბდება - ეს პროცესი სამი საუკუნის განმავლობაში - |ქ-დან ქ| საუკუნემდე გრძელდებოდა და რამდენიმე უმნიშვნელოვანესი პოლიტიკური მოვლენისგან შედგებოდა - 284 წელს იმპერატორი დიოკლეტიანე რომის იმპერიის მმართველობას დასავლეთ და აღმოსავლეთ ნაწილებად ყოფს;
330 წელს კონსტანტინე |-ს დედაქალაქი რომიდან ბიზანტიონში გადააქვს; იმპერატორმა თეოდოსიუსმა 383 წელს გამოსცა კანონი, რომლითაც ქრისტიანობის გარდა ყველა სხვა სარწმუნოება აკრძალა. თეოდოსიუსის გარდაცვალების შემდეგ 395 წლიდან რომის იმპერია საბოლოოდ გაიყო ორად - აღმოსავლეთ და დასავლეთ რომის იმპერიებად.
ბიზანტიის იმპერიის ჩამოყალიბების პროცესი სრულდება იმპერატორ ჰერაკლეს ზეობისას ქ|| ს-ის 20-იან წლებში, როდესაც ხდება ერთი მხრივ იმპერიის მმართველობის საბოლოო ფორმირება და მეორე მხრივ ოფიციალურ ენად მტკიცდება ბერძნული ენა.
საგულისხმოა, რომ აქ ძირითადი მოსახლეობა ბერძნები იყვნენ, ამიტომაც ქ|| ს-დან ბერძნულმა ენამ ბუნებრივად განდევნა ლათინური ენა. სწორედ ამის გამო მოიხსენიებენ ჩვენი წინაპრები ბიზანტიის იმპერიას საბერძნეთად.
ბიზანტიის იმპერია, რომის იმპერიისაგან განსხვავებით, ბერძნული და არა ლათინური კულტურის მატარებელი იყო. გამორჩეული იყო მისი იდეოლოგიური ფუნდამენტიც - რომაული პოლითეიზმის მაგივრად აქ იდეოლოგიურ საყრდენს მართლმადიდებელი ქრისტიანობა წარმოადგენდა.
რატომ გახდა ახალი პოლიტიკური ცენტრის დაარსება აუცილებელი
კონსტანტინე დიდი პირველი რომაელი იმპერატორი იყო, ვინც გაიცნობიერა ქრისტიანობის მნიშვნელობა, მან გამოიყენა ეკლესიის ავტორიტეტი საკუთარი ძალაუფლების განმტკიცების საქმეში.
კონსტანტინეს ზეობისას ხდება პოლიტიკური ძალაუფლებისა და ქრისტიანული სარწმუნოების შერწყმა, რის შემდეგაც თავად იმპერატორის ძალაუფლება განსაკუთრებულად ძლიერდება.
კონსტანტინე დიდი ხშირად ერეოდა საეკლესიო საქმეებში, ის გამოდიოდა მსაჯულის როლში სხვადასხვა საეკლესიო დავისას, რაც მის პოზიციებს ქრისტიანებს შორის კიდევ უფრო ზრდიდა.
ეს ტენდენციები საკმაოდ რთულად გასაცნობიერებელი აღმოჩნდა წარმართული რომისთვის, ამიტომაც სიტუაციამ მოითხოვა ახალი პოლიტიკური ცენტრი დაარსებულიყო, რომელიც რომისგან განსხავებული პოლიტიკური და სარწმუნოებრივი ნიშანთვისებებით იქნებოდა ხელდასხმული.
რატომ აღმოჩნდა ბიზანტიის იმპერია სიცოცხლისუნარიანი
თავიდანვე ჩანდა, რომ ბიზანტია საკმაოდ სიცოცხლისუნარიანი სახელმწიფო იქნებოდა. მან გაუძლო ხალხთა დიდ გადასახლებებს, შეინარჩუნა არმია, სახელმწიფო წყობა, აქ შეერწყა ერთმანეთს უამრავი ფასეულობა, რაც ერთი მხრივ ანტიკურ სამყაროს გააჩნდა და მეორე მხრივ ის, რასაც ქრისტიანული სარწმუნოება ქადაგებდა.
ელინური და ელინისტური კულტურა რომაული სახელმწიფოებრიობა, ქრისტიანობა იყო ის მასაზრდოებელი წყარო, რითაც ბიზანტიური ქრისტიანული კულტურა და მის მიერ უპირატესად აღიარებული იდეოლოგიური საფუძველი ხასიათდებოდა.
სწორედ ეს ძალუმი ტენდენციები იყო ის ერთ-ერთი განმასხვავებელი თვისება, რომლის გათვალისწინებითაც ბიზანტია, როგორც სახელმწიფო, ძლიერ პოლიტიკურ ცენტრად იქცა. საგულისხმოა, რომ დასავლეთ რომისგან აღმოსავლეთ რომს შრომის ორგანიზებაც განასხვავებდა.
