თბილისმა ბევრ მომხდურს გაუძლო, ბევრ სისასტიკეს დახვდა მედგრად. ჩვენი ქალაქის ერთ-ერთი გმირული ფურცელი ხაზართა შემოსევას უკავშირდება, ხაზართა მეკავშირეა ბიზანტიის იმპერია, რომელიც თავის პოლიტიკურ პლაცდარმად მოიაზრებს კავკასიას მსოფლიო ბატონობის ამბიციის ფონზე.
ბიზანტიის იმპერატორის ჰერაკლე კეისრის მმართველობამ განსაკუთრებული კვალი დააჩნია საქართველოს ისტორიას. ამ პერიოდისას, ქ|| ს-ის 20-40-იან წლებში, გამორჩეული სიმწვავით ხასიათდება სასანიანურ ირანთან ბიზანტიელთა დაპირისპირება, რომლის ერთ-ერთი მთავარი ასპარეზი საქართველო გახლდათ. ეს წინააღმდეგობა ბიზანტიელთა გამარჯვებით მთავრდება, რაც დიოფიზიტური, ქალკედონური სარწმუნოების გამარჯვებასაც ნიშნავდა.
ბიზანტიის კეისარმა ფაქტობრივად წერტილი დაუსვა ქართლში დიოფიზიტობასთან დაპირისპირებული რელიგიების ზეობას, გაიწმინდა ეკლესია ერესისაგან და დიოფზიტურ ეკლესიებს დაუმკვიდრა სიმშვიდე და სარწმუნოებრივი ერთიანობა, რასაც განსაკუთრებული მნიშვნელობა ჰქონდა იმ თვალსაზრისით, რომ ქ||| ს-დან, არაბთა შემოსვლის წინ საქართველო მათ მტკიცე სარწმუნოებრივი პოზიციით ხვდება.
მანამდე კი იმ პერიოდის მსოფლიოში საინტერესოდ ვითარდება მოვლენები.
რატომ ეძებდნენ ირანის სასანიდი შაჰები ბიზანიტიაში თავშესაფარს
აშკარა იყო, გამუდმებული დაპირისპირება ფიტავდა როგორც ბიზანტიას, ისე სასანურ ირანს. ამას ემატებოდა მუდმივი შიდააშლილობა - სწორედ სახელმწიფო გადატრიალების შედეგად დაკარგა ტახტი ხოსრო ანუშირვანის მემკვიდრე ხორმიზდ |ქ-მ, რომელმაც ბიზანტიას შეაფარა თავი. მან 11 წელი იმეფა, 590 წლამდე. აჯანყებულებმა ისიც დაამხეს და ტახტზე ხოსრო | ანუშივანის უმცროსი შვილი ხოსრო || ფარვიზი აიყვანეს, თუმცა მის მიმართაც მალე გამოვლინდა უკმაყოფილება, რასაც ხოსრო ||-ის ბიზანტიაში გაქცევა მოჰყვა.
ხოსრო ||-მ ბიზანტიის იმპერატორ მავრიკიოსისაგან დახმარება მიიღო როგორც ჯარით, ისე ფულით და სწორედ ასე შეძლო ტახტის დაბრუნება. სამაგიეროდ, აღნიშნული დახმარების სანაცვლოდ ბიზანტიელებთან მათთვის ხელსაყრელი საზავო ხელშეკრულება გააფორმა.
591 წლის ზავით სასანიდები ბიზანტიას უთმობდნენ არა მარტო დასავლეთ საქართველოს, არამედ აღმოსავლეთ საქართველოსაც თბილისამდე. რაც შეეხება უშუალოდ თბილისს და მის აღმოსავლეთ ტერიტორიებს, აქ ისევ ირანელები რჩებიან.
