მოსაზრება
19.08.2016

მობილური ტელეფონები დიდი ხანია თანამედროვე მსოფლიოს შეუცვლელ ატრიბუტად იქცა. მობილური ტელეფონის გამოგონებას შეიძლება თანამედროვე ტექნიკური პროგრესის რევოლუცია ეწოდოს. მობილურ ტელეფონებს უდიდესი მოგება მოაქვს კავშირგაბულობის კორპორაციებისთვის. მაგრამ, როგორც ცნობილია, ნებისმიერ ტექნიკურ პროგრესს სიკეთესთან ერთად თან ახლავს უარყოფითი შედეგები.

მეცნიერებმა დაადგინეს, რომ მობილური კავშირი ადამიანის ჯანმრთელობისთვის მავნე ელექტრომაგნიტური გამოსხივების წყაროა. ელექტრომაგნიტური გამოსხივების წყაროა ყველა ელექტრომაგნიტური ხელსაწყო (ელექტროტალღური ღუმელები, კომპიუტერები, ტელევიზორები). ყველა ეს ხელსაწყო, მობილური ტელეფონისგან განასხვავებით, ჩვენგან გარკვეული მანძილით არის დაცილებული. მობილური ტელეფონის რადიოსიხშირის ელექტრომაგნიტური გამოსხივება შთაინთქმება ტვინის ქსოვილებით, თვალის ბადურით, მხედველობითი, ვესტიბულარული და სმენითი ანალიზატორების მიერ, ამასთან გამოსხივება მოქმედებს როგორც უშუალოდ ცალკეული ორგანოებსა და სტრუქტურებზე, ისე მთლიანად ნერვულ სისტემაზე.

მოქმედებს თუ არა მობილური ტელეფონები ადამიანის ჯანმრთელობაზე? ამასთან დაკავშირებით არსებობს ურთიერთგამომრიცხავი მონაცემები. ჩვენი დღევანდელი საუბარი ეყრდნობა უამრავ ექსპერიმენტულ და თეორიულ გამოკვლევას.

ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციამ და კიბოს შემსწავლელმა საერთაშორისო ორგანიზაციამ მობილური ტელეფონების რადიოგამოსხივება აღიარა პოტენციურ კანცეროგენად და ქლოროფორმის, დდტ-ს, ბენზინის და ა.შ. მსგავსად მიაკუთვნა "ადამიანისთვის შესაძლო კანცეროგენური" ფაქტორების 2ი ჯგუფს. ადამიანები მობილური ტელეფონით საუბრობენ რამდენიმე საათს დღეში. ორგანიზმისთვის კი ეს კოლოსალური დატვირთვაა.

გაჩნდა ე.წ. "მობილური" დამოკიდებულება: ტელეფონი აქვეითებს ინტელექტს და ლიბიდოს. დამტკიცებულია, რომ ელექტრომაგნიტური ტალღები ადამიანის ორგანიზმში იწვევს ცვლილებებს უჯრედულ დონეზე. ადამიანის ჯანმრთელობისთვის რა საშიშროება მოაქვს მობილურ ტელეფონებს?

საშიშროება, პირველ რიგში, დაკავშირებულია ტელეფონის ელექტრომაგნიტური ველის ზემოქმედებაზე ტვინში ელექტრულ პროცესებზე. ტვინის ნერვული უჯრედები წარმოქმნის რთულ ელექტრულ ქსელს. ტელეფონის ველის ზემოქმედებით ამ ქსელზე ხდება ტვინის უჯრედების აქტიურობის დარღვევა, რაც იწვევს: ჰიპერტონიას; არითმიას; წყლულოვან დაავადებებს; მეხსიერების დაქვეითებას; ხშირ თავის ტკივილს; ქრონიკული დაღლილობის სინდრომს; ყურადღების დაქვეითებას; გულფიცხობას; სტრესის მიმართ დაბალ გამძლეობას; ეპილეფსიურ რეაქციებს; გონებრივი და შემეცნებითი უნარის დაქვეითებას.

მობილური ტელეფონების გამოყენებასთან ერთად მნიშვნელოვნად იზრდება შემდეგ დავადებათა რისკი: ბავშვთა ლეიკემია; კატარაქტა და თვალის სხვა დაავადებანი; ფარისებრი ჯირკვლის ფუნქციის დარღვევა; ლეიკოზი; ტვინის სიმსივნე; ძუძუს კიბო; პირის ღრუს კიბო. ალცაჰაიმერის დაავადება; გულსისხლძარღვთა დაავადებები.

