"რაც უფრო მეტად ვსწავლობ ამ ქვეყანას, მით უფრო ვრწმუნდები, რომ შედეგის მისაღწევად საჭიროა ბევრი დრო, მოთმინება და დაჟინება"
ია აბულაშვილი
24.08.2016

 "სახალხო განათლების სამინისტროს მიერ ეთნოგრაფიულ მივლინებაში გაგზავნილი, მეხუთედ ვეწვიე კავკასიას. რაც უფრო მეტად ვსწავლობ ამ ქვეყანას, რაც უფრო მეტი ურთიერთობა მაქვს მის მაცხოვრებლებთან, რაც უფრო ვცდილობ მათი ხასიათის ღრმად გაგებას, მით უფრო ვრწმუნდები, რომ საგრძნობი შედეგის მისაღწევად საჭიროა ბევრი დრო, მოთმინება და დაჟინება", - წერდა მე-19 საუკუნეში ფრანგი მეცნიერი და არქეოლოგი ბარონი დე ბეი, რომელმაც რამდენჯერმე იმოგზაურა საქართველოში.

მის ნაშრომებში აღწერილმა საქართველომ გააოცა პარიზის გეოგრაფიული საზოგადოება. იმედია, მკითხველსაც დააინტერესებს ჩვენ მიერ დღევანდელ სტატიაში შეთავაზებული რამდენიმე ჩანაწერი ბარონ დე ბაის დღიურებიდან.

ქართული თიხის ჭურჭელი

"თბილისიდან ქუთაისში რკინიგზით თუ ჩახვალთ, უნდა გაიაროთ ხუთვერსიანი გვირაბი, გაჭრილი მთებში, რომლებიც იმერეთის ბუნებრივ საზღვარს ქმნის.

იქ ჩასვლის შემდეგ, პირველ რიგში, ვიფიქრე მომენახა ადგილები, სადაც გლეხები თიხის ჭურჭელს ამზადებენ, რათა შემეგროვებინა კოლექცია ჩვენი ეროვნული სევრის ფაიფურის მუზეუმისათვის. მაგრამ არ იფიქროთ, რომ შესაძლებელია იმერეთის სოფლების ამ პრიმიტიული ნაწარმის შედარება ფაიფურის რბილ მასასთან, ან სელადონთან.

აქაურ კერამიკულ ნაწარმს, დამზადებულს ელემენტარული ხერხებით, განსაკუთრებული მომხიბვლელობა გააჩნია. მათი ფორმა, ორნამენტი, დამზადების ტექნიკა საუკუნეების მანძილზე იგივე დარჩა და თანამედროვე მოწმეა ბერძნულ-ანტიკური, რომაულ-ბიზანტიური და სხვა ძველი გავლენებისა, რომელმაც ქვეყანაში შეაღწია და თავისი კვალი დატოვა როგორც მოსახლეობაში, ისე ხელოვნებაში.

ეს ნაწარმი გამოდის არა ფაბრიკიდან, არამედ ქოხებიდან, სადაც ოჯახები ამ ტრადიციას თაობიდან თაობას გადასცემენ".

გელათი

"ახლა ჩავედით ქუთაისში, რომელიც იმერეთის ცენტრში მდებარეობს. მე-9 მე-10 საუკუნეებში და მე-11 საუკუნის დასაწყისში ეს ქალაქი მთელი საქართველოს დედაქალაქი იყო, ხოლო სამეფოს დანაწევრების შემდეგ- იმერეთისა.

თვალწარმტაც ადგილას, რიონის ნაპირზე მდებარე ამ ქალაქს თავისი ანტიკური ბრწყინვალებიდან აღარაფერი შერჩა, მაგრამ თუ მისი დამამშვენებელი ძეგლები დაინგრა, ახლა ეს ადგილები შესანიშნავი მცენარეულობითაა დაფარული და მშვენიერ პანორამას ქმნის.

წარსულის ერთადერთ ნაშთს ქუთაისში წარმოადგენს ბაგრატის მიერ აგებული და თურქების შემოსევის შემდეგად 1692 წელს ქალაქის მოსპობის დროს განადგურებული ტაძრის დიდი ნანგრევები.

იმერეთის ხუროთმოძღვრების განუმეორებელი ძეგლი - გელათის მონასტერი, ერთ-ერთი ყველაზე ღირშესანიშნავი ტაძარია! რამდენი მიყრილ-მოყრილი ნანგრევია ამ მონასტრის გარშემო! ეს ნანგრევები ურიცხვია საქართველოში და ისინი ლამაზია თავიანთ სევდასა და მარტოობაში. მჭერმეტყველურად ადასტურებენ წარსულის სიდიადეს.

მათი ციცაბო კედლებიდან სასოწარკვეთილების ცრემლებივით თანდათან ცვივა ფხვიერი ქვები, თითქოს დარცხვენილი თავიანთი ბედით. ეს ამაყი ძეგლები იმალებიან სუროს და ველური ვაზის საფარქვეშ.

ჩამოვედით გელათში და შევედით მონასტრის გალავანში გამოჭრილ კარებში.