რა პოლიტიკური მემკვიდრეობა ერგო ჰერაკლე კეისარს
ბიზანტიაში 602 წელს გადატრიალების შედეგად მავრიკიოსი მოკლეს და იმპერატორად ასისთავი ფოკა გამოაცხადეს. ხოსრო ||-მ შურისძიების საბაბით ომი გამოუცხადა ბიზანტიას, საბაბი თითქოს კეთილშობილური იყო - ღმერთმა უწყის აფასებდა თუ არა ის რეალურად მავრიკიოსის მიერ გაწეულ დახმარებას, თუმცა, ის რომ დიდი ხანია აზრად ჰქონდა იმ პოზიციების დაბრუნება, რისი დათმობაც მას მოუწია, დანამდვილებით შეიძლება ითქვას. მავრიკიოსის სიკვდილის შემდეგ მან აისრულა ეს სურვილი.
სასანიდებმა დაიკავეს სირია, პალესტინა, 614 წელს აიღეს იერუსალიმი, ხელთ იგდეს წმინდა ჯვარი, რომელზეც იესო ქრისტე ეწამა, აიღეს ასევე ეგვიპტე, შემდეგ მცირე აზიის გავლით ბოსფორის სრუტე გადალახეს და კონსტანტინოპოლს მიადგნენ.
როგორ იწყებოდა ჰერაკლე კეისრის ზეობა
განსაკუთრებულად გამწვავდა მდგომარეობა მას შემდეგ, რაც ბიზანტიამ ეგვიპტე დაკარგა, სწორედ ეგვიპტიდან შემოდიოდა კონსტანტინოპოლში პური, ამდენად ეგვიპტის ჩამოცილებით ბიზანტიის დედაქალაქი პურის გარეშე დარჩა. ამის გამო იყო, რომ ფოკა გადააგეს ტახტიდან და 610 წელს იმპერატორის ტახტზე ჰერაკლე აიყვანეს, რომელის მამაც კართაგენის პროვინციის გამგებელი იყო.
მძიმე სიტუაციაში მოუწია მართვა ჰერაკლეს თავისი იმპერატორობის პირველი დღეებისას. სასანიდებმა და მათმა მოკავშირე ბიზანტიელებმა ისეთი პირობები შექმნეს, რომ ერთი პერიოდი ჰერაკლე ბიზანტიის დედაქალაქის გადატანას კონსტანტინოპოლიდან კართაგენშიც კი ფიქრობდა.
ასეთი სიტუაციით ისარგებლეს სასანიდებმა - ქართლს კარგავენ ბიზანტელები და აქ ისევ ირანელები შემოდიან.
ურთულეს სიტუაციაში ჰერაკლეს გვერდით დაუდგა ეკლესია, რომლისთვისაც იერუსალიმის დაცემა და ქრისტიანული სიწმინდეების შებილწვა გახლდათ განსაკუთრებულად მტკივნეული.
კონსტანტინოპოლის პატრიარქმა ეკლესიის საგანძური გამოიტანა და ჰერაკლე კეისარს გადასცა. ასეთმა ფინანსურმა დახმარებამ საშუალება მისცა ჰერაკლეს, გადაეხალისებინა არმია.
რატომ არ უერთგულეს ჰერაკლეს ეგრისელებმა და აფხაზებმა
მას შემდეგ, რაც ჰერაკლე კეისარმა მოაწესრიგა ბიზანტიის საშინაო პრობლემები, კონსტანტინოპოლიდან გამოვიდა და აქტიურ პოლიტიკაზე გადავიდა. პირველი გამარჯვება ირანთან კაპადოკიაში მოიპოვა. ამის შემდეგ სომხეთსა და აზერბაიჯანში ილაშქრა.
ჰერაკლე სპარსელებს სამხრეთ კავკასიაში დაუხვდა. წარმატების შემთხვევაში ამით ორ კურდღელს იჭერდა - ერთი ის რომ დიოფიზიტობას დაუბრუნებდათავის კუთვნილ პრიორიტეტულ როლს, მეორეც, კავკასიის სახით სასანიდებზე შემდეგი შეტევისათვის მეტად საჭირო პლდაცდარმს იკავებდა.