ყურადღება მიაქციეთ: ტელეფონის გამოსხივება არა მარტო მოსაუბრეზე მოქმედებს, არამედ ყველაზე, ვინც კი 1-3 მეტრ რადიუსში იმყოფება! ჯანმრთელობის დაცვის საერთაშორისო ორგანიზაციის მიერ ჩატარებულ იქნა ფართომასშტაბიანი სამედიცინო გამოკვლევა 13 ქვეყნის ათასობით პაციენტზე. კვლევამ აჩვენა, რომ ადამიანთა იმ ჯგუფში, რომლებიც არ ხმარობდნენ მობილურ ტელეფონებს, თავის ტვინის სიმსივნეების განვითარების რაოდენობა 40%-ით ნაკლები აღმოჩნდა, ვიდრე იმ ჯგუფში, რომლებიც მობილური ტელეფონებით საუბრობდნენ დღეში არანაკლებ 30 წუთისა 10 წლის განმავლობაში.

ტვინის კიბოთი დაავადების რისკი მათაც კი აქვთ, ვინც მობილური ტელეფონით მხოლოდ 15 წუთი სარგებლობს დღეში! კანცეროგენი (კიბოს წარმომქმნელი აგენტი) იწვევს უჯრედის მუტაციას მის გენეტიკურ აპარატზე ზემოქმედების გზით.

კანცეროგენური ნივთიერებები მოქმედებს "ჯამური შხამის" მსგავსად. უმნიშვნელო დოზებით კანცეროგენური მოქმედება არ ვლინდება, მაგრამ ინდივიდუუმის მთელი სიცოცხლის განმავლობაში იგი ჯამდება და დაზიანება შეუქცევადი ხდება. სიმსივნური ტრანსფორმაცია უჯრედთან კანცეროგენის კონტაქტისთანავე არ იწყება. დაავადების გამომჟღავნებამდე ფარულ პერიოდს ლატენტური პერიოდი ეწოდება.

თავდაპირველად კანცეროგენური ნივთიერება განიცდის ბიოტრანსფორმაციას, რის შედეგად წარმოიქმნება კანცეროგენური მეტაბოლიტები, რომლებიც ჩაინერგება უჯრედში და ცვლის მის გენეტიკურ აპარატს (ხდება ე. წ. მალიგნიზაცია ნორმალური ქსოვილის უჯრედების სიმსივნურ უჯრედებად გარდაქმნა). ბიოლოგიური ლატენტური პერიოდი - ეს არის დრო ორგანიზმში კანცეროგენური მეტაბოლიტის წარმოქმნიდან უჯრედის უკონტროლო ზრდის დაწყებამდე.

კლინიკური ლატენტური პერიოდი უფრო ხანგრძლივია და იანგარიშება კანცეროგენური აგენტის კონტაქტის დაწყებიდან სიმსივნის კლინიკურ გამომჟღავნებამდე. ლატენტური პერიოდის ხანგრძლივობა მნიშვნელოვნად მერყეობს. მაგალითად, კანთან დარიშხანის კონტაქტისას კანის სიმსივნე ვითარდება 30-40 წლის შემდეგ, მუშების საშარდე ბუშტის პროფესიული სიმსივნეები, რომელთაც კონტაქტი ჰქონდათ 2-ნაფტილამინთან ან ბენზიდინთან 3-30 წლის შემდეგ.

ლატენტური პერიოდის ხანგრძლივობა დამოკიდებულია ნივთიერებათა კანცეროგენურ აქტიურობაზე, ორგანიზმთან კანცეროგენური აგენტის კონტაქტის ინტენსივობასა და ხანგრძლივობაზე. ანალოგიურად მობილური ტელეფონების მიერ გამოსხივებული ძლიერი ელექტრომაგნიტური ტალღები მხოლოდ 15-20 წლის შემდეგ ავლენს მავნე შედეგს.

მეცნიერთა პროგნოზით, 2020 წლისთვის თავის ტვინის სიმსივნეთა რაოდენობა 20-ჯერ გაიზრდება!

ბავშვის ორგანიზმი უფრო მგრძნობიარეა ელექტრომაგნიტური ველის მიმართ, ვიდრე მოზრდილი. ელექტრული ველი მოქმედებს უმაღლესი ნერვული სისტემის ფორმირებაზე. დამტკიცებულია, რომ ბავშვის ტვინი უფრო მეტ ელექტრომაგნიტურ ენერგიას შთანთქავს და ზიანდება ტვინის უბნების (მათ შორის, გონებრივ განვითარებაზე პასუხისმგებელი უბნების) დიდი რაოდენობა. ბავშვის თავის ქალის ძვლები ბევრად თხელია, ვიდრე მოზრდილისა, ამიტომ ბავშვის ძვლის ტვინი 10-ჯერ მეტ ელექტრომაგნიტურ გამოსხივებას შთანთქავს. კომფორტისთვის ჩვენ ვიხდით საკუთარი და ჩვენი შვილების ჯანმრთელობით.

