ია აბულაშვილი
23.08.2016

 მე-19 საუკუნის 60-იანი წლებიდან საქართველოში კოოპერაციული მოძრაობა იწყება. ამ საქმეს მხარს უჭერდნენ ილია ჭავჭავაძე, აკაკი წერეთელი, ანტონ ფურცელაძე, სერგი მესხი და სხვა გამოჩენილი მოღვაწეები. ილია ჭავჭავაძის თაოსნობით დაარსდა პირველი კოოპერატივი საქართველოში 1869 წელს და მას "მომჭირნეობა" დაარქვა.

1890 წელს მიტროფანე ლაღიძემ შექმნა პირველი ხილის წყლების კოოპერატივი, რომელიც ქუთაისში, ივანოვსკის საწარმოოს ბაზაზე არსებობდა. მისივე თაოსნობით დაარსდა საგამომცემლო ამხანაგობა, სადაც იბეჭდებოდა ქართველი მწერლების თხზულებები, რომელსაც შემდეგ ხალხში უფასოდ ავრცელებდა.

მე-20 საუკუნის დასაწყისში კი დაარსდა ამერკავკასიის კოოპერატივების კავშირი "ზაკსოიუზი", რომელიც აერთიანებდა საქართველოს, აზერბაიჯანის და სომხეთის კოოპერატივებს.

1900 წელს გამოვიდა ჟურნალი "კოოპერაცია", სადაც ქვეყნდებოდა ისტორიები წარამტებული კოოპერატივებისა და მეწარმეების შესახებ. ცნობილი ქართველი მეწარმის და მეცენატის დავთი სარაჯიშვილის შესახებ პირველი ცნობები ამ ჟურნალში გვხვდება.

ჟურნალში ასევე იბეჭდებოდა ინფორმაცია ფერმერების ევროპაში სასწავლო მოგზაურობის შესახებ. იმდროინდელ გაზეთებში კი ხშირად ქვეყნდებოდა ცნობები მე-19 საუკუნის მეღვინეთა კოოპერატივების შესახებ.

დღევანდელ სტატიაში სწორედ მკითხველს გვინდა შევათაზოთ საინტერსო მასალა, თუ როგორ შეიქმნა პირველი მეღვინეობის ამხანაგობა კახეთში მე-19 საუკნის ბოლო ათწლეულში. ამაში კი დაგვეხმარება 1892 წელს გაზეთ "ივერიაში", ნადიკვრელის ფსევდონიმით გამოქვეყნებული პუბლიკაცია "წერილი კახეთიდან".

"წერილი კახეთიდან"

"დაგპირდით შემდეგ წერილში წლევანდელი ღვინის მოსავლის შესახებ საუბარს, მაგრამ იმავე მოსავლის გამო ჩამოვარდა ისეთი ლაპარაკი, რომ არ შეიძლება, მკითხველის ყურადღება ამ ახალ სალაპარაკოს არ მივაქციო, რადგან ეგ სალაპარაკო დღე და ღამ არ გვასვენებს კახელებს.

"თავადმა ნიკოლოზ ზაალის ძემ, ჩოლოყაშვილმა მოიწვია ოქტომბრის მიწურულს თელავის მაზრის თავად-აზნაურობა და სხვა ვენახის პატრონები. მოწვეულნი შეიყარნენ დილის თერთმეტს საათზე ჩოლოყაშვილის სახლის დარბაზში. თავმჯდომარედ აღმორჩეულმა თავადმა დიმიტრი მაყაშვილმა სთხოვა საზოგადოებას, რომ ბაასი რიგით ყოფილიყო, რათა ერთმანეთისთვის არ დაეშალათ.

"მომყავს აქ სტენოგრაფიული ანგარიში კი არა, არამედ ის, ვინც რა სთქვა დაახლოებით და ამიტომ ბოდიშს ვიხდი, თუ ნათქვამი ზოგისა ცოტად შევამოკლე, მომატებით კი არ მომიმატებია რა.

"თავადი ნიკოლოზ ზაალის-ძე ჩოლოყაშვილი: "ბატონებო, ახალს არას მოგახსენებთ, რაზედაც ვილაპარაკებ, არაერთგზის გსმენიათ. ბევრჯერ ყოფილა ამაზედ ლაპარაკი, კერძოდაც და საზოგადოდაც, ბევრჯელ გვილაპარაკია და საქმედ კი არც ერთხელ არ გადაგვიქცევია.

"ყველა თქვენგანი დამეთანხმება, რომ დიდ გაჭირვებაში ვართ ვენახის მეპატრონეები ღვინის რიგიან ფასად გაუყიდველობით, აგერ წლევანდელი მოსავლის ღვინის ვაჭრები ჰყიდულობენ ღვინის საპალანეს (48 ვედროა) ოც-და-ხუთ მანეთად. ვენახის შემმუშავებელს რაღა უნდა დარჩეს საპალნის 25 მანეთი ან 50 მანეთი გაყიდვით? შეიძლება, ამ ფასად გაყიდულ ღვინით დაიბრუნოს ვენახის პატრონმა, თუნად მარტო შემუშავების ხარჯები?