622 წელს ჰერაკლე ლაზიკის გავლით შეიჭრა სომხეთსა და ადარბადაგანში. დიოფიზიტობის მკაცრად დამცველი იბერიელები ეგრისელები და აფხაზები ჰერაკლეს ჯარს შეერთებიან. დანაჩენები სასანიდების მხარეს გამოსულან, თუმცა, ეს უფრო მოვალეობის განცდა იყო, ვიდრე ის, რომ ბრძოლის სურვილი ჰქონდათ მათ. უმეტესობა მერყეობდა, ელოდა ვითარების გარკვევას საით გადაწონიდა სასწორი.
როცა ჰერაკლეს ირანზე გალაშქრების გეგმა გაუცვნია თავისი მეკავშირეებისთვის, ეგისელები და აფხაზები წინააღმდეგნი წასულან, მას შემდეგ, რაც სასანიდების ჯარი წამოსწევია ჰერაკლეს, ისინი სახლში გაბრუნებულან.
ამგვარმა რეალობამ მიანიშნა ჰერაკლეს, რომ უფრო ძლიერი პარტნიორი უნდა მოეძებნა თავისი გეგმების აღსრულებისთვის. ასეთად ის ხაზართა ხაკანს მოიაზრებდა.
რატომ გააკეთა არჩევანი ჰერაკლემ ხაზარებზე
ხაზარები თურქული მოდგმის ტომები იყვნენ. მათ როგორც ჩრდილოეთ კავკასიაში, ასევე ვოლგისპირეთში ძლიერი სახელმწიფო შექმნეს. მათი საქმიანობის ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტი ლაშქრობები და მოპოვებული დოვლათი იყო. ამიტომაც დიდი სიხარულით შეხვდნენ ჰერაკლეს წინადადებას, ერთობლივად ელაშქრათ კავკასიაში.
თავიდან სიტუაციის დასაზვერად ხაკანის ძმისშვილი შათი წამოსულა ალბანეთში, სადაც დიდძალი ნადავლი მოუპოვებია და უკან დაბრუნებულა. ამან იმდენად აღუძრა ლაშქრობის საღერღელი ჯიბღუ ხაკანს, რომ გადაუწყვეტია უშუალოდ თავად წასულიყო ჰერაკლეს ჯართან ერთად სასანიდების წინააღმდეგ საომრად.
ხაზარები თავდპირველად დარუბანდს დასხმიან თავს და მიწასთან გაუსწორებიათ, შემდეგ ალბანეთის გზით თბილისისაკენ წამოსულან.
მოკავშირეთა შეხვედრა თბილისთან
ჰერაკლე ხაზარებს თბილისთან დახვდა. ხაზარების პატივსაცემად ჰერაკლეს დიდი ნადიმიც გადაუხდია, სუფრა ძვირფასი ჭურჭლეულობით გაუშლიათ, ნადიმის შემდეგ ეს ჭურჭლეულობა კეისარს ჯიბღუსთვის უჩუქნია, თან თავისი ქალიშვილის სურათი უჩვენებია - თუ დამეხმარები თბილისის აღებაში, ცოლად მოგათხოვებო, დაჰპირებია.
თბილისის აღების გეგმებიც დაუწყვიათ, რაღა არ მოუფიქრებიათ, ერთი გეგმა ის იყო, მტკვარი დაეგუბებინათ და თბილისზე მიეშვათ, ამის განხორციელების ტექნიკური საშუალებები, როგორც ჩანს, მაშინ არასაკმარისი ყოფილა.
ამასობაში სასანიდებს ცნობილი სარდლის შარგაპაგის მეთაურობით თბილისში ათასი რჩეული მოლაშქრის შეყვანა მოხერხდა, ქართლელთა მხრიდან თავდაცვის ღონისძიებებს ხელმძღვანელობდა ქართლის ერისმთავარი ვარსამუსე.
როგორ დასცინეს თბილისის დამცველებმა ჰერაკლესა და ჯიბღუ ჰაკანს
მეკავშირეთა პირველი შეტევა თბილისზე უშედეგო აღმოჩნდა, საკმოდ დიდი ძალები შეალიეს ბიზანტიელთა და ხაზართა გაერთიანებულმა ძალებმა თბილისის აღებას, მაგრამ ვერას გახდნენ. ასეთი წარუმატებლობა რთულად გადასატანი იყო ფსიქოლოგიურად ორივე ძალისთვის, ამას თან ერთვოდა ის დამამცირებელი საქციელი და დაცინვა, რასაც თბილისის ციხეში გამაგრებული ქართველები და ირანელები მიმართავდნენ.
