რატომ არჩია გიორგი მეორემ მშვიდობიანი პოლიტიკა ფეოდალებთან სისხლიან დაპირისპირებას
მამუკა ნაცვალაძე
25.08.2016

 საქართველო არაერთხელ ყოფილა უდიდესი განსაცდელის პირისპირ, ბევრ მომხდურს აუწიოკებია ჩვენი ქვეყანა, მაგრამ თურქ-სელჩუკთა შემოსევებს, ყ| ს-იდან რომ ააფორიაქა მთელი იმჟამინდელი მსოფლიო, თავისი სისასტიკით ვერავინ და ვერაფერი შეედრება.

კულტურათა შეუთავსებლობა და კონფლიქტია აქ გადამწყვეტი. ერთ მხარეს მიწათმოქმედი ხალხი - ამ შემთხვევაში ქართველები დგანან, მეორე მხარეს კი ახალი საძოვრების ძიებაში მყოფი თურქ-სელჩუკები.

ყ| ს-იდან აღმოსავლეთიდან დასავლეთით დაძრული სელჩუკთა უზარმაზარი მასა ყველაფერს შთანთქავს, უძველესი ცივილიზაციები მათთვის იოლი გასანადგურებელია, რამდენადაც საძოვრებს დახარბებულთ სხვა არაფერი აინტერესებთ, გარდა იმისა, რომ საკუთარი ჯოგი გამოკვებონ.

დავით აღმაშენებლის მამის, გიორგი ||-ის მეფობის პერიოდი დაემთხვა ახლო აღმოსავლეთში თურქ-სელჩუკთა განსაკუთრებული აქტიურობას. გიორგი || ის მეფეა, რომელსაც უმეტესობა სუსტ მმართველად მიიჩნევს, თითქოს არც გაემტყუნებათ - დავით აღმაშენებლის ფონზე აბა ვინ უნდა გამოჩნდეს მისი ტოლ-სწორი. თუმცა, ხშირ შემთხვევაში საბოლოო შეფასებებისას მხოლოდ პოლარულად დაპირისპირებული პოზიციებით ვერ ხდება მოვლენების ახსნა, რამდენადაც ამ პროცესებს სწორედაც რომ ქვედადინებები კვებავს.

საინტერესოა, როგორ ხვდება საქართველო ამ უდიდეს განსაცდელს? რა პოლიტიკური გამოწვევების წინაშე აღმოჩნდა საქართველო დიდი თურქობის წინ?

პოლიტიკური ვითარება გიორგი ||-ის ტახტზე ასვლისას

1072 წელს საქართველოს სამეფო კარზე გიორგი ||-ის ზეობა იწყება. ურთულესი ვითარებაა საქართველოში, ფეოდალური დაპირისპირება პიკს აღწევს. განდგომილია რამდენიმე ძლიერი ფეოდალი, რომელთაც ბიზანტიის იმედი აქვთ. ბიზანტია კარგად სარგებლობს ამ დაპირისპირებით, მიუხადავად იმისა, რომ ერთი წლის წინ, 1071 წელს, ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური და მწარე მარცხი განიცადა თურქ-სელჩუკებისგან მანასკერტში.

მანასკერტის ბრძოლა კიდევ ერთი გამოკვეთილი ნიშანი იყო იმისა, რომ საქრისტიანოს უდიდესი განსაცდელი ელოდა. ვიწროვდებოდა ბიზანტიის გავლენის სფეროები და ამ ფონზე ქრისტიანულ იმპერიას საქართველოს მოკავშირეობაზე უნდა ეფიქრა და არა მის დასუსტებაზე.

არადა, ბიზანტიელთა იმპერიულ ამბიციებს არა აქვს საზღვარი, ამიტომაც ხშირ შემთხვევაში ის საქართველოს მეფის მიმართ დაპირისპირებულ ფეოდალთა მეკავშირედ გამოდის. და ეს ყველაფერი არაადექვატურია, თუკი იმ პერიოდისთვის არსებულ პოლიტიკურ რეალობას გავითვალისწინებთ. რეალობა კი ქრისტიანულ სამყაროზე ჯგრგოდ დაძრული თურქ-სელჩუკთა ურდოებია.