რა მარტოობაა! რა სიჩუმე! იფიქრებ, რომ ყველა ბერს სძინავს ჩვენ თვალწინ მდუმარე საფლავის ქვეების ქვეშ. ამჟამად სიცოცხლის ნიშანწყალიც კი არ ეტყობა ამ ადგილს, რომელმაც ასეთი დიდი როლი ითამაშა ქვეყნის ისტორიაში.

მე-16 საუკუნეში 300 ბერი იყო აქ, ახლა კი რა ცოტანი არიან. მე ვნახე სათნო, დიდად პატივსაცემი შესახედაობის მხოლოდ ორი ბერი, რომლებმაც გამიღეს ეკლესიებისა და საგანძურის კარები.

სამი ეკლესია კიდევ არის შემორჩენილი, აქედან ორი მნიშვნელოვანია. მათგან მოშორებით სამრეკლოა, ყველა ეს შენობა თარიღდება მე-12 საუკუნის პირველი ნახევრით, ისინი ააგო სახელგანთქმულმა მეფემ დავით აღმაშენებელმა და მისმა შვილმა დემეტრემ, რომელმაც მამის შრომა დაასრულა.

დავითი საქართველოს ერთ-ერთი დიდი მბრძანებელი იყო. მან აღადგინა უცხოელ დამპყრობთა თარეშისა და შინაგან განხეთქილებათა შედეგად დასუსტებული თავისი სამშობლო. ოცი წლის მეფობის შემდეგ ე.ი. 1109 წელს მან დააარსა გელათის მონასტერი თავის სამეფოსთან კახეთის შემოერთების აღსანიშნავად. მონასტრის აყვავება გაგრძელდა მე-13 საუკუნემდე.

 წმინდა გიორგის ეკლესია არის, როგორც ამბობენ, უფრო ძველი, ვიდრე ტაძარი, მაგრამ ალბათ, სულ რამდენიმე წლით, ვინაიდან იგივე არქიტექტურული ხელნაწერითაა შესრულებული. ფრესკები მაღალხარისხოვანია, მაგრამ ცუდადაა შესრულებული. გარდა ამისა, კიდევ არსებობს თაღებიანი ქვის კანკელი.

დიდი ეკლესია ბიზანტიურ-ქართული ხელოვნების ერთ-ერთი საუკეთესო ნიმუშს წარმაოდგენს. ამ შენობის ქვები განსაკუთრებული ზომისაა; ერთ-ერთი მათგანი, რომლის სიგრძე ორ მეტრს აღემატება, თითქოს თვით დავითის მიერ იყო დადებული.

ვინც ნახა ამ მეფის ბეჭედი, დაცული ეკლესიის სალაროს საგანძურში, შეიძლება დაუჯეროს ამ თქმულებას, ვინაიდან ეს ბეჭედი გიგანტის თითისათვის გაკეთებული გეჩვენება.

ტაძრის ინტერიერი, განსაკუთრებულად მორთული მოზაიკებითა და ფრესკებით, მართლაც ხიბლავს მნახველს თავისი წმინდა იუსტინიანური ხუროთმოძვრებით და ყველა თავისი ნაწილის ჰარმონიით.

აბსიდის ძირი შემკულია ბიზანტიური მოზაიკით, რომელიც ვენეციის მოზაიკაზე უფრო ძველია და შეუძლია სილამაზით მათ მეტოქეობა გაუწიოს. ეს არის იმპერატორ ალექსი კომნენის საჩუქარი მეფე დავით აღმაშენებლისათვის.

ფრესკები უფრო გვიანდელია, მაგრამ ინტერესს მოკლებული არ არის, ვინაიდან ბიზანტიურ ტრადიციას აქაც ვპოულობთ. მათი დეტალური აღწერა ძალიან შორს წაგვიყვანდა. გარდა ძველი აღთქმისაგან ნასესხები სიუჟეტებისა, ისინი განასახიერებს საქართველოს ისტორიულ პირებს.

პირველ რიგში, ჩვენ აქ ვხვდებით გელათის დამაარსებელს, მეფე დავითს, რომელსაც ქართული ეკლესია თავის ყველაზე სახელოვან წმინდანთა შორის ასახელებს. იგი აქ დონატორის ტიტულით არის წარმოდგენილი!"

ხახულის ხატი

"სანთლის შუქზე დავათვალიერეთ ხახულის ღვთისმშობლის ხატი, გელათის ხატთაგან უძვირფასესი. ტაძარში იგი გადმოტანილი იქნა მეფე დავითის მიერ აჭარიდან. ღვთისმშობლის ეს გამოსახულება, გადმოცემის მიხედვით, წმინდა ლუკას მიერ არის შესრულებული. სახელგანთქმულმა თამარ მეფემ იგი მრავალი სამკაულით შეამკო.

მართლაც, ხატი დაფარულია ჭედური ოქროთი, შემკულია ძვირადღირებული ძვირფასი თვლებით და მდიდრულად მორთულია ფასდაუდებელი ბიზანტიური მინანქრით. მთელი ეს მორთულობა ისეა განლაგებული, რომ ქმნის ერთ მთლიანობას, რომლის სიმდიდრე და მოხატულობა შეუდარებელია.