მრავალი მეცნიერი თვლის, რომ 8 წლამდე (ზოგიერთის აზრით 16 წლამდე) ბავშვებმა არ უნდა გამოიყენონ მობილური ტელეფონები, რადგან ტვინის სიმსივნის განვითარების რისკი ტელეფონის გამოსხივების გამო ძალიან დიდია. რუსი მეცნიერების მიერ ჩატარებულმა ბოლოდროინდელმა გამოკვლევებმა აჩვენა, რომ თავის ტვინის კიბოს, ალცჰაიმერის დავადებების, ეპილეფსიის და დეპრესიის განვითარების საშიშროება დაკავშირებულია ბავშვობიდან მობილური ტელეფონის ხანგრძლივ გამოყენებასთან. დიდ ბრიტანეთში აიკრძალა სკოლებში მობილური ტელეფონების გამოყენება.

როგორ შევამციროთ მობილური ტელეფონების მავნე ზემოქმედება? აირჩიეთ უმცირესი სიმძლავრის მოდელი. ტელეფონის შერჩევისას დაინტერესდით მისი გამოსხივების დონით (შთანთქმის ხვედრითი კოეფიციენტით) "სარ" და ამოარჩიეთ ტელეფონი უმცირესი მაჩვენებლით. ისარგებლეთ ტელეფონით იშვიათად და მხოლოდ აუცილებლობის შემთხვევაში. ილაპარაკეთ რაც შეიძლება ხმადაბლა, რადგან ხმის აწევით ავტომატურად იზრდება გამოსხივების სიმძლავრე.

მობილური ტელეფონის გამოყენება არ შეიძლება: ბავშვებისა და მოზარდებისთვის 16 წლამდე; ფეხმძიმე ქალებისთვის ორსულობის მთელი პერიოდის განმავლობაში; ნევრასტენიით, ფსიქოაპატიით, ნევროზებით, ეპილეფსიით დაავადებულთათვის, ასევე შეზღუდული გონებრივ და ფიზიკურ პირთათვის. შევზღუდოთ მობილური ტელეფონის გამოყენების დრო და სიხშირე არა უმეტეს 2-3 წუთისა ერთ დარეკვაზე, 10-15 წუთი დღეში.

არ დაიძინოთ მობილურ ტელეფონთან ახლოს. ლოდინის რეჟიმშიც კი მობილური ტელეფონის ელექტრომაგნიტური გამოსხივება უარყოფითად მოქმედებს ცენტრალურ ნერვულ სისტემაზე, არღვევს ძილის ფაზების ნორმალურ მონაცვლეობას. თუ შესაძლებელია, ისარგებლეთ ქალაქის და არა მობილური ტელეფონით. არ ატაროთ ტელეფონი ჯიბით, მოათავსეთ ჩანთაში, სხეულისგან მოშორებით. ტელეფონი არ მიიდოთ ყურზე, სანამ არ დამყარდება აბონენტთან კავშირი - ამ დროს ყველაზე ძლიერია გამოსხივება. სასურველია, საუბრისას ტელეფონი თავისგან მოცილებით დაიჭიროთ.

სახლში ყოფნისას ტელეფონი მოათავსეთ თქვენგან მინიმუმ 1.5 მეტრის მოცილებით. გაითვალისწინეთ, ეკრანირების პირობებში (ავტომობილი, რკინაბეტონის შენობები) ელექტრომაგნიტური გამოსხივების ნაკადის სიმკვრივე, რომელიც ადამიანზე ზემოქმედებს, მრავალჯერ ძლიერდება. იშვიათად გამოიყენეთ მობილური ტელეფონი დახურულ სივრცეში (სახლი, მანქანა), რადგან, მისგან გამოსხივებული ტალღები შესაძლოა აირეკლოს კედლებით, რაც რამდენიმეჯერ აძლიერებს გამოსხივებას. ეცადეთ ტელეფონი არ გამოიყენოთ ისეთ ადგილებში, სადაც ცუდი მიღებაა (ლიფტი, მიწისქვეშა ადგილი, ტრანსპორტი და ა.შ.), რადგან ცუდი მიღებისას მობილური ტელეფონი ცდილობს, მოძებნოს ანტენა გადამცემი.

