გვანცა ღვედაშვილი
27.08.2016

თბილისის მერის, დავით ნარმანიას გადადგომის მოთხოვნით, "ნაციონალური მოძრაობის" წევრებმა აქცია გამართეს. ისინი ნარმანიას მერობისთვის შეუფერებელ პიროვნებად მიიჩნევენ და აცხადებენ, რომ ასე არა მხოლოდ ისინი, არამედ თბილისის მოსახლეობის უმეტესობა ფიქრობს. აქციის ერთ-ერთმა მონაწილემ მერს საკრებულოს რიგგარეშე სხდომაზე შესვლამდე ნაჯახი დაახვედრა, რაც, მისი განმარტებით, ნარმანიას მერობის სიმბოლოა, რადგან სწორედ მისი ბრძანებით იჭრებოდა ხეები.

უნდა გადადგეს თუ არა დავით ნარმანია მერობიდან? - ამ კითხვით "რეზონანსმა" საზოგადოების ცნობილ წარმომადგენლებს მიმართა.

 გია ბუღაძე  (ფერმწერი): როგორ გითხრათ, ამდენი ადამიანი რომ შიმშილობს და გეუბნება, რომ უნდა გადადგე, ცოტა თავმოყვარეობა თუ გაქვს, ოდნავ მაინც ღირსება გაგაჩნია და ვიღაცის გამოჭერილი არ ხარ, ალბათ, უნდა გადადგე. მაგრამ მგონი, ამ კაცს ღირსება არ აქვს.

ნამდვილად ვერ წარმომიდგენია, ამდენი ადამიანი შენ გამო შიმშილობდეს, ასეთ დღეში იყოს და მაინც სკამს ებღაუჭებოდე. ძალიან გამოჭერილი ჰყავთ ნარმანია. ვფიქრობ, ის გარკვეული პირობებისა და პიროვნებების ტყვე არის. ვერ წარმოვიდგენდი, თბილისის მერი ოდესმე ასეთი საცოდავი თუ იქნებოდა. გულწრფელად ვამბობ, რომ ეს ადამიანი თავისი უმძიმესი მდგომარეობის გამო მეცოდება.

 დოდო ხურცილავა  (ხელოვნებათმცოდნე): შესაძლებელია, ადამინი გამოიყვანო მდგომარეობიდან და მსგავსი რამ ათქმევინო. მაგრამ, უნდა ესმოდეს, რომ ასეთი რამ მიუღებელია და ბოდიში მოიხადოს.

ჩვენ ავირჩიეთ და ჩვენ უნდა გადავწყვიტოთ, გადადგეს თუ არა მერობიდან ნარმანია. ეს რამდენიმე ადამიანის საქმე არ არის. ბოდიში მოიხადა, მიიღონ ეს და დაამთავრონ, ეს საკმარისი უნდა იყოს.

 

 ლადო ვარდოსანიძე (არქიტექტორ-ურბანისტი): უნდა დასრულდეს ის პროცესი, რაც დაიწყო. ამაში ვეთანხმები ბატონ მერს. არ შეიძლება ასეთი "გადადგეს-გადადგეს" ძახილი. თქვენ გაქვთ გარანტია, რომ უკეთესი მერი მოვა?! მე არ მაქვს. ასე რომ, ყველაფერი უნდა დასრულდეს კანონის ფარგლებში.

 

 

 

 ნუცა ჯანელიძე  (მუსიკოსი): არა, არ უნდა გადადგეს. მიუხედავად იმისა, რომ იმ სიტყვებს, რაც მან თქვა, ნამდვილად ვერ მოვუწონებ. მინდა გითხრათ, რომ ყველა ადამიანი ჯერ სახელი და გვარი არის და მერე არის სკამზე, კაბინეტში მჯდომი. ამიტომ ვიფიქრებ, ადამიანურად წასცდა ეს სიტყვები.

მაგრამ ეს ყველაფერი რომ ჩაწყობილი და ორგანიზებულია, ვერ ატყობთ?! ერთნაირი მაისურები, სასტვენები, კარვები, ჩხუბი, მიტინგი - კარგი რაა. თუმცა მინდა გითხრათ, რომ როცა მე შევესწარი ხეების მოჭრის ფაქტს, ჯერ მეწყინა, შემდეგ კი გავბრაზდი, რით ვერ გაძღნენ ეს დეველოპერები.

 

 გივი სიხარულიძე (მსახიობი, პოეტი): ნარმანიას გადადგომით საქმე არ გაკეთდება. ერთი ნარმანია წავა და მეორე მოვა, მერე მესამე ნარმანია გადადგება და მეხუთე ნარმანია მოვა.

მთავარი ის არის, რომ სახელმწიფო სტრუქტურებმა ხალხის მიმართ დამოკიდებულება შეცვალონ. მასხრად აგდებული და შეფურთხებული ხალხი დადის თბილისში, ეს არის მთელი უბედურება.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე


Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×