რამდენადაც ხატის მოჭედილობას აქვს მნიშვნელობა თავისი მხატვრული ღირებულებით, იმდენადვე ზედ არსებული წარწერები ინტერესს წარმოადგენენ ქვეყნის ისტორიისთვის. ბაგრატიონების დინასტიამ მიიყვანა საქართველო თავისი დიდების მწვერვალამდე წმინდა მეფე დავითისა და უკვდავი თამარის მეფობის დროს".

ლეგენდა

"აღტაცებაში მოგვიყვანა ჩუქურთმებმა, რომლებითაც ტაძრის (გელათის) ფასადია შემკობილი. იქვე ჩვენ შევნიშნეთ ძაფების საკმაოდ დიდი რაოდენობა, რომლებიც შენობის საძირკვლის გასწვრივ იყო გაჭიმული.

ეს ჩვეულება ძალიან გავრცელებულია საქართველოში. ვინმე რომ ავად გახდება, იღებენ ბამბის ძაფებს, რომლებიც პატრუქად არის გამოყენებული თაფლის სანთლების დამზადების დროს. ძაფს ჭიმავენ ავადმყოფის სიგრძეზე და პიროვნება, რომელმაც აღთქმა მისცა, წარმოთქვამს ლოცვებს.

ლოცვა გრძელდება იქამდე, სანამ იგი შემოახვევს გარედან ამ ძაფს ტაძრის კედლების საძირკველს. მე საინტერესოდ მეჩვენა ამ ძველი ჩვეულების აღნიშვნა"

მღვიმევის მონასტერი

"ეს სიტყვა ქართულად გამოქვაბულს ნიშნავს. სადაც ყვირილა მოედინება, ვხედავთ ციცაბო კედელზე გადმოკიდებულ საცხოვრებელს, რომელსაც ვიწრო და ძლიერი ხვეული, დაკლაკნილი გზა უერთდება. აქ მონაზონთა სადგომებია.

ეს ნაგებობა იცავს უზარმაზარი გამოქვაბულის მისადგომს, რომლის ხვრელი თითქმის მთლიანად დახურულია საკმაოდ დიდი ეკლესიითა და სამლოცველოთი. ერთიცა და მეორეც მოქცეულია კლდეში, რომელიც ამისათვის წინასწარ იყო გაჭრილი.

ეს ტაძრები ნაწილობრივ შექმნილია კლდის მოსწორებული ზედაპირისაგან, ნაწილობრივ თლილი ქვებისაგან. კლდეები, რომლებშიც, ფანჯრებია გამოჭრილი, შეადგენს ყველაზე დიდი ტაძარის სამხრეთ მხარეს და შემკულია ჩუქურთმებით.

ხის ვიწრო გალერეას მივყავართ გამოქვაბულში, რომლის ძირში კლდიდან წყარო გამოდის. წყალი ქმნის პატარა რეზერვუარს და შემდეგ მიედინება მთაში გაჭრილი წყალსადინარი ლარით."

ციხე-სიმაგრე - სარაპანა

"ვახტანგის ქართული ქრონიკა, ბერძნების მიხედვით სარაპანას დაარსებას აკუთვნებს ფარნავაზს, საქართველოს პირველ მეფეს, როდესაც მან მოინდომა კოლხეთის შემოერთება. სტრაბონი ასახელებს სარაპანს, როგორც კოლხებიდან იბერიელებისაკენ მისასვლელ ხეობათა კარის დამცველს.

ბერძნების მიერ იუსტინიანეს დროს დაპყრობილი, შემდეგ მიტოვებული და სპარსელების აღებული ციხე-სიმაგრე სარაპანი მალე ბერძნებსვე დაუბრუნდათ. ამჟამად ამ ციხესიმაგრის ნანგრევები წარმოადგენს წარსულის ერთადერთ ნიმუშს, რომლის კედლები გრძელ პარალელოგრამს ქმნის. მათ შესანიშნავი მდებარეობა აქვთ, საიდანაც იწყება კოლხეთის თვალწარმტაცი დაბლობი."

ლომ-მგელი

"ძველად აფხაზეთის სანაპიროები დაკავებული იყო ბერძნული კოლონიებით. ეს კოლონიები ჩამორთმეული საქართველოსთვის მე-5 საუკუნეში, მას დაუბრუნდა როგორც ბერძენი პრინცესას მზითვი, როდესაც იმპერატორმა ლეონმა მიათხოვა თავის ქალიშვილი ელენე ვახტანგს, გორგასლანად წოდებულს, რაც ლომ-მგელს ნიშნავს.

სპარსელებმა მისცეს მას ეს მეტსახელი, ვინაიდან იგი ძლიერი და მამაცი იყო და აგრევე იმიტომ, რომ იგი ატარებდა მუზარადს, რომელზეც წინა მხარეს მგლის თავი იყო გამოსახული, ხოლო უკან-ლომის თავი".

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×