აქ ნაკლებად იყენებდნენ მონის შრომას, საკმაოდ ძლიერი იყო თავისუფალი სასოფლო თემი. შეიარღებული არმიის უმეტესობას პატრიოტულად განწყობილი თავისუფალი გლეხები შეადგენდნენ. ამიტომაც იყო ბიზანტიური არმია ბრძოლისუნარიანი.
რა იმალებოდა დიარქიის იდეის მიღმა
ბიზანტიის იმპერიას უმთავრესი პრინციპი საკმაოდ უჩვეულო გახლდათ - მას დიარქიის, ორი მთავრობის იდეა ედო საფუძვლად, რაც გულისხმობდა იმას, რომ საერო ხელისუფლება განაგებდა საერო, ხოლო სასულიერო ხელისუფლება - სულიერ ცხოვრებას.
სწორედ ასეთი მმართველობის ფორმა და ხასიათი იყო ერთ-ერთი მთავარი პირობა იმისა, რომ ბიზანტიამ სულ ორიოდე საუკუნეში განვითარების ზენტის მიაღწია.
ბიზანტია ცენტრალიზებული სამხედრო ბიუროკრატიით იმართებოდა. მას ერწყმოდა რომაული სახელმწიფოებრივი წყობის ტრადიციები და აღმოსავლური დესპოტიის ელემენტები. იმპერიის სათავეში ბასილევსი - მეფე იდგა.
ბასილევსი ღმერთის რჩეულია, რომელსაც ღმერთი გადასცემდა ძალაუფლებას. სწორედ ასეთი თვითშეგნება და რწმენა გახლდათ იმის მიზეზი, რომ არსად შუა საუკუნებისას არ ყოფილა ისეთი მტკიცე და გავლენიანი ხელისუფლება, როგორც ბიზანტიაში.
რატომ ხოცავდნენ იმპერატორებს ბიზანტიაში ხშირად
ბიზანტიაში გაღმერთებული იყო არა იმპერატორი, როგორც პიროვნება, არამედ იმპერატორის ხელისუფლება. ამიტომაც იყო, რომ საკმაოდ რთულ სიტუაციაში ვარდებოდნენ ხოლმე უმაღლესი ხელისუფალნი - ბასილევსს გააჩნდა განუსაზღვრელი უფლებები, თუმცა, ამავე დროს მისი მდგომარეობა საგრძნობლად არამყარი იყო.
არსებული ფონი ხელს უწყობდა სახელმწიფო გადატრიალებებს. საგულისხმოა ისიც, რომ ბიზანტიის ისტორიის არსებობის მანძილზე 395 წლიდან 1453 წლამდე კონსტანტინოპოლის 109 იმპერატორიდან მხოლოდ 34 გარდაიცვალა ბუნებრივი სიკვდილით, 13-მა მონასტერს შეაფარა თავი, 30 განსაკუთრებული სისასტიკით დახოცეს.
სიკვდილისას გამოიყენებოდა ისეთი მეთოდები, როგორებიცაა: შიმშილი, მოწამვლა, დაბრმავება, ხელკეტით ცემა, დახრჩობა, ხანჯლით განგმირვა, აკუწვა, თავის მოკვეთა... საგულისხმოა, რომ მოკლული იმპერატორის, ნიკიფორე |-ის თავის ქალა ვერცხლით დაფერეს.
ბულგარელი ხანი კრუმი სადღეგრძელოს სწორედ ამ თავის ქალიდან სვამდა. და ეს ყველაფერი ხდებოდა რომის პაპისა და კონსტანტინოპოლის პატრიარქის მუდმივი დაპირისპირების ფონზე.
როგორ იწყებოდა საქრისტიანოში გავლენის მოპოვებისთვის ბრძოლა
რომისა და კონსტანტინოპოლის მწყემსმთავართა წინააღმდეგობები ერთ საერთო, ქრისტიანულ წიაღში გამოიკვეთა. თანდათან რთულდება ქრისტიანული სარწმუნოების იერარქიული სახე. თავდაპირველად თუ მხოლოდ სამი ავტოკეფალიური ეკლესია იყო - რომის, ალექსანდრიის და ანტიოქიის, ამის მერე იერუსალიმის და კონსტანტინოპოლის ეკლესიებმაც მიიღეს ავტოკეფალია.
ქ საუკუნიდან კონსტანტინოპოლის პატრიარქი მსოფლიო საეკლესიო პატრიარქად მოიხსენიება. აქედან დაიწყო ერთგვარი შუღლი და დაპირისპირება საქრისტიანოში გავლენის სფეროების მოპოვებაზე, ერთი მხრივ, რომის პაპსა და მეორე მხრივ, კონსტანტინოპოლის პატრიარქს შორის.