"კარგად იცით ყველამ, დღევანდელი მდგომარეობა ვენახის პატრონისა დიდ-ხანს ვერ გასტანს და ამიტომ იძულებული გახდება, დაჰკარგოს ეგ ერთადერთი წყარო ცხოვრებისა, თუ დროზედ არ ვუშველეთ ჩვენს თავს, ვენახებს სხვა პატრონები გაუჩნდებიან; ეს უტყუარი საქმეა. ჩვენ პურის მოყვანას არ მივსდევთ, არ ვიჩენთ ცხვარსა და ღორსა, არა გვყავს მუშა და მოცადის საქონელი, ერთად-ერთი წარმოება ჩვენი არის ღვინო, რომელსაც ასე უსინდისოდ აფოლებენ ვაჭარნი, ღვინო მოგვყავს და ზარალით ვყიდით, როდემდის შეიძლება ავიტანოთ ეს ზარადი?

"დროა, ღვინოს გზა მივცეთ, შევადგინოთ ამხანაგობა და ჩვენ სინდისიერად ვისარგებლოთ მით, რითაც ახლა ასე უსინდისოდ სარგებლობენ სხვანი. შევადგინოთ ამხანაგობა და ჩვენი ღვინო ჩვენვე მივაწოდოთ მხმარებელსა. მეტყვიან, ფული არა გვაქვს, კაცები არა გვყავს, როგორ ვუშველოთ თავსო? მეტყვიან თელავში სხვა საზოგადო დაწესებულებანიც გვქონდა, მაგრამ ჩაილურის წყალი დალიესო.

"თელავის მაზრაში სამასი კომლი თავადაზნაურობაა. ამ სამას კომლში პირველ დაწყებისათვის საკმარი ფულს ვერ ვიშოვნით? როგორც მცოდნე კაცებმა მითხრეს, ღვინის ვაჭრობის გამართვისათვის, ღვინო რომ არ ჩავთვალოთ, საჭიროა ორასი თუმანიო. ჩვენ ექვსასი ჩავდოთ, ერთი სამად მეტია. განა ჩვენში არ მოიპოვება ოცი კაცი, რომ ოც-და-ათი თუმანი გამოიღონ და ეს საჭირო ექვსასი თუმანი შეადგინონ? ვამბობ ამას; რამდენადაც ამხანაგობაში ბევრი მიიღებს მონაწილეობას, იმდენად ნაკლები შეჰხვდება თითოეულს ამხანაგს გამოსაღები ფული.

"რაც შეეხება კაცებს, იმასაც ვიშოვით. სამას კომლში სამ-ოთხ კაცს როგორ ვერ გამოვარჩევთ? ღვინის კეთების მცოდნეებსაც ვიშოვნით. ჩვენ გვყავს კაცები თბილისში, რომელნიც დიდის სიამოვნებით ხელს მოგვახმარებენ. თავადი ნიკო ჭავჭავაძე, რომელიც იქამდის მოთაკილეა, რომ უკანასკნელს ლუკმას დაინატრებს და სხვისას ერთ ფარქალს არ ინდომებს.

"ჩვენ გვყავს თბილისში თავადი ილია ჭავჭავაძე, რომელმაც კარგად იცის ამგვარი საქმენი და ამიტომაც შეუძლიან ჩვენთვის სასარგებლო და შესაფერისი წესდების შედგენა; ჩვენ გვყავს იქვე თექვსმეტნი წელიწადი ბუხგალტრად ნამყოფი კაცი, რომელსაც ბევრნი ფინანსისტს ეძახიან. ვიცი, რომ კარგად შეიძლებს ის ჩვენი ანგარიშების გასწორებას. ეს კაცი არის ჩოლოყაშვილი.

"კიდევ ჩვენ გვყავს ტფილისში ჩვენი მეზობელი ჯანდიერი, რომელსაც წელს ას სამოცი საპალნე ღვინო მოუვიდა და რომელიც საგანგებო წევრი იქნება ზედამხედველი კომიტეტისა.

"ბატონებო, შევადგინოთ ამხანაგობა, ხელი ხელს მივცეთ და ფულსაც ვიშოვნით, კაცებსაც. ჩვენი ღვინო ჩვენვე გავყიდოთ და დავარწმუნოთ მყიდველი, რომ ეს ღვინო ბევრად კარგია იმაზე, რომელსაც ჩვენი ღვინის სახელით ჰყიდიან და იაფად დაუჯდება, ვიდრე ახლა უჯდება.

"ბატონებო შევადგინოთ ამხანაგობა, ნუ დავინანებთ, თუნდა, პირველად საქმის უცოდინრობისა და გამოუცდებლობისა გამო, ვიზარალოთ რამ კიდეც. ვითომ დავსეტყვილვართ. ნუ ვინ იტყვის, ჩემის ცოლშვილის წლიური სარჩო ეგ არის. რამდენჯერ დაგვსეტყვია, დაგვნაცრია, არა მოგვსვლია - რა და შიმშილით არ დავხოცილვართ. შევუდგეთ საქმეს, დღევანდელის შიმშილით-სიტიტვლით გავაკეთოთ სამერსმისო და საშვილიშვილო საქმე".

