გვანცა ღვედაშვილი
22.08.2016

მოძრაობა "თეთრი ხმაურის" მიერ სამტრედიაში ორგანიზებულ მიტინგზე მონაწილეები სოფელ დაფნარში 22 წლის დემურ სტურუას გარდაცვალების ფაქტს აპროტესტებენ. მან გარდაცვალებამდე წერილი დატოვა, სადაც პოლიციის მხრიდან ზეწოლის ფაქტზე მიუთითა.

არასამთავრობო ორგანიზაციის წევრები პრემიერ-მინისტრს სოფელ დაფნარში 22 წლის დემურ სტურუას თვითმკვლელობის ფაქტზე რეაგირებას სთხოვენ. მოთხოვნათა შორის არის სამტრედიის პოლიციის უფროსის თანამდებობიდან გათავისუფლება და ნარკოპოლიტიკის შეცვლა.

აქციაზე რამდენიმე ინციდენტი მოხდა - პოლიციასა და აციის მონაწილეებს შორის ფიზიკური დაპირისპირება, აქციის მონაწილეთა მხრიდან პოლიციის მანქანების შეღებვა, ასევე მანქანებზე სტიკერებისა და ფურცლების გაკვრა, რომლებზეც 7 აგვისტოს გარდაცვლილი დემურ სტურუას წერილი იყო აღბეჭდილი.

"გამართლებულია თუ არა საპროტესტო აქციისას პოლიციელთა მანქანებზე ახტომა, მათი შეღებვა და ა.შ.?" - ამ კითხვით "მთელმა კვირამ" საზოგადოების ცნობილ წარმომადგენლებს მიმართა.

 ნუცა ჯანელიძე (მუსიკოსი): "მე ვნახე სიუჟეტი და ნამდვილად არ არის გამართლებული. სიტყვით უნდა მოერიო და არა ასეთი ქცევებით.

"ძალიან მეცოდება ის ბიჭი და მისი ოჯახი. ნამდვილად ვიღაც არის დამნაშავე, შემსრულებელი დამკვეთი თუ ვინც არის, თუმცა ასეთი საქციელი დადგმული სპექტაკლივით გამოვიდა და ამიტომ მიუღებელია."

 

 

 ლადო ვარდოსანიძე (ურბანისტ-არქიტექტორი):  "ვუყურებდი ამ კადრებს და ძალიან ცუდი შთაბეჭდილება დატოვა. არავითარი ახტომები, დახტომები და მსგავსი ქმედებები ხელს არ უწყობს სამოქალაქო მშვიდობის დამკვიდრებას. ამას უნდა მიხვდნენ ახალგაზრდები. არ შეიძლება მათი კეთილშობილური მიზნები უღირსი მეთოდებით განხორციელდეს.

"ეს იწვევს, როგორც პოლიციის, ისე საზოგადოების გარკვეული ნაწილის გაღიზიანებასაც. ასე რომ, ამას არავითარ შემთხვევაში არ მივესალმები და ვფიქრობ, მსგავსი ქცევები დასასჯელია."

 გია ბუღაძე  (ფერმწერი): "მოდი, ასე ვთქვათ - რამდენად გამართლებულია ახალგაზრდა კაცის თვითმკვლელობამდე მიყვანა? სად მანქანის შეღებვა თავისი დანაშაულის სიმძიმით და სად ადამიანის თვითმკვლელობამდე მიყვანა...

"რა გითხრათ, მე ვამართლებ ახალგაზრდების ამ ქმედებას."

 

 ვასილ მაღლაფერიძე (პუბლიცისტი):  "ამას შეკითხვაც არ უნდა, პასუხი ნათელია, რომ არ არის გამართლებული. პროტესტი, რასაკვირველია, უნდა გამოვხატოთ, მაგრამ უნდა ვიცოდეთ ფორმების დაცვა. ეს არის მასობრივი არეულობისკენ ბიძგი. რა თქმა უნდა, არ არის გამართლებული და ეს განსახილველიც არ უნდა იყოს."

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე


Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×