ბიზანტიელებს გასძახოდნენ - თქვენს მეფე ჰერაკლეს თხის წვერი და ვაცის კისერი აქვსო, ჯიბღუ ხაკანს კი იმით ახელებდნენ, რომ დიდ გოგრას გამოფენდნენ, სადაც ადამიანის სასაცილო სახე იყო გამოსახული და მიანიშნებდნენ - აი, თქვენი ჯიბღუ ხაკანიო...
საკმაოდ გაგულისებული იყვნენ ჰერაკლე კეისარი და ჯიბღუ ხაკანი ასეთი ირონიული დამოკიდებულების გამო, მაგრამ თბილისს მაინც ვერაფერი დააკლეს და იძულებულნი გახდნენ, გასცლოდნენ დროებით.
რატომ გაეცალა ჰერაკლე თბილისს
ჰერაკლემ გადაწყვიტა გზა გაეგრძელებინა ირანისაკენ და ხაზარები მარტო დაეტოვებინა თბილისთან. ჰერაკლეს ლაშქრობა ირანის მიმართულებით წარმატებული აღმოჩნდა. მან 627 წელს აიღო ნინევია და აქ დაამარცხა სპარსელები.
ამ პერიოდში 627 წელს სასანიდების კარზე მორიგი გადატრიალება ხდება. მოკლეს ხოსრო || ფარვიზი, ტახტზე მისი შვილი კავადი ავიდა, რომელმაც 628 წელს ბიზანტიასთან ზავი დადო, რითაც დაადასტურა, რომ ამიერკავკასიას სასანიდური ირანი ბიზანტიას უთმობდა.
ამის შემდგომ ჰერაკლე თბილისისაკენ გამოემგზავრა. ამასობაში ორი თვე გასულიყო. ხაზარებმა 628 წელს შათის მეთაურობით მოახერხეს ირანელთა გარნიზონის წინააღმდეგობის დაძლევა და თბილისი აიღეს. მათ ქალაქი დაარბიეს და გაძარცვეს, წაიღეს უამარავი ძვირფასეულობა. უამრავი განძით სავსე სკივრებს აზვავებდნენ თურმე ხაზარები თავიანთი მბრძანებლის წინაშე. იმდენი იყო სიმდიდრე, მათ ყურებაში თვალს წყალი ელეოდაო, ამბობს მემატიანე.
როგორ დასაჯეს ხაზარებმა თბილისის დამცველები
ხაზარებს ტყვედ ჩაუგდიათ ირანელთა სარდალი და ქართლის ერისმთავარი ვარსამუსე. ის ხაკანისთვის მიუგვრიათ, სასტიკად მოქცევიან ხაზარები ტყვეებს - ჯერ თვალები დაუთხრიათ, მერე ჩამოუხრჩვიათ, ესეც არ უკმარიათ მისთვის, ტყავი გაუძვრიათ და ჩალით გატენილი მისი ფიტული ქალაქის კედლებიდან გადმოუკიდიათ ყველას დასანახად.
ასე იმარჯვა ბიზანტიამ. ირანელებს სხვა არ დარჩენოდათ რა, თუ არა ის, რომ დაებრუნებინათ ბიზანტელებისთვის დაკავებული ტერიტორიები. ასევე წმინდა ჯვარი, რომელიც საზეიმოდ აღმართეს იერუსალიმში.
უნდა ითქვას ისიც, რომ ჰერაკლე კეისარმა სასანიდური ირანი განადგურების პირას მიიყვანა. ეს საკმოდ მტკივნეული აღმოჩნდა ირანელებისათვის, რამდენადაც მათ სულ მალე მოუხდება ისეთ ძლიერ ძალასთან დაპირისპირება, როგორიც არაბები იყვნენ.
სწორედ არაბებმა დაუსვეს სასანიანურ ირანს 750 წელს დიდი წერტილი.