მობილური ტელეფონით საუბრისას მოიხსენით მეტალის ჩარჩოიანი სათვალე, რასაც შეუძლია გააძლიეროს ელექტრომაგნიტური ველის ინტენსივობა და, შესაბამისად, მისი ზემოქმედება მომხმარებლის თავის ზოგიერთ უბანზე.

ერთი მობილურიდან მონაცემების მეორეზე უმავთულო გადაცემისას (ბლუთუზით) ძლიერდება მობილური ტელეფონის გამოსხივება. გამოძახების მომენტის დასაწყისში მობილური ტელეფონი მთელი სიმძლავრით მუშაობს, აბონენტთან დაკავშირებიდან 20 წამის შემდეგ კი გამოსხივების სიმძლავრე მინიმუმამდე ეცემა.

მობილური ტელეფონის ზედაპირზე დიდი რაოდენობით მრავლდება სხვადასხვაგვარი მიკრობი, მათ შორის, დაავადების გადამტანებიც. გამოთვლილია, რომ ასეთი მიკრობების რაოდენობა მობილურ ტელეფონებზე 5-ჯერ მეტია, ვიდრე საზოგადოებრივი ტუალეტების უნიტაზებზე. სისუფთავე ჯანმრთელობის საწინდარია. ხშირად გაწმინდეთ ტელეფონის კორპუსი ანტიბაქტერიული ხელსახოცით, დაიბანეთ ხელები, ტელეფონი არ დადოთ სასადილო მაგიდაზე და არ ათხოვოთ სხვას, ისევე როგორც არ ათხოვებთ სხვას კბილის ჩოთქს ან სავარცხელს.

გარდა ზემოთქმულისა, მობილური ტელეფონები დიდ საფრთხეს წარმოადგენს ჭექა-ქუხილის დროს. უკანასკნელ წლებში მრავალი ადამიანი დაიღუპა ან დასახიჩრდა მეხით მობილური ტელეფონის ჩართვისა და გამორთვის დროს. ელექტრომაგნიტური გამოსხივებით ხდება ჰაერის იონიზაცია და მეხის დარტყმა. მობილური ტელეფონი, მეხსარიდის მსგავსად, წარმოადგენს ელექტრული მუხტის გამტარს, რაც ზრდის ადამიანზე მეხის დარტყმის რისკს. ამიტომ ჭექა-ქუხილის დროს მობილური ტელეფონი უნდა გამორთოთ.

მობილური ტელეფონი საშიში გამოგონებაა, რაც თავისი მოქმედებით არღვევს ადამიანის უჯრედის ბუნებრივ ელექტრომაგნიტურ ველს. იგი მოწევაზე მავნეა. მთელი მსოფლიოს მეცნიერები მივიდნენ ერთ დასკვნამდე, რომ მობილური ტელეფონით საუბრებს შეუძლია გამოუსწორებელი ზიანი მიაყენოს ჩვენს ჯანმრთელობას. ელექტრომაგნიტური ველის მიმართ ყველაზე მგრძნობიარეა ნერვული, იმუნური, ენდოკრინული და სასქესო სისტემები. როგორც ზემოთ იყო ნათქვამი, მობილური ტელეფონების ხანგრძლივმა, მრავალწლიანმა ზემოქმედებამ შეიძლება გამოიწვიოს ცენტრალური ნერვული სისტემის დეგენერაციული პროცესები, სისხლის კიბო (ლეიკოზი), ტვინის სიმსივნეები, ჰორმონული დაავადებები. ელექტრომაგნიტური ველები განსაკუთრებით საშიშია ბავშვებისთვის, ორსულებისთვის (ემბრიონი).

ნაჩვენები იქნა, რომ მობილური ტელეფონის სხივებით იღუპება ქათმის ემბრიონთა დაახლოებით 30%. სასურველია, რომ ჩვენმა ჯანმრთელობის სამინისტრომ, სხვა ქვეყნების მსგავსად, შეიმუშაოს ოფიციალური რეკომენდაციები მობილური ტელეფონის მოხმარების შესახებ.

გასული საუკუნის 90-იან წლებში ამერიკაში მოგებული იქნა ფრიად უჩვეულო პროცესი. ადვოკატებმა შეძლეს დაემტკიცებინათ, რომ თავის ტვინის სიმსივნით ქალის გარდაცვალების მიზეზი იყო სწორედ მობილური ტელეფონი. ერთმა შვედმა ნეიროქირურგმა შესანიშნავად თქვა: "მობილური ტელეფონის მიკროტალღებით ტვინის ნებაყოფლობითი დასხივება, ეს ადამიანზე ჩატარებული ყველაზე დიდი ბიოლოგიური ექსპერიმენტია".