როგორ მოაგვარა გიორგი ||-მ განდგომილ ფეოდალებთან ურთიერთობა

საკმაოდ რთულად იწყება გიორგი ||-ის მეფობა - 1073 წელს მეფეს სამი ფეოდალი აუჯანყდა. ივანე ბაღვაში - მისი ყოფილი მეურვის შვილი, რომელმაც კახელებს უხმო და ქსნის პირას გამაგრდა; ამას გარდა, ნიანია ქუაბულისძემ დაიკავა საქართველოს დედაქალაქი ქუთაისი და გაიტაცა სამეფო განძი; ასევე აჯანყებულია ვარდან სვანთა ერისთავი, რომელმაც შეძლო მეფის მორჩილებიდან სვანეთის გამოყვანა, მარტო ეს არ იკმარა და დასავლეთ საქართველოს ბარსაც შეესია.

გიორგი ამ დაპირისპირებისას საკმაოდ გონივრულ, ღირსეულ ნაბიჯს დგამს, ის მოლაპარაკებს იწყებს განდგომილებთან და ასე ანეიტრალებს შიდა საფრთხებს.

მემატიანე საგანგებოდ მიანიშნებს: "მეფემან სძლო სიკეთითა და სიბრძნითა." ყველაფერი კი მთავრდება იმით, რომ აჯანყებულებს კი არ სჯიან, არამედ ახალი მიწებით ასაჩუქრებენ. ივანე ბაღვაფშს სამშვილდე მისცეს, მის ძეს ლიპარიტს - ლოწობნის ციხე, ვარდან სვანთა ერისთავს ასკალანა, ნიანია ქუაბულის ძეს კი - თმოგვი.

მეფის ასეთი პოლიტიკა ქვეყანაში მშვიდობის წინაპირობა ხდება.

როგორ უნდა შევაფასოთ გიორგი ||-ის ლოიალური დამოკიდებულება აჯანყებულ ფეოდალებთან

როგორ უნდა შევაფასოთ გიორგის ეს ნაბიჯი? არის თუ არა სისუსტე ის, რომ საკუთარ მოწინააღმდეგეს, თანაც აჯანყებულებს არ სჯის და მოლაპარაკების ფორმატს არჩევს მათთან ურთიერთობის გასარკვევად?

გიორგის ამ ნაბიჯს ბევრი სისუსტედ უთვლის, რამდენადაც ასეთი ლოიალური დამოკიდებულება სხვებისთვის მომავალში საგულისხმო მაგალითია, თანაც ეს იყო დაძაბულობის დროებითი განმუხტვა და არა პრობლემის საბოლოო მოგვარება.

რა თქმა უნდა, არის ამ პოზიციისას ლოგიკა, ის, რომ ამბოხებული ფეოდალები დაუსჯელნი დარჩნენ, მართლაც ცუდი მაგალითი იქნებოდა მომავალში დანარჩენთათვის, თუმცა, საგულისხმო და გასათვალისწინებელი სწორედ ისაა, რა პოლიტიკურ ფონზე არჩია გიორგიმ ასეთი ნაბიჯის გადადგმა.

გიორგი მომსწრეა იმ უდიდესი შიდა დაპირისპირებისა, მამამისის ბაგრატ |ქ-ის მეფობას რომ გასდევს წითელ ზოლად. ის თვითმხილველია იმ ოცწლიანი ომისა, რაც საქართველოს სამეფო კარს ჰქონდა ლიპარიტ ბაღვაშთან.

ეს დაპირისპირება გიორგის თვალწინ ხდება, მან იცის რა რთული შედეგების მომტანია ასეთი არეულობა ქვეყნისთვის, ისიც უწყის, რომ მამამისი ბაგრატ |ქ-მ ლიპარიტს ვერაფერი მოუხერხა და მასთან დაპირისპირებით ქვეყანამ რომ წააგო.

როგორ დააყენა გიორგი ||-მ ქვეყნის ინტერესი პიროვნულ ინტერესზე მაღლა

და ასეთ ფონზე საკითხავია, რა იყო უპრიანი - გაეგრძელებინა გიორგის მამამისის პოლიტიკური ხაზი, თუ სრულიად განსხვავებული დამოკიდებულება გამოეჩინა პრობლემის მოგვარებისას? გიორგიმ ქვეყნის ინტერესები დააყენა ყველაზე მაღლა და არა პიროვნული. სწორედ ამიტომაც ასეთი შემწყნარებლური დამოკიდებულება მის სიძლიერეს უნდა მიანიშნებდეს და არა სისუსტეს.

ფაქტია, რომ სწორედ გიორგიმ დაუსვა წერტილი იმ შიდა არეულობას, კარს მომდგარი უმძიმესი განსაცდელის წინ, თურქ-სელჩუკებთან დაპირისპირების ფონზე ქვეყანას კიდევ უფრო რთულ სიტუაციაში რომ ჩააგდებდა.