"თავადი ვეზირიშვილი: "ყველასთვის ცხადია, რომ ღარიბად არის ჩვენი თავადაზნაურობა. ყველამ ვიცით, რომ ერთადერთი წყარო შემოსავლისა არის ღვინო. ამისათვის დიდად გაუჭირდება თვითოეულს ჩვენგანს ოც-და ათის თუმანის შემოტანა. ისევ სჯობია, თუ შეიძლება, საქმის დაწყებისათვის საკმაო ფული ისესხოს ამხანაგობამ".

"თავადი აბამელიქოვი: "ბატონებო, იცოდეთ, რომ ამისთანა ამხანაგობა ტფილისშიაც იყო დაარსებული, ე.ი. ამხანაგობა ღვინის მოხმარებელთა. ამ ამხანაგობას კარგად მიჰყავდა თავის საქმე, დიდი ნდობაც დაიმსახურა. ასე, რომ საურთიერთო ნდობის საზოგადოება ათას თუმნობით ასესხებდა ფულს. თვით ჩემი ძმა იყო გამგეობის წევრი. გირჩევთ, ამხანაგობა მხოლოდ თავად-აზნაურთაგან შეადგინოთ, არავინ სხვა არ გაურით. ვიცი, ის ამხანაგობა მდიდრებმა დაამხეს, თუ გაურევთ დაიღუპებით.

"ამასთანავე, წილის ფული ხუთი თუმანი იყოს, იქნება იმისთანა ამხანაგი გამოჩნდეს, რომ ასი წილის ფული შემოიტანოს. თვითნო მე ასი წილის ფულს შემოვიტან. მე ოცი წლის გამოცდილება მაქვს ღვინის ვაჭრობაში და მენდევით, რომ არც ერთი წვეთი ღვინო არ დაგრჩებათ გაუყიდავი".

"შემდეგ თავად ვეზირისშვილის თხოვნით იფიქრეს და გადასწყვიტეს შემდეგი:

"ა) ამხანაგობა შესდგეს მარტო კახეთის ვენახების პატრონთაგან.

"ბ) ამხანაგობაში მიღებულ იქნას მარტოდ-მარტო თავად-აზნაურობა.

"გ) ვაჭრობისათვის ფულის რაოდენობის საჭიროებას წინათვე ვერ განსაზღვრავთ, არ იქნებაო;

"დ) წილის ფული ხუთი თუმანი იყოს, ხოლო რავდენი წილის ფულის შეტანა შეეძლება ერთს ამხანაგს და რავდენი ხმა შეიძლება ჰქონდეს, კომისიამ გამოარკვიოსო.

"ამორჩეულ იქმნენ კომისიის წევრებად თავადი ვეზირიშვილი. თავადები ვახვახიშვილები. თავადი ჯორჯაძე. თავადი მაყაშვილი. თავადი ამბამელიქოვი და სხვები.

"ერთმა არა თავად-აზნაურთაგანმა ილია ზარაფიშვილმა (ამ წერილის ავტორი, რედ.) ითხოვა სიტყვა და თქვა:

"პატივცმული საზოგადოება აჩქარდა, როცა მიიღო გადაწყვეტილება, ამხანაგობა მარტო თავად-აზნაურთაგან შევადგინოთო. რად უარ-ჰყო საზოგადოებამ ისინი, ვისი შრომით და ოფლით მოდის ის ღვინო, რომლისთვისაც არსდება ამხანაგობა? რით დაიმსახურა გლეხობამ ამისთანა დაწიხლვა?

"რადგან, კახეთში განსაკუთრებული თვისების ღვინო მოდის, ვიდრე სხვა საქართველოს კუთხეში, უნდა ამხანაგობა შესდგეს მარტო კახეთის ვენახის პატრონებისაგან, მიუხედავად იმისა, თავადია, აზნაურია, გლეხია თუ სამღვდელო. ვინც ისურვებს ამხანაგად შესვლას, უნდა მიღებულ იქნას. ოღონდ ვენახი ჰქონდეს კახეთში.

"რა იმედი უნდა გვქონდეს მომავალში, თუ კი ასე გავნაწილდით, ჯგუფ-ჯგუფად გავედით და თითიო წოდება ცალკე იმოქმედებს საერთო, საქვეყნო საქმეში? განა შეიძლება იქ კერძო ბედნიერება, სადაც უმრავლესობა უბედურია? რა სჯობია ერთობას ჭირშიაც და ლხინშიაც, აღებაშიაც და გაღებაშიაც? სხვამ რომ დანერგოს განცალკევება ძმათა შორის, პირველი მოწინააღმდეგენი ჩვენ უნდა ვიყვნეთ და დახე, ისევ ჩვენვე არა ვსცდილობთ ჩვენსავე დაქსაქსვა- დანაწილებას?!"

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×