აქ ერთგვარი უპირატესობა კონსტანტინოპოლის პატრიარქს ჰქონდა, რამდენადაც რომის პაპი მუდმივად ცდილობდა საერთო ხელისუფლებაზე უპირატესობის მოპოვებას, ხოლო ბიზანტიაში ეს საკითხი მარტივად იყო გადაწყვეტილი - აქ ეკლესია და სახელმწიფო განუყრელი იყო ერთმანეთისგან.
როცა ყველა მოქალაქე დაბადებიდან თანასწორია
ბასილევსები თავს რომის იმპერიის მემკვიდრეებად მიიჩნევდნენ და თვლიდნენ, რომ მხოლოდ მათ ჰქონდათ უფლება ებატონათ ევროპის, აზიისა და ჩრდილოეთ აფრიკის იმ ქვეყნებზე, თავის დროზე რომის იმპერიის შემადგენლი ნაწილი რომ იყო. ქრისტიანული ქვეყნები თავს ბიზანტიის ქვეშევრდომებად ცნობენ. ხშირად ეს ფორმალობა იყო და სიტყვიერი აღიარების ფარგლებს არ სცილდებოდა.
ბასილევსის სათათბირო ორგანო სინკლიტია - ბერძნული სენატი, საგულისხმოა, რომ ქონებრივი ცენზი ხშირად არ იყო ბარიერი იმისათვის, რომ ვინმეს კარიერის აღმასვლაში ხელი შეშლოდა. სინკლიტებად და მოხელეებად ხშირად დაბალი სოციალური ფენის წარმომადგენლები ხდებოდნენ, ეს სრულიად ბუნებრივი იყო იმ იდეოლოგიის ფონზე, რაც რომეებში იყო გაბატონებული - რომეები თვლიდნენ, რომ ყველა მოქალაქე დაბადებით თანასწორი იყო.
ბიზანტიაში ანტიკური ტრადიცია შეინარჩუნეს, სადაც განთლება უმთავრესად საერო იყო, რომში კი სკოლები საეკლესიო სამონასტრო კომპლექსებში არსებობდა და შესაბამისი იდეოლოგიითაც იყო დატვირთული.
კონსტანტინოპოლი კულტურათა გზასაყარზე
იმ პერიოდში, როცა დასავლეთში ბევრი ქალაქი, მათ შორის რომი ინგრეოდა, როცა ამ ქალაქებიდან ხალხი გარბოდა, ბიზანტია ყვაოდა, აქ მოსახლეობის რიცხვი სულ უფრო იზრდებოდა. ამას თავისი წინაპირობაც ჰქონდა - ქალაქი საკმაოდ კარგად იყო დაცული, როგორც ზღვიდან, ასევე ხმელეთიდან, მას დიდი ქვითკირის კედელი ჰქონდა შემორტყმული, მტერთათვის ის მიუვალი იყო.
ეს ის ადგილი იყო, სადაც ევროპისა და აზიის გადაკვეთაზე, ბოსფორის სრუტის ნაპირზე მდებარე ოქროს რქის ყურეში მდებარე საკმაოდ გამაგრებულ და კარგად დაცულ ადგილას ძვ. წ-აღ-ის 657 წელს ბერძენმა კოლონიზატორებმა ახალი კოლონია დააარსეს და მას ლეგენდარული გმირის, ბიძანტის, პატივსაცემად ბიზანტიონი უწოდეს.
კონსტანტინოპოლის მისადგომებთან მუდმივად მიდიოდნენ უცხო ქვეყნებიდან გემები, საგულისხმოა ისიც, რომ კონსტანტინოპოლი საუკეთესო სავაჭრო გზასაყარზე მდებარეობდა, ის იყო უდიდესი კულტურული ცენტრი.
აქ თავს უყრიდნენ ანტიკური კულტურის შესანიშნავ ნიმუშებს, კონსტანტინოპოლს იმ პერიოდის თანამედროვენი ფუფუნების უდიდეს სახელოსნოს უწოდებდნენ. და ეს ყველაფერი იმ ფონზე იყო განფენილი, სადაც იმპერატორის მკვლელობა ჩვეულებრივ ამბად მიჩნეულიყო.
აყველას სურდა იმპერატორის ტიტული, ეს არც იყო გასაკვირი - გამორჩეული ხომ არავინ იყო, ადამიანები ხომ დაბადებიდან იყვნენ თანასწორნი. კონსტანტინოპოლში არ იყო უსაფრთხო ცხოვრება, ღარიბთა უმთავრეს საქმიანობას და თავის რჩენის ერთადერთ საშუალებას ქურდობა წარმოადგენდა.
სწორედ ამ რეალობამ აიძულა შემდგომში ბიზანტიის ოქროს ხანის იმპერატორი იუსტინიანე | ცხოვრება მკაცრად განსაზღვრულ კანონებში მოექცია, იმ კანონებში, რომლებიც თანამედროვე ცივილური სამართლის ფუნდამენტად იქცა.