ვშიშობ, რომ ახდება ალბერტ აინშტაინის სიტყვები: "ვშიშობ, რომ აუცილებლად დადგება დრო, როდესაც ტექნოლოგიები გადააჭარბებს უბრალო ადამიანურ ურთიერთობებს, მაშინ მსოფლიო მიიღებს იდიოტების თაობას".

მობილურ ტელეფონებთან შედარებით ნაკლებად საშიშია კომპიუტერები და ტელევიზორები. თუმცა მათი ხანგრძლივი გამოყენებითაც შეიძლება სერიოზულად დაგვიზიანდეს ჯანმრთელობა. სპეციალისტთა რეკომენდაციით, ბავშვებმა 2-დან 3 წლამდე ტელევიზორს უნდა უყურონ არა უმეტეს 15 წუთისა დღეში. 3 წლამდე პერიოდში აქტიურად მიმდინარეობს მეტყველების, მეხსიერების, ყურადღებისა და ინტელექტის განვითარების პროცესი.

ტელევიზორის ყურებისას სწრაფად ხდება სურათების მონაცვლეობა, გაუმაგრებელი ტვინი კი ვერ ასწრებს ინფორმაციის ასეთი ნაკადის გადამუშავებას. ბავშვი იმყოფება ზედმეტად აგზნებულ მდგომარეობაში, რაც იწვევს ცუდ ძილს, შიშებსა და კაპრიზებს. 3-იდან 6 წლამდე ბავშვებისთვის დასაშვებია ტელევიზორის ყურება არა უმეტეს 40 წუთისა დღეში. ამ ასაკში ბავშვი სამყაროს აღიქვამს ეკრანიდან. აირჩიეთ, თუ როგორი ინფორმაცია უნდა აღიქვას თქვენმა შვილმა. ყურადღება მიაქციეთ, თუ როგორ მულტფილმებს უყურებს იგი. ამ პერიოდში აქტიურად ვითარდება შემოქმედებითი აზროვნება. თუ ბავშვი დასრულებულ გამოსახულებას უყურებს, მისი წარმოსახვა წყვეტს მუშაობას.

7 წლამდე მეტი ასაკის ბავშვებისთვის დასაშვებია ტელევიზორის ყურება 90 წუთამდე დღეში შესვენებებით. ტელევიზორს უყურეთ მხოლოდ განათებულ ოთახში არანაკლებ ორი მეტრის დაშორებით.

ოფიციალური ნორმებით, კომპიუტერებზე მუშაობა მოზრდილებისთვის აკრძალულია დღეში 6 საათზე მეტი ხნით. ყოველ ნახევარ საათში დაასვენეთ თვალები (მაგალითად, გაიხედეთ ფანჯარაში), ყოველ 2 საათში კი დაისვენეთ 20 წუთი. არ დაგავიწყდეთ, რომ ნოუთბუქი (პორტატული კომპიუტერი) ზემოქმედებს არა მარტო თქვენზე, არამედ თქვენს გვერდით მყოფ ადამინებზეც.

5 წლამდე ბავშვებისთვის არ არის რეკომენდებული კომპიუტერთან ახლოს ყოფნა. 6-იდან 10-წლამდე ბავშვებისთვის კომპიუტერით სარგებლობა არ არის დასაშვები დღეში 20 წუთზე მეტი ხნით, ამასთან არ არის რეკომენდებული მონიტორთან ჯდომა 10 წუთზე მეტ ხანს დასვენების გარეშე. 10-იდან 15 წლამდე ბავშვებისთვის დასაშვებია კომპიუტერით სარგებლობა მხოლოდ 1 საათით დღეში.

აშშ-ს და შვეიცარიის მეცნიერებმა დაადგინეს ბავშვებზე რამდენიმე დღის (ზოგჯერ რამდენიმე საათის) განმავლობაში 60 ჰერცის სიხშირისა და 2-3 მილიგაუსის დაძაბულობის მაგნიტური ველების გავლენით გამოწვეული სიმსივნეების წარმოქმნის ფაქტი.

ასეთივე ველებს ასხივებს ტელევიზორი და პერსონალური კომპიუტერი! ცხოვრება მობილური ტელეფონის, ტელევიზორისა და კომპიუტერის გარეშე შეუძლებელია, მაგრამ შევეცადოთ, რომ მათ ზიანის ნაცვლად სარგებლობა მოიტანონ!

რამაზ გახოკიძე, ევროპის ეკოლოგიური კომიტეტის და ამერიკის ფარმაკოგნოზიის საზოგადოების ნამდვილი წევრი, პროფესორი

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×