საქართველოს თურქ-სელჩუკები მოსდგომიან, ამ დროს რას უქადის სამი ფეოდალის წინააღმდეგ დაწყებული ბრძოლა? ფაქტობრივად შანსი ნულია იმისა, რომ გიორგი ამ დაპირისპირებისას გამარჯვებული გამოვიდეს, ამიტომაც ის გზა, რაც გიორგი ||-მ აირჩია, ყველაზე ოპტიმალურია, მით უფრო, რომ ამის შემდგომ, სამ ფეოდალთაგან ორი - ნიანია ქუაბულის ძე და ვარდან სვანთა ერისთავი მის წინააღმდეგ აღარ გამოსულან.

რაც შეეხება ლიპარიტს, მის დაპირისპირებას სულ სხვა ისტორიული საფუძველი და სიღრმე აქვს და ბუნებრივია, გიორგიმ ის ვერ ჩააცხრო სულ მალე, იმავე 1074 წელს, სელჩუკთა შემოსევისას გამოჩნდა, რომ გიორგის პოზიციას - მშვიდობიანად მოეგვარებინა სამ ფეოდალთან დაპირისპირება, ალტერნატივა არ გააჩნდა.

ამბავი ბიზანტიური "გულუხვობისა"

1073-74 წლებში საქართველოს თურქ-სელჩუკთა ახალი ტალღა მოადგა და სასტიკად დაამარცხა ქართველთა ლაშქარი. სიტუაცია ერთი წლის შემდეგ შეიცვალა - 1074 წელს ფარცხისთან გიორგისა და კახეთის მეფის აღსართანის გაერთიანებუილმა ჯარმა შესძლო თურქ-სელჩუკთა ორჯერ დამარცხება. ეს იყო პირველი ნიშანი იმისა, რომ სელჩუკები სრულიადაც არ იყვნენ უძლეველნი.

ბუნებრივია, ამ გამარჯვებას დიდი მნიშვნელობა ჰქონდა ფსიქოლოგიური თვალსაზრისითაც, სწორედ ამ ფონზე ქართველთა ლაშქარი იღებს ანაკოფიას, ჯავახეთის, არტაანის კლარჯეთის, შავშეთის ციხეებს, ვანანდს, კარნიფორს - ისტორიულ სასომხეთს. გიორგის პირისპირ ბრძოლისას თვით სულთანი მალიქ-შაჰიც კი უძლურია.

ეს ყველაფერი სავარაუდოდ 1076 წელს ხდება. ამ წარმატებათა კასკადის ფონზე მნიშვნელოვანია ერთი ფაქტიც - ტაოში ჩამოდის ბიზანტიის დიდმოხელე ქართველი გრიგოლ ბაკურიანის ძე, რომელმაც საქართველოს "იურიდიულად" დაუმტკიცა მთელი ვანანდის სამეფო, თუმცა, ფაქტობრივად, გიორგი ||-ს მხოლოდ კარნიფორის და ვანანდის ციხეები გადასცეს.

საგულისხმოა ის, რომ ამ ტერიტორიებს ბიზანტიელები არ ფლობენ - სელჩუკები არიან აქ თავიანთი ურდოებით გამაგრებულნი. ასე რომ, ბიზანტიამ საქართველოს გადასცა ის, რაც მას არ ეკუთვნოდა. ამ ტერიტორიების დაკავება გიორგი ||-ს ბრძოლით მოუხდა.

მიუხედავად ბიზანტიელთა ასეთი "გულუხვობისა", ამ ფაქტს მნიშვნელოვანი პოლიტიკური დატვირთვა გააჩნდა - ეს ნიშნავდა, რომ ბიზანტია ოფიციალურად აღიარებდა სელჩუკთა მიერ წართმეულ თავის ყოფილ ტერიტორიას საქართველოს შემადგენლობაში, რაც ცალსახად გიორგი ||-ის საგარეო პოლიტიკის წარმატებად უნდა მივიჩნიოთ. თუმცა, ეს მხოლოდ ფრაგმენტული წარმატება გახლდათ.

მოვლენების შემდგომმა განვითარებამ აჩვენა, თუ რამდენად რთულად დასაძლევი იყო საგარეო პოლიტიკური წინააღმდეგობები, განსაკუთრებით სელჩუკებთან მიმართებაში.

საგულისხმოა, რომ ამ დროს გიორგი ბიზანტიელებსაც უპირისპირდებოდა - ანაკოფიის ციხე სწორედ მათ წაართვა. ეს ის ციხე იყო, რომლის გათავისუფლება გიორგი ||-ის მამამ, ბაგრატ |ქ-მ, მიუხედავად უდიდესი ძალისხმევისა, ვერ შეძლო.

როგორ იგდეს ხელთ სელჩუკებმა სამეფო განძი

ეს წარმატებული საგარეო პოლიტიკური კასკადი სწორედ გიორგი ||-ის გამჭრიახობასა და ბრძოლისუნარიანობაზე მიანიშნებს, თუმცა, 1080 წლიდან იწყება ის, რის წინააღმდეგაც საქართველოს მეფე უძლური აღმოჩნდა. ჯავახეთში ყველის ციხეში მდგარ გიორგის თავს ესხმიან სელჩუკები. ამ ბრძოლისას ქართველები მარცხდებიან. გიორგიმ შეძლო საფრთხისთვის თავის დაღწევა, თუმცა, მომხდურს ხელში ჩაუვარდა სამეფო განძი.

სწორედ 1080 წელს შემოესივნენ სელჩუკების ურდოები საქართველოს, ისინი ადრიან გაზაფხულზე მოდიან და ზამთრის დადგომამდე რჩებიან, ანადგურებენ ყველაფერს, რისი განადგურებაც შეიძლება.

ყველაზე მეტად ეს სიმძიმე დაწინაურებულ კუთხეებს, აღმოსავლეთ და სამხრეთ საქართველოს დაეტყო, უდიდესი იყო ზარალი - ქალაქებისა და სოფლების გარდა ნადგურდებოდა მეურნეობა, რაც საქართველიოს ძირითადი მასაზრდოებელი გახლდათ.

დაცარიელდა ბარი, ერთადერთი ადგილი სადაც ფიზიკური გადარჩენა შეიძლებოდა, მთა გახლდათ. ეს ფაქტობრივად ეკონომიკური პოლიტიკური და დემოგრაფიული კატასტროფა იყო. სელჩუკთა იმპერიის წინააღმდეგ ბრძოლაში პატარა საქართველო უძლური აღმოჩნდა.

საგულისხმოა, რომ 1071 წელს მანასკერტის ბრძოლაში დამარცხების შემდეგ ბიზანტია ფაქტობრივად არანაირ წინააღმდეგობას აღარ უწევს მტერს, სამხრეთ კავკასიაში ერთადერთი ძალა, რომელსაც შეუძლია თურქ-სელჩუკებს დაუპირისპირდეს, საქართველოა.

როგორ არ ჰქონდა სელჩუკის სიტყვას ფასი

გადარჩენის ერთადერთი გამოსავალი ზავია - 1083 წელს გიორგი მალიქ-შახს ეახლა და ზავის დადება სთხოვა, მშვიდობის სანაცვლოდ მძიმე ხარკი უნდა იხადოს საქართველომ, მალიქ-შახი ამაზე ყაბულსაა და მზადაა თუკი გიორგი ამ პირობას შეასრულებს, აღარ გამოაგზავნოს ურდოები საქართველოში. მაგრამ სელჩუკის სიტყვას ფასი არა აქვს.

მიუხედავად გადახდილი ხარკისა, მტერი არ იშლის შემოსევებს ჩვენს ქვეყანაში. რა გზას უნდა ეწიოს საქართველო? რა უნდა დაუპირისპიროს ამ სისასტიკეს? სად არის გამოსავალი? სამწუხაროდ, გიორგი ||-ს, ქვეყნის იმჟამინდელ მმართველს, ამ კითხვებზე პასუხი არა აქვს, აღარც ხალხს სჯერა მისი...

წინ მოვლენებით დახუნძლული საკრალური 1089 წელია, თუმცა, მანამდე გიორგი ||-ს კიდევ ერთხელ მიეცა თავის გამოჩენის საშუალება - ვეჟინის ალყის მოხსნა და აჯამეთის ტყეში სანადიროდ წასვლა ის თემაა, რომელიც დღემდე მეფისადმი ქილიკის საგანია, არადა, გიორგის სწორედ ამ ნაბიჯმა იხსნა ქართველები ურთიერთდაპირისპირებისა და სისხლისღვრისაგან, იმ სისხლისღვრისაგან, რომლითაც სელჩუკს უნდა ეხეირა მხოლოდ...

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×