ნინო ქეთელაური
19.08.2016

წინასაარჩევნოდ პარტიების ბლოკებად გაერთიანება გრძელდება. აქამდე არსებულ რამდენიმე ოპოზიციურ ბლოკს, კიდევ ერთი გაერთიანება შეემატა. ამჯერად "მოძრაობა სახელმწიფო ხალხისთვის", "გირჩი", "ახალი მემარჯვენეები" და "ახალი საქართველო" ერთ საარჩევნო პლატფორმაში გაერთიანდა.

"მოძრაობა სახელმწიფო ხალხისთვის" ლიდერის, პაატა ბურჭულაძის თქმით, შეიქმნა ახალი პოლიტიკური პლატფორმა, რომლის სახელწოდებაა "პაატა ბურჭულაძე - მოძრაობა სახელმწიფო ხალხისთვის".

"ისინი შემოგვიერთდნენ ზუსტად მაშინ, როდესაც ჩვენზე იყო ძალიან დიდი ზეწოლა და პოლიტიკური წნეხი. დღეიდან ეს ბატონიშვილები ჩვენთან ერთად გაინაწილებენ ამ წნეხს", - განაცხადა ბურჭულაძემ.

"გირჩის" ლიდერის, ზურაბ ჯაფარიძის განცხადებით, "ვაშაძე-ჯაფარიძე-ახალი არჩევანის" საარჩევნო ბლოკსა და "პაატა ბურჭულაძის მოძრაობა სახელმწიფო ხალხისთვის" შორის ბევრი საერთო ხედვაა.

"ჩვენ რეალობიდან ვაფასებთ მოვლენებს და ერთნაირად ვხედავთ იმ საფრთხეებს, რაც ქვეყნის წინაშე არსებობს. ასევე დაემთხვა ჩვენი პოზიციები იმასთან დაკავშირებით, რომ გამოსავალი ამ საფრთხეების არის ის, რომ საქართველომ გააგრძელოს რაც შეიძლება სწრაფი სვლა ევროატლანტიკური ორგანიზაციებისკენ. ასევე ქვეყანაში უნდა გატარდეს რადიკალური რეფორმები, რათა დავძლიოთ სიღარიბე", - განაცხადა ჯაფარიძემ

როგორც საარჩევნო ბლოკ "ვაშაძე-ჯაფარიძე-ახალი არჩევანის" ერთ-ერთმა ლიდერიმა გიორგი ვაშაძემ განაცხადა, ძალების კონსოლიდაცია ძალიან მნიშვნელოვანია - "რათა საქართველოში ერთხელ და სამუდამოდ შეიცვალოს მიდგომა და ხელისუფლებაში მოვიდნენ ის ძალები, ვისაც რეალურად უნდა საქმის კეთება."

როგორ ფიქრობთ, ოპოზიციური პარტიების ბლოკებად გაერთიანება, გაზრდის თუ არა მათ შანსს არჩევნებზე? - ამ კითხვით "რეზონანსმა" საზოგადოების წარმომადგენლებს მიმართა.

 გია ბურჯანაძე (მსახიობი): "გააჩნია, ოპოზიციაში ვინ იგულისხმება. ის პარტიები, ვინც ახლა ერთიანდებიან, ნაციონალების მიერ დაყოფილი პატარ-პატარა ფილიალებია. მოსახლეობას იმის გონება უნდა ჰქონდეს, რომ ესენი იგივე ნაციონალები არიან და ხმა არ მისცენ."

 

 

 

 რეზო მიშველაძე (მწერალი): "მე ვფიქრობ, როდესაც ისინი თავიანთ ზედა პარტიებს გამოეყვნენ და ცალკე მოინდომეს არჩევნებში მონაწილობა, ჯერ კიდევ მაშინ შეცდნენ.

რატომღაც ფიქრობდნენ, რომ მათი სახელი და გვარი საკმარისი იყო ქართველი ამომრჩევლის ხმის მისაზიდად. ცოტა გაფაფხურდნენ და დარწმუნდნენ, რომ მათ არც პროგრამა აქვთ მომხიბვლელი და არც მათკენ შემობრუნებული ამომჩეველი არსებობს საქართველოში.

ახლა გაერთიანდებიან თუ ისევ დაცალკევდებიან, მას არავითარი მნიშვნელობა არ აქვს. ამომრჩეველს და მთელ საქართველოს მოაბეზრეს უკვე თავი, გაყოფა-შეერთებით და უტიფარი ტყუილებით იმის შესახებ, რომ მოდიან და გადაარჩენენ საქართველოს.

ისინი ხმას ვერც ცალ-ცალკე მიიღებენ და ვერც პატარ-პატარა უღიმღამო ბლოკებად გაერთიანებას მოჰყება შედეგი."

 ჯემალ ჭკუასელი (ანსამბლი "ერისიონის"  სამხატვრო ხელმძღვანელი): "ოპოზიციური პარტიები თუ ერთიანდებიან, ეს იმის ნიშანია, რომ ძალიან უჭირთ. პარტიების გაერთიანება თუ მხოლოდ გაერთიანებისთვისაა, ეს ძალიან ცუდია, გინდა ოპოზიცია იყოს, გინდა პოზიცია. როგორც წესი, ასე გაერთიანებული პარტიები, ისევ მალევე იშლებიან. ამიტომ მეზარება პოლიტიკაზე მსჯელობა."

 

 

 

 ნუცა ჯანელიძე  (მუსიკათმცოდნე): "მე ვფიქრობ, ამ პარტიებს მსგავსი გაერთიანება შეიძლება ცოტათი წაეხმაროს. იმხელა პარტიები ერთიანდებიან, ესე იგი რაღაც უჭირთ...მანდ სიებზე იქნება კიდევ დიდი ამბავი."

 

 

 

 

 გიგა ნასარიძე  (ა/ო "საქართველო არ იყიდება"): "ამ საკითხთან სხვადასხვა მიდგომა შეიძლება, სწორად აქვთ თუ არა გათვლილი ელექტორატის საკითხი, მოსწონთ თუ არა იმ პარტიების ამორჩეველს ერთმანეთი, რომლებიც ერთიანდებიან, როგორი დამოკიდებულება აქვთ ერთმენთთან და სხვა მრავალი. ბევრი ფაქტორია გასათვალისწინებელი. შესაძლოა, ამგვარმა გაერთიანებამ ამომრჩეველი დაუკარგოს კიდეც."